საპატრიარქოს უნივერსიტეტისგან საჯარო ინფორმაციის მისაღებად EMC-იმ სასამართლოს მიმართა

first_67damushavebuli“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)” თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას,  ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის” წინააღმდეგ, საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალების თხოვნით,  სარჩელით მიმართა.

”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი” წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ, კერძო სამართლის სუბიექტს. უნივერსიტეტს 2014-2015 წლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სასულიერო განათლების  გრანტის ხელშეწყობის ფარგლებში, გადაეცა 4 000 100 ლარის საბიუჯეტო სახსრები. მითითებული თანხის გარდა, უნივერსიტეტს, 2015 წელს, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, სწავლებისა და კვლევითი ხარისხის დაფინანსების მიზნით, გადაეცა 1 მილიონი ლარი.

EMC დაინტერესდა თუ რა ღონისძიებებში დახარჯა უნივერსიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაცემული სახსრები. შესაბამისად, EMC-იმ 2015 წლის 8 სექტემბერს, საჯარო ინფორმაციის გაცემის თხოვნით მიმართა უნივერსიტეტს და მოითხოვა შემდეგი ინფორმაციის გაცემა:

  1. რა პროგრამები, ღონისძიებები  განხორციელდა უნივერსიტეტის მხრიდან 2014 და 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით. შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, გამოყოფილი თანხების გახარჯვისა და მათი მიზნობრიობის შესახებ, 2014 და 2015 წლებისთვის ცალ-ცაკლე.
  2. 2014 წლის 1 იანვრიდან დღემდე, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელდა თუ არა უნივერსიტეტისთვის დამატებითი საბიუჯეტო თანხების გამოყოფა. დადებითი პასუხის შემთხვევაში,  თანხის გადაცემის შესახებ შესაბამისი აქტების ასლი და ინფორმაცია მითითებული თანხის  გახარჯვისა და მათი მიზნობრიობის შესახებ;
  3. ინფორმაცია უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე  ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე, რელიგიურ გაერთიანებებს ათავისუფლებს საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან. მაგრამ, მითითებულ შემთხვევაში, აღნიშნული რეგულაცია არ ვრცელდება სხვა სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმის მქონე რელიგიურ ორგანიზაციებზე ან რელიგიური ორგანიზაციების მიერ   დაფუძნებულ  სუბიექტებზე. შესაბამისად, თუ ისინი წარმოადგენენ საჯარო დაწესებულებას მათ, როგორც სხვა ორგანოებს, ეკისრებათ ვალდებულება, გასცენ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.

ამ შემთხვევაში, ვინაიდან უნივერსიტეტი ფინანსდება სახელმწიფოს ბიუჯეტის სახსრებით, იგი წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას და რადგან EMC-ის განცხადება მითითებული დაფინანსების ხარჯვას ეხებოდა, მას ჰქონდა ვალდებულება კანონით დადგენილ ვადაში გაეცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.  მიუხედავად მითითებული ვალდებულებისა, უნივერსიტეტს არ გაუცია საჯარო ინფორმაცია ან დასაბუთებული უარი ინფორმაციის გაცემაზე.

EMC მიიჩნევს, რომ  აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის გამჭვირვალობა. გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ნებისმიერ ორგანოს, დაფუძნებულია თუ არა იგი სახელმწიფოს მიერ, ეკისრება თანაბარი ვალდებულება, უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. განსაკუთრებით კი, იმ პირობებში, როდესაც საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს რელიგიური ორგანიზაციების მიერ დაფუძნებული სუბიექტების საბიუჯეტო სახსრებიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, EMC ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი”-გან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიღებას თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელით შეეცდება.