ეკომიგრანტები წალკიდან [video]

წალკის მუნიციპალიტეტში ჩამოსახლებული 3000-მდე ეკომიგრანტი ოჯახი, წლების მანძილზე ცდილობს, გაუმკლავდეს სათანადო საცხოვრისის, ინტეგრაციის, განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებს.

ოჯახების უმეტესობას, სტიქიური პროცესების გააქტიურების შედეგად, სახლის დაზიანებისა და განადგურების გამო, მოუწია საცხოვრებლის დატოვება მთიან აჭარაში, რაჭასა და სვანეთში. სახელმწიფომ მათი წალკაში, ეთნიკურად ბერძენი მოსახლეობის მიტოვებულ სახლებში ჩამოსახლება 1998 წლიდან დაიწყო და ეს პროცესი ეტაპობრივად გრძელდებოდა. პარალელურად, ოჯახების ნაწილი თავად ჩამოსახლდა წალკის ტერიტორიაზე.

ეთნიკურად ბერძენი მოსახლეობის წალკის მუნიციპალიტეტში დაბრუნების გამო, უსახლკაროდ დარჩენილი 30 ეკომიგრანტი ოჯახი ყოფილი საავადმყოფოს შენობაში აფარებს თავს. ისინი უკვე 8 თვეა ცხოვრობენ ურთულეს პირობებში, მათ შორის, ელექტროენერგიის, წყლის, კანალიზაციისა და ბუნებრივი აირის გარეშე. ყოფილი საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ პირებს შორის არიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც  სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების დაკავების გამო შეუწყდათ სოციალური დახმარება და შემოსავლის წყაროს გარეშე არიან დარჩენილები.