არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ ზუგდიდსა და ბათუმში პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს

imageარასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ უკანასკნელ პერიოდში პოლიტიკური ნიშნით ძალადობრივი დაპირისპირებებისა და ანგარიშგების ფაქტებს, რასაც ზუგდიდსა და ბათუმში ჰქონდა ადგილი.

 

15 მარტს, ზუგდიდში, გაიმართა მსვლელობა კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების, „საზოგადოებრივი მოძრაობისა“ და სხვა პირების მონაწილეობით. ისინი აპროტესტებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ 21 მარტის აქციას და მათ მოსახლეობასთან შეხვედრების შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. მსვლელობა საბოლოოდ ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა.

კერძოდ, აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქცია გამართეს „ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, ხოლო შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრის“ ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებთან ერთად დეპუტატი აკაკი მინაშვილიც იმყოფებოდა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდგომ, აქციის მონაწილეები შენობაში ხელკეტებით შეიჭრნენ, სადაც აქციის მონაწილეები და შენობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ხელჯოხებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამის შემდგომ, აქციის მონაწილეებმა, კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც ადგილი ჰქონდა ორი პოლიტიკური ძალის და მათი მხარდამჭერების მხრიდან ერთმანეთისადმი როგორც ქვების, ასევე კვერცხების სროლას და ხელჯოხებით დაპირისპირებას. შედეგად დაშავდა რამოდენიმე პირი, მათ შორის სამართალდამცავებიც.
მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ცდილობდნენ სიტუაციის განმუხტვას, შენობაში შეჭრის დროს არ იყვნენ სათანადოდ მობილიზებული და ორგანიზებულები, რის გამოც ვერ უზრუნველყვეს მხარეთა დაპირისპირების თავიდან აცილება და ხელჯოხებით შეიარაღებული მხარეების დაშორიშორება.
განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ როგორც მედიით გასული კადრებიდან, ჩანს აქციაში, რაც ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა, მონაწილეობდნენ ზუგდიდის საკრებულოს კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები, სხვა თანამდებობის პირები და რიგითი საჯარო მოხელეები, რომლებიც კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და აქტივისტები არიან, რაც ცალსახად არღვევს საჯარო სამსახურის ნეიტრალიტეტის პრინციპს.
კერძოდ, აქციაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ – მერაბ ქვარაიამ, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე – კარლო ღადუამ, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – ნატალია შეროზიამ, თვითმმართველი თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ლაშა გოგიამ, ფრაქცია „ქრისტიან-კონსერვატიულის“ თავმჯდომარე კახა ჩანგელიამ, ამავე საკრებულოს მმართველი კოალიციის წევრებმა – მამუკა წოწერიამ, იურუზა კაკავამ და ლაშა თოდუამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა – ლაშა გვასალიამ, ქალაქ ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა – თადეოზ ფაცაციამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა – თემურ თოდუამ, მერი შენგელაიამ, მზიური კვარაცხელიამ, ბეჟან ჭურღულიამ და ედემ კეკუტიამ, საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა – მაგდალინა თოდუამ და თამუნა ჯიქიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელმა – კოტე გურგულიანმა, ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა – მადონა მაქაცარიამ.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირება ბათუმშიც მოხდა. 14 მარტს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბათუმის მერიის დაქვემდებარებაში არსებული შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ორმა თანამშრომელმა, მერაბ ღოღობერიძემ და გიორგი თუშმანიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციურ დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ – პეტრე ზამბახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ კვერცხები დაუშინეს. რამდენიმე კაციანი ჯგუფი პეტრე ზამბახიძეს პასუხს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების და უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერად ჯემალ ფუტკარაძის არჩევის გამო სთხოვდნენ. ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს ინციდენტში მონაწილე მერაბ ღოღობერიძემ, სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
აზრისა და გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის პოლიტიკური შეხედულებების თავისუფლება არის საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებული ფუნდამენტური უფლება, შესაბამისად, პოლიტიკური მოსაზრებების გამო ზუგდიდსა და ბათუმში განვითარებული ფაქტები საგანგაშოა და შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან, რომლებიც ეფუძნება პოლიტიკურ პლურალიზმს, განსხვავებული აზრის პატივისცემას და ძალადობის მიუღებლობას, როგორც ხელისუფლების, ასევე ყველა პოლიტიკური ძალისა და მოქალაქეთა მხრიდან.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა პოლიტიკური ძალის მშვიდობიანი საქმიანობისა და გამოხატვისათვის ძალადობისაგან დაცული გარემო; ასევე მიიღოს ზომები რათა ძალადობაში მონაწილე საჯარო მოხელეების მიმართ გამოყენებულ იქნას არამარტო სამართლებრივი (ასეთის დადასტურების შემთხვევაში), არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ზომები;
მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, უზრუნველყონ მომხდარის ყოველმხრივი, დროული და ეფექტური გამოძება. მოხდეს დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა; ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სრული დაცვით, რაც გულისხმობს ძალადობის აღკვეთის, მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვისა და ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების პროცესში, ვალდებულებების მიუკერძოებლად, ობიექტურად და კეთილსინდისიერად შესრულებას. პოლიციისა და საგამოძიებო დანაყოფებმა საკუთარი პროფესიული საქმიანობით უნდა დაამტკიცონ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებისგან დისტანცირება.
მოვუწოდებთ დაპირისპირებაში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს, ყველა პოლიტიკურ ძალას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მკაცრად შეიკავონ თავი ყოველგვარი ძალდობისაგან, პატივი სცენ და დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და კანონები.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
 
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
 
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)
 
ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და დაცვის ცენტრი (EMC)