შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლაში EMC მესამე პირად ჩაერთო

10610782_307940689415335_5754198521655763041_nEMC მესამე პირად ჩაერთო და წერილობითი პოზიცია წარადგინა 2015 წლის 12 თებერვალს, სპორტის სასახლეში, პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლაში. აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველმა, ‘დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით დაიწყო მოკვლევა.

EMC მიიჩნევს, რომ შშმ პირების მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია. ვინაიდან კონცერტის ორგანიზატორის შპს “არტ-პალასის” მიერ ღონისძიებისთვის შერჩეული ობიექტი – სპორტის სასახლე – არ არის ადაპტირებული, 2015 წლის 12 თებერვალს, არსებითად თანასწორი სხვა პირებისგან განსხვავებით, ეტლით მოსარგებლე პირები ვერ დაესწრნენ კონცერტს, მიუხედავად იმისა რომ მათ ბილეთები ჰქონდათ. შედეგად, ადგილი ჰქონდა როგორც მომსახურების ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებას, ასევე, შშმ პირთა მიერ ძირითადი უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობის შეზღუდვას. კერძოდ, EMC მიიჩნევს, რომ დაირღვა შშმ პირთა უფლებების კონვენციით და სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტებით აღიარებული მისაწვდომობის, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის უფლება, კულტურულ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის უფლება, ასევე საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

EMC მიმართავს სახალხო დამცველს, რომ მოცემულ საქმეზე დაადგინოს დისკრიმინაციის ფაქტი და შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართოს მოპასუხე მხარეს. ამასთან, EMC შუამდგომლობით მიმართავს სახალხო დამცველს, რომ ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ისევე როგორც სპორტის სასახლის მფლობელი სუბიექტების – შპს “ლოჯიქ გრუფისა” და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ მომზადდეს ზოგადი წინადადება სპორტული და კულტურული საჯარო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი ობიექტების სათანდო ადაპტირების საკითხზე.

EMC ჩართული იქნება განცხადების განხილვის შემდეგ ეტაპზეც და დააკვირდება სახალხო დამცველის მიერ აღნიშნულ საკითხზე მომავალში მომზადებული რეკომენდაციების შესრულების პროცესს.