უგულავას 9 თვე

imnadze_guram

გურამ იმნაძე

რამდენიმე დღის წინ, პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესის დატოვებამდე, ბრალდებულმა გიგი უგულავამ მოსამართლეს მიმართა სიტყვებით “თქვენ ძალადობთ კონსტიტუციაზე”.

ამ სხდომაზე მოსამართლე ბრალდებულის მიმართ კიდევ ერთი პატიმრობის შეფარდების საკითხს იხილავდა. ბრალდებულის ერთგვარი „წინასწარმეტყველება“ პატიმრობის გამოყენების თაობაზე ახდა. უგულავას მიმართ კიდევ ერთი 9-თვიანი საპატიმრო ვადის ათვლა დაიწყო.

ჩვეულებრივ შემთხვევებში, პატიმრობის გამოყენებას კონსტიტუციაზე ძალადობის შეფასება არ შეეფერება, თუმცა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სხვა შემთხვევებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება: ბრალდებული უკვე თვეებია ისედაც  პატიმრობაში იმყოფება; მის მიმართ ეს კონკრეტული საქმე არა დღეს ან გუშინ, არამედ რამდენიმე თვის წინ დაიწყო; თვეების შემდეგ, პატიმრობის მოთხოვნის საფუძველი არ ყოფილა პროკურატურის მიერ თვისობრივად ახალი და მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოების აღმოჩენა, რაც რადიკალურად შეცვლიდა საქმის ვითარებას; კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – ბრალდებულის მიმართ სხვა საქმეზე შეფარდებული პატიმრობის ვადა 2 აპრილს იწურება.

გარემოებათა ამგვარი ერთობლიობა, პროცესის განვითარების ეტაპები და ქრონოლოგია, პროკურატურის განცხადება, რომელიც პირდაპირ მითითებას აკეთებს 2 აპრილს პატიმრობის ვადის ამოწურვაზე და სხვა ხარვეზები პროკურატურის მოქმედებაში აძლიერებს საქმის პოლიტიკურ მხარეს და ეჭვებს პროკურატურისა და სასამართლოს მოტივების მიმართ ამ საქმეში.

ამავდროულად, თბილისის ყოფილი მერის მიმართ შეფარდებული პატიმრობა სამართლებრივი თვალსაზრისითაც ბადებს კითხვებს. კერძოდ, 1) შეუძლია თუ არა პროკურორს საქმეში მსგავსი დაზუსტებების გაკეთება და რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება მას? 2) ჰქონდა თუ არა პროკურატურას უფლება, სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიემართა მაშინ, როცა ამ საქმეზე პირის ბრალდებულად ცნობა რამდენიმე თვის წინ მოხდა და რაც მთავარია, 3) რამდენად კანონიერია სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე?

პირველ კითხვაზე პასუხი ცალსახაა – პროკურორი არაა შეზღუდული პირველად წარდგენილი ბრალდებით და საპროცესო კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, გამოძიების მსვლელობისას, ახალი მტკიცებულებების მოპოვების პარალელურად, დაზუსტდეს, დამძიმდეს ან პირიქით, შემსუბუქდეს ბრალდება. ერთადერთი სავალდებულო წინაპირობა აქ ისაა, რომ თითოეული ასეთი გადაწყვეტილება გამყარებული იყოს საკმარისი მტკიცებულებით. კვალიფიკაციის ამგვარი ცვლილება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ახალი საქმის წარმოების დაწყებას, პირისთვის ბრალდებულის სტატუსის ხელახლა მინიჭებას (რა დროსაც, შესაბამისად ახლიდან უნდა დაიწყოს ბრალდებულად ყოფნის 9-თვიანი ვადა) და მითუმეტეს, უკვე პატიმრობაში მყოფი ბრალდებულისთვის ხელახალი 9-თვიანი პატიმრობის შეფარდების საფუძველს. ცალსახად არაკონსტიტუციური იქნებოდა კანონის ისეთი განმარტება, რომლის მიხედვითაც, ყველა უმნიშვნელო მტკიცებულების მოპოვების თუ კვალიფიკაციის დაზუსტების შემთხვევაში პირს ხელახლა მინიჭებოდა მის წინააღმდეგ უკვე მიმდინარე საქმეში ბრალდებულის სტატუსი, ხოლო პროკურატურისთვის ეს ახალი 9-თვიანი პატიმრობის მოთხოვნის საფუძველი ყოფილიყო.

საქართველოს კონსტიტუცია საკითხზე მკაფიო პასუხს იძლევა, როდესაც ადგენს, რომ ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ცხადია, ეს შეზღუდვა ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ საქმეზე პატიმრობის ვადას და არა სხვადასხვა დროს ჩადენილ დანაშაულებზე მიმდინარე სხვადასხვა საქმეში შეფარდებული პატიმრობის საერთო ვადას. აღნიშნული ლოგიკის განვითარება მიანიშნებს, რომ ამჯერად საქმე გვაქვს სწორედ პირველ შემთხვევასთან, როდესაც მოხდა მიმდინარე საქმის ფაქტობრივი გარემოებების და კვალიფიკაციის დაზუსტება, რაც სრულებით არ ნიშნავს ახალი საქმის დაწყებას და ახალი ბრალდების წაყენებას პირისთვის. ის ფაქტი, რომ საქმე თავიდანვე სწორი ან/და სრულყოფილი კვალიფიკაციით არ მიმდინარეობდა, მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობაა და სრულებით არ იძლევა ბრალდებულის უფლებრივი მდგომარეობის დამძიმების საფუძველს.

პატიმრობა სისხლის სამართლის კოდექსის ენით, არის აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახე და მისი მიზანია, უზრუნველყოს ეფექტური გამოძიება, სასამართლოს მიერ მომავალში გამოტანილი განაჩენის აღსრულება და აღკვეთოს ბრალდებულისგან ხელახალი დანაშაულის ჩადენის მოსალოდნელი საფრთხე. ამ ღონისძიების აუცილებლობის დასაბუთება პროკურორის ვალდებულებაა და მან სასამართლო უნდა დაარწმუნოს, რომ საჭიროა ბრალდებულის იზოლაციაში მოქცევა ან მასზე რაიმე ტიპის ზედამხედველობის თუ შეზღუდვის ღონისძიებების გატარება, რათა მიღწეული იყოს ზემოაღნიშნული მიზნები. ამავდროულად, საპროცესო კოდექსი პროკურორს აძლევს შესაძლებლობას, ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართოს თუნდაც პირის ბრალდებულად ცნობიდან რამდენიმე თვის შემდეგ და არა ბრალდებულად ცნობისთანავე, თუკი ის თვლის, რომ საქმის საწყის ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში, პროკურორი ვალდებულია დაასაბუთოს საქმეში წარმოშობილი თუ გამოვლენილი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ, თუ რატომ გახდა მოგვიანებით პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება აუცილებელი.

გიგი უგულავას მიმართ სწორედ მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როდესაც მისთვის 2014 წლის 28 ივლისს წარდგენილ ბრალდებაზე 2015 წლის 15 მარტს მოხდა პატიმრობის შეფარდება. თუმცა, ეს შემთხვევა გამორჩეული იმითაა, რომ, როგორც აღინიშნა, ბრალდებული მანამდეც პატიმრობაში იმყოფებოდა. პატიმრობის მოთხოვნისას პროკურატურას რაიმე ახალი გარემოება ან მნიშვნელოვანი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, გარდა იმ ფაქტზე მითითებისა, რომ ბრალდებულისთვის მანამდე შეფარდებული პატიმრობის 9-თვიანი ვადა 2 აპრილს იწურება და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროა  ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება.[1] ამ არგუმენტზე მითითებით პროკურატურა თავადვე აღიარებს, რომ გიგი უგულავას პატიმრობაში მანამდე ყოფნა აღნიშნული საქმის გამოძიების ინტერესებსაც ემსახურებოდა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე საქმის წარმოების დასაწყისშივე იმიტომ კი არ თქვა უარი, რომ ამის რეალური საჭიროება არ არსებობდა, არამედ იმიტომ, რომ ბრალდებული ისედაც პატიმრობაში იმყოფებოდა.

ცხადია, პროკურატურას ჰქონდა უფლება, პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიემართა ახლაც, როცა პირის ბრალდებულად ცნობიდან 7 თვეა გასული, მაგრამ სისხლის სამართლის პროცესის პრინციპების და კონსტიტუციის ლოგიკასთან შესაბამისობისთვის, გამართლებული და სამართლიანი იქნებოდა, აღნიშნულ საქმეზე პირის პატიმრობაში ყოფნის 9-თვიანი ვადის ათვლა დაწყებულიყო არა 2015 წლის 14 მარტიდან, რა დროსაც ფორმალურად მოხდა კონკრეტულ საქმეზე პატიმრობის შეფარდება, არამედ საქმის დასაწყისიდანვე, ანუ 2014 წლის 28 ივლისიდან, როდესაც პირს მიენიჭა ბრალდებულის სტატუსი და ის ამ პერიოდიდან დღემდე იმყოფებოდა პატიმრობაში. სინამდვილეში, გასული 7 თვის განმავლობაში, სხვა საქმეზე ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნა, ასევე ემსახურებდა მეორე საქმეზე გამოძიების ინტერესებს.

ყოველგვარი საწინააღმდეგო განმარტების დაშვება შეუსაბამობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის ლოგიკასთან და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პრინციპებთან. სამართლებრივი ინსტრუმენტების არაკეთილსინდისიერი და მკაცრი განმარტების პირობებში, შესაძლებელი ხდება, პირის განუსაზღვრელი ვადით პატიმრობაში დატოვება, თუკი ერთდროულად წაყენებული რამდენიმე ბრალდებისთვის ეტაპობრივად მოხდება  აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნა და შეფარდება. მაგალითად, 4 სხვადასხვა დანაშაულისთვის ერთდროულად ბრალდებულ პირს შესაძლოა 36 თვე მოუწიოს პატიმრობაში ყოფნა იმ პირობებში, როცა მისი დამნაშავეობა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით დადასტურებული არ არის.

 

[1] http://pog.gov.ge/geo/news?info_id=655