ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულება – ერთი წლის მონიტორინგის შედეგები

11053442_1151173864909458_4021168533146443128_n

29 ივლისს, 09:30 საათზე, სასტუმრო “რუმსში” (კოსტავას 14)  კოალიცია თანასწორობისთვის’ ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების ერთი წლის მონიტორინგის  ანგარიშს წარადგენს.

ანგარიშში ასახულია ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის სრულყოფისა და მისი სათანადო განხორციელების მიზნით გატარებული ქმედებები 2014 წლის მაისიდან 2015 წლის 1 აპრილამდე.

ანგარიშის თავები ეთმობა კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ წარმოებულ  საქმეებს,  სახალხო დამცველის მიერ “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონის გამოყენებისას გამოვლენილ მიღწევებს და გამოწვევებს,  სასამართლო ხელისუფლების მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესუალურ თავისებურებებს და საქმის წარმოებას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში. ანგარიშის დასკვნითი ნაწილი რეკომენდაციებს გვთავაზობს, რაც სახელმწიფო სტრუქტურებს ანტიდისკრიმინაციული ღონისძიებების დახვეწაში დაეხმარება.

ანგარიში მომზადებულია „კოალიცია თანასწორობისთვის” წევრი ორგანიზაციების მიერ სახალხო დამცველის აპარატში წარდგენილი საჩივრების, სასამართლოებში შეტანილი სარჩელების, სახალხო დამცველისა და საერთო სასამართლოების მიერ მიღებული საბოლოო და შუალედური გადაწყვეტილებების, მოქმედი კანონმდებლობის და საჯარო ინფორმაციის სახით სახალხო დამცველის აპარატიდან გამოთხოვილი მასალების ანალიზის საფუძველზე.

###

კოალიციის შესახებ:

‘კოალიცია თანასწორობისათვის’ ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით დაფუძნდა და ის ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის მიზანი ანტიდისკრიმინაციული კანონის  აღსრულების ხელშეწყობა და მისი პრაქტიკული გამოყენების მონიტორინგია.

ასევე, ამუშავდა ცხელი ხაზი (568 321 221), რომელიც მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კოალიციის წევრები არიან: ‘ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია’, ‘ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი’, ‘საფარი’, ‘კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ‘იდენტობა’.