EMC შსს-ს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე საქალაქო სასამართლოში ედავება

შსს“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)”, 2 ნოემბერს, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ინფორმაციის გაცემის დავალება. სარჩელის შეტანას წინ უსწრებდა შსს-ის მიერ, საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გაცემაზე დაუსაბუთებელი უარი და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის გარეშე დატოვება.

EMC-ის მიაჩნია, რომ შსს-ის მხრიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე რეაგირება, მათ შორის, ინფორმაციის გაცემაზე უარი, საჩივრების განუხილველად დატოვების პრაქტიკა მნიშვნელოვან ბარიერად რჩება, რაც ააშკარავებს სამინისტროს დახურულობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობის პრობლემას.

EMC-ის მიერ შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაცია მოიცავდა:

  • 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე შს სამინისტროში დაწინაურებული თანამშრომლების რაოდენობას, მათი ძველი და ამჟამინდელი პოზიციების მითითებით;
  • ყველა სამხარეო შს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის ვინაობას, მათი თანამდებობაზე დანიშვნის თარიღს და წარსულ სამუშაო გამოცდილებას (მათ შორის ბოლო სამუშაო ადგილი);
  • თბილისის მთავარი სამმართველოს და თბილისის ყველა რაიონული სამმართველოს (ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთის, გლდანი-ნაძალადევის, ძველი თბილისის, ისანი-სამგორის სამმართველოების), ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვინაობას, მათი თანამდებობაზე დანიშვნის თარიღს და წარსულ სამუშაო გამოცდილებას (მათ შორის, ბოლო სამუშაო ადგილი);
  • ყველა აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფილი ხელმძღვანელების ვინაობას, თანამდებობიდან გათავისუფლების თარიღს და მათ ამჟამინდელ პოზიციას შს სამინისტროს სისტემაში;
  • მოსამსახურთა რაოდენობას, რომელმაც 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე, დატოვა თანამდებობა შინაგან საქმეთა სამინისტროში.

კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის მნიშვნელოვანი დარღვევით (ერთი თვისა და ოთხი დღის შემდეგ), შსს-ის მიერ წარმოდგენილ იქნა EMC-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მხოლოდ მცირე ნაწილი. თუმცა, სამინისტრომ უარი თქვა ყველა ზემოთხსენებული ინფორმაციის გაცემაზე.

შსს-მ განმარტა, რომ თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაცია განთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge. აგრეთვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს ერთიან საინფორმაციო ბაზაში EMC-ს მიერ მოთხოვნილი ფორმით მონაცემები დაცული არ არის და მათ დამუშავება მოითხოვს დიდ რესურსს.

2015 წლის სექტემბერში, EMC-იმ შსს-ში შეიტანა ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენა. მიუხედავად იმისა, რომ ამოიწურა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ერთთვიანი ვადა, შსს-ის პასუხი არ გაუცია და ადმინისტრაციული საჩივარი არ განუხილავს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა სამინისტროს მხრიდან საჩივრის განხილვაზე უარის თქმის.

EMC-ის მიაჩნია, რომ შსს-ის უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე კანონის არასწორ განმარტებას ეფუძნება. თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაცია EMC-იმ მოითხოვა ერთიანი და სისტემატიზებული ფორმით და აღნიშნულის ალტერნატივად სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითება ვერ ჩაითვლება საჯარო ინფორმაციის გაცემად.  მითუმეტეს, რომ სატელეფონო კომუნიკაციის დროს, თავად სამინისტროს თანამშრომელმა დაადასტურა, რომ გარკვეული ინფორმაცია ვებ-გვერდზე არ იძებნებოდა (მაგალითად, ყოფილი ხელმძღვანელი პირების სახელები).

EMC ასევე ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებას ბს-527-518 (კ-12), რომელიც  ასევე ადასტურებს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმის არჩევის უფლებას. აღნიშნული გადაწყვეტილებით ასევე დასტურდება,  რომ პროაქტიული გამოქვეყნება, ანუ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულების მიერ საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ რესურსებზე განთავსება არ ათავისუფლებს საჯარო დაწესებულებას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, მისი დადგენილი წესით გაცემის ვალდებულებისაგან.

ის ფაქტი, რომ საჯარო ინფორმაციის დამუშავება მოითხოვს დიდ რესურსს,  მოქმედი კანონმდებლობით არ შეიძლება იყოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. მითუმეტეს, რომ კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობიდან გამონაკლისს ამომწურავად არეგულირებს. საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. აქედან გამომდინარე, არ არსებობდა EMC-ის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

EMC-ის მიაჩნია, რომ შსს-ს უარი ინფორმაციის გაცემაზე და სარჩელის განუხილველად დატოვება ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. EMC საჯარო ინფორმაციის მიღებას თბილისის საქალაქო სასამართლოში სამართალწარმოების გზით შეეცდება.