გადაფრენა

JULSEP5Aქეთი სართანია – სოციოლოგი

თუ ყოველივე სოციალურ წესრიგს ემსახურება, ვის ემსახურება თავად წესრიგი?

გადამფრენი ფრინველები შემოდგომიდან იწყებენ თბილი ქვეყნებისკენ მოძრაობას. ცაში კამარას შეკრავენ და მიფრინავენ. უცნაურია მათი ცხოვრება. ხომ შეეძლოთ მოეძებნათ  ერთი თბილი ადგილი და იქ დარჩენილიყვნენ?! მით უმეტეს, რომ ისინი ვიზებს, საცხოვრებილისა და სხვა რთულად მოსაპოვებელ უფლებებს არ საჭიროებენ.

ფრინველების მსგავსად, ადამიანებსაც ახასიათებთ მოძრაობა შორეული ქვეყნების მიმართულებით. ოღონდ, მიზეზი  ეკონომიკური კლიმატის ცვლილება და კიდევ არაერთი სხვა ფაქტორია. სტატისტიკა უმრავლესობის ენით საუბრობს, სადაც მიგრანტების უმეტესობა შრომითი მიზნებით იმყოფება საზღვარგარეთ და მათი დიდი წილი სწორედ ქალებზე მოდის. [1]

2014 წლის აღწერის მონაცემების მიხდედვით, საქართელოს მოსახლეობა 3 778.5 ადამიანს შეადგენს, აქედან 1 778.5 კაცია, 1 951.0 ქალი. არაოფიციალური სტატისტიკით, მიგრანტების რაოდენობა  1 607 744   ადამიანია[2]. ამათგან 57% ქალია.[3]

მიგრაციის გენდერული განზომილების ახსნას, ყველაზე მეტად, ეკონომიკური თეორია ცდილობს, რომელიც ამბობს, რომ ქალების შრომითი მიგრაცია ქვეყანაში შექმნილმა ფინანსურმა კრიზისმა განაპირობა. თუმცა, მიგრაციის ფემინიზაციის მაღალი მაჩვენებელი გარე შრომით ბაზარზე ქალებზე მოთხოვნით და კულტურული ფაქტორებით უფრო აიხსნება.

საქართველოში, ქალების სოციალიზაციაში საშინაო საქმეები ჯერ კიდევ დიდ როლს თამაშობს. გარე შრომით ბაზარზე კი, ძირითადად, ამ ტიპის ქალებზეა მოთხოვნა – ისინი, ვინც იზრუნებენ სახლზე, მოხუცებსა თუ ბავშვებზე. მსგავსი საქმიანობა არ საჭიროებს განათლების განსაკუთრებულ დონეს. ამ ტიპის ქალები მრავლად მოიძებნებიან პატრიარქალური კულტურის საზოგადოებაში, სადაც ფინანსურად ღარიბი ოჯახები განათლებას კაცისთვის უფრო შესაფერისდ მიიჩნევენ, ვიდრე ქალისთვის. ამ ახსნაში ქალი ან დედად მოიაზრება, რომელსაც შვილებისა და ოჯახის გამო ნაკლები დრო რჩება განათლების მისაღებად ან ქალად, რომელიც გაყიდის თავის თანდაყოლილ თვისებას – ზრუნვას.

სუპერ-გმირი ქალის როლის ახსნა, რომელიც სათავეს განათლებაში, კულტურასა და რელიგიაში იღებს, ხშირად, უფრო განსაზღვრავს ქალის ქცევას, ვიდრე ეკონომიკური მდგომარეობა. დედაბოძი, დედამიწა, დედაქალაქი, ქართლის დედა და ა.შ. – ასე იწყებოდა სკოლაში ქართველ ქალზე საუბარი და გულის სიღრმეში, ალბათ ყველა გოგო საკუთარ გენდერულ იდენტობას მათ ვატოლებდით. ვგრძნობდით ამ სიდიადეს და ვიქმნიდით ოცნებას, რომ თუ დაგვჭირდებოდა, ჩვენც შევძლებდით საკუთარ მხრებზე ქალაქების, მიწების, ბოძებისა და ქართლის დატევას. „ეკონომიკურ სასწაულზე“ მეტად, ალბათ, ეს უფრო საწრმუნო გვეჩვენებოდა და ლოგიკურია, თუ დღესაც ასეა. ბავშვობის ზღაპრები, ხშირად, რეალობად რომ იქცევა, მერე გვეთაკილება ან გვრცხვენია მათ ზღაპრები ვუწოდოთ, რადგან აღმოვაჩენთ, რომ  ჩვენი სურვილები მოწამეობრივი იყო, მათზე ოცნება კი უფრო ადვილი – ვიდრე, მათი განცდა.

ქალთა მიგრაციის ფემინიზაციის ეკონომიკური გააზრება ხშირად იყენებს ქალის თავისუფალ არჩევანს და ცდილობს ამით შეამსუბუქოს არსებული სტატისტიკა. ამ მეთოდს განსაკუთრებით პატრიარქალური კულტურის პროგრესული ნაწილი მიმართავს, რომელიც ამბობს, რომ ქალის გარე შრომითი მიგრაცია, მისი პირადი არჩევანია.

საქართველოს უახლესი ისტორიის წაკითხვა ქალთა შრომითი მიგრაციის შუქზე ამხელს სისტემას, რომელშიც ერთადერთ გამოსავალს არჩევანი ჰქვია, გაქცევას – თავისუფლება და ძალადობას – სიყვარული. სწორედ ასე დაერქვა თავისუფალი არჩევანი ქალების შრომით მიგრაციაში ჩართვასაც. თუ გავითვალისწინებთ პატრიარქალური კულტურის რეპრესიას, ეს შეიძლება მართლაც იყოს არჩევანი, თუმცა შრომითი მიგრანტი ქალები, მოტივაციებზე საუბრისას, ხშირად ახსენებენ საკუთარ ოჯახებს და თავად სვამენ შეკითხვას “სხვა რა გაზა გვაქვს?” ხოლო თუ გზა ერთია, შესაბამისად, არჩევანიც არ არსებობს. მით უმეტეს, თავისუფალი არჩევანი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის განცხადებით, საქართველოში, 2014 წელს, უმუშევრობის დონემ 12.4% შეადგინა, რაც 2013 წლის მაჩვენებელთან (14.6%) შედარებით, 2.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ხოლო დასაქმების დონე ასევე გაიზარდა და 58.3% შეადგინა, რაც 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელს (56.6%) 1.7 პროცენტული პუნქტით აღემატება.[4]

2014 წლის აღწერის3 მონაცემების  მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3 729,5 ათას ადმიანს შეადგენსარაოფიციალური სტატისტიკის4 მიხედვით,მიგრანტების რაოდენობა  1 607 744 ადამიანია. აქედან ძირითადი ნაწილი შრომით მიგრაციაშია სხვადასხვა  ქვეყნებში და უმეტესობა მათგანი ქალია.[5][6][7]

ამ ორი მონაცემის შედარება საკმარისია უმუშევრობის შემცირების (თუ კი ასეა) მიზეზის დასადგენად, მაგრამ მსგავსი არითმეტიკა ბევრს არაფერს ამბობს ქალთა შრომითი მიგრაციის მოტივაციებსა და მათი არჩევანის თავისუფალ ბუნებაზე. თუმცა, სტატისტიკა ცხადყოფს სახელმწიფო პოლიტიკაში პრობლემის მასშტაბურობას და აჩვენებს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის გენდერულ განზომილებებს. შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების სამუშაო გენდერული როლით არის განპირობებული. ისინი ძირითადად მომვლელებად, ძიძებად და დამლაგებლებად მუშაობენ. ქართველი ქალების  შრომითი მიგრაცია კულტურის რეპრესიას კიდევ უფრო მეტად ქალის სოციალური როლის ემპირიულ გაომხატულებაში პოულობს. კერძოდ, პატრიარქალურ კულტურაში ქალის მიმართ შექმნილი მოლოდინი, რომ ის უნდა ემსახუროს უმაღლეს ზნეობრივ ინტერესებს[8]: ოჯახს, შვილებს და მაშასადამე საზოგადოებას, მხოლოდ როლური მოლოდინი კი არ არის, არამედ ის ქალის “საკუთარ” ღირებულებას წარმოადგენს ანუ  კულტურის სისტემა ინტერნალიზებულია პიროვნებაში.

მიგრანტ ქალებთან საუბრისას, ისინი ხშირად საკუთარ და სხვა მიგრანტი ქალების ქცევას აღწერენ, როგორც ღირსეული, თავგანწირული ქალის მიერ ნაპოვნ გამოსავალს, რომელმაც დათმო პირადი კომფორტი და თავი მიუძღვნა ოჯახს. ეს იმ პროცესის შედეგია, როცა მოქმედება ან არჩევანი განსაზღვრულია გენდერული როლებითა და მათზე მოლოდინებით. როლურ მოლოდინზე უარყოფითი პასუხი სანქცირებულია, დადებითი – წახალისებული – შესაბამისად, ინდივიდის არჩევანი სისტემის საკუთრებაა. სწორედ ამ სქემის მიხედვით, შრომით მიგრაციაში ჩართული ქალების მოქმედება განიხილება, როგორც თავისუფალი არჩევანი. ეს არჩევანი კი სისტემის მიერ დაწესებული როლური მოლოდინების, მორალისა და ყალბი სოციალური წესრიგის ტყვეა – შესაბამისად, ის შორს უნდა დავაყენოთ თავისუფლებისა და არჩევანის ცნებისგან.

ბოლო დროს, საქართველოში არსებული გაუარესებული ეკონომიკური მგომარეობა მარტივი სავარაუდოა, რომ დიდ სტიმულს მისცემს მიგრაციული განწყობების ზრდას. გარე მიგრაციაში კი მოთხოვნა ისევ გენდერულ როლს უკავშირდება, რაც მიგრაციის ფემინიზაციის მაჩვენებლის ზრდას მოასწავებს.

kanწყარო

თუ არ მივაქცევთ ყურადღებას ქართველი ქალების საქართველოში დასაქმებისა და ანაზღაურების პირობებს, ზედაპირული შეხედვით, იქმნება სურათი, რომ ქართველი ქალების მიგრაციის მთავარი მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირეა. მიგრირებული ქალების უმეტესობის საკუთარ ქვეყანაში არდაბრუნების მიზეზი კი, უდავოდ კულტურული ფაქტორია.

ket2

წყარო 

ეს არის შემთხვევა, როცა ქალები საკუთარი არჩევანის მძევლები და მსხვერპლები ხდებიან. შორიდან, ამას მართლაც მივამსგავსებთ თავისუფლებას. შრომითი მიგრანტი ქალები კვირაში ან თვეში ერთი დღე, მართლაც იქნებიან ემანსიპირებული, თავისუფალი ქალები, დანარჩენ დღეებს კი ამ თავისუფლების მოლოდინში გალევენ. ხელოვნება ამ ქალების ისტორიებს უფრო ასატანს და მისაბაძსაც კი გახდის, შეიქმნება ქართველ ქალთა ახალი სახეები. ისტორია მიანიჭებს მათ უსახელო გმირების სტატუსებს. პოლიტიკა დროის შსაბამისად გამოიყენებს მათ ხმებსა და რაოდნეობას. ეკონომიკა თავს გადაირჩენს მათი ფულადი გზავნილებით. და არა მარტო ეკონომიკა. ეს არის პოზები, რომლებიც უნდა მივიღოთ. სხვაგვარად დაირღვევა სისტემა, რომელიც, არავინ უწყის, ვის ემსახურება.

————————————————————————————————————–პუბლიკაცია მომზადებულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ “სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც National Endowment for Democracy (NED)-ის მხარდაჭერით ხორციელდება

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC-ისა და NED-ის პოზიციას.

  ——————————————————————————————————————–

გამოყენებული ლიტერატურა:

 

————————————————————————————————————–

[1] http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00—off-0civil2-civil2-01-1–0-10-0–0-0—0prompt-10–..-4—-4—0-1l–11-ru-10—10-ka-50–00-3-help-00-0-00-11-1-0utfZz-8-00-0-11-1-1utfZz-8-00&a=d&c=civil2&cl=CL1.8&d=HASH014734ede045b803a0fd3159.3

[2] https://opendatablog.wordpress.com/2015/05/01/sazgvargaret-mcxovrebi-qartuli-diaspora/

[3] http://centreforlearningdesign.com/news/view/9647/2010-tsels-saqartvelos–migrantta-shoris-57s-qalebi-sheadgendnen

[4] http://www.economy.ge/ge/media/news/saqartvelosi-umusevrobis-done-semcirda

[5] http://census.ge/ge/saqartvelos-mosakhleobis-ritskhovnoba-2015-tslis-1-ianvris-mdgomareobit/184#.Vh_rSPmqqkr

[6] https://opendatablog.wordpress.com/2015/05/01/sazgvargaret-mcxovrebi-qartuli-diaspora/

[7] http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00—off-0civil2-civil2-01-1–0-10-0–0-0—0prompt-10–..-4—-4—0-1l–11-ru-10—10-ka-50–00-3-help-00-0-00-11-1-0utfZz-8-00-0-11-1-1utfZz-8-00&a=d&c=civil2&cl=CL1.8&d=HASH014734ede045b803a0fd3159.3

[8] http://www.ge.undp.org/content/dam/georgia/docs/publications/GE_UNDP_Gender_Research_GEO.pdf