რა არის სოლიდარობის ქსელი? – კონტექსტი და მნიშვნელობა

11896060_432111850330761_2875086618590221396_nავტორი: შოთო აზიკური – აქტივისტი

იმისთვის, რომ განვმარტო რა არის „თბილისის სოლიდარობის ქსელი“, პირველ რიგში, ისტორიულ და სოციალურ კონტექსტს მსურს შევეხო, შემდგომ კი, ამ კონტექსტის ფონზე, მინდა ვისაუბრო მსგავსი აქტივიზმის საზოგადოებრივ ფუნქციასა და მნიშვნელობაზე.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, საქართველო,  პოსტ საბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნების მსგავსად, საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა. სახელმწიფო მფლობელობა კერძო საკუთრებამ ჩაანაცვლა;  საბაზრო ეკონომიკაში საზოგადოების მატერიალური არსებობის მოტორი კერძო მეწარმის და მათ მიერ შექმნილ ბიზნესში დასაქმებულ მოქალაქეთა ყოველდღიური ურთიერთობა გახდა, რაც გამოიხატება იმაში, რომ დასაქმებული თავის შრომას ჰყიდის დამსაქმებელს, დამსაქმებელი კი თავის საწარმოში (მაღაზიაში, რესტორანში) ამ შრომას მოგების მისაღებად მოიხმარს. რაც უფრო განვითარებულია საბაზრო ეკონომიკა, საზოგადოებრივი ცხოვრების მით უფრო მეტი ასპექტი ექცევა ბაზრის ლოგიკის არეში, მით უფრო მეტი ნივთი და სერვისი იქმნება, ხელფასზე დამოკიდებული დასაქმებულის შრომის მიერ.

90-იან წლებში, საქართველოს ტანჯავდა სამოქალაქო ომი, შიმშილი, უშუქობა და კრიმინალი. ძველი წყობა ნელ-ნელა ინგრეოდა და ახალი ჯერ ვერ ახერხებდა დაბადებას. კერძო ბიზნესის გასავითარებლად არ იქმნებოდა ინფრასტრუქტურა, არ იყო შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. სახელმწიფოს არც კრიმინალური ჯგუფებისგან  შეეძლო მეწარმის დაცვა. ეს იყო პერიოდი, როდესაც შრომა აღარ ქმნიდა სიმდიდრეს, ხდებოდა მხოლოდ არსებული სიმდიდრის მიტაცებისთვის ბრძოლა.12039325_443391719202774_4663464944815887286_n

2000-იანი წლებიდან, ჩვენ უკვე ვხედავთ რეალობას, სადაც ბიზნესმენი და ინვესტორი სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი ხდება. იქმნება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, ძლიერი პოლიცია, მარტივდება საგადასახადო სისტემა, ძლიერდება საჯარო ქონების პრივატიზაციის პროცესი. ერთი სიტყვით, უქმდება ყველა ბარიერი, რომელიც ბიზნესინტერესს ეღობება გზაზე. 2006 წელს, გაუქმდა შრომის ინსპექცია. ქვეყნის დეინდუსტრიალიზაციის, სოფლის მეურნეობის დანგრევის და რეგიონებში ეკონომიკური აქტივობების შეჩერების შედეგად, 90-იანებში თბილისისკენ დაწყებული შრომითი მიგრაცია დღემდე გრძელდება: დღეს,  დედაქალაქში ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს და შესაბამისად ეკონომიკური აქტივობის ცენტრიც დედაქალაქია. სწორედ აქ იგრძნობა ყველაზე მძაფრად, ტრადიციული სოციალური ურთიერთობების რღვევა; ხელფასის, სესხის, ქირის და სხვა, საბაზრო საზოგადოებისთვის დამახასიათებელი კომპონენტის საზოგადოებრივი მნიშვნელობა. ბოლო ათწლეულებში განხორციელებულმა პოლიტიკამ მიგვიყვანა იმ რეალობამდე, სადაც ბიზნესსა და ინვესტორს აქვთ საშუალება, აკეთონ რაც მოესურვებათ, გაუწიონ დასაქმებულებს ექსპლუატაცია, იყვნენ მონოპოლისტები ბაზარზე და ხელოვნურად ითამაშონ ფასებით, დააბინძურონ გარემო, გაანადგურონ საზოგადოებრივი სივრცეები. საბოლოო ჯამში,  ადგილი აქვს კერძოსა და საზოგადოებრივის დაპირისპირებას, სადაც ერთ მხარეს დგას ბიზნესმენთა, ინვესტორთა და პოლიტიკოსთა მცირერიცხოვანი ელიტები,  მეორე მხარეს კი, გავალიანებული, ხშირ შემთხვევაში, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი, დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე მომუშავე ან საერთოდ უმუშევარი მოსახლეობა, რომელთაც უკანასკნელ გამოსავლად, ხშირად საზღვარგარეთ  წასვლაღა ესახებათ.

ბოლო წლებში, საჯარო სივრცეში  გამოჩნდა სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფი, რომლებიც სოციალურ პრობლემატიკაზე რეაგირებენ. მათი ძირითადი ნაწილი, როგორც წესი სტუდენტებისგან შედგება. მათი აქტივიზმი და პროტესტი პოლიტიკური პარტიებისგან მართული პროტესტისგან იმით განსხვავდება, რომ მიზანი, ამ შემთხვევაში, არა პოლიტიკური ძალაუფლება, არამედ კონკრეტული საზოგადოებრივი ინტერესებისთვის ბრძოლაა. უკანასკნელ პერიოდში, მსგავს მოძრაობებთან მქონდა შეხება და  დღეს ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის წევრიც ვარ, რის საფუძველზეც შემიძლია ვთქვა, რომ შრომით ექსპლუატაციასთან ბრძოლა მსგავსი ჯგუფებისთვის ერთ-ერთი ცენტრალური თემა იყო, თუმცა,  ჩემი დაკვირვებით, ეს ჯგუფები უფრო რეაქციულები იყვნენ (მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, სტუდენტები, აქტივისტები ყოველთვის მეტ-ნაკლებად ჩართულები ვიყავით პროცესებში, ვაწყობდით სოლიდარობის აქციებს, ვწერდით და ვსაუბრობდით ამ თემებზე, ჩვენი ქმედებები მაინც მუშების გაფიცვაზე, პროფკავშრების საქმიანობაზე თუ რაიმე სხვა მოვლენებზე პასიური რეაქცია იყო.)

ქართული პროფკავშირები ძირითადად ინდუსტრიულ ზონებში აქტიურობდა, დასაქმებულებიც უფრო აქტიურები ივყნენ ინდუსტრიულ სექტორში და ჩვენი პროტესტიც ამ მიმართულებით კონცენტრიდებოდა. თუმცა, ქართული ეკონომიკის უდიდესი ნაწილი მომსახურების სფეროსგან შედგება და ჩვენ, სტუდენტები და აქტივისტები, ასევე ჩვენი მეგობრები, მეზობლები თუ სხვები სწორედ იმ სუპერმარკეტებსა თუ კაფეებში დასაქმებული ადამიანები ვართ, რომლებსაც ყოველდღე ვსტუმრობთ. ჩვენი გარშემომყოფები ასევე განიცდიან ექსპლუატაციას – უწევთ ძალიან მძიმე სამუშაო პირობებში მუშაობა, მაგრამ რატომღაც, აქამდე არ ხდებოდა მათ მიერ არათუ რაიმე სახის პროტესტის გამოთქმა, არამედ ამაზე საუბარიც იშვიათი იყო. ჩვენი აქტივიზმი ვერ ახერხებდა ამ სექტორის და ამ ადამიანების გარშემო მოქმედების დაწყებას.

დროთა განმავლობაში, რეალური ანტაგონიზმი, რეალური დაპირისპირება დასაქმებულსა და დამსაქმებლის/ბიზნესის ინტერესს შორის უფრო და უფრო ცხადი გახდა. ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფების მიერ, 1-ლ მაისს, სამჯერ, ზედიზედ საპროტესტო მანიფესტაციის ჩატარებამ, სხვადასხვა გაფიცვისა და სოლიდარობის აქციების შემდეგ წინ წამოწეულმა შრომითმა თემატიკამ, შრომის ინსპექციის მოთხოვნამ თუ სხვა აქტივობებმა, ნელ-ნელა ნიადაგი შეუქმნა თავად მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის საკუთარი მდგომარეობის გაცნობიერების წინაპირობას, და რაც მთავარია, ამაზე ხმამაღლა  საუბრის შესაძლებლობას. ასევე  ჩვენთვის, აქტივისტებისთვის, საზოგადოებრივი მდგომარეობის უფრო ღრმად გაცნობიერებასა და შესაბამისი ქმედების განხორციელების შესაძლებლობას.

სწორედ ამ პროცესების წიაღში მოხდა „თბილისის სოლიდარობის ქსელის“ იდეის დაბადება. სოლიდარობის ქსელი დასავლურ, კაპიტალისტურ ქვეყნებში ნაცადი პრაქტიკაა. ის სათავეებს მემარცხენე ჯგუფებიდან იღებს და სოლიდარობის და პირდაპირი მოქმედების პრინციპს ემყარება, რადგან საზოგადოებებში, სადაც ბიზნესინტერესის გარშემოა აგებული მთელი პოლიტიკური და ლეგალური სტრუქტურა, ერთადერთი გამოსავალი სამოქალაქო ორგანიზება და სოლიდარობაა.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ მე, როგორც აქტივისტმა, სოლიდარობის ქსელის ქმედებებში დავინახე ის, რაც სხვა დროს ყოველთვის მაკლდა. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში, ჩვენ მიერ წამოყენებული მოთხოვნები საზოგადოების უმრავლესობის ინტერესს ემთხვეოდა, მაინც ვერ ხერხდებოდა ამ თემებით კონკრეტული ადამიანების დაინტერესება და ბუნდოვანი რჩებოდა, თუ ვინ მოითხოვდა და ვისთვის მოითხოვდა ამ ყველაფერს.

11026595_433324880209458_2175762131092220275_nსოლიდარობის ქსელის შემთხვევაში, პროტესტში ჩაერთნენ  უკვე კონკრეტული ადამიანები – დასაქმებულები, რომლებმაც თავად დაიწყეს საუბარი, რასაც მოჰყვა საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა. ამ ადამიანების ხმა იქცა უამრავი სხვა ადამიანის ხმად. თუ ადრე გაურკვეველი იყო, ვის რეპრეზენტირებდა აქტივიზმი, ამ შემთხვევაში, ნათელი და გამჭვირვალე გახდა, თუ ვისი სახელით, ვინ და ვისზე საუბრობდნენ. ეს კი შესაძლებელი  სწორედ თავად დასაქმებულთა ჩართულობის მეშვეობით გახდა.

ზემოთ აღწერილი მოვლენების სოციალურ ქსელებში, პრესაში და ტელევიზიით გავრცელებისა და კონტექსტის შექმნის შედეგად, უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი, კონკრეტულმა დასაქმებულმა, შემდგომში, გაიაზროს თავისი მდგომარეობა. თუ სოლიდარობის მაგალითები და პროტესტი მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება, დასაქმებულს ყოველთვის ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს გარკვეულ პროტესტში სხვათა დასახმარებლად, ან გამოთქვას თავისი პროტესტი და ჰქონდეს იმედი, რომ მას სხვა ადამიანები გვერდით დაუდგებიან. მსგავსი მოქნილი ორგანიზაციული ფორმის შედეგად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოქმედი ბიზნესის ინტერესის საწინააღმდეგოდ, დასაქმებულ ადამიანთა ჯგუფებს  გარკვეული ბერკეტი და ძალა უჩნდებათ, შეეწინააღმდეგონ ყოველ ფეხის ნაბიჯზე არსებულ შრომით ექსპლუატაციასა და უსამართლობას.

ჩემი აზრით, სწორედ ასეთი სოლიდარობის აქტები და სამოქალაქო პროტესტი უშუალოდ დასაქმების ადგილებზე იქნება პირობა იმისათვის, რომ მშრომელთა კლასმა გამოარკვიოს თავისი სოციალური მდგომარეობა, პასიური მდგომარეობიდან გადავიდეს აქტიურ ორგანიზებულ ფორმაში. ეს მისცემს მას საშუალებას გავლენა მოახდინოს სახელმწიფოზეც, რომელისთვისაც ამჟამად პრიორიტეტული მხოლოდ ბიზნესის ინტერესია. „თბილისის სოლიდარობის ქსელი“ ერთ-ერთ რგოლია ამ ისტორიულ პროცესში და მე დიდი მოლოდინი მაქვს, რომ მსგავსი სოლიდარობის ქსელები გაჩნდება საქართველოს სხვა ქალაქებშიც. ასევე, მნიშვნელოვანია, პროფკავშირული ორგანიზაციების და სხვა სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი ჯგუფების კოორდინირებული მოქმედებით უფრო სერიოზული ნაბიჯების გადადგმა და ქართული პოლიტიკის დღის წესრიგის მიერ შექმნილი სიმულაციური თემების ჩანაცვლება რეალური, საზოგადოებრივი ინტერესებისთვის ბრძოლით.

————————————————————————————————————–პუბლიკაცია მომზადებულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ “სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც National Endowment for Democracy (NED)-ის მხარდაჭერით ხორციელდება

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC-ისა და NED-ის პოზიციას.