გაუარესდება თუ არა რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობა – ინტერვიუ თამთა მიქელაძესთან

mikheladze_tamta_002

წყარო: ლიბერალი
ავტორი: ლიკა ზაკაშვილი

მარტში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ვებგვერდზე „საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის“ დოკუმენტი გამოქვეყნდა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სტრატეგიის მიზანია, მოახდინოს რელიგიური ორგანიზაციების იერარქიზაცია, კონტროლი და მათ ავტონომიაში ჩარევა, რაც წინააღმდეგობაში მოდის სეკულარიზმის, თანასწორობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან. სტრატეგიის დოკუმენტზე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობაზე „ლიბერალი“ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელს, თამთა მიქელაძეს ესაუბრა.

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტის შემუშავების პროცესი ღია დაგამჭირვალე არ ყოფილა. მის შემუშავებაში შესაბამის სფეროში მომუშავეარასამთავრობო ორგანიზაციებსა და რელიგიურ ორგანიზაციებს მონაწილეობაარ მიუღიათ. რატომ იყო მნიშვნელოვანი მათი მონაწილეობა ამ პროცესში?

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება რელიგიური ორგანიზაციებისა და რელიგიის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციების მონაწილეობის გარეშე მოხდა. მეტიც, როგორც სხვა სახელმწიფო უწყებებთან ჩვენი კომუნიკაცია აჩვენებს, სტრატეგიის შემუშავებაში არ მონაწილეობდნენ სხვა სახელმწიფო ორგანოებიც, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგია მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს შეიცავს (მაგალითად, რელიგიის სწავლების საკითხი, რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის წესი  და ა.შ.) და მიზნად ისახავს ფუნდამენტურად შეცვალოს რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სამართლებრივი წესრიგი. დოკუმენტის შემუშავების პროცესმა განაპირობა მისი შინაარსიც. ის მთლიანად აცდენილია რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებს და არ ასახავს იმ საჭიროებებს, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების წინაშე დგას.

უნდა ითქვას, რომ სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს სააგენტოს უწყების ჩაკეტილობას, არადემოკრატიულობასა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობის, ნდობის პრობლემას.

არასამთვრობო ორგანიზაციების განცხადებაში ნათქვამია, რომ დოკუმენტისავტორები არა “უფლებებზე”, არამედ “უსაფრთხოებაზე” აკეთებენ აქცენტს. რასგულისხმობთ?

სტრატეგიის დოკუმენტი უფრო უსაფრთხოების პარადიგმაზეა აგებული. ამის თაობაზე მითითება ტექსტში რამდენიმე ადგილას ღიად კეთდება. მაგალითად, დოკუმენტი საუბრობს მეზობელი ქვეყნების მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევის რისკზე, რომელიც საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები იმ საქართველოს მოქალაქეების გამოყენებით შეიძლება მოახერხოს, რომელთა რელიგიური ან ეთნიკური იდენტობა ემთხვევა მეზობელი ქვეყნების ძირითად რელიგიურ და ეთნიკურ შემადგენლობას. საკუთარი მოქალაქეების მტრულ პრიზმაში გააზრება სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ნაციონალიზმის გამოხატულებაა.

თავის მხრივ უნდა ითქვას, რომ თავად გაგება სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა გაუგებარია. ის საბჭოთა კავშირის ალუზიებს აჩენს. თანამედროვე სახელმწიფოსთვის რელიგიის საკითხები უფლებრივ კატეგორიაში ექცევა და ის რელიგიურ საქმიანობაში ჩაურევლობის, რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიის პრინციპების დაცვას გულისხმობს. ცხადია, თანამედროვე საზოგადოებაში რელიგიურის დაბრუნების და აღზევების პირობებში, სახელმწიფოს უწევს რელიგიურ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და საკუთარი პოლიტიკის განსაზღვრა, თუმცა ეს პროცესი სეკულარული სახელმწიფოსა და საზოგადოების იდეიდან არ გადის და თანასწორობის, პლურალიზმის პრინციპებზე დგას.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომრელიგიური გაერთიანებების ტრადიციულ და არატრადიციულ ჯგუფებადდაყოფა და მხოლოდ ერთი ჯგუფისთვის პრიორიტეტის მინიჭება კიდევ უფრომეტად შეუწყობს ხელს რელიგიური გაერთიანებების ნაწილის სტიგმატიზაციასადა მარგინალიზაციას. სტრატეგიაში რელიგიური გაერთიანებების ტრადიციულდა არატრადიციულ ჯგუფებად დაყოფის ტენდენცია იკითხება?

სტრატეგიის დოკუმენტი ღიად ახდენს რელიგიური ორგანიზაციების იერარქიზაციას. ტექსტში ღიად იკითხება რელიგიური გაერთიანებების ძირითად ეკლესიად, ტრადიციულ რელიგიურ გაერთიანებებად და რელიგიურ უმცირესობებად გრადაციის მოდელი. ეს მოდელი საბჭოთა კავშირში რელიგიური გაერთიანებების იერარქიზაციის გაგრძელებაა, არსებულ რეალობაში მსგავსი იერარქიების მხარდამჭერს წარმოადგენს საპატრიარქო.

უნდა ითქვას, რომ იერარქიზაციის მცდელობა არა მხოლოდ განსახილველ ტექსტში ჩანს, არამედ სააგენტოს საქმიანობაში და ამ დრომდე მიღებულ გადაწყვეტილებებში.

EMC-ის „სახარების ეკლესიის“ სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი აქვს სარჩელი, რომელშიც ოთხი (მუსლიმური, იუდეური, კათოლიკე და სომხური თემი) რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მოქმედი წესის არაკონსტიტუციურობაზე ვდავობთ, მისი დისკრიმინაციული ბუნების გამო.   აღნიშნული სარჩელის განხილვის ფარგლებშიც სააგენტოს წარმომადგენლები სასამართლოში ღიად აცხადებენ, რომ  მათი ზიანის სანაცვლოდ დაფინანსება მხოლოდ ტრადიციულ რელიგიებს მისცეს. სხვა რელიგიური ორგანიზაციები კი, რომლებსაც ასევე საბჭოთა პერიოდში მიადგათ ზიანი, სახელმწიფოს მოწესრიგების გარეთ დატოვა და მათ მიმართ ზიანის ანაზღაურების იგივე რეჟიმი არ გაავრცელა.

ცხადია ამგვარი იერარქიზაცია დისკრიმინაციულია, რადგან ის განსხვავებულ უფლებრივ რეჟიმში აქცევს რელიგიურ ორგანიზაციებს. ცალკეული რელიგიური ორგანიზაციის მიმართ პრეფერენციული მიდგომა  კი, თავის მხრივ, არღვევს სეკულარიზიმის პრინციპს, რადგან სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული გაერთიანების წახალისებას ახდენს.

სააგენტოს სტრატეგიაში ასევე ხაზგასმულია, რომ უნდა გადაიხედოს რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის არსებული წესი. თქვენთვის ცნობილია, რომ 2011 წელს რელიგიური ორგანიზაციებისთვის სტატუსის მიღების წესი ლიბერალური გახდა. ეს წესი ყველა რელიგიურ გაერთიანებას (რომლებსაც საქართველოსთან ისტორიული კავშირი აქვთ და რელიგიად აღიარებულები არიან ევროპის წევრ ქვეყნებში) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს. ეს იყო საკითხი, რომელზეც მართლმადიდებლურ ეკლესიას განსხვავებული პოზიცია გააჩნდა, ის ამ კანონის მიღებას არ ემხრობოდა და გახსოვთ, რომ მას ეკლესიის მხრიდან მასშტაბური საპროტესტო აქციაც მოჰყვა.

სააგენტო ცდილობს, რომ შეცვალოს ეს წესი, რომელიც ყველა რელიგიურ ორგანიზაციას თანაბარ შესაძლებლობებს აძლევს. ის სტრატეგიაში რეგისტრაციის ახალ წესსა და რელიგიური გაერთიანებებისთვის განსხვავებული სტატუსების მინიჭების საკითხებზე საუბრობს, რომელსაც განსხვავებული უფლებრივი რეჟიმი უნდა მოჰყვეს.

ზაზა ვაშაყმაძის 2010, 2011 წლის საჯარო განცხადებებში ღიად ჩანს მისი ღია მხარდაჭერა საპატრიარქოს პოლიტიკის მიმართ. სიუჟეტებში, რომლებიც საპატრიარქოს ტელევიზიაზე გავიდა, ის საუბრობს კონსტიტუციური შეთანხმების არაეფექტურ შესრულებაზე და რომ შეთანხმებას სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი იმპლემენტაცია სჭირდება. ამასთან ის სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს სექტებად მოიხსენებს. მაგალითად, დამაკნინებელ ფრაზებს იყენებს იეჰოვას მოწმეების მიმართ. ეს გამოსვლები, ჩემი აზრით, კარგად ავლენს ვაშაყმაძის ხედვებს რელიგიის თავისუფლების საკითხებზე და იმას, თუ რომელ ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერს შეიძლება წარმოადგენდეს ის.

თუ სტრატეგიაში მითითებული მოსაზრებები გატარდა, რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდება და ეს ამ მიმართულებით  მკვეთრად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება მთავრობის მხრიდან.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ საჯარო სამართლის პირად რეგისტრაციის წესი, რომელიც 2011 წელს მივიღეთ, მხოლოდ სიმბოლური თანასწორობის დეკლარირება იყო.

მოქმედი კანონმდებლობის ნაწილი დისკრიმინაციულია სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიმართ და მისი მიდგომა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არის პრივილეგირებული. ამის მაგალითად შეიძლება დასახელდეს უმაღლესი განათლების კანონი, საგადასახადო კოდექსი, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონი.

ამ კუთხით შეგვიძლია განვიხილოთ დაფინანსების საკითხიც. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეკლესია ბიუჯეტიდან პირდაპირი დაფინანსების სახით, ხშირად მთავრობის სარეზერვო ფონდებიდანაც, მთავრობის ინდივიდუალური გადაწყვეტილებებით თუ ადგილობრივი თვიმმართველობის ბიუჯეტებიდან პირდაპირ დაფინანსებას ან სხვა მატერიალურ სიკეთეებს იღებს. სხვა ოთხი რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსება სახელმწიფომ განიხილა, როგორც არსებული უთანასწორობის აღმოფხვრის მცდელობა. თუმცა რეალურად რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების არსებული წესი და პრაქტიკა არღვევს სეკულარიზმის პრინციპს და ის რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის მცდელობა უფროა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, რელიგიის შესახებ კანონისმიღება რელიგიური საქმიანობის გაუმართლებელი რეგულირების, რელიგიურიორგანიზაციების ავტონომიაში ჩარევისა და მათი იერარქიული დაყოფის მაღალრისკებს შეიცავს 

ეს არგუმენტი არასერიოზულია. ყველა საკითხი სხვადასხვა ნორმატიული აქტებით არის დარეგულირებული და ცენტრალიზებული კანონების შექმნის აუცილებლობა არ არსებობს. რელიგიის შესახებ კანონის მიღება ის საკითხია, რომელსაც წლების განმავლობაში ითხოვდა საპატრიარქო.

სავარაუდოდ, ახალი კანონის მიღებასთან ერთად (თუ დღის წესრიგში ასეთი კანონის მიღება დადგება) სააგენტო თავიდან დაიწყებს რეგისტრაციისა და სტატუსის მიღების ახალი წესის შემუშავებას და უფლებებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას. ასე მას საშუალება მიეცემა შეცვალოს არსებული საკანონმდებლო რეალობა, და სიტუაცია რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის საპირისპიროდ შემოაბრუნოს.

ზოგადად უნდა ითქვას, რომ ჩვენს რეალობაში რელიგიის თავისუფლებას საფრთხეს არსებითად არაეფექტური და დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ ლოიალური სახელმწიფო პოლიტიკა  უქმნის და არა საკანონმდებლო რეგულაციები. შესაბამისად დაუსაბუთებელია სახელმწიფოს მხრიდან ახალი რეგულაციების შემოტანის ინტერესი და მასზე სახელმწიფოს ძირითადი ძალისხმევის მიმართვა.

სტრატეგიაში ასევე საუბარია რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობებისმშენებლობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმების საჭიროებაზე …

რელიგიური საკულტო შენობების მშენებლობის კუთხით რელიგიური ორგანიზაციები ძირითად წინააღმდეგობებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან აწყდებიან. მშენებლობის ნებართვას მუნიციპალიტეტები გასცემენ და, როგორც წესი, როცა დომინანტი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები პროტესტს აცხადებენ. ერთი და იგივე სცენარი ვითარდება.

ამის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება აჭიანურებს, ან არ გასცემს ნებართვას და რელიგიურ გაერთიანებას სასამართლოში უწევს დავის გაგრძელება. იმ შემთხვევაშიც კი, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, მშენებლობის ნებართვის გაცემის ვალდებულებაზე ადგილობრივი თვიმმართველობები ნებართვას არ გასცემენ. მაგალითად: რუსთავის კათოლიკე ეკლესიამ წლების განმავლობაში ვერ შეძლო ტაძრის აშენება, მიუხედავად იმისა, რომ მათ სასამართლო გადაწყვეტილება გააჩნიათ. მუნიციპალიტეტი მშენებლობის შესაძლებლობას არ აძლევს.

ამ კუთხით საინტერესოა თერჯოლის შემთხვევა. როცა ადგილობრივმა თვითმმართველობამ საკულტო შენობის აშენების ნებართვა უკანონოდ და დისკრიმინაციულად გააუქმა. დომინანტი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლების პროტესტის საპასუხოდ თერჯოლის გამგებელმა საჯარო განცხადება გააკეთა, რომ საკითხი ადგილობრივი მართლმადიდებლების სასარგებლოდ გადაწყდებოდა. სასამართლომ თერჯოლის საკრებულოს მიერ მშენებლობის ნებართვის გაუქმება უკანონოდ მიიჩნია და ადგილობრივ ხელისუფლებას მშენებლობის გაგრძელება დაავალა. ამ პროცესის აღსრულება ძალიან მტკივნეული იქნება. ადგილობრივი ქრისტიანები საპროტესტო ღონისძიებებს უკვე მიმართავენ.

პრობლემა ისაა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად არღვევენ რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპს, რაც რელიგიის თავისუფლების ყველა სერიოზულ შემთხვევაში გამოვლინდა.

ამდენად, საკულტო ნაგებობების მშენებლობის კუთხით არსებული პრობლემები პრაქტიკაში უნდა ვეძებოთ და არა კანონმდებლობაში. მშენებლობის კანონმდებლობა სეკულარულია და ის რაიმე სპეციალურ რეჟიმს საკულტო ნაგებობისთვის არ ადგენს. საკულტო ნაგებობების მშენებლობაზე სპეციალური რეგულაციების გაჩენის საკითხი რელიგიური კონფლიქტების დროს მიმდინარე საჯარო დისკუსიებში წარმოიშვა. გავიხსენოთ სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენები, როცა მინარეთის მოჭრის შემდეგ გაჩნდა არგუმენტები, რომ საკულტო ნაგებობების აგება ნებისმიერ ადგილას დაუშვებელია. გახსოვთ ალბათ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადება, რომ ჩატარებულიყო რეფერენდუმი, სურდა თუ არა მოსახლეობას მინარეთების არსებობა. სპეციალური რეგულაციების შემოტანით, სახელმწიფოს ინტერესი შეზღუდვების დაწესება უფროა, ვიდრე ხელშეწყობა.

რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით სააგენტოს არგუმენტი საკმაოდ რელევანტურია. საქართველოში არსებული რელიგიური მრავალფეროვნება დარელიგიისადმი მოსახლეობის მაღალი ინტერესი აუცილებლად ითხოვსრელიგიების შესახებ ნეიტრალური და ობიექტური ინფორმაციის არსებობას დამასზე წვდომის უზრუნველყოფას. აღნიშნულიდან გამომდინარე საჯაროსკოლებში „რელიგიის საგანი“ უნდა ისწავლებოდეს“

ეს საკითხი არ არის ახალი. სტრატეგიის გამოქვეყნებამდე ამ საკითხთან მიმართებაში სააგენტოს ხედვები ცნობილი იყო. თუმცა თავიდან სააგენტო ამბობდა, რომ ის ინტერელიგიურ სწავლებაზე საუბრობდა და არა რელიგიის  საგანზე. თუმცა სტრატეგიაში საუბარია  რელიგიის სწავლებაზე.

საკითხის ამ ფორმით დასმა, რომ რელიგიების შესახებ სწავლებამ შესაძლოა ქსენოფობიისა და ტოლერანტობის კუთხით არსებული პრობლემები საზოგადოებაში გარკვეულწილად მოაგვაროს, რელევანტურია. თუმცა ჩვენს რეალობაში, როცა სკოლებში ინტოქტრინაცია და პროზელიტიზმი დამკვიდრებული პრაქტიკის ხასიათს ატარებს, რელიგიის, როგორც საგნის, სასკოლო სივრცეში შეტანა ლეგიტიმური სივრცეს მისცემს ინდოქტრინაციას, დამახინჯებულ, ირაციონალურ წარმოდგენებს და განდევნის კრიტიკულ აზროვნებას.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, სააგენტომ ინტერრელიგიური საგნის პილოტური პროგრამა უკვე შეიმუშავა. ამ პროგრამაში საუბარია მხოლოდ სამი რელიგიის (ისლამი, ქრისტიანობა და იუდაიზმი) სწავლებაზე. თუ საუბარია შეუწყნარებლობის პრობლემის გადაწყვეტის ინტერესზე, ალბათ განსაკუთრებული აქცენტი იმ რელიგიურ ჯგუფებზე უნდა გაკეთდეს, რომლებიც ჩვენს რეალობაში გვხვდებიან და რომლებიც ძალიან ხშირად არიან სტიგმატიზაციის ობიექტები. სწავლების საკითხებშიც სააგენტოს იერარქიული მიდგომები შეიმჩნევა. სტრატეგიის ტექსტში იკითხება, რომ  ის გულისხმობს არა რელიგიის ისტორიისა და მისი კულტურულოგიური ასპექტების შესწავლას, არამედ რწმენის ფენომენის, დოქტრინის შესწავლას. სააგენტო ამბობს, რომ რელიგიის სწავლებაში სახელმწიფო ინტერვენცია უნდა იყო მინიმალური და ის მხოლოდ მისი ინფორმირებით შემოიფარგლება. თუ 2005 წელს ზოგადი განათლების შესახებ კანონით მოხდა ეკლესიების ინსტიტუციური განდევნა სასკოლო სივრციდან, სააგენტოს ინიციატივა საგანმანათლებლო სივრცეში დომინანტი ეკლესიის ფორმალური დაბრუნებისა და მისი ლეგიტიმაციის მცდელობას წარმოადგენს.

როგორ აფასებენ სააგენტოს საქმიანობას დაარსებიდან დღემდე.

ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის არცერთ მნიშვნელოვან შემთხვევაზე სააგენტოს ქმედება არ იყო ეფექტური. არსებობს რელიგიის თავისუფლების კუთხით უფლებების შეზღუდვის მიმდინარე შემთხვევები (ქობულეთი, თერჯოლა, მოხე), როცა სააგენტომ ვერ აჩვენა საკუთარი ეფექტურობა. მეტიც, სააგენტოს ხედვა აღნიშნულ საქმეებზე არაადეკვატურია და ის პრობლემის გადაფარვას, არ აღიარებას ცდილობს.

როცა სააგენტოს საქმიანობის ანალიზზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ სააგენტოს საქმიანობის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია მუსლიმ რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მოწესრიგებასა და მათი კონტროლისკენ. პირველი, რაც სააგენტომ გააკეთა, იყო ზიანის ანაზღაურების მექანიზმის ამუშავება . წელს ამ თანხის დიდი ნაწილი მუსლიმმა თემმა მიიღო (მილიონ ასი ათასი). ამ თანხების 75% ხელშეკრულებით ღვთისმსახურთა ხელფასებზე უნდა დაიხარჯოს. მუფთებს, იმამებს, ხოჯებს სახელმწიფო უხდის ხელფასებს. ეს რელიგიური ორგანიზაციის ავტონომიაში სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევისა და კონტროლის ფორმაა. ჩვენ გვახსოვს პრემიერ-მინისტრის პირველი განცხადება. მან თქვა  – „მაშინ, როცა ჩვენ გვეუბნებიან, რომ რელიგიური თავისუფლების კუთხით გვაქვს პრობლემები, პირველად საქართველოს ისტორიაში სხვა რელიგიური ჯგუფებიც მიიღებენ დაფინანსებას“. მუსლიმი თემის უფლებების შეზღუდვის სერიოზულ შემთხვევებს სახელმწიფომ მუსლიმი თემის სასულიერო ლიდერების დაფინანსებითა და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი სამუფტო სამმართველოს გაძლიერებით უპასუხა და არა პრობლემების რეალური გადაწყვეტით. ყველაზე სიმპტომატური მაგალითი იყო ის, რომ სააგენტოს აქტიური მონაწილეობით მუსლიმი სასულიერო პირების დიდმა ნაწილმა ბათუმში მეჩეთის აშენებაზე უარს მოაწერა ხელი და ამის ალტერნატივად სამუფტო სამმართველოსთვის რეზიდენციისა და ბათუმში მედრესის შენობის მიღებას დასთანხმდა. ბათუმში მეჩეთის მშენებლობა მუსლიმი თემის პრინციპული მოთხოვნაა და ამ მოთხოვნაზე უარის თქმა, ერთი მხრივ, აჩენს გაუცხოებასა და კონფლიქტს მუსლიმ თემსა და სასულიერო პირებს შორის, მეორე მხრივ კი, ეს ფაქტი სახელმწიფოს მხრიდან რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის შეზღუდვის ძალიან უხეში მაგალითია.

მუსლიმი მლოცველები პარასკევის ლოცვას ქუჩაში ლოცულობენ, მაშინ როცა ბათუმში არაერთი ახალი მართლმადიდებლური ეკლესია აშენდა. ბათუმში, რომელიც ძალაუფლებრივი, სიმბოლური სივრცეა, სახელმწიფო ვერ ბედავს მუსლიმი მოქალაქეებისთვის მეჩეთის აშენებას, რაც სეკულარიზმის კრიზისზე მიუთითებს – სახელმწიფო ვერ ახერხებს დომინანტი რელიგიური ინსტიტუციის გავლენებისა და მოთხოვნებისგან გათავისუფლებას.

მუსლიმი თემი გაახალგაზრდავებულია და განათლების დონე მატულობს. ამასთანავე ჩაგვრის პრაქტიკამ (ჭელას, მოხის შემთხვევებს სიმბოლური მნიშვნელობა გააჩნდა, როცა მუსლიმი თემის მიმართ სახელმწიფომ ღიად გამოიყენა საკუთარი რეპრესიული აპარატი) მუსლიმ თემში საკუთარი სამოქალაქო უფლებებისა და თანასწორობის სწორი გააზრების გამოცდილება დააგროვა. ამიტომ მუსლიმი თემის, როგორც ლოიალური ჯგუფის განხილვა, რომელიც შეიძლება უხეში კონტროლის ფორმებით მართო, სახელმწიფოს სერიოზულ შეცდომამდე და კრიზისამდე მიიყვანს.

ოთხი რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსების გადაწყვეტილება პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან მუსლიმი თემის კონტროლის მცდელობა იყო. ყველა სხვა დანარჩენი ორგანიზაციის დაფინანსება იყო მცდლობა, რომ მთავრობას საკუთარი გადაწყვეტილება გაემართლებინა.

კიდევ ერთი ტესტი, რომელიც სააგენტომ ვერ ჩააბარა, ქობულეთში პანსიონის გარშემო განვითარებული მოვლენებია. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტომ დაგმო ქობულეთში მომხდარი, დღემდე ვერ აღდგა პანსიონის საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს საქმიანობის ანგარიში, რომლის პრეზენტაცია სააგენტომ რამდენიმე თვის წინ გააკეთა, არც კი ახსენებს ქობულეთში არსებულ პრობლემას.

სააგენტო ვერ გაუმკლავდა თერჯოლაში არსებულ პრობლემას. ის თერჯოლაში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და გამოვლენილი აგრესიის რელიგიურ ხასიათსაც კი უარყოფს. რაც შეეხება მოხეს. მოხეს სადავო შენობის ისტორიულ-კონფესიური  წარმომავლობის დამდგენი კომისიის დაარსება იმ ფორმატითა და მანდატით, როგორც ეს მოხდა, არსებითი შეცდომა იყო, რომელიც სახელმწიფომ სადავო საკულტო ნაგებობების რესტიტუციის პოლიტიკის გზაზე დაუშვა. სახელმწიფომ რესტიტუციის საკითხის გადაწყვეტა გამოიტანა მართლმსაჯულების სისტემიდან და დემოკრატიული წესით შექმნილ კომისიას გაანდო, რომელშიც სახელმწიფოს მოხელეები და სასულიერო პირები შედიან და  რომლებიც გადაწყვეტილებებს კონსესუსის გზით იღებენ.

კომისიაში საპატრიარქოს შეყვანა ხელოვნური პროცესი იყო, რადგან არცერთი  ვალიდური მტკიცებულება არ აჩვენებდა, რომ ეს ნაგებობა იყო ეკლესია.  საპატრიარქოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს შენობა ვილაიეთის დიდ დავთარშია მოხსენებული, რაც არ დასტურდება. ჩვენ შევისწავლეთ ეს ისტორიული წყარო და მსგავსი ჩანაწერი არ აღმოჩნდა. სადავო შენობის ქრისტიანულ წარმომავლობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მუსლიმმა თემმა პროტესტი გამოხატა. ამდენად, საპატრიარქოს ამ პროცესში შემოყვანა სადავოა და ის რეალურად სადავო შენობის რესტიტუციის პროცესის გაჭიანურების, მეტიც ხელშეშლის რისკს აჩენს. ამავდროულად ბუნდოვანია კომისიის მანდატი და ის ლოგიკა, კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შენობის რელიგიური კუთვნილების საკითხი უნდა გადაწყდეს. კომისიის საქმიანობა დახურულია. სააგენტოს მითითებით, მოხის კომისია არ არის ადმინისტრაციული ორგანო. შესაბამისად მისი სხდომები დახურულია და კომისიას არც ინფორმაციის გაცემის ვალდებულება აკისრია. კომისიის სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებსაც კი არ მიეცა.

ეს სტრატეგია გამოქვეყნდა ვებგვერდზე და ის შესაძლოა მთავრობამ გაიზიაროს.რას ურჩევთ მთავრობის წარმომადგენლებს/ რა შეიძლება გამოიწვიოს ამდოკუმენტის მიღებამ და რა იქნება შენი რეკომენდაცია.

მე პირადად მიმაჩნია, რომ სააგენტო უნდა გაუქმდეს. ჩემთვის ძალიან რთულია მათთვის რეკომენდაციების მიცემა. ფუნდამენტურად არ ვეთანხმები ასეთი მანდატისა და ხედვების მქონე უწყების არსებობას და მისი რეფორმირების ილუზია არ გამაჩნია. მე ვფიქრობ, მთავრობამ უნდა გაიაზროს, რომ ასეთი სააგენტოს არსებობის საჭიროება არ არსებობს. რელიგიურ ორგანიზაციებს სურვილი აქვთ, რომ ჰყავდეთ სახელმწიფოსთან საკომუნიკაციო პირი და ამისთვის რამდენიმე მრჩევლის არსებობა საკმარისია. თავად სტრატეგიის დოკუმენტი რა ფორმითაც ის არსებობს, მთავრობამ არ უნდა მიიღოს. დარწმუნებული ვარ  საერთაშორისო ორგანიზაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკებენ და მას არ ეყოლება მხარდაჭერები რელიგიურ ჯგუფებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის.