EMC ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მაცხოვრებელი სოციალურად დაუცველი ოჯახების განსახლების პროცესს აფასებს

ისანში, ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მაცხოვრებელი სოციალურად დაუცველი პირები 2015  წლის 31 ივლისს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან აპროტესტებდნენ  სამინისტროს მოთხოვნას, სოციალურად დაუცველი 117 ოჯახის მიერ ისნის ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობის დაუყოვნებლივ დატოვების თაობაზე. აღნიშნული აქცია, სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ გამოხატულ ერთადერთ პროტესტს არ წარმოადგენს, რამდენადაც მათი გამოსახლების საკითხი უკანასკნელი თვეების მანძილზე მუდმივად აქტუალურია.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გეგმავს ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობის რეაბილიტაციას 160 დევნილი ოჯახის საცხოვრისით დაკმაყოფილების მიზნით, რის განსახორციელებლადაც, ისნისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობებს დაევალათ ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში ამჟამად მცხოვრები ოჯახების ალტერნატიულ ფართებში განსახლების ორგანიზება. ოჯახების უმეტესობა უსახლკარო და სოციალურად დაუცველია.

EMC  მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ  უსახლკარო ოჯახების განსახლების მიზნით ამ დრომდე წარმართული პროცესი არ არის სანათადოდ მომზადებული, რაც სულ უფრო ამცირებს სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას და იწვევს განსასახლებელი პირების უნდობლობას სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ალტერნატივების მიმართ. ვინაიდან სახელმწიფოს ზოგად კონტექსტში არ გააჩნია ერთიანი, სისტემური პოლიტიკა და თანმიმდევრული მიდგომები უსახლკარობის პრობლემის მიმართ, შედეგად, ისნის სამხედრო ჰოსპიტალიდან უსახლკარო პირების განსახლების პროცესი არ არის ორიენტირებული  საცხოვრისის საჭიროებისა და განსასახლებელი ოჯახების მდგომაროების ობიექტურ და სამართლიან შეფასებაზე, სადაც  უზრუნველყოფილი  იქნება განსასახლებელი პირების სათანადო ჩართულობა.

ისნის სამხედრო ჰოსპიტალში მაცხოვრებელი პირების განსახლების გადაწყვეტილება მოუმზადებელია, რამდენადაც არ ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს:

1. არ არის განსაზღვრული სამართლებრივი კრიტერიუმები საცხოვრისის საჭიროების მქონე ოჯახების გამოვლენის მიზნით. მერიის განცხადებით, სამხედრო ჰოსპიტალში ამჟამად შესახლებულია 117 ოჯახი. ისნის რაიონის გამგეობის განცხადებით, ამ ოჯახების განსახლება დროებით იგეგმება ქირით, ხოლო წლის ბოლოს, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ოჯახების ნაწილი გადაყვანილი იქნება ორხევის საცხოვრისში, სადაც დაგეგმილია 72 ოჯახის გრძელვადიანი განთავსება. ამ დრომდე, არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც მოხდება განსასახლებელი ოჯახების ობიექტური შეფასება საცხოვრისის საჭიროების გამოვლენის კუთხით და შემდგომ მათი დაკმაყოფილება. შედეგად, ბუნდოვანი რჩება, ქირით განსახლებული 117 ოჯახიდან, რომელი მიიღებს საცხოვრებელს ორხევში. გარდა აღნიშნულისა, განსასახლებელ პირთა განცხადებით, ორხევში არსებული საცხოვრებელი ფართები არაადეკვატურად მცირეა მრავალსულიანი და ბავშვებიანი ოჯახებისათვის და არ არის აღჭურვილი ელემენტარული საცხოვრებელი პირობებით. ამას გარდა, სამხედრო ჰოსპიტალში მაცხოვრებელთა განცხადებით, მერიის მიერ შედგენილი უსახლკარო ოჯახების სიები არ ასახავს მოცემული მომენტისათვის განსახლების საჭიროების მქონე პირების რეალურ რაოდენობას, რამდენადაც სიების შედგენის შემდეგ შენობაში მცხოვრები ოჯახების რიცხოვნობა შეიცვალა. მიუხედავად ამისა, არ ხდება სიების გადამოწმება, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ ოჯახების ბედს, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე, თუმცა ვერ მოხვდნენ მერიის მიერ შედგენილ განსახლების საჭიროების მქონე ოჯახების სიაში.

2. სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული განსახლების გეგმა არ გულისხმობს სტაბილური და გრძელვადიანი დაკმაყოფილების შესაძლებლობას ყველა ოჯახისთვის.  

ისნის რაიონის გამგებლის განცხადებით, ვინაიდან ორხევის საცხოვრისი არ არის საკმარისი უსახლკარო ოჯახების სრულად დასაკმაყოფილებლად, ოჯახების ნაწილის საცხოვრისით უზრუნველყოფა განხორციელდება ქირის მეშვეობით. ქ. თბილისის მთავრობის განკარგულებით, ქირის ანაზღაურება უსახლკარო ოჯახებისათვის განსაზღვრულია მხოლოდ  საბიუჯეტო წლის ბოლომდე, რაც არასტაბილურობის განცდას უტოვებს განსასახლებელ პირებს ალტერნატიული საცხოვრისის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. აღნიშნული განსაკუთრებით აქტუალურია სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრები პირებისათვის, ვინაიდან, ისინი საუბრობენ გამოცდილებაზე, როდესაც სახელმწიფოს მიერ ქირის გადახდის შეწყვეტის გამო, ოჯახების ნაწილი იძულებული გახდა კვლავ დაბრუნებულიყო სამხედრო ჰოსპიტალში და ხელახლა დაეკავებინა საცხოვრებელი ფართი.

გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლით, სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას ცხოვრების სათანადო დონესა და საცხოვრებელ ბინაზე. პაქტის კომენტირებისას, გაეროს კომიტეტი მიუთითებს სახელმწიფოების ვალდებულებაზე „საცხოვრისი“ განმარტონ ფართოდ და მოიაზრონ მასში ღირსეული საცხოვრებელი პირობები. სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა წარმართოს უსახლკარო ოჯახებთან მოლაპარაკების პროცესი ობიექტურად და სამართლიანად და შესთავაზოს მათ სათანადო საცხოვრისი. მხოლოდ ამგვარი პროცესის დროს შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაშია შესაძლებელი გამოსახლების საკითხის განხილვა. პაქტის #7 კომენტარში, გაეროს კომიტეტი იზიარებს აზრს, რომლის თანახმადაც, გამოსახლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ, როგორც უკანასკნელი ზომა, იმ შემთვევაში, როდესაც არსებული სიტუაციის შენარჩუნება და რეაბილიტაცია ყოვლად შეუძლებელია და თუ ყველა ნაბიჯი გადადგმულია სათანადო რელოკაციის განსახორციელებლად.

EMC მიიჩნევს, რომ ალტერნატიული საცხოვრისის შეთავაზება ისნის ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი პირებისათვის უნდა წარიმართოს ზემოაღნიშნული სტანდარტის დაცვით, წინასწარ განსაზვრული ობიექტური და სამართლიანი კრიტერიუმებისა და სათანადო პროცედურის საფუძველზე, რაც უზრუნევლყოფს შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას.  აღნიშნული მიზნებით:

1) დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს ისნის ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალიდან სოციალურად დაუცველ პირთა გამოსახლებისაკენ მიმართული აქტივობები და გაგრძელდეს განსახლების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებები;

2) სათანადო განსახლების მიზნებისათვის, შეიქმნას უსახლკარობისა და უსახლკარო ოჯახების საჭიროებების შეფასების ობიექტური კრიტერიუმები; შეფასების პროცესი და განსახლების ალტერნატივების შეთავაზება განხორციელდეს უსახლკარო ოჯახების სათანადო ჩართულობით. ამგვარი პროცესის შედეგად, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები შეირჩეს ისნის ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მაცხოვრებელ პირთა რეალური საჭიროებების, მათ შორის, ოჯახების სულადობისა და  სხვა საჭიროებების გათვალისწინებით, ხოლო საცხოვრისის შეთავაზება განხორციელდეს გრძელვადიანი, სტაბილური სარგებლობისათვის;

3) ჩამოყალიბდეს სახელმწიფოს სისტემური ხედვა უსახლკარო ოჯახების სათანადო საცხოვრისით  დაკმაყოფილებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების თანმიმდევრული გადაწყვეტის მიზნით, რაც უზრუნველყოფს სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნას და ადეკვატური რესურსების მობილიზებას ამ პირების სამართლებრივი და სოციალური დაცვისათვის.