ეკომიგრანტები წალკიდან [photo]

This slideshow requires JavaScript.

წალკის მუნიციპალიტეტში ჩამოსახლებული 3000-მდე ეკომიგრანტი ოჯახი, წლების მანძილზე ცდილობს, გაუმკლავდეს სათანადო საცხოვრისის, ინტეგრაციის, განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებს.

ოჯახების უმეტესობას სტიქიური პროცესების გააქტიურების შედეგად სახლის დაზიანებისა და განადგურების გამო მოუხდა საცხოვრებლის დატოვება მთიან აჭარაში, რაჭასა და სვანეთში. სახელმწიფომ მათი წალკაში, ეთნიკურად ბერძენი მოსახლეობის მიტოვებულ სახლებში ჩამოსახლება 1998 წლიდან დაიწყო და ეს პროცესი ეტაპობრივად გრძელდებოდა. პარალელურად, ოჯახების ნაწილი თავად ჩამოსახლდა წალკის ტერიტორიაზე.

უმეტეს შემთხვევაში, სახელმწიფოს ამ დრომდე არ განუხორციელებია საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვისა და ჩამოსახლებული ოჯახებისთვის საკუთრებაში გადაცემის პროცესი. შესაბამისად, სახლებს, სადაც ეს ოჯახები ცხოვრობენ, კვლავაც სხვა კერძო მესაკუთრე ჰყავთ. წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე EMC-ის წარმომადგენელთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ დრომდე, სახელმწიფომ 3000 ოჯახიდან დაახლოებით 571 ოჯახს შეუძინა საცხოვრებელი სახლი  და უახლოეს მომავალში დაიწყება მათი საკუთრებაში გადაცემის ეტაპი.

ბოლო დროს, განსაკუთრებით ხშირია შემთხვევები, როდესაც ეთნიკურად ბერძენი მოსახლეობა თავიანთ სახლებში ბრუნდება. შედეგად, ეკომიგრანტ ოჯახებს საცხოვრებლის დატოვება უხდებათ, რაც მათ უსახლკაროდ დარჩენას იწვევს. ასეთ დროს, ისინი იძულებულნი არიან დაიკავონ სხვა ცარიელი სახლი ან შენობა. რამდენიმე შემთხვევაში, უსახლკაროდ დარჩენის გამო, ეკომიგრანტ ოჯახებს მოუხდათ უკან, სიცოცხლისთვის საშიშ, სტიქიური კატასტროფის შედეგად დაზიანებულ სახლებში დაბრუნება ან უსახლკაროთა დასახლებაში ე.წ. „ოცნების ქალაქში“ დაფუძნება.

ეთნიკურად ბერძენი მოსახლეობის წალკის მუნიციპალიტეტში დაბრუნების გამო, უსახლკაროდ დარჩენილი 30 ეკომიგრანტი ოჯახი ყოფილი საავადმყოფოს შენობაში აფარებს თავს. ისინი უკვე 8 თვეა ცხოვრობენ ურთულეს პირობებში, მათ შორის, ელექტროენერგიის, წყლის, კანალიზაციისა და ბუნებრივი აირის გარეშე. ყოფილი საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ პირებს შორის არიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების დაკავების გამო, შეუწყდათ სოციალური დახმარება და შემოსავლის წყაროს გარეშე არიან დარჩენილები.

საცხოვრისის არქონასთან ერთად, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებს აქვთ ინტეგრაციის პრობლემაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასაქმებასთან, განათლებასა და სახნავ-სათეს მიწებზე წვდომასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ უკანასკნელზე, EMC-სთან საუბრისას, წალკის ეკომიგრანტი მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ხელისუფლება მათ დაპირდა სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთების გადაცემას, რაც მათ მინიმალური საარსებო სახსრების გამომუშავების შესაძლებლობას მისცემდა. თუმცა, მიწები, რომლებიც მათ სახელმწიფომ დაურიგა, უმეტესად ძალიან არის დაშორებული მათი საცხოვრებელი ადგილიდან, მიუვალი, ქვიანი და იმდენად უვარგისია დასამუშავებლად, რომ არათუ სოფლის მეურნეობის , არამედ საძოვრადაც არ გამოდგება.

წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ინტეგრაციის თვალსაზრისით, პრობლემურია საგანმანათლებლო დაწესებულებებთან წვდომაც. წალკის მუნიციპალიტეტის ცალკეულ სოფლებში საერთოდ არ არის სკოლა და განათლების მისაღებად მოსწავლეებს დიდ მანძილზე უხდებათ სიარული. ბევრ სოფელში სკოლის ინფრასტრუქტურა გაუმართავია. სოფელ იმერში სკოლის შენობა რამდენიმე წლის წინ დაინგრა და ამ  პერიოდის მანძილზე საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს ეთნიკურად ბერძენი კერძო პირის საცხოვრებელი სახლის შენობაში. როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, სკოლაში ფართი მცირეა და არ არის საკმარისი საკლასო ოთახები, რაც ართულებს სწავლის პროცესს.

წალკის მუნიციპალიტეტში ჩამოსახლებული ეკომიგრანტების მდგომარეობას ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების უმოქმედობაც ართულებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში შექმნილი „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისია” შეზღუდული ფინანსური სახსრებითა და სამართლებრივი თუ ინსტიტუციური ხარვეზების გათვალისწინებით, სათანადოდ ვერ პასუხობს წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტების პრობლემებს. ამასთან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სპეციალურად ეკომიგრანტებისათვის დახმარებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის გათვალისწინებული არ არის შესაბამისი ასიგნებები.

საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისა და „ახალ“ გარემოში ინტეგრაციის სათანადო პროგრამებისა და თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობის პირობებში, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახები ურთულეს პირობებში განაგრძობენ ცხოვრებას, რასაც თან ახლავს გამოსახლების მუდმივი მოლოდინი და უსახლკაროდ დარჩენის შიში.