ქობულეთში პანსიონატის ფუნქციონირებისთვის ხელშეშლის ფაქტებს სასამართლო ადგილზე შეისწავლის

11668050_1025391540804469_1880920872_n7 ივლისს, 15 საათზე, EMC-ის მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლო ქობულეთში, მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის შენობას ადგილზე დაათვალიერებს და პანსიონატის თანამშრომლებისა და მოსწავლეებისთვის შენობაში შესვლისა და პანსიონატის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლის ფაქტებს ადგილზე შეისწავლის.

ამჟამად, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტებთან დაკავშირებით სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობის. EMC-ის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო, სხვა მოწმეებთან ერთად, დაკითხავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ქობულეთის პოლიციის განყოფილების უფროსსა და პოლიციის სხვა თანამშრომლებს, ასევე სახალხო დამცველის აპარატისა და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თანამშრომლებს.

2014 წლის 15 ივლისს კი, საქმეზე მთავარი სხდომა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც სასამართლო ძირითად მოწმეებს დაკითხავს.

ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტებზე „ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“, ადგილობრივი მუსლიმების სახელით, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე, სასამართლო საქმეს აწარმოებს. სარჩელი წარდგენილია კერძო პირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ. მოსარჩელე მხარე სასამართლოსგან ითხოვს, კერძო პირების მხრიდან, რომლებიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებენ, დისკრიმინაციული მოპყრობისა და პანსიონის გახსნისთვის ხელშეშლის შეწყვეტის დავალდებულებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ კი, მოსარჩელეები ითხოვენ, საკუთარი უფლების შეზღუდვისა და დევნის ეფექტური პრევენციისა და პანსიონის გახსნისა და საქმიანობის უზრუნველყოფას.

ამ დრომდე ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებს, ბარიკადები აქვს აღმართული პანსიონატის შესასვლელთან  და შენობასთან მიმოსვლის რეჟიმს ფაქტობრივად აკონტროლებს.

11714282_1025391550804468_1404494759_n 11714373_1025391504137806_555110152_n