ხელისუფლების რადიკალური და ხისტი მეთოდები ღიად ზღუდავს მედიის თავისუფლებას და ქმნის დაპირისპირების რისკებს

 

12088522_1048423825190256_8755691663171603589_n5 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, რუსთავი 2-ში დროებითი მმართველი დაინიშნა, რამაც კომპანიისთვის სამართლებრივი დავის გაგრძელების რეალური შესაძლებლობის მოსპო, ღიად ავლენს რუსთავი 2 -ის საქმეზე მიმდინარე სასამართლო დავის პოლიტიკურ ხასიათს.

იმ პირობებში, როდესაც რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოს უკვე ჰქონდა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ყადაღის სახით და არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების პროცესში სასამართლოს მაღალი დისკრეციის მიმნიჭებელი ნორმის მოქმედება შეაჩერა, სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინება, ფაქტობრივად და სამართლებრივად, კიდევ უფრო დაუსაბუთებელი ჩანს. აღსანიშნავია, რომ სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებაში მსჯელობს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკასა და მოქმედი მენეჯმენტის პირობებში, მედიის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვის პრობლემაზე, რაც სასამართლოს მხრიდან  გამოხატვის მედიის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის ფორმას წარმოადგენს და მთლიანად გადის საქმის სამართლებრივი განხილვის ფარგლებიდან.

მაშინ, როდესაც სამართლებრივი პროცედურების ჩარჩოებში გაჩნდა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ნორმალიზებისა და შესაძლო ესკალაციის პრევენციის მოლოდინი და რესურსი, სასამართლოს მიერ 5 ნოემბერს, ზეპირი განხილვის გარეშე, მიღებულმა საეჭვო და დაუსაბუთებელმა გადაწყვეტილებამ, ასევე, მანამდე, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულმა საჯარო განცხადებებმა, შექმნა განცდა, რომ ხელისუფლება მიმართავს რადიკალურ და ხისტ ზომებს, რითიც აძლიერებს საზოგადოებაში პოლარიზებისა და ძალადობის გამოყენების რისკებს.

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გამოყენებული მეთოდები, ერთი მხრივ, ღიად აჩვენებს მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზირებისა და კონტროლის პრობლემას, მეორე მხრივ, კი ქმნის საზოგადოებაში სოციალური და პოლიტიკური დაპირისპირების საფრთხეებს, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და შეაფერხებს ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმებსა და ძალისხმევას. საზოგადოების მკვეთრი პოლარიზებისა და მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, დაპირისპირებისა და რეპრესიის დაშვება უკონტროლო პროცესების განვითარების რისკებს შეიცავს.

ამ პირობებში, EMC მოუწოდებს:

  • ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, დაუყოვნებლივ გაატარონ ყველა ღონისძიება ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის და გააცნობიერონ ის პოლიტიკური და სოციალური შედეგები, რომელიც შეიძლება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებსა და პროცესების ესკალაციას  მოყვეს;
  • ხელისუფლებას, იმოქმედოს კანონის სრული დაცვით, არც ერთ შემთხვევაში არ გამოიყენოს რეპრესიული ინსტრუმენტები რუსთავი 2-თან დაკავშირებულ პროცესებში და მაქსიმალურად დაიცვას შეკრების მონაწილეების უსაფრთხოება და მათი  გამოხატვის თავისუფლება;
  • პროცესის ყველა მონაწილესა და პოლიტიკურ ძალებს, დარჩნენ კანონის ფარგლებში და არ გავიდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოდან.