სიღარიბის თეოლოგია [video]

EMC წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელიც ყოფილი კარდიოლოგიური ინსტიტუტის შენობაში შესახლებულ, სოციალურად დაუცველ, უსახლკარო ადამიანებთან ჩაიწერა. ვიდეოში რესპონდენტები საუბრობენ მათ დამოკიდებულებაზე რელიგიასა და ღმერთის კონცეპტთან მიმართებით. ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ ხსნიან სოციალურად დაუცველი ადამიანები მათ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობას რელიგიური თვალსაზრისით და როგორ იაზრებენ ღმერთის ნებასა და საკუთარ პასუხისმგებლობას, სახელმწიფოსგან სრული იგნორირების პირობებში.

ეკონომიკური ფაქტორისა და რელიგიურობის ურთიერთმიმართებაზე ვიდეოში თეორიულ შეფასებებს აკეთებენ ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე და სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია.

გიორგი მაისურაძე ხსნის იმ განსხვავებულ მოტივებს, რომელიც მდიდრებსა და ღარიბებში რელიგიურობის მოთხოვნილებას აჩენს. იგი საუბრობს გაყუჩების ფსიქოლოგიურ დანიშნულებაზე, რომელსაც სოციალურად დაუცველი, სასოწარკვეთილი ადამიანების ცნობიერებაში რელიგია ასრულებს.

ემზარ ჯგერენაია კი, სიღარიბისა და უმუშევრობის პირობებში, ცარიელი სოციალური სივრცის რელიგიურით შევსების, კონსტრუირების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ადამიანებს არ ჰყოფნით მხოლოდ ყოველდღიურობა და არსებობისთვის ნებისმიერ ადამიანს სჭირდება რელიგია ან რელიგიის მაგვარი კონცეფცია. ჯგერენაია ხაზს უსვამს ეკლესიაში სოციალური პროექტების განხორციელების კულტურისა და პრაქტიკის არარსებობას.

ვიდეო მომზადებულია პროექტ „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა და რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფების შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს დემოკრატიული კომისიის მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით.