ინდუსტრილოგია: ჭიათურა

ავტორი: ბექა წიქარიშვილი

ნაწილი პირველი – ზესტაფონი
ნაწილი მეორე – ტყიბული

ნაწილი 3

აფიშა

“Georgian American Elloys” საქართველოში ექსპლუატაციის ფესტივალს მართავს. ამჯერად ჭიათურაში. ფესტივალი ანტიკურ ეპოსებს აცოცხლებს და ქალაქს ჰადესის სამფლობელოს ხატად წარმოაჩენს. წიაღის სიმდიდრეთა უხილავი მბრძანებლის როლს კომპანიის ასევე უხილავი ოფშორული მფლობელი ასრულებს. სამთავიანი ცერბერს ადგილობრივ ბაზარზე მის განკარგულებაში მყოფი საწარმოები: ჭიათურა მანგანუმი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ვარციხეჰესი განასხეულებენ. მკვდართა სამეფოს მდინარე მლეთეს ფუნქციას ღირსეულად ითავსებს ყვირილა. მოხუცი ქერონი კი, სულებს მიწისქვეშეთში ნავით რომ მიაცილებს, თავად კაპიტალისტური წარმოების წესია.
ფესტივალის დაწყებისა და დასრულების თარიღი მოკვდავთათვის უცნობია. უცნობია სცენარიც.
წარმოდგენაზე დაიშვება მხოლოდ გულგრილი პუბლიკა.

 

მეჩვენება, რომ ამ ალეგორიულ აფიშას დასაშვებზე მეტი კავშირი აქვს სინამდვილესთან. ჭიათურა, ინდუსტრილოგიის წინა ორ ქალაქთან ერთად, ჯოჯოხეთური ყოფის სიმბოლოა. კაპიტალისტური სისტემისა და ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ეს სპეკტაკლი მეტ-ნაკლები სიმძაფრით ყველგან მოქმედებს, თუმცა ნახსენებ ინდუსტრიულ ქალაქებში, მასშტაბების გათვალისწინებით, ის სრული სისავსით თამაშდება და მკვეთრი კონტრასტული ფორმით გამოკვეთს საკუთარი არსებობის წინაპირობებს: მჩაგვრელსა და ჩაგრულს, პრივილეგირებულს და მარგინალიზებულს. ირონიაა, რომ ექსპლუატაცია ექსპლუატაციიდან დიდი ხნის გამოსულ მანქანებზეც ვრცელდება და წინააღმდეგობას ეს უკანასკნელნი უფრო მეტად წევენ, ვიდრე ადამიანები, ვისაც ისღა დარჩენია მაძღარი სიკვდილი აირჩიონ. ისიც ირონიაა, რომ ეს მანქანები, ისევე როგორც საწარმოები, კომუნისტური წარმოებისაა და თითქოს კაპიტალიზმს, როგორც დაპირისპირებულ სისტემას, ორმაგი მოტივაცია აქვს გამანადგურებელი ძალით ამოწუროს ამ მანქანებისა და ადამიანების სამუშაო რესურსი.

საკუთრებითი ურთიერთობების მთელი ეს პარადიგმა, სოციალური წინააღმდეგობის არარსებობის პირობებში, მესაკუთრეს აბსოლუტური უფლებებით სარგებლობის საშუალებას აძლევს და რესურსთან ერთად, მის მფლობელობაში სხეულების ყოფნასაც უშვებს.

სოციალურ წინააღმდეგობას კი წარმატებით აკავებს შემეცნებითი კაპიტალიზმი. მას სხეული არ აკმაყოფილებს, სისტემის საკუთრებაში გონებაც შემოჰყავს და აწარმოებს აზროვნების ფიქციას, სადაც უმოწყალო ჩაგვრა ბუნებრივი მოცემულობაა.

გულგრილი პუბლიკა, იგივე მომხმარებლური საზოგადოება, მთელ ამ სპექტაკლს განყენებულად უყურებს. მას საკუთარი შედარებით „კომფორტული“ ადგილი მიუჩინეს პარტერში და პოპკორნით გამოტენილი პირის გამო, აზროვნება ყბებს უფრო მიემართება, ვიდრე წარმოდგენას. იქნებ ყოფიერების იმპულსი რომელიმე მათგანის გონებას წამიერად შეეხოს და ცრემლიც გადმოუგორდეს, თუმცა ეს აქტი არავითარ შემთხვევაში არ გადავა მოქმედებში და „სელპაკის“ ცხვირსახოცის გაშრობასთან ერთად აორთქლედება.

და ბოლოს, არ გამიკვირდება თუკი ინდუსტრილოგიის პროექტი ჰიპერბოლიზებულად მოგეჩვენათ. თქვენ წარმოიდგინეთ ხანდახან მეც ასე მეჩვენება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გონება ურცხვად ტკბება საკუთარი მონაპოვარით და თავისთვის იძახის: „რას ვიზმთ ბატონო, ასეთი ყოფილა ცხოვრება“.

და მაინც, არის ერთი კითხვა: ვინ არის ძლიერი ამა ქვეყნისა? ის, ვინც მილიარდიან იახტაზე მარიონეტული გარემოცვით და იქნებ კოკაინით ცდილობს ბედნიერების სიმულაციას, საზოგადოებაში არ ჩანს, რადგან დაცვას რაგბის ბურთივით მოლში ყავს მოქცეული და ერთადერთი საზრუნავი საკუთარი კაპიტალია, რომლის გარეშეც შიშველი არარაობაა თუ ის, ვინც სიკვდილთან ყოველდღიური უშუალო ურთიერთობით, საკუთარ გარემოცვას სიცოცხლისთვის აუცილებელი სარჩოთი კვებავს?

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

———————————————–

პუბლიკაცია მომზადებულია EMCისა დაასოციაცია მწვანე ალტერნატივასერთობლივი პროექტის ფარგლებში, „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან თანამშრომლობით

ავტორის მიერ ტექსტში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს EMCის, „მწვანეალტერნატივასადა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროსპოზიციას.