თერჯოლაში შესაძლოა იეჰოვას მოწმეების დევნა განახლდეს

DSC_9849თერჯოლაში ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა და მოსახლეობის მხრიდან, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, იეჰოვას მოწმეთა იძულებისა და დევნის პროცესი შეიძლება განახლდეს. 2014 წლის 3 ივნისს, თერჯოლაში იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ორგანიზაციის მიერ დაწყებული მშენებლობის ნებართვა დომინანტი რელიგიური ჯგუფის მხრიდან მომდინარე პროტესტის გამო, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დისკრიმინაციულად და უკანონოდ შეაჩერა. აღნიშნულ საქმეზე, 2015 წლის 19 მარტს, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც მან გააუქმა მშენებლობის ნებართვის შეჩერების აქტი და თერჯოლის მუნიციპალიტეტს საკრებულოს სანებართვო მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელება დაავალა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, თერჯოლის ადგილობრივი ქრისტიანების ორგანიზებულმა ჯგუფმა კვლავ დაიწყო მობილიზაცია იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ და მათ მუქარის შემცველი განცხადება გაუგზავნა: „თუ უარს იტყვით დიალოგზე და არ გაითვალისწინებთ რაიონში მცხოვრები მართლმორწმუნე ქრისტიანების (ინტელიგენციისა და მშრომელი ადამიანების) სამართლიან პროტესტს თქვენი გამომწვევი ქმედების მიმართ, ჩავთვლით, რომ მიზანმიმართულად აღვივებთ შუღლსა და დაპირისპირებას საზოგადოებაში, რის გამოც სრულად დაგეკისრებათ პასუხიმგებლობა მოსალოდნელ შედეგებზე.“ ადგილობრივი ქრისტიანების საინიციატივო ჯგუფმა, 26 აპრილს 16 საათზე თერჯოლაში შეხვედრა დააანონსა, სადაც იეჰოვას მოწმეთა მიერ დაწყებული მშენებლობის საკითხებზე საკუთარ გეგმებზე იმსჯელებენ. იეჰოვას მოწმეთა მიმართ სიძულვილით მოტივირებული შეკრებების ორგანიზატორმა დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა მედიასაშუალებებთან განაცხადა, რომ თერჯოლაში შეკრების ადგილი იეჰოვას მოწმეებს უკვე აქვთ და ქალაქის ცენტრში ახალი შენობის გახსნის საჭიროება არ არსებობს.  მისი მტკიცებით, თერჯოლაში აღნიშნული პრობლემის გამო, საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა და სახელმწიფოს შესაბამის რეაგირებას სთხოვს.

იეჰოვას მოწმეთა განცხადებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა აღასრულოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მათი თქმით, ამ დრომდე, იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივი თემი თერჯოლაში ერთ-ერთი მორწმუნის კერძო სახლში იკრიბება და მათ არ გააჩნიათ რელიგიური დანიშნულების შენობა ქალაქში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ არარეალურ ალტერნატივად ქალაქგარეთ, მდინარესთან ახლოს მეწყრულ ზონაში მდებარე, დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი შესთავაზა, რომელიც მათთვის მისაღები არ არის და კანონის დაცვით მიმდინარე მშენებლობის პროცესის შეწყვეტის საფუძველს ვერ  ხედავენ.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, თერჯოლაში მიმდინარე პროცესებს სახელმწიფომ ეფექტურად არ უპასუხა და არ აღიარა გამოვლენილი კონფლიქტის რელიგიური ბუნება და იეჰოვას მოწმეთა მიმართ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტი. ამ მხრივ, განსაკუთრებით არაადეკვატურია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაკეთებული შეფასებები და საქმიანობა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სიძულვილით მოტივირებულ შეკრებაში სკოლის დირექტორების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ორგანიზებული მონაწილეობის ფაქტს არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა და ის რეაგირების გარეშე დატოვა. სწორედ სახელმწიფოს არაეფექტური პოლიტიკის გამო, თერჯოლაში იეჰოვას მოწმეთა მიმართ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და დევნის რისკები კვლავ გაჩნდა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს თერჯოლაში რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული შესაძლო ძალადობის ეფექტური პრევენცია და განახორციელოს ადამიანის უფლებების დაცვასა და სეკულარიზმის პრინციპზე დაფუძნებული ღონისძიებები გადაწყვეტილების აღსრულებისა და კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით.

ამ მიზნით მნიშვნელოვანია:

  • თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უზრუნველყოს ზესტაფონის სასამართლო გადაწყვეტილების დროული და ეფექტური აღსრულება;
  • საქართველოს მთავრობამ განახორციელოს ეფექტური ღონისძიებები თერჯოლაში შესაძლო რელიგიური აგრესიისა და შევიწროების პრევენციის მიზნით. ამ კუთხით მათ შორის, მნიშვნელოვანია სეკულარული სახელმწიფოს, თანასწორობისა და შემწყნარებლობის მხარდამჭერი საჯარო განცხადებების გაკეთება მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, ასევე, სახელმწიფოს მიერ რელიგიურ ჯგუფებს შორის პლურალიზმზე, ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის დაცვაზე დაფუძნებული მოლაპარაკებების პროცესის წარმართვა;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღოს ეფექტური პრევენციული ზომები იეჰოვას მოწმეთა მიმართ შესაძლო ძალადობისა და სხვა სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით, მით უფრო, რომ 2014 წლის ივნისში დომინანტი რელიგიური ჯგუფის პროტესტს ადგილობრივი იეჰოვას მოწმეების მიმართ ძალადობისა და შევიწროების ფაქტები ზრდა მოყვა;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს რელიგიური შეუწყნარებლობითა და სიძულვილით მოტივირებულ შეკრებებში სკოლის ადმინისტაციის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მონაწილოების პრევენცია და სათანადო საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება.

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – (EMC)

მისამართი: შანიძის 3, ქ. თბილისი
ტელ: 223 15 58
humanrightsemc@gmail.com
twitter: https://twitter.com/EMCrights
fb: http://fb.com/RIGHTSEMC

საკონტაქტო პირი:
ლაშა ქავთარაძე
ტელ: +995 557 735 431
email: emcrightspr@gmail.com