‘Arbeit Macht Frei’ – [photo]

ლუკა პერტაია

© ლუკა პერტაია

© ლუკა პერტაია

როდესაც ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები და მოქალაქეები დისტანცირებულად ვსაუბრობთ მსხვილი ინდუსტრიული ქალაქების პრობლემებზე, ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად სერიოზულია ეს პრობლემები. განცხადებები “შრომითი უფლებები ირღვევა”,  “ჭიათურას ეკოლოგიური პრობლემები აქვს”, “მუშა ექსპლუატირებულია” და მრავალი სხვა ჩვენთვის აბსტრაქციად რჩება.

აბსტრაქციად რჩება მანამ, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახავთ უმძიმეს სამუშაო პირობებს, ნახევრად დანგრეულ ქალაქებს, მკვდარ მდინარეებს, გადათხრილ ეზოებს, მთიდან მოგლეჯილ ტყის კორომებს; სანამ არ შევხვდებით მუშებს, რომლებიც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ამბებს გვიყვებიან; სანამ არ გავიგებთ, რომ ჭიათურელმა ნათია პაპიძემ დეკრეტულ შვებულებაშიც ვერ მოახერხა გასვლა და ფეხმძიმე მუშაობდა საბაგიროზე, ახლა კი ახალდაბადებული შვილი ყოველდღე დაჰყავს სამუშაოზე; სანამ არ შევხვდებით ძმებს, რომლებსაც მამის სიკვდილის შემდეგ, სადაზღვეო თანხა ორი წელია არ მიუღიათ; სანამ ერთ–ერთი მათგანი გვეტყვის, რომ გაუმართავ მანქანაზე მუშაობისას ხელის დაწვის შემდეგ უთხრეს, მოიტყუე და არავისთან თქვა, რა დაგემართაო;

აბსტრაქციად დარჩება მანამ, სანამ გავიგებთ, რომ 2015 წელს, საწარმოში უკვე 24 ადამიანი დაზიანდა, აქედან ერთმა მარჯვენა ხელი დაკარგა, სამი მათგანი კი მოკვდა; რამდენიმე კვირის წინ, ყველა მაღაროში მაღაროს გასამაგრებლად საჭირო 20-სმ დიამეტრის მქონე მორების ნაცვლად, მუშების გაფრთხილების მიუხედავად, გაცილებით მცირედიამეტრიანი მორები შეიტანეს, რაც ჩამონგრევის რისკს კიდევ უფრო მეტად ზრდის; 15 ტონა მადანს მუშები ხელით (ნიჩბით) ტვირთავენ; საბურღი მანქანა, რომელიც 130 კგ–ს იწონის, 2 ადამიანს დააქვს და, განსაზღვრული 30–ის ნაცვლად, 150 მეტრის გავლა უწევს; მაღაროებში ვენტილაცია არ არსებობს; ელმავლები მწყობრში აღარაა, არაერთხელაა კუსტარულად გადაკეთებული და ტექნიკურად გაუმართავია; მედპუნქტში მედიკამენტები არ იშოვება; იქ არც მაცივარია – წამლებს ხის სკივრში ინახავენ; მუშისათვის 8 საათის განმავლობაში განკუთვნილია ულუფა: პური, ფუნთუშა, არაჟანი და ნახევარი ლიტრი წყალი;

მუშის საშუალო ხელფასი 500–550 ლარია; უსამართლოდ ექცევიან მუშა ქალებს; მუშის დაღუპვის შემდეგ მის ოჯახს 2 000 ლარი ეკუთვნის, რასაც ან ძალიან გვიან, ან საერთოდ არ აძლევენ; საწარმოში დასაქმებულთათვის ალტერნატიული სამსახური არ არსებობს, რაც ერთ–ერთი ფაქტორია გაფიცვის იდეის უარყოფისათვის – მუშები ამბობენ, რომ გამოცდილებამ აჩვენა – გაფიცვა მათთვისვე არის უარესი;

თუმცა ეს ყველაფერი არაა, მუშების ექსპლუატაციის გარდა, ქალაქში სხვა სერიოზული პრობლემებიც არის. ძალიან მძიმეა ეკოლოგიური მდგომარეობა: დაბინძურებულია ჰაერი – მუშების თქმით, „ქუჩა აღარ დარჩა, რომ მარგანეციანი მანქანა არ დადიოდეს“; ცუდ მდგომარეობაშია მდინარე ყვირილა, რომელსაც შემაშფოთებლად მუქი ფერი აქვს მიღებული; ჭიათურაში იმ სირთულეებსაც აწყდებიან, რასაც ქვეყნის სხვა ქალაქებსა თუ რაიონებში: სოფლებს წყალი არ მიეწოდებათ; არ არის სამუშაო ადგილები და ახალგაზრდები დაუსაქმებლები არიან; თვითონ ჭიათურა კი გარეგნულად პოსტაპოკალიფსურ ქალაქს მოგაგონებთ – საბაგიროთი დაკავშირებულ ქალაქს, სადაც ძალიან რთულია, თვალში არ მოგხვდეს ძველისძველი, ნაცრისფერი შენობები და ადამიანებისგან დავიწყებული ცარიელი კარკასები; ადგილს, სადაც მუდამ ელოდები, როდის დაინახავ უზარმაზარ წარწერას: „Arbeit Macht Frei“*….

(სურათების დიდ ფორმატში სანახავად დააკლიკეთ ფოტოს)

—————————————————————————————————————————-

  • Arbeit Macht Frei – “შრომა ათავისუფლებს” – ფრაზა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული საკონცენტრაციო ბანაკების, მათ შორის აუშვიცის შესასვლელში იყო გაკრული

—————————————————————————————————————————-

პუბლიკაცია მომზადებულიაადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტროინგის ცენტრის (EMC)“ “სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმისფარგლებში, National Endowment for Democracy (NED)-ის მხარდაჭერით და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან თანამშრომლობით.

პუბლიკაციაში მოტანილი მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC-ისა და NED-ისა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პოზიციას.

logoz