ეკომიგრანტი ოჯახების გასახლებაზე უარის თქმის საკითხზე მინისტრის გადაწყვეტილებას EMC სასამართლოში გაასაჩივრებს

unnamed (2)საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულების გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა არ დააკმაყოფილა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენლობით დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევის მცხოვრები ეკომიგრანტების – ვეფხვია არდოტელისა და ნაბისი ზვიადაურის ადმინისტრაციული საჩივარი. განმცხადებლები ითხოვდნენ, სტიქიით დაზარალებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის მიერ მათი ოჯახების ალტერნატიული საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის ბათილად ცნობასა და აქტის გამოცემას განსახლების მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.

EMC-ის მიაჩნია, რომ მინისტრისა და კომისიის მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტები უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან წარმოების პროცესში გასახლების მიზნებისა და არსებული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამოდ განიმარტა ცნებები – ‘ოჯახი’ და ‘ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი’. ერთ შემთხვევაში, კომისიამ მიიჩნია, რომ განმცხადებლის შვილის საკუთრებაში არსებული სახლი წარმოადგენდა განმცხადებლის ალტერნტიულ საცხოვრებელ ადგილს. მეორე შემთხვევაში, განმცხადებელს უარი ეთქვა გასახლებაზე იმ მიზეზით, რომ ოჯახს გააჩნდა ალტერნატიული საცხოვრებელი, კერძოდ -ნათესავის სახლი, სადაც განმცხადებლის არასრულწლოვანი შვილები ფაქტობრივად ცხოვრობდბენ.

აღნიშნულ აქტებს EMC კანონით დადგენილ ვადაში  სასამართლო წესით გაასაჩივრებს.