იძულებითი დუმილი სასამართლოს ღირსების დაცვის სახელით

kukava

ქეთი კუკავა – EMC-ის იურისტი

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული სასამართლო დავა საზოგადოებაში ფართო განხილვის საგანია. ბოლო დროს ხშირად ისმის საჯარო კრიტიკა, როგორც სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, აგრეთვე, კონკრეტული მოსამართლის მიმართ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოუწოდა სახელისუფლებო თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო სექტორს, ინტერესთა ჯგუფებს, ასევე მედიას, გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისაგან, რომლებიც ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტსა და პრესტიჟს და იწვევს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის დაკარგვას.

დემოკრატიული სახელმწიფოში, რომლის არსებობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას სახელმწიფო ორგანოების ანგარიშვალდებულება წარმოადგენს, მიუღებელია საზოგადოებრივი ინტერესის საგანთან, მათ შორის სასამართლოს საქმიანობასთან  დაკავშირებით ღია განხილვების შეზღუდვა.[1] ამას ადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკაც, რომლის მიხედვით, მართლმსაჯულების სისტემასთან, როგორც საჯარო ინტერესის საგანთან დაკავშირებული ინფორმაციისა და იდეების გავრცელება გამოხატვის თავისუფლებით არის დაცული.[2] გარდა ამისა, ევროპულ სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სხვა საჯარო ინსტიტუტების მსგავსად, სასამართლოებიც ექვემდებარებიან კრიტიკას და არ სარგებლობენ იმუნიტეტით.[3]

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ იდეებისა და ინფორმაციის შინაარსი, არამედ გამოხატვის ფორმაც.[4] შესაბამისად, აგრესიული და გამაღიზიანებელი ფორმით საჯარო კრიტიკა შეესაბამება დაცული ქმედების სტანდარტს და არ ეწინააღმდეგება სასამართლოს ავტორიტეტისა და პრესტიჟის დაცვის ინტერესს. სასამართლოს ავტორიტეტი ევროპული სასამართლოს მიერ  განმარტებულია, როგორც იდეა, რომლის მიხედვით, სასამართლო წარმოადგენს და საზოგადოების მხრიდან აღიარებულია, როგორც სამართლებრივი დავების განხილვის, ხოლო სისხლის სამართლებრივ კონტექსტში პირის დანაშაულის ან უდანაშაულობის განმსაზღვრელი სათანადო ორგანო. [5] ევროპული სასამართლო ასევე არ უარყოფს ფაქტს, რომ აუცილებელია სასამართლოების, როგორც მართლსაჯულების გარანტისა და სამართლებრივი სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ღირებულების მიმართ არსებობდეს საზოგადოების ნდობა. [6] მეორე მხრივ, ევროპული სტანდარტის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტური ღირებულებაა და მის გარეშე წარმოუდგენელია საზოგადობის განვითარება და ინდივიდის თვითრეალიზება. ალბათ ასეთივე წარმოუდგენელი იქნებოდა მართლმსაჯულების სისტემაში ყოველგვარი გაუმჯობესება წლების განმავლობაში საჯარო კრიტიკის, მათ შორის, მწვავე და ხისტი ფორმებით კრიტიკის გარეშე.

გასათვალისწინებელია, რომ შეინიშნება ორ მნიშვნელოვან ღირებულებას შორის – სასამართლოს ავტორიტეტის დაცვასა და სასამართლო კრიტიკას შორის – ბალანსის მიღწევის პროცესში ამ უკანასკნელისათვის უპირატესობის მინიჭების ტენდენცია. ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლოს ავტორიტეტთან წინააღმდეგობაში მოდის და შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის მხოლოდ ისეთი უკიდურესი შემთხვევები, როგორიც არის: 1) იმგვარი გამოხატვა, რომლის ერთადერთ მიზანს სასამართლოს ან სასამართლოს წევრების შეურაცხყოფა წარმოადგენს;[7] 2. არსებითად დაუსაბუთებელი შეტევა მოსამართლეების მიმართ.[8] ეს უკანასკნელი გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც სასამართლოს მიმართ ბრალდებები არის უკიდურესად ფართო და არ ეფუძნება საკმარის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ლახავს სასამართლოს რეპუტაციას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას.[9]

აქედან გამომდინარე, მართლმსაჯულების სიტემაში მიმდინარე პროცესების კრიტიკა და შეფასებითი მსჯელობა, თუნდაც აგრესიული ან/და არასტანდარტული ფორმებით, რომელიც არსებითად დაუსაბუთებელ ფაქტობრივ გარემოებებს არ ეფუძნება და რომლის ერთადერთ მიზანს მოსამართლის ან სასამართლოს შეურაცხყოფა არ წარმოადგენს, დემოკრატიულ სახელმწიფოში გამოხატვის თავისუფლებით არის დაცული. შესაბამისად, სასამართლოს პრესტიჟისა და ავტორიტეტის დაცვის სახელით, არ შეიძლება შეიზღუდოს მართლმსაჯულების სისტემის საჯარო კრიტიკა, რომელსაც კონკრეტული და მნიშვნელოვანი ღირებულება, შინაარსი და დატვირთვა გააჩნია. გამოხატვის ფორმების მიღმა მნიშვნელოვანია სწორედ ის ღირებულება, რომელიც გამოხატვას გააჩნია.

აშშ-ში სასამართლოს მიმართ მკაცრი კრიტიკა ყოველთვის წარმოადგენდა დამკვიდრებულ სტანდარტს  და დაცული იყო გამოხატვის თავისუფლებით.[10] როგორც ერთ-ერთ საქმეში აღინიშნა, სასამართლოს ღირსების დაცვის სახელით იძულებითმა დუმილმა სასამართლოს მიმართ პატივისცემის უზრუნველყოფის ნაცვლად, შესაძლოა საპირისპირო შედეგი გამოიღოს და ეჭვი და უპატივცემულობა გამოიწვიოს.[11]

გარდა ამისა, ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, სასამართლოს დამოუკიდებლობის უმთავრესი ბენეფიციარები არიან არა თავად მოსამართლეები, არამედ სასამართლო პროცესის მხარეები, რომელთაც სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი აქვთ. ამდენად, დამოუკიდებლობა არა სასამართლოს პრივილეგია, არამედ მის მიმართ არსებული მოლოდინი და მისივე ვალდებულებაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს საჯარო კრიტიკა სასამართლო დამოუკიდებლობისათვის არათუ საფრთხეს არ წარმოადგენს, არამედ მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში. ამგვარი კრიტიკა ერთგვარი მოწოდებაა მოსამართლეების მიმართ, რათა დარჩნენ თავიანთი პროფესიის ერთგული და თავიდან აიცილონ მიკერძოება და საზოგადოებრივი აზრის გავლენა საქმის განხილვის დროს.[12] შესაბამისად, ხელისუფლების სხვა შტოების მსგავსად, სასამართლო ორგანოები თავად იღებენ  სარგებელს აზრის ჯანსაღი მიმოცვლის შედეგად. [13]

სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც, პირველ რიგში, სწორედ სასამართლო უნდა წარმოადგენდეს გამოხატვის თავისუფლების დაცვის უმთავრეს გარანტს, არ შეიძლება ის მოწოდებული იყოს შეზღუდოს მართლმსაჯულების სისტემის კრიტიკა, მნიშვნელოვანი მოვლენების საჯარო განხილვა და შეფასება, საზოგადოებრივი ინტერესის საგანთან დაკავშირებული ღია მსჯელობა. ამგვარი შეზღუდვა საფრთხეს უქმნის თავისუფალი საზოგადოების არსებობას და იწვევს სასამართლოს თვითიზოლაციას.

————————————————————————————–

[1] Michael K. Addo (1998), Are Judges Beyond Criticism under Article 10 of the European Convention on Human Rights? International and Comparative Law Quarterly, 47, pp. 425-438

[2] Kobenter and Standard Verlags Gmbh v. Austria (2007)

[3] Skalka v. Polland (2003)

[4] Kobenter and Standard Verlags Gmbh v. Austria (2007); De Haas and Gijsels v. Belgium (1997).

[5] Skalka v. Polland (2003)

[6] Skalka v. Polland (2003); Kobenter and Standard Verlags Gmbh v. Austria (2007).

[7] Skalka v. Polland (2003).

[8] Prager and Oberschlick v. Austria (2005); Kobenter and Standard Verlags Gmbh v. Austria (2007); Skalka v. Polland (2003).

[9] Prager and Oberschlick v. Austria (2005).

[10] Bridges v. California; Pennekamp v. State of Florida; Garrison v. State of Lousiana.

[11] Bridges v. California.

[12] VieT D. Dinh (2007), Threats to Judicial Independence, Real and Imagined. The Georgetown Law Journal, 929-944.

[13] Michael K. Addo (1998), Are Judges Beyond Criticism under Article 10 of the European Convention on Human Rights? International and Comparative Law Quarterly, 47, pp. 425-438.