EMC-ის შეფასებები ადამიანის უფლებების დაცვის 2016-17 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის პირველად ვერსიაზე

EMC_logo

(დოკუმენტის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ EMC comments on Action Plan )

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)” საქართველოს მთავრობას წარუდგინა წერილობითი მოსაზრებები სამოქმედო გეგმის განახლებულ ვერსიასთან დაკავშირებით. EMC-ის შეფასებები მოიცავს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებს: პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რელიგიის თავისუფლება, საცხოვრისის უფლება, შრომითი უფლებები, ეკომიგრანტთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები.

განახლებული სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია არ შეიცავს ისეთ თავებს, როგორიცაა სისხლის სამართლის მართლმსაჯულება და სასამართლო, ასევე ლგბტ საკითხები. შესაბამისად, EMC გეგმავს დამატებითი კომენტარების წარდგენას მთავრობისთვის მოგვიანებით, როდესაც აღნიშნული თავები გახდება ხელმისაწვდომი.

EMC ასევე გეგმავს, დამოუკიდებლად შეაფასოს სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და 2014-15 წლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესი.

1.პროკურატურა

პროკურატურის სისტემასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის ტექსტი არ იძლევა შესაძლებლობას, ნათლად გამოიკვეთოს მთავრობის პრიორიტეტები პროკურატურის სისტემის შემდგომი რეფორმის მიმართულებით. გეგმაში პირდაპირ და ნათლად არ არის საუბარი პროკურატურის დამოუკიდებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გაზრდაზე, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, ეფექტური და კვალიფიციური პროკურატურის შექმნაზე, ღია და ანგარიშვალდებული პროკურატურის სისტემის დამკვიდრებაზე. ამდენად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნების და აქტივობების დიდი ნაწილი ვიწროდ არის ფორმულირებული და არ ემთხვევა სისტემაში არსებული რეალური გამოწვევების მოცულობას.

2. სამართალდამცავი ორგანოები

სამოქმედო გეგმაში საუბარი არ არის სამართალდამცავი ორგანოების შემდგომ ინსტიტუციურ რეფორმაზე. სამოქმედო გეგმის ტექსტის ანალიზი ქმნის განცდას, რომ მთავრობა ამ მიმართულებით დამატებითი რეფორმების საჭიროებას ვერ ხედავს. ბუნდოვნად და ვიწროდ არის ფორმულირებული მიზნები, ამოცანების და საქმიანობების უდიდესი ნაწილი კი ტექნიკური ხასიათისაა. წინა სამოქმედო გეგმის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, გეგმა არ საუბრობს მთელი რიგი სისტემური პრობლემებისა და გამოწვევების საპასუხოდ გასატარებელ ნაბიჯებზე. ასეთი გამოწვევებია: პოლიტიზირების რისკები, დაკავების დროს ძალის გადამეტების შემთხვევები, მოწმის დაკითხვის უნარები, პოლიციელთა სენსიტიურობის ნაკლებობა ცალკეულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაუსჯელობის პრობლემა და სხვა.

სამწუხაროა, რომ გეგმა საჩივრების განმხილველი დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმის შექმნის ნაცვლად, საუბრობს მხოლოდ მექანიზმის შესახებ კონცეფციის შემუშავებაზე, რაც არსებითად უკან გადადგმული ნაბიჯია, წინა სამოქმედო გეგმასთან შედარებით.

სამწუხაროდ, სამოქმედო გეგმის ტექსტი საერთოდ არ მოიცავს უსაფრთხოების სამსახურის საკითხებს და მიმართულებით სამომავალოდ გასატარებელ რეფორმებს.

3. ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა

სამოქმედო გეგმა არ შეიცავს ვალდებულებებსა და შესაბამის თავს, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში სპეციალური ანტიდისკრიმაციული პოლიტიკის გატარებას ეთმობა. ამ კუთხით სპეციალური ვალდებულებების გათვალისწინება მნიშვნელოვანია, მოქმედი ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების ეფექტურობისა უზრუნველყოფისა და საჯარო სამსახურში დისკრიმინაციის პრევენციისა და თანასწორობის წახალისების მიზნით.

4. რელიგიური უმცირესობების დაცვა

რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარიზმის დაცვის მიზნით, სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული ვალდებულებები ზოგადია, სათანადოდ არ პასუხობს რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებს და ვერ უზრუნველყოფს მათ ეფექტურ გადაწყვეტას. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების ზოგადი და ბუნდოვანი ხასიათი, რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით პოლიტიკის თვითნებური წარმართვის რისკებს შეიცავს. მათ შორის, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს რევიზიას ისე, რომ არ არის წარმოდგენილი მსგავსი ცვლილებების ძირითადი შინაარსი და  მათი გატარების საჭიროების დასაბუთება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ, ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკა რელიგიის თავისუფლებისთვის ზიანის მომტან ტენდენციებს შეიცავს, წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა კი, კიდევ უფრო აძლიერებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ძალაუფლებას და მას რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ძირითად და ექსკლუზიურ უწყებად აქცევს. ამ პირობებში, რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ზოგადი გადასინჯვის უფლებამოსილების მინიჭება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთვის საფრთხის შემცველია.

ასევე, სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის მიმდინარე სერიოზულ შემთხვევებში დარღვევის  აღმოფხვრის, რელიგიური ორგანიზაციების არასეკულაური და დისკრიმინაციული დაფინანსების პრაქტიკის გადახედვისა და გაუმჯობესების, რელიგიური ორგანიზაციების დაქვემდებარებაში არსებული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზებისა და ბავშვთა უფლებების დაცვისათვის, ეფექტური, სეკულარული მონიტორინგის მექანიზმების შექმნას.

5. საცხოვრისის უფლება

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრავს სათანადო საცხოვრებლის უფლებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებას, წარმოდგენილი დოკუმენტიც იმეორებს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის პრობლემას, რომელმაც მის მიღმა დატოვა საცხოვრისის უფლების საკითხი. უსახლკარობის, როგორც პრობლემის არაღიარებისა და იგნორირების პირობებში, არ არსებობს უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა, საკანონმდებლო ჩარჩო, შესაბამისი ფინანსური რესურსის მობილიზაციისა თუ ინსტიტუციური სისტემის შექმნის ხედვა, რაც შესაძლებელს გახდიდა პრობლემის სრულად იდენტიფიცირებას და უზრუნველყოფდა სახელმწიფოს თანმიმდევრული და გააზრებული პოლიტიკის აღსრულებას. შესაბამისად, მივიჩნევთ რომ უფლება საცხოვრისზე უნდა გახდეს მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტი, რაც ამ საკითხის სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებაშიც უნდა გამოიხატოს.

6. შრომითი უფლებები

გეგმის წარმოდგენილი ვერსია გვთავაზობს გარკვეულ ამოცანებსა და საქმიანობებს, რომლებიც შრომითი უფლებების რეალიზების კუთხით არსებულ მთავარ პრობლემებს ეხმიანება. თუმცა, გეგმაში მოცემული ამოცანები და საქმიანობები იმდენად ბუნდოვანია, რომ შეუძლებელი ხდება დოკუმენტის რეალური შინაარსის წარმოდგენა. ხოლო, ცალკეულ შემთხვევაში, ამოცანისა და საქმიანობის შინაარსი არ პასუხობს არსებულ საჭიროებებს. ამასთან, ცალკეულ შემთხვევაში, დოკუმენტი არ აჩვენებს მთავრობის სათანადო ხედვას კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმების, მათ შორის, შრომითი ინსპექტირების მექანიზმის გაუმჯობესებაზე და არ განსაზღვრავს მთავრობის ადეკვატურ პასუხისმგებლობას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და ახალი აქტების რატიფიცირებაზე.

7. ეკომიგრანტთა უფლებები

2016-17 წლების სამოქმედო გეგმაში მოცემული თავი ეკომიგრანტთა უფლებების შესახებ, ძირითადად იმეორებს 2014-15 წლების სამოქმედო გეგმას, რაც ადასტურებს მოქმედ დოკუმენტში ეკომიგრანტთა უფლებების თავის შეუსრულებლობას.

ეკომიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე მთავრობის მიერ შემოთავაზებული ხედვა უკიდურესად სუსტია და არ შეესაბამება ამ ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობის დაცვის არსებულ საჭიროებებს. კერძოდ, გეგმა არ აჩვენებს მთავრობის სათანადო მზაობას გასწიოს ძალისხმევა და უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი ბაზის ფორმირება, ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა/გაძლიერება და ეკომიგრანტთა ინტეგრაციისა და სოციალური დაცვის კომპონენტის საკანონმდებლო და პრაქტიკული გარანტირება.

8. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თავი, ძირითად შემთხვევაში, ასევე იმეორებს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის ძირითად საქმიანობებს, რაც მოქმედი გეგმის არაეფექტურ შესრულებას აჩვენებს. 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა გვთავაზობს სახელმწიფოს მხრიდან, შემდგომი წლების მანძილზე, განსახორციელებელი საქმიანობების ფართო სპექტრს, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, გეგმაში მოცემული ზოგადი ფორმულირებები არ ხდის ნათელს მთავრობის მიერ საანგარიშო პერიოდში გასაწევი საქმიანობის მოცულობას. ამასთან, არ ასახავს ცალკეულ მნიშვნელოვან მიმართულებებს. მათ შორის, სამოქმედო გეგმა არ შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის,  სკოლამდელი და უმაღლესი განათლების, სოციალური დაცვისა და სხვა საკითხებს.