რას აჩვენებს კვლევა სკოლებში დომინანტური რელიგიის წარმომადგენლებისგან პროზელიტიზმზე

წყარო: netgazeti.ge

ავტორი: მიშა მეფარიშვილი

“ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრმა” (EMC) საქართველოში მოქმედ 6 რელიგიურ გაერთიანებასთან (მუსლიმი თემი, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესია, იეჰოვას მოწმეთა ქრიტიანული ორგანიზაცია) საპილოტე კვლევა 2014 წლის 20 დეკემბრიდან 2015 წლის 5 მარტამდე პერიოდში ჩაატარა, რომელიც სკოლებში დომინანტური რელიგიის წარმომადგენლების მხრიდან ინდოქრინაციისა და პროზელიტიზმის ფაქტების გამოკვლევას ისახავს მიზნად. კვლევის შედეგებთან დაკავშირებით EMC-ის სოციოლოგსა და კვლევის ავტორს ქეთი სართანიას ვესაუბრეთ:

 

რას ეხებოდა კითხვარი და ვინ იყვნენ მისი მონაწილეები?

კითხვარი ეხებოდა სკოლის მოსწავლეებს და უნდა შეევსოთ ან სკოლის მოსწავლეებს, ან მშობლებს, ან ოჯახის წევრებს, ვინც სკოლაში ამ პრობლემებს იცნობს. კვლევის მიზანი იყო გამოგვეკვლია ინდოქტრინაცია, პროზელიტიზმის შემთხვევები და ვინტერესდებოდით, მოსწავლეებს თავიანთი რელიგიური მიკუთვნებულობის გამჟღავნება სკოლაში თუ შეეძლოთ. ფონად მთელ კითხვარს გასდევდა თემა, უნდა ისწავლებოდეს თუ არა რელიგია საჯარო სკოლებში, იმიტომ, რომ საბოლოდ ეს პრობლემები მომდინარეობს იქიდან, თუ როგორ არის სკოლაში დაყენებული ეს პრობლემები და სახელმწიფო როგორ ხედავს ამ თემას.

როგორი სურათი მიიღეთ?

მოსწავლეების უმეტესობა ამჟღავნებს და მცირე ნაწილი ვერ ამჟღავნებს. თუმცა ორივე ჯგუფისთვის, რომლებიც ამჟღავნებს და რომელიც ვერ ამჟღავნებს საკუთარ აღმსარებლობას, პრობლემები აღმოჩნდა სკოლაში ინტეგრაციისთვის.

რა პრობლემები აღმოჩნდა?

ჯგუფი, რომელიც ამჟღავნებს თავის რელიგიურ იდენტობას, ხდება სტიგმატიზაციის მსხვერპლი, მიეკერებათ იარლიყები, ასევე მათ სასკოლო შეფასებაზე მოქმედებს ნეგატიურად და რაც ყველაზე მძიმეა, კლასელებთან ეძაბებათ ურთიერთბა. იმ მოსწავლეებს, რომლებიც ვერ, ან არ ამჟღავნებენ, საუბრობენ იმაზე, რომ ინტეგრაცია უფრო ადვილია, როცა არ იციან, რომელ რელიგიურ მიმდინარეობას ეკუთვნის. იმ შემთხვევაში, თუ არ ამჟღავნებენ, მაშინ ავტომატურად მათ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს მიაკუთვნებენ.

განსხვავებული აღმსარებლობის მქონე მოსწავლეებს მასწავლებლები ნიშნებს აკლებენ?

კი, არის შემთხვევები, როდესაც ნიშნებს აკლებენ და მასწავლებლები სთავაზობენ, რომ თუ შეიცვლი რელიგიას, იმოქმედებს დადებითად. იყო ასეთი შემთხვევა.

მასწავლებლები პროზელიტიზმის ქადაგებაში კიდევ როგორ არიან ჩართული?

დისკრიმინაციული გარემოს შექმნაში ძირითადად მასწავლებლები და მოსწავლეები არიან ჩართული. რიგ შემთხვევებში გამოვლინდა სკოლის ადმინისტრაციის ჩართულობა და ასევე მოულოდნელი იყო მართლმადიდებელი მშობლების მონაწილოება.

მშობლების მონაწილეობა გამოვლინდა იმაში, რომ ერთ კლასში იყო იეჰოვას მოწმე, რომელზეც მშობლებმა მოითხოვეს, რომ გადაეყვანათ სხვა კლასში, მოსთხოვეს პასუხი მასწავლებელს, რომლისგანაც არ იყო რეაგირება. ამან გამოიწვია კლასში დაძაბულობა და პრობლემები.

დროის დინამიკაში რთულია მის დადგენა, როდის მოხდა კონკრეტული შემთხვევები, რადგან არ უთითებენ თარიღს. იყო შემთხვევა, როდესაც მასწავლებლის თანამონაწილოებით მოსწავლეებმა დააბეს ერთი მოსწავლე და სთხოვდნენ რელიგიის შეცვლას. იყო ერთი შემთხვვა, როდესაც მოსწავლემ თქვა, რომ ეკუთვნის ერთ-ერთ რელიგიურ მიმდინარეობას და შესთავაზეს, რომ მართლმადიდებელ მღვდელთან მოსანანიებლად წაიყვანდნენ.

არის შემთხვევები, როდესაც აშინებენ, რომ თუ არ შეიცვლიან რელიგიას მოხვდებიან ჯოჯოხეთში და მატლები შეჭამენ. იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფში იყო კვლევა ჩატარებული, ყველა ცალსახად აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა ამ ბავშვებისთვის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

პროზელიტიზმი საჯარო სკოლებში

პროზელიტიზმი საჯარო სკოლებში

რომელი საგნის მასწავლებლები აქტიურობენ, ისტორიის და ქართულის?

მეც ასე ვიფიქრე, რომ ისტორია და ქართული იქნებოდა, ცხადია, ისტორიასა და ქართულს აცხადებდნენ, მაგრამ მუსიკის მასწავლებლები ნახსენები იყვნენ, რაც გამოიხატება მუსიკის გაკვეთილზე მართლმადიდებლური საგალობლების დასწავლაში. არის იძულების შემთხვევები.

გაკვეთილზე როცა საუბრობენ რელიგიურ თემებზე, მათი ინიცრება ხდება მასწავლებლის მხრიდან, ცხადია, რთული თემაა – გაკვეთილზე ვერ ესწრება ამ განხილვის დასრულება და გრძელდება გაკვეთლის შემდეგ, რაც ბავშვებში იწვევს დაძაბულობას, კონფლიქტებს.

ეს არის კონკრეტული შემთხვევები. რას ამბობენ კვლევის რესპონდენტები ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკაზე, სახელმძღვანელოებზე?

სახელმძღვანელოები არ არის მოწესრიგებული იმ კუთხით, რომ არ ითვალისწინებს სხვადასხვა რელიგიურ უმცირესობას. აქ კიდევ გამოყოფენ სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლების საჯარო მილოცვებს მართლმადიდებლურ დღესასწაულებზე.

ზოგადი ფონი გამოიხატება ექსკურსიების დროს, როდესაც ექსკურსიები ეწყობა ეკლესიებში, რაზეც არადომინანტური აღმსარებლობის მიმდევრები ამბობენ, რომ კარგია, უნდა ნახონ იმ ქვეყნის კულტურული ძეგლები, რომლებშიც ცხოვრობენ, მაგრამ ამ დროს ეკლესიებში რელიგიურ რიტუალებში ჩართვას, მაგალითად სანთლის დანთებას, აიძულებენ.

დაძალების შემთხვევა იყო ცოტა, მაგრამ თუ არ შევლენ და არ აანეთებენ სანთლებს, შემდეგ მოსდევს ქვეტექსტები, კითხვები, რატომ არ შედის ეკლესიაში? ამიტომ ხშირად მოსწავლეები ექსკურსიებზე უარს ამბობენ.

თუ საუბრობენ მართლმადიდებელი მღვდლების ჩართულობაზე სასკოლო ცხოვრებაში?

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩანს კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც იწყება სასწავლო წელი, აუცილებლად მოჰყავთ ზოგიერთ სკოლაში მოძღვარი, რომელიც ულოცავს მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას და დალოცავს მთელი წლის მანძილზე. აკურთხებენ კლასებს, სადაც იწვევენ მშობლებს, სასკოლო ღონისძიებებზე მიჰყავთ მამაო, რომელიც ლოცავს. როცა მღვდლები მიდიან სკოლაში დასწრება არის ნებაყოფლობითი და ესწრებიან მხოლოდ მართლმადიდებლები, მაგრამ შემდეგ იმ მოსწავლეების სტიგმატიზება ხდება, რომლებიც არ დაესწრებიან ამ ღონიძიებას.

ხშირად საუბრობთ იარლიყებზე. რას მიანიშნებენ ამ იარლიყებით?

იარლიყებში მეორესხარისხოვან მოქალაქეებად მოიხსენიებენ, რომ არ აქვთ იმდენის უფლება, რამდენიც აქვთ მართლმადიდებლებს. აუცილებლად უნდა გამოვყოთ ცალკე ჯგუფი, მუსლიმი თემი აჭარაში, ხშირად ეუბნებიან მოსწავლეებს, რომ თუ ქართველი ხარ, როგორ შეიძლება მუსლიმი იყო? – უნდა იყო მართლმადიდებელი. ასევე, “არაქართველი” “თათარი”. მსგავსი ტერმინებით მოიხსენებენ იმ მოსწავლეებს, რომლებიც სხვა რელიგიურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან.

კვლევის მიხედვით, თუ გამოიკვეთა ის რელიგიური ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან იერიშის სამიზნეები?

აქედან ორი ჯგუფი გამოიკვეთა: მუსლიმი თემი და იეჰოვას მოწმეები, სადაც გვხვდება რთული შემთხვევები და ყველაზე რთული პრობლემები. მუსლიმების შემთხვევაში ნაციონალური პოლიტიკისა და რელიგიის ბმა არის. ეს დაუმთხვევლობა იწვევს კითხვებს, რომელსაც საზოგადოება პასუხობს აგრესიით.

თუ ჩანს კვლევაში, როგორ ახერხებენ ეს მოსწავლეები ამ პრობლემების გამკვლავებას?

ჩვენ დავინტერესდით, როგორ უმკლავდებიან მათ წინაშე არსებულ პრობლემებს. ერთი გზაა, როდესაც მიდიან დირექტორთან და ესაუბრებიან პრობლემების შესახებ, ეს მეთოდი ყველაზე ეფექტურია და ჭრის – დირექტორი ერევა და შემდეგ აგვარებენ.

მეორეა, როდესაც მოსწავლეები გადაჰყავთ სხვა სკოლაში, რაც ალბათ დაუსრულებელი პროცესია, რადგან შეიძლება სხვა სკოლაშიც იგივე პრობლემა აღმოჩნდეს.