დედა ნახევარ განაკვეთზე

ავტორი: ბასტი მგალობლიშვილი

ჩავარდნილი იატაკი, მღრღნელების ბუდე, ჩამოშლილი ჭერი, ნახევარი საუკუნის ტექნიკა და ანტისანიტარია – ასეთ პირობებში მუშაობს ჭიათურის სახალხო საბაგირო გზის მემანქანე ნათია პაპიძე. მარტოხელა დედაა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, 2 წლის შვილის გაზრდაში თანამშრომლები ეხმარებიან. ამბობს, რომ ადმინისტრაცია ფეხმძიმობის პერიოდშიც გულგრილი იყო მის მიმართ და ახლაც. სთავაზობდნენ ძიძა აიყვანეო, მაგრამ თავისი ხელფასის ნახევარზე მეტს ძიძას ვერ გადაუხდის, რადგან თვეში 350 ლარი ისედაც არ ჰყოფნის. საბაგიროს თანამშრომლების თქმით, საბაგირო გზა იმდენად მოძველებულია, რომ მგზავრთა სიცოცხლისთვისაც საშიშია.

ნათიას სამუშაო ადგილიდან დაჟანგული სამგზავრო კაბინით ჭიათურის კიდევ უფრო მაღალ წერტილში გადავინაცვლეთ, სადაც სიგნალისტი მარიზი ცუცქირიძე მორიგეობს. ნათიას შვილს სწორედ მის სამუშაო ოთახში სძინავს. მარიზი ამბობს, რომ თვითონაც მარტომ გაზარდა სამი შვილი და კარგად ესმის, როგორ უჭირს ნათიას. მარიზის ოჯახი მხოლოდ მის მცირე ანაზღაურებაზეა დამოკიდებული, აქვს ბანკის ვალი და ჯანმრთელობის პრობლემები, მთავარი შეღავათი კი, რაც კომპანიამ შესთავაზა, უპროცენტო სესხი იყო.

——————————————————————————————

ვიდეო მომზადებულია EMC–ისა და „ასოციაცია მწვანე ალტერნატივას“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან თანამშრომლობით“

ავტორის მიერ ტექსტში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC–ის, „მწვანე ალტერნატივასა“და„ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს“ პოზიციას