საჯარო სივრცის ფუნქცია პოსტ-ტოტალიტარულ საზოგადოებაში – საფრთხეები და სიმპტომები

12214028_1054623167894060_300414573_oპირველი ნაწილი

ავტორი: თამუნა ქებურია

„ბობოქარი საუკუნე დასასრულს უახლოვდება. ლიბერალური დემოკრატია კი ჩანს, რომ მმართველობის ერთადერთ ლეგიტიმურ ფორმადაა აღიარებული. მაგრამ ნიშნავს კი ეს იმას, რომ მან საბოლოო გამარჯვება მოიპოვა საკუთარ მტრებზე, როგორც ეს ზოგიერთს სურდა? სერიოზული მიზეზები არსებობს იმისთვის, რომ ასეთ მტკიცებას ეჭვის თვალით შევხედოთ. ამჟამად, რთული სათქმელია ის თუ რამდენად ძლიერია არსებული კონსენსუსი და რამდენ ხანს გასტანს იგი. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა თუ ბედავს ლიბერალურ-დემოკრატიული მოდელის ღიად გამოწვევას, არსებული ინსტიტუციებით წარმოქმნილი უკმაყოფილების ნიშნები თანდათან უფრო ვრცელდება. ადამიანთა მზარდი რაოდენობა გრძნობს, რომ ტრადიციულმა პარტიებმა შეწყვიტეს მათი ინტერესების გათვალისწინება და ამ ფონზე, მემარჯვენე ექსტრემისტული პარტიები მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ არაერთ ევროპულ ქვეყანაში. გარდა ამისა, მათ შორისაც კი, ვინც ყურს არ უგდებს დემაგოგთა მოწოდებებს, არსებობს პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისადმი თვალშისაცემი ცინიზმი, რასაც, თავის მხრივ, კოროზიული ეფექტები აქვს დემოკრატიული ღირებულებებისადმი სახალხო მხარდაჭერაზე. ლიბერალურ-დემოკრატიულ საზოგადოებათა უმეტესობაში ნათლად ჩანს ის ნეგატიური ძალა, რომელიც წინააღმდეგობაშია ტრიუმფალიზმთან, რომლის მოწმენიც ჩვენ საბჭოთა კომუნიზმის დაცემიდან მოყოლებული დღემდე ვართ.“ 

შანტალ მუფიდემოკრატიის აგონისტური მოდელისთვის

გიორგი ჩუბინიძის თარგმანი

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ გთავაზობთ სტატიების სამნაწილიან ციკლს „საჯარო სივრცის ფუნქცია პოსტ-ტოტალიტარულ საზოგადოებაში – საფრთხეებისა და სიმპტომების შესახებ“, სადაც სამი განსხვავებული იდეოლოგიური პლატფორმისა და პოლიტიკური ხედვის მქონე თანამედროვე მოაზროვნე საუბრობს პოსტ-ტოტალიტარიზმზე, საჯარო სივრცის კონცეფციაზე, მის ფუნქციაზე, რელიგიის როლსა და გავლენაზე საჯარო სივრცეებში.

არსებული სტატიების ციკლის მიზანია, გააანალიზოს  ქართული საზოგადოების ტოტალიტარული ფესვები და პოსტ-ტოტალიტარული მემკვიდრეობის გადმონაშთები. როგორ ოპერირებს საჯარო სივრცეები ტოტალიტარული გამოცდილების მქონე საზოგადოებებში და რა სიმპტომებთან ან საფრთხეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული მისი სხვადასხვა ჯგუფისათვის დელეგირების საკითხი?  ამავდროულად, სტატია განიხილავს იმ სოციალურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ პატერნებს, რომლიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს საზოგადოების უმრავლესობის თვითაღქმისა და ცნობიერების ფორმირებაზე, სხვადასხვა დისკურსის გაძლიერებაზე, ზოგ შემთხვევაში, კი დაპირისპირების ესკალაციაზეც. სტატიის მიზანია, იმსჯელოს, რამდენად არის შესაძლებელი  გახსნილი, პლურალური საჯარო სივრცის კონსტრუირება ისე, რომ არ წარმოიშვას ამ სივრცეების ინდოქტრინაციის და ოკუპირების რისკი, რათა მოხდეს ყველა მომიჯნავე პოზიციის თუ მოსაზრების გათვალისწინება ისე, რომ არც ერთი ჯგუფი და მხარე არ განიდევნოს სოციალური თუ საჯარო სივრციდან.

მოაზროვნეები ცდილობენ, თავიანთი პირადი მოსაზრებების, გამოცდილების თუ დაგროვილი ცოდნის საფუძველზე მოახდინონ მოცემული საკითხების სისტემური და შინაარსობრივი დეკონსტრუქცია, გაანალიზება და შემოგვთავაზონ სცენარის განვითარების ალტერნატიული პერსპექტივები.

შესავალი

მაშინ, როდესაც იმაზე უფრო სწრაფად იცვლება სოციალური თუ პოლიტიკური გარემო, ვიდრე ამ გარემოსთან დაკავშირებული კულტურული-მენტალური მოცემულობები საზოგადოების შიგნით ჩნდება გაუცხოება, წარმოიქმნება ერთგვარი დაძაბულობა. პოსტ-კომუნისტური ტრანსფორმაცია, როგორც გარკვეულ მიზანზე ორიენტირებული პროცესი პირდაპირ ესადაგება „სწრაფი ცვლილების“ კონცეფციას. ერთი მხრივ, გეგმიური ეკონომიკიდან ქვეყანა გადადის თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურ მოდელზე, იმპერიალისტური რუსეთის სანაცვლოდ ორიენტირს იღებს დასავლეთისკენ, იწყებს დემოკრატიული ინსტიტუციების ძალდატანებით დანერგვას, ხსნის ტერიტორიულ საზღვრებს და ცდილობს ფეხი აუწყოს ლიბერალურ-დემოკრატიულ ტენდენციებს. ზოგიერთ პოსტ-კომუნისტურ სახელმწიფოში მსგავსი ტიპის მოდელირებული ცვლილებები უფრო წარმატებულად მუშაობს, ზოგში ნაკლებად. საქართველო შესაძლოა მოვიაზროთ იმ სახელმწიფოებს შორის, სადაც ტრანსფორმაცია მტკივნეულად წარიმართა, რისი მიზეზიც შესაძლოა სხვადასხვა გარე თუ შიდა ფაქტორი იყოს (გეო-პოლიტიკური მდებარეობა, გარედან შემოსული ინვესტიციების წილი, პოლიტიკური არასტაბილურობა და ა.შ.).თუმცა, ამის პარალელურად, არსებობს ლეგიტიმური მოსაზრება, რომ მიუხედავად გატარებული რეფორმებისა, სამოქალაქო საზოგადოება ბოლომდე ვერ ემანსიპირდა პოსტ-ტოტალიტარული აზროვნების კონიუნქტურიდან. მოცემული დაშვება ბადებს კითხვებს – რამდენად განიცდიდა საქართვლო, საბჭოთა კავშირის პერიოდში, ტოტალიტარული რეჟიმის წნეხს? როგორი ტიპის ასახვა ჰპოვა 70-წლიანმა საბჭოთა რეჟიმმა ქართულ ყოველდღიურ ყოფაზე? როგორ გავლენას ახდენს საქართველოს ისტორიული გამოცდილება მის სამომავლო პერსპექტივებზე? რა მემკვიდრეობაზე შეიძლება ამ კონტექსტში საუბარი?

მარინა მუსხელიშვილი – პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალისტი, პროფესორი

სანამ საქართველოზე ვილაპარაკებთ, ჯერ უნდა გავერკვეთ, პოსტ-ტოტალიტარული სივრცე და მისი ტრანსფორმაცია რაში მდგომარეობს, რომ მერე ვიმსჯელოთ საქართველოს კონტექსტზე. საბჭოთა კავშირი უკვე ბრეჟნევის დროს გარკვეულწილად იყო პოსტ-ტოტალიტარული სივრცე. ეს არ იყო მთლად ის, რაც იყო სტალინის პერიოდი, ანუ რეპრესიების მანქანა შესუსტდა, ხალხმა შედარებით თავისუფლად იგრძნო თავი. ლატენტურად, თუმცა ცვლილებები მაინც მიდიოდა. ჰუმანისტური ღირებულებები მატულობდა, და უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის, ჩვენა არ ვიყავით ის, რაც ვიყავით წინა პერიოდში. შესაბამისად, არ შეიძლება განვიხილოთ საბჭოთა კავშირი, როგორც ერთიანი ღირებულებების 70-წლიანი ბატონობა, ანუ საბჭოთა კავშირშიც მიდიოდა ტრანსფორმაციის პროცესები, რომლიც საკმარისად არ არის შესწავლილი.

12212507_1054623161227394_1439402251_nპოსტ-ტოტალიტარული ტრანსფორმაცია, რომელიც ცივი ომის მიერ წარმოებული რიტორიკით იყო დომინირებული, როგორც წესი განიხილება, როგორც ტოტალიტარული რეჟიმის ლიბერალიზაცია, ანუ შემოდის ინდივიდუალური უფლებები, თავისუფლებები და ლიბერალური ღირებულებები. თითქოს ჩნდება რიტორიკა, რომელიც უპირისპირდება და ანგრევს ტოტალიტარულ მმართველობას. თუმცა ეს ინტერპრეტაცია, ჩემი აზრით, მთლად სწორიც არ არის, რადგან ის არ ითვალისწინეს იმას, რომ ლიბერალური და პოსტ-მოდერნული ტრანსფორმაციები არ არის ერთი და იგივე. ჩვენ განვიცდიდით პოსტ-მოდერნულ, პოსტ-ლიბერალურ ტრანსფორმაციას, და არა ლიბერალურ ტრანსფორმაციას. და ეს ტრანსფორმაცია იყო უფრო მძაფრი, მაგრამ მეტ-ნაკლებად ანალოგიური იმისა, რაც ხდებოდა დასავლეთში. აგიხსნით რაში ვხედავ განსხვავებას და რატო მიმაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად კანონმდებლობის და სხვა ფორმალური სისტემური მახასიათებლების ცვლილების დონეზე კი, ეს იყო ლიბერალურ დემოკრატიაზე გადასვლა ტოტალიტარული რეჟიმიდან, მაგრამ შინაარსობრივად ცოტათი განსხვავებული ღირებულებების და განსხვავებული მიდგომების პროცესი მიმდინარეობდა.

პირველ რიგში, საბჭოთა კავშირი დაანგრია იმან, რომ საბჭოთა ტოტალიტარული დახურული ინფორმაციული პოლიტიკა და სივრცე ვერ უძლებდა ინფორმაციულ რევოლუციას. ინფორმაციული რევოლუცია, და პლუს გლობალიზაცია, გულისხმობს ინფორმაციის სწრაფ, შეუზღუდავ და ძალიან ფართო გავრცელებას, ინფორმაციის სიჭარბეს, რომელსაც ვეღარ აკონტროლებ და ვეღარ მართავ, ვეღარ მოაქცევ პროპაგანდის ჩარჩოებში. ქსეროქსის მანქანით დაწყებული, მერე კომპიუტერებით და ტელეფონებით და ტელევიზიით დამთავრებული. ის ახალი სივრცე, რომელიც ახალი იყო როგორც დასავლეთისთვის, თავისი სიჭარბით და სიუხვით, ასევე საბჭოთა კავშირისთვის, ადრე არ არსებობდა. დასავლურმა ლიბერალურმა დემოკრატიებმა თავისი თავისუფალი და მოქნილი სტრუქტურით მოახერხეს ამ ტექნოლოგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური სიახლეების გარკვეული ადაპტაცია. ისინი თვითონაც შეიცვალნენ ამ პროცესის გავლენით და ეს პროცესი კვლავ მიმდინარეობს. ჯერჯერობით არ დასრულებულა. საბჭოთა კავშირმა კი ვერ გაუძლო სიახლეებს და პოლიტიკური სისტემა დაინგრა, რადგან საბჭოთა კავშირს მოუწია დაშვება ყველა იმ თავისუფლების, რაც უკავშირდება ინფორმაციას, პოლიტიკურ უფლებებს და ეკონომიკურ ცვლილებებს, ხოლო ტრიგერი ამისა იყო ინფორმაციული რევოლუცია და არა პოლიტიკური რევოლუცია ან ეკონომიკური კონკურენცია, რომელზედაც მიუთითებენ ხოლმე საბჭოთა კავშირის მკვლევრები.

ეს არის ჩემი ხედვა, მაგრამ ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ის სიტყვის თავისუფლება და საჯარო სივრცეები, რომელიც პოსტ-ტოტალიტარულ ეპოქაში შეიქმნა, ლეგიტიმაციას განიცდის ანალოგიური ღირებულებებით, როგორც ადრე, ორი საუკუნის წინ.

საუკუნეების წინ დაწყებული ლიბერალიზმის გავრცელება ჯერ ბრიტანეთში, შემდეგ კი კონტინენტურ ევროპაში, მიმდინარეობდა ასწლეულების განმავლობაში, მაგრამ მისი არსი ყოველთვის იყო ოდნავ განსხვავებული, ვიდრე არის ახლა. ლიბერალური მიდგომა ყოველთვის პოზიტივისტური იყო და გულისხმობდა, რომ არსებობს ჭეშმარიტება, ან არსებობს ღმერთი, ან არსებობს ტრანსცენდენტული რაღაც – ადამიანთა უფლებები და ა.შ. კანტისეული მიდგომით, გონის საჯაროდ გამოყენება შველის საზოგადოებას, რომ განთავისუფლდეს ცრურწმენებისგან და იაროს პროგრესის გზით, დაიბადოს ცოდნა და ჭეშმარიტება. დღევანდელი სიტყვის თავისუფლება კი, როგორც ის არის მოცემული პოსტ-მოდერნისტულ ეპოქაში, არ ცნობს იმას თუ რა არის უფრო სწორი და რა არის ნაკლებად სწორი, არამედ ყველა ხედვას და ყველა იდენტობას ათანასწორებს – ყველას აქვს კომუნიკაციის უფლება, თავისუფლად გამოხატვის უფლება. ანუ ნეგატიური უფლებები ნაცვლდება პოზიტიური უფლებების ცნებით, და პოსტ-მოდერნული სიტყვის თავისუფლების ლეგიტიმაცია ხდება არა იმითი, რომ ამ სიტყვის თავისუფლებაში დაიბადება ერთი  ჭეშმარიტი აზრი, არამედ იმითი, რომ ყველას აქვს უფლება თავისი ხედვა, თავისი იდენტობა, თავისი სივრცე შექმნას საკომუნიკაციოდ. ასე იქნება პოსტ-მოდერნული სიჭრელე, და არა ერთი სწორი, ჭეშმარიტი აზრი.

ამ ვითარებაში, საქართველო გარკვეული და, ჩემთვის ცხადი მიზეზების გამო, აღმოჩნდა ერთ-ერთი თავისუფალი საზოგადოება პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან. ანუ ჩვენი საჯარო სივრცე, 90-იანი წლებიდან დაწყებული, ყოველთვის იყო შედარებით თავისუფალი. ეს არის ჩვენი თავისებურება, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ გარკვეული ბრძოლები იდენტობებთან და ამ პოსტ-მოდერნულ ღირებულებებთან დაკავშირებით უფრო მძაფრად და ცხადად ჩანს, ვიდრე სხვაგან. ზოგიერთი პოსტ-საბჭოთა ქვეყანა, მაგალითად რუსეთი, წავიდა უფრო ავტორიტარული გზით, როდესაც საჯარო სივრცე ადვილად გახდა ხელისუფლების მიერ მანიპულირების და ჩაკეტვის ადგილი, და ეს პლურალიზმი იქ ჩაკვდა საკმაოდ სწრაფად. ჩვენთან არსებული სიტყვის თავისუფლების მაღალი დონე  უზრუნველყოფს იმას, რომ წინააღმდეგობები და პროცესები უფრო ექსპლიციტურია, უფრო ნათელია და უფრო კონფლიქტური.12202286_1054623157894061_1567615685_n

პოსტ-სტალინისტური ტრანსფორმაცია იწყება ხრუშჩოვის პერიოდში და გარკვეულ პოლიტიკურ განსახიერებას ჰპოვებს მაშინ, როცა ხრუშჩოვი ამბობს, რომ არსებული თაობა იცხოვრებს კომუნიზმში. ანუ თუკი მანამდე კომუნიზმი იყო შორეული იდეალი, რომელსაც უნდა შეეწიროს არსებული თაობები იმისთვის, რომ მომავალმა თაობებმა უკეთესი ცხოვრებით იცხოვრონ, რაც განაპირობებდა იმას, რომ ადამიანი იყო აგური და ელემენტი გარკვეული ნათელი მომავლის შენებაში, მისი სიცოცხლე დიდ ფასს არ წარმოადგენდა. ამ განცხადების შემდეგ, ადამიანი ხდება როგორც საშუალება, ასევე მიზანი. ანუ, თუკი არსებული თაობა მომავალში უნდა ცხოვრობდეს კომუნიზმში, მისი ცხოვრების დონეზე ზრუნვა წარმოადგენს იმავდროულად კომუნიზმის შენების ნაწილს. შესაბამისად, ლეგიტიმური ხდება არა მარტო ის, რომ მომავლისთვის ჩაყარო ფუნდამენტი, და ამას არსებული მოსახლეობა შესწირო, არამედ ისიც, რომ არსებული მოსახლეობის ცხოვრების დონე თანდათან მიუახლოვო საშუალო ფენის ადამიანის ცხოვრების დონეს. ადამიანს უჩნდება ლეგიტიმური პრეტენზია მიმართოს ხელისუფლებას, რომ მას რაღაცა სჭირდება. ჩნდება მასობრივი საცხოვრებლები, იწყება ,,ხრუშჩოვკების“ მშენებლობა, ჩნდება საკვების და რესურსებით უზრუნველყოფის პოლიტიკები და ა.შ. მოკლედ, საბჭოთა კავშირში ჩნდება ჰუმანისტური ელემენტი, რომელიც ყველაზე მეტად აკლია ხოლმე ტოტალიტარულ რეჟიმებს. ტოტალიტარულ რეჟიმები არის ხოლმე არა ანტილიბერალური, არამედ, პირველ რიგში, ანტიჰუმანისტური. ჰუმანიზმი არ არის ლიბერალიზმი, ეს არის რაღაცა სხვა.

საქართველოში ეს ელემენტი განსაკუთრებით მძაფრად ჩანს, ვინაიდან ჰუმანიზმი არის ქართული საზოგადოების ცხოვრების ერთ-ერთი ფუძემდებლური ღირებულება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჰუმანიზმი და ლიბერალიზმი დასავლეთში შეიძლება იყოს ერთი და იმავე ფილოსოფიის ნაწილი, მაგრამ ჩვენთან ხშირად საპირისპიროა. ჰუმანისტური ცხოვრების სამყარო საქართველოში გაძლიერდა და გამყარდა პოსტ-ტოტალიტარულ პერიოდში და გასაჯაროვდა ,,პერესტროიკის“ შემდეგ.

რაც შეეხება პოსტ-ლიბერალურ ტრანსფორმაციას, ეს პოსტ-ლიბერალური ტრანსფორმაცია ეხება დასავლეთს და ის გარკვეულწილად გულისხმობს პოზიტივიზმისგან რელატივიზმზე გადასვლას, ანუ მრავლობითობის, პლურალიზმის ფორმის დამკვიდრებას. თუკი ადრე პლურალიზმი დაიშვებოდა მხოლოდ გარკვეული ჭეშმარიტების მიღწევის კონცეფციის ჩარჩოებში, პოსტ-ლიბერალური ეპოქა ამ ჭეშმარიტების და ერთიანი მორალის, თუ კანონის, თუ სახელმწიფოს ცნებას ლეგიტიმაციას უკარგავს, და მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მოდერნისტული პროექტის ღირებულებებს. ეს ეპოქა უკვე ქმნის თავის ორიენტირებს, თავის ლოგიკას.

ზაალ ანდრონიკაშვილი – პუბლიცისტი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბერლინის კულტურისა და ლიტერატურის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი

ჩემი “თეორია” ამასთან დაკავშირებით ასეთია – საქართველომ გამოიარა ტოტალიტარული გამოცდილება, რომლის მემკვიდრეობაც ძალიან მოკლედ შეგვიძლია აღვწეროთ ასე: ფრაგმენტარიზირებული და ატომიზირებული მოსახლეობა, რომელიც ვერ ყალიბდება საზოგადოებად; მოთხოვნილება სამყაროს ახსნაზე, რომელიც ამ სამყაროს განმარტავდა მთლიანად (ტოტალურად); საზოგადოების კომუნიკატიურ სტრუქტურაში გადასული ძალადობა, (ანუ ძალადობა, ფიზიკური იქნება ეს ძალადობა თუ არა), რომელიც ადამიანების ერთმანეთთან და ინსტიტუტების ადამიანებთან ურთიერთობაში არის გადასული.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ 1956 წლიდან პოსტ-ტოტალიტარულ მდგომარეობაში ვცხოვრობთ, რომლიდანაც ვერ გამოვდივართ სწორედ იმიტომ, რომ არ გვაქვს გააზრებული რა არის აქედან გამოსვლის ცენტრალური პრობლემა და რომ ჩვენ, ფაქტობრივად, საზოგადოების ტრანსფორმაციის კი არა, მისი თავიდან დაფუძნების აუცილებლობის წინაშე ვდგევართ.

შესაბამისად, ასეთი ძირეული თავიდან დაფუძნების გარეშე ტრანსფორმაცია მიმდინარეობს  მტკივნეულად, სწორედ იმიტომ, რომ მიუხედავად რეფორმების მცდელობისა გაუთავებლად ხდება ტოტალიტარული სტრუქტურის რეპროდუქცია სხვადსხვა დონეზე და არ არის პოლიტიკური (და საზოგადოებრივი) ნება ამ სტრუქტურების ბოლომდე დანგრევისა.

რაც შეეხება ეკლესიას, ეკლესია აღმოჩნდა ერთადერთი ინსტიტუტი, რომელმაც შეძლო შეეთავაზებინა ადამიანებისათვის სამყაროს ტოტალური ახსნა (რომელზეც მოთხოვნილება ტოტალიტარიზმმა გააჩინა). შესაბამისად, ამ პრობლემის გადაწყვეტა უნდა განვიხილოთ წინასთან პირდაპირ კავშირში.

“ტიპური” ტოტალიტარიზმი იყო სტალინიზმი, ხოლო სტალინის შემდეგ იყო სხვადასხვა ფორმის პოსტ-ტოტალიტარიზმები, ჯერ საბჭოთა და მერე მეტ-ნაკლებად ეროვნულად შეფერილი.

პრობლემა ისაა, რომ პოსტ-ტოტალიტარული მდგომარეობა რეპროდუცირებადია ყველა დონეზე: როგორც მმართველობის, ისე საზოგადოების. ჩემი აზრით, მიდრეკილება ავტორიტარული მმართველობისაკენ ისეთივე გამოხატულებაა ამ პრობლემის, როგორც, მაგალითად, სრული განუკითხაობა სუსტი მმართველობის დროს – ეს ერთი და იგივე ფენომენია და ასევე, ამ ფენომენის ნაწილია ეკლესია, რომელმაც ახლა შეითვისა ის ავტორიტარული როლი, რომელსაც აღარ ასრულებს მთავრობა. შესაბამისად, პრობლემა მმართველობის ფორმებში კი არაა, მმართველობის ფორმებია “პოსტ-ტოტალიტარული პრობლემის” გამოხატულება. ეს პრობლემა გადაუჭრელი რჩება და მისი გადაჭრის გზები, მართალი გითხრათ, ძნელი წარმოსადგენია. განათლება არის მნიშვნელოვანი ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, ოღონდ მე ამას ცოტა სხვა კუთხით შევხედავდი.12200660_1054623174560726_1140334404_n

ლაპარაკია არა საუნივერსიტეტო განათლებაზე, სადაც ადამიანი პრინციპში იღებს რაღაც ინფორმაციას, ერუდიციას, რაც არ ნიშნავს ავტომატურად განათლებას. ლაპარაკია უფრო იმაზე, რასაც ძველი მარქსისტული ტერმინოლოგიით შეგვიძლია “თვითშეგნების ამაღლება” დავარქვათ – საკუთარი ინტერესების გამოვლენა და მისი არტიკულირების სწავლა. ანუ იმის განსაზღვრა, რა ტიპის ინფორმაცია გვჭირდება, იმისთვის, რომ უკეთესები გავხდეთ. ამ ამოცანას უნივერსიტეტი ყოველთვის ვერ წყვეტს და ხანდახან ამის საპირისპიროდაც იქცევა.

მე ვფიქრობ, რომ სამოქალაქო საზოგადოება ჩვენთან ფაქტობრივრად არარსებული და თავიდან შესაქმნელია “ქვემოდან”.

შოთა პაპავა – სლავისტი, აშშ-ის ბერკლის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ილიას უნივერსიტეტის ლექტორი

საბჭოთა იდეოლოგიის გავლენა [აქ] ალბათ ის არის, რომ საბჭოთა სივრცეში მკაფიოდ დემარკირებული იყო ის საკრალური სივრცე, რომელზეც საჯაროდ კრიტიკული მსჯელობა აკრძალული იყო. არ ვსაუბრობ შეურაცხყოფაზე, არამედ თვით ანეკდოტის დონის კრიტიკაც კი შეუძლებელი იყო. დღევანდელი ქართული რეალობისთვის, ჯერ კიდევ კარგად არის ცნობილი ზუსტად ეს იდია, რომ არსებობს შეუხებელი თემები, საკრალური დისკუსიის ობიქტები, და ის, თუ რა შეიძლება ითქვას ამ ობიექტებზე თუ თემებზე, მკაცრად არის გაკონტროლებული. არა საზოგადოებრივი წნევის მეშვეობით, არამედ სწორედ კანონმდებლობით. ამაშია, მე მგონი, საბჭოთა მემკვიდრეობის ყველაზე დიდი კვალი. და ის ცვლილება, თუ რა ითვლება დღეს საკრალურად, სრულიად უმნიშვნელოა. სიტყვის თავისუფლების აღკვეთის პრინციპი იგივენაირად მუშაობს.

თუ ისევ ამ საბჭოთა ტენდენციისგან ემანსიპაციის პერსპექტივებზე ვილაპარაკებთ, მე საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი. კი არსებობს დღეს მცირე სივრცეები, სადაც სიტყვის თავისუფლება ცოცხალი, პრაქტიკებადი პრინციპია, მაგრამ ის პოზიცია, რომელიც ცდილობს რომ იყოს საკრარულობის ერთადერთი განმსაზღვრელი, სწორედ იმისთვის, რომ შემდეგ გააკონტროლოს სხვათა გამოხატვის პარამეტრები, და გადაწყვიტოს რა არის და რა არ არის პროფანული, სულ უფრო და უფრო ძლიერდება. ამ პოზიციების მქონე ხალხს და ორგანიზაციებს აწყობთ საკრალურის, შეუხებლის კონცეპტის ისე გაფართოება, რომ მასში მოჰყვეს თითქმის ყველა საზოგადოებრივი ინსტიტუციის საქმიანობა. ისინი ამით, დავის თავის სასარგებლოდ აფირმაციას ახდენენ. და ის, რომ პროფანაცია ასევე რელიგიური აქტია, არავის აინტერესებს. თუმცა, მაგალითად, იყო თუ არა ლია უკლებას ნახატი პროფანაცია, ცალკე საკითხია. ანუ ის, რომ ლია უკლებას სურათს ღრმად ქრისტიანული საწყისი და ხასიათი აქვს (როგორც მაგალითად Pussy Riot-ის სკანდალურ გამოსვლას, რომელსაც ‘ლოცვის’ ფორმა ჰქონდა), მაინც ვერ აღიქმება ფართოდ. ამ აქტებს პროფანაცია შეიძლება დაერქვას სწორედ იმ ბრმა პერსპექტივიდან, რომელიც ვერ ხედავს მათ არა დესტრუქციული, არამედ რეფორმატორულ, ღრმად ქრისტიანულ სულისკვეთებას. ემანსიპაციის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, ვისურვებდი, რომ ჩვენთან გამრვლებულიყოს ხელოვნების ‘კარგი მკითხველები,’ ადეკვატური, კონტექსტიდან გამომდინარე ინტერპრეტაციის შემძლე, და რომ გამყარებულიყო ქართველ მორწმუნეთა რწმენა, რადგან, ჩემი აზრით, ირონიულად, ამდენი აღშფოთება, მუდმივ შეურაცხყოფის რეჟიმში არსებობა, და არც თუ ისე ფარულად ძალადობაზე აპელირება, რწმენის სისუსტის მაჩვენებელია. როდესაც რწმენა მყარია, მას ვერ შეურაცხყოფ სურათით, თუნდაც განზრახული რომ ჰქონდეს ეს  ხელოვანს, რასაც ლია უკლებაზე, ყოველ შემთხვევაში, ვერ ვიტყვით.

აქ საინტერესო ის არის, რომ ამ ორ, ვითომდა გამიჯნულ ბანაკს, ლეგიტიმაციის წყარო ერთი აქვთ: დასავლური საზოგადოება. გავიხსენოთ, რომ საპატრიარქოს განცხადებაშიც კი, უკლებას სურათზე რეაგირებას რომ მოითხოვდა, აპელირება იყო დასავლურ ფასეულობებზე, რადგან ვითომდა დასავლურ სივრცეშიც აღკვეთილია ‘რელიგიური გრძნობების’ შეურაცხყოფა კანონმდებლობით. არის თუ არა ეს დასავლური კანონმდებლობის მცდარი ხედვა, ცალკე საკითხია. მთავარია ისაა, რომ ქართული რელიგიური ინტიტუტები სულაც არა არიან ‘ბნელი’ ან ‘პრემოდერნულები’. მათ ესმით, რომ თავიანთი ‘რადიკალიზმი’ შესაძლოა მოექცეს დასავლური მოდერნულობის პარამეტრებში. და ევროპა, სამწუხაროდ, დღეს მართლა აძლევს საბაბს ასეთ იდეას. თუნდაც ახალი კონსერვატული ტალღის მოსვლით ევროპულ პოლიტიკაში, და თუნდაც სიტყვის თავისუფლების მართლაც რომ უფრო შეზღუდული სისტემით, ამერიკისგან განსხვავებით, ყოველ შემთხვევაში.

12204509_1054623177894059_228009074_nცივი ომის და საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, საჯარო და კერძო სივრცეში შემოჭრილმა იდეოლოგიამ კი არ მოიკლო, პირიქით, მოიმატა. ამ თემაზე ყველაზე საინტერესო მოაზროვნეს, სლოვენიელ ფილოსოფოსს სლავოი ჟიჟეკს რომ მივყვეთ, ვნახავთ, რომ იდეოლოგია დღეს ყველგან არის, ჩვენს ფილმებში, საძინებლებში, ეკლესიებში, პარკებში. ჩვენ ვცხოვრობთ იდეოლოგიის ხანაში და ეს კაპიტალიზმის მიერ არის განსაზღვრული. თუ ადრე ჩვენ გვქონდა სისტემა, სადაც ერთ იდეოლოგიას შეეძლო საჯარო სივრცის მონოპოლიზირება, მსოფლიო სისტემა, სადაც მხოლოდ ორი დომინანტური იდეოლოგია უპირისპირდებოდა ერთმანეთს, დღეს ჩვენ გვაქვს იდეოლოგიების პროლიფერაცია, ჩვენი ცხოვრების სრული პენეტრაცია, რაც არა გარკვეული იდეოლოგიის გამარჯვებას, არამედ თავად იდეოლოგიის აბსოლუტურ ბატონობას მიუთითებს. ჩვენი საქმე არა მარტო პოზიციების დაკავებაა მრავალი იდელოგიების შეტაკების ბაზარზე, არამედ აუცილებელია თვალები გავახილოთ და დავინახოთ რეალობა იდეოლოგიის ალყის მიღმა.

გაგრძელება იქნება …