არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

thumbგანცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ქვეყანაში განვითარებულ მწვავე პროცესებს და მიგვაჩნია, რომ უკანასკნელ პერიოდში ნათლად იკვეთება მედია და პოლიტიკური პლურალიზმისთვის, ასევე საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შემცველი ქმედებების გააქტიურება სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან. არსებობს პროცესების დამატებითი ესკალაციისა და ძალადობრივი აქტების რეალური საფრთხე, რაც ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფის მხრიდან განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

ბოლო დღეებში ორგანიზებული ხასიათი მიიღო ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ განხორციელებულმა თავდასხმებმა. განხორციელებული თავდასხმების ქრონოლოგია და მოკლე აღწერა მოცემულია განცხადების ბოლოს. გავრცელებული ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დედაქალაქის და ფაქტობრივად ყველა რეგიონულ ოფისთან გამართული საპროტესტო აქციების შედეგად განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობას, „ქართული ოცნების“ პარტიულ აქტივისტებთან ერთად, სოფლის რწმუნებულები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლებიც იღებდნენ.   პარტიის ოფისების გარდა, თავდასხმა ასევე განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაზეც. თავდასხმების თანადროულობა, ხელწერა და ფორმები მის ორგანიზებულ და დაგეგმილ  ხასიათზე მიუთითებს. ამასთან, მანამდე თავდასხმები განხორციელდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე, რაზეც 21 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ უკიდურესად შემაშფოთებელი განცხადება გაავრცელა, სადაც მიმართვს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავჯდომარეს და სასამართლოსა და მოსამართლეების წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებების გამოძიებას ითხოვს. ვითარების ანალიზისთვის გასათვალისწინებელია წამების კადრების საჯარო ჩვენების შემთხვევებიც და საჯარო სივრცეში გაჟღერებული მოწოდებები ძალადობისკენ, რაც ასევე, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

აღწერილი მოვლენების ფონზე კიდევ უფრო შემაშფოთებელია 22 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის გამართლების მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებს. უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან გაკეთებული მსგავსი განცხადება ძალადობის გამართლებასა და წახალისებას წარმოადგენს და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მართლწესრიგის უზრუნველყოფას ქვეყანაში.

დამატებით გვსურს აღვნიშნოთ, რომ სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება და მათი მხრიდან კანონიერი ვალდებულებების შესრულება არაერთგვაროვანია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ინდივიდუალურად მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება დღემდე არ მომხდარა, ასევე რეაგირების გარეშე დარჩა, ან მინიმალური რეაგირება მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატებისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის არაერთ შემთხვევაზე. ამის პარალელურად, ხდება  ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მხარდამჭერი აქციის მონაწილეების დაკავება, სისხლისსამართლებრივი საქმის წამროების დაწყება და მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება.

ძალადობა და ძალადობის მუქარა ნებისმიერ შემთხვევაში სამართალდარღვევას წარმოადგენს, რა დროსაც სამართალდამცავ ორგანოებს ეკისრებათ ვალდებულება, მოახდინონ ადეკვატური და ეფექტური რეაგირება, თუმცა რეაგირება არ უნდა იყოს შერჩევითი. დაუშვებელია, სამართალდამავი ორგანოების მხრიდან ორმაგი სტანდარტით მოქმედება, რადგან აღნიშნული პირდაპირ ბადებს ეჭვებს ამ სისტემის პოლიტიზირებაზე და მისი ვიწრო პარტიული ინტერესებით გამოყენებაზე.

რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობას აქციებში, მართალია, საჯარო მოხელეს არ ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა და თავისი პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გამოხატვა, თუმცა აღნიშნული უნდა განხორციელდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან სრულ შესაბამისობაში, რომლის თანახმადაც საჯარო სამსახურს გააჩნია უპარტიო ხასიათი და სახელმწიფო მოსამსახურეს არ აქვს უფლება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს პარტიული საქმიანობისათვის.

დაძაბული პოლიტიკური პროცესების ფონზე აუცილებლად მიგვაჩნია ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობრივი ქმედებები, თავი შეიკავოს აგრესიული რიტორიკისა და ძალადობის წამახალისებელი  საჯარო განცხადებებისგან და უზრუნველყოს სტაბილური და მშვიდი სამოქმედო გარემო ყველა საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ჯგუფისთვის. პოლიტიკური წრეების წარმომადგენელთა და სამართალდამცავი სისტემის ხელმძღვანელობის საჯარო რიტორიკა მთლიანად მიმართული უნდა იყოს სტაბილურობისა და პლურალური გარემოს მხარდაჭერისაკენ, სადაც სათანადო რეაგირება მოხდება ყველანაირ ძალადობრივ აქტზე. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ამ პროცესში საკუთარი პასუხისმგებლობა გაიაზროს ყველა პოლიტიკურმა თუ საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრისა და განწყობების ჩამოყალიბებაზე.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია მიანიშნებს ერთიან გეგმაზე, რომელიც აშკარად მიმართულია მრავალფეროვანი და კრიტიკული საჯარო სივრცის დავიწროვებისკენ, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. ამგვარი დამოკიდებულებით პირდაპირ ჩნდება სამოქალაქო დაპირისპერების რისკი და საფრთხე ექმნება მრავალპარტიულ დემოკრატიას, რაშიც ცხადია ხელისუფლებას ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ყველა პოლიტიკურ ძალასა და ადგილობრივ ხელისუფლებას იმოქმედონ კანონმდებლობის დაცვითა და პატივისცემით, ყველაფერი გააკეთონ ქვეყანაში სტაბილური და მშვიდი გარემოს შესანარჩუნებლად, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისა და განაცხადებებისგან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე განხორციელებული ქმედებების ქრონოლოგია და აღწერა:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების დარბევა რეგიონებში

  1. სამეგრელო

ზუგდიდი

22 სექტემბერს, გავრცელებული ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისი დაარბიეს. მედიის ცნობით, დაუდგენელმა პირებმა ოფისს ქვები და საღებავები ესროლეს, ჩაამსხვრიეს ფანჯრები და დატოვეს შემდეგი შინაარსის წარწერები – „აიკრძალოს ნაციონალები და ნაციონალური მოძრაობა“.

ფოთი

ასევე გავრცელდა ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ოფისზე განხორციელებული თავდასხმის შესახებაც. როგორც გაირკვა, ფოთში პოლიტიკური პარტიის ოფისს კვერცხები და საღებავები ესროლეს, შედეგად დაზიანდა შენობს ფასადი.

მსგავსი თავდასმები განხორციელდა ხობის, აბაშისა და ჩხოროწყუს რეგიონულ ოფისებზეც.

  1. გურია

ლანჩხუთი

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, 21 სექტემბერს, ლანჩხუთში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შესასვლელი კარი შეადუღეს. აქციის მონაწილეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტსაც.

ოზურგეთი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავს დაესხნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონულ ოფისსაც, წითლად არის შეღებილი ოფისის ფასადი, ასევე გაკეთდა წარწერები „მკვლელები“, „ქათმების საქათმე“.

ჩოხატაური

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი წითლად შეღებეს ჩოხატაურშიც.

  1. სამცხე-ჯავახეთი

ახალციხე

ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ახალციხეში დაუდგენელმა პირებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი წითლად შეღებეს და დატოვეს წარწერა “მკვლელები”.

ასპინძა

მედიის ინფორმაციით, ასპინძაში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი წითლად შეღებეს და კარებთან დატოვეს წარწერა: „მკვლელები, ქათმები“.

  1. აჭარა

ბათუმი

22 სექტემბერს, დაუდგენელმა პირება „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისი წითლად შეღებეს. 20 სექტემბერს კი „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლებმა სცადეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეჭრა, თუმცა მათ ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციის დროს დააკავეს „თავისუფალი თაობის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჯემალ დუაძე.

აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გაიმართა 19 სექტემბერსაც, თუმცა სერიოზულ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

ქედა

22 სექტემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ოფისი წითლად შეღებილი დახვდათ. პარტიის აქტივისტები აცხადებენ, რომ ოფისი ქედის გამგებლის დავალებით დაარბიეს.

შუახევი

თავდასხმა ასევე განხორციელდა შუახევის რეგიონულ ოფისზე.

  1. ქვემო ქართლი

რუსთავი

თავდასხმა განხორციელდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის ოფისზეც. აქაც ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ოფისის შენობას საღებავები ესროლეს და შეურაცხმყოფელი წარწერები განახორციელეს.

თეთრიწყარო

თავდასხმა განხორციელდა თეთრიწყაროს ოფისზეც.

  1. შიდა ქართლი

გორი

მორიგი თავდასხმა განხორციელდა ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისზე, წითლად არის შეღებილი შენობის ფასადი, ჩამსხვრეულია შუშები, დაზიანდა ოფისის მიმდებარედ მდგარი ავტომობილებიც. „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისს რამდენიმე დღის წინაც დაესხნენ თავს, აჭედეს კარები და ფანჯრებზე გამოაკრეს წარწერა „ლიკვიდირებულია“.

  1. იმერეთი

ქუთაისი

22 სექტემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისი წითლად შეღებეს. დაუდგენელმა პირებმა ოფისთან დატოვეს წარწერა „მკვლელები“.

ოპოზიციური პარტიის ქუთაისის ოფისთან ხმაური იყო 19 სექტემბერსაც. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მმართველი კოალიციის მხარდამჭერებმა ოფისთან ცოცხები მიიტანეს, ოფისის კარები აჭედეს და დატოვეს წარწერა „ლიკვიდირებულია“. პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავა, მოგვიანებით კი სასამართლომ 50 ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.

სხვა ოფისები

ქუთაისის გარდა იდენტური ტიპის თავდასმები განხორციელდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის იმერეთის რეგიონის შემდეგ ოფისებზე:

  1. საჩხერე
  2. ხარაგაული
  3. წყალტუბო
  1. კახეთი

თავდასხმები განხორციელდა ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავისა და გურჯაანის ოფისებზეც. ისევე, როგორც სხვა რეგიონებში, აქაც აგრესიულად განწყობილმა პირებმა ოფისებს საღებავები ესროლეს და მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

იდენტობა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

სამოქალაქო განვთარების სააგენტო (სიდა)

ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)