ახალი კვლევა სამართალდამცავი სისტემის შესახებ

18 ივნისს, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)” გამართა ახალი კვლევის პრეზენტაცია: “უხილავი ძალაუფლების პოლიტიკა – სამართალდამცავი სისტემის ანალიზი.”

კვლევა მოიცავს სამართალდამცავი სისტემის ფართომასშტაბიან ანალიზს. დოკუმენტში განხილულია ყველა ძირითადი ინსტიტუციური ხარვეზი, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას და სასჯელაღსრულების სისტემას აქვს. კონკრეტულად, კვლევაში განხილულია შემდეგი საკითხები:

  1. სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიზირების რისკები;
  2. ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში;
  3. პოლიციის პრევენციული ფუნქციების ანალიზი;
  4. საგამოძიებო სისტემის მიმოხილვა;
  5. სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენელთა დისციპლინური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სისტემა;
  6. ანგარიშვალდებულება.

როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, პროკურატურისა და შსს-ის ორგანოების ძირითად გამოწვევას წარმოადგენს სისტემის პოლიტიზირების მაღალი რისკები. დღესდღეობით, სისტემა არ არის დაზღვეული პოლიტიკური გავლენებისგან და დაბალია შესაბამისი სამსახურების დამოუკიდებლობის ხარისხი. შსს-ის ხელში თავმოყრილია ჭარბი ძალაუფლება, შესაბამისი კონტროლისა და დაბალანსების მექანიზმების გარეშე. ეს ზრდის თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს. მზარდი საპოლიციო ფუნქციები, კერძოდ, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებები, ქმნის მათი არამართლზომიერი გამოყენების და ინდივიდუალური თავისუფლების თვითნებური და არაპროპორციული შეზღუდვის საფრთხეს.

საჭიროა საგამოძიებო სისტემის დახვეწა. იგი ვერ უზრუნველყოფს ინსტიტუციურად მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარებას. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა თვითნებობისა და დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერებას ხელს უწყობს არაეფექტური პასუხისმგებლობის სისტემა. კერძოდ, ქვეყანაში არ არსებობს სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დამოუკიდებელი მექანიზმი. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ გასაძლიერებელია სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულების მექანიზმები.

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, კვლევაში წარმოდგენილია როგორც მოქმედი სისტემის ხარვეზები და გამოწვევები, ისე კონკრეტული რეკომენდაციები. ავტორთა ჯგუფის მიერ კვლევაში მოყვანილი შეფასებები და რეკომენდაციები საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო გამოცდილების გაანალიზებას ეფუძნება.

კვლევა მომზადდა ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.