EMC-ისა და „მწვანე ალტერნატივას“ სამუშაო შეხვედრა ზესტაფონში, ჭიათურასა და ტყიბულში დასაქმებულ მუშებთან [ფოტო]

zestafoni127-29 მარტს, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა” (EMC) და “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენლები, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და მისი დარგობრივი და პირველადი სტრუქტურების მხარდაჭერით,  საქართველოს 3 ქალაქში (ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა) დასაქმებულ მუშებს შეხვდნენ. შეხვედრების მიზანი იყო როგორც აღნიშნულ ქალაქებში არსებული ეკოლოგიური პრობლემების გამოკვეთა, ასევე დასაქმებულთა პრობლემების იდენტიფიცირება და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა.

სპეციფიკური პრობლემების გარდა, რაც საწარმოო პროცესების თავისებურებებით არის განპირობებული, დასაქმების ადგილებზე გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც ერთგვაროვანია მუშებისთვის სამივე ქალაქში.  შეხვედრისას, დასაქმებულებმა ძირითადი აქცენტი გააკეთეს შრომის არასათანადო ანაზღაურებაზე, შრომის პირობებსა და შრომის უსაფრთხოების პრობლემებზე. მათი თქმით, ანაზღაურება არ შეესაბამება მათ მიერ გაწეულ შრომას, განსაკუთრებულად კი დასაქმების ადგილებზე არსებული მძიმე სამუშაო პირობების გათვალისწინებით. დასაქმებულთა თქმით, არ ხდება ზეგანაკვეთური შრომის ადეკვატური ანაზღაურება, მაღალია პროფესიული დაავადებების მაჩვენებელი. მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, რასაც სამუშაო პროცესი და შრომის პირობები განაპირობებს, საწარმოს მხრიდან შრომის უსაფრთხოების ნორმების  დარღვევა ზრდის ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს და  საფრთხეს წარმოადგენს მუშების სიცოცხლისათვის. გარდა ამისა, მუშები მიუთითებენ საწარმოს ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის პრობლემასა და არაეფექტურ/არასაკმარის სოციალური დაცვის მექანიზმებზე, მათ შორის, ჯანმრთელობის დაზღვევის პირობების გაუარესებაზე.

გარემოსდაცვითი თვალსაზრისით კი, სამივე რეგიონში არსებობს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების პრობლემა. ქ. ჭიათურისა და ქ. ტყიბულის შემთხვევაში, ასევე პრობლემურია ქაოტურად დაყრილი ნარჩენები, რეკულტივაციის გარეშე დატოვებული ნიადაგი, ქარხნების მუშაობის პროცესში წარმოქმნილი ხმაური და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად გააქტიურებული მეწყერი.

EMC-ისა და „მწვანე ალტერნატივას“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სამომავლოდ იგეგმება გრძელვადიანი სამუშაო შეხვედრები საწარმოებში დასაქმებულებთან. პროექტი მიზნად ისახავს დასაქმების ადგილებზე სოციალური სამართლიანობისა და გარემოსდაცვითი პრინციპების მხარდაჭერას, დასაქმებულთა გაძლიერებასა და პრობლემათა ხილვადობის გაზრდას.

პროექტი ხორციელდება „ჰაინრიხ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს“ ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

This slideshow requires JavaScript.