მაქს აბრამსი – რა სურთ ტერორისტებს სინამდვილეში

„რა სურთ ტერორისტებს სინამდვილეში: ტერორისტების მოტივები და კონტრტერორისტული სტრატეგია“

ავტორი: თამთა გელაშვილი

Max-E-IR-700x394მაქს აბრამსი პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორია, რომელიც ამჟამად ნორსისტერნის  უნივერსიტეტში მოღვაწეობს. 2008 წელს, ჟურნალ „საერთაშორისო უსაფრთხოებაში“ (International Security) გამოქვეყნდა მისი ნაშრომი „რა სურთ ტერორისტებს სინამდვილეში: ტერორისტების მოტივები და კონტრტერორისტული სტრატეგია“, რომელშიც ავტორი ტერორიზმის შესწავლის ძირითად მეთოდებს აკრიტიკებს. მოცემულ სტატიაში აბრამსის მსჯელობა და დასკვნები მისი 2008 წლის ნაშრომის მიხედვითაა შეჯამებული.

 

სტატიაში „რა სურთ ტერორისტებს სინამდვილეში: ტერორისტების მოტივები და კონტრტერორისტული სტრატეგია“ მაქს ამბრამსი ტერორიზმის შესწავლის ძირითად მეთოდს, ე.წ. სტრატეგიულ მოდელს აკრიტიკებს. სტრატეგიული მოდელის მიხედვით, ტერორისტების მიზანი მაქსიმალური პოლიტიკური სარგებლის მოპოვებაა; ტერორიზმს იყენებენ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი პოლიტიკური სარგებელი, მოსალოდნელი ხარჯების გამოკლებით, პროტესტის ალტერნატიული ფორმების მოსალოდნელ სარგებელს აღემატება.

შესაბამისად, ამ მოდელის მიხედვით, ტერორიზმთან ბრძოლის ყველაზე გავრცელებული მეთოდი მისი პოლიტიკური სარგებლიანობის შემცირებაა. ტერორიზმის პოლიტიკური სარგებელი შეიძლება შემცირდეს ხისტი პოლიტიკით, რომელიც მთლიანად გამორიცხავს დათმობაზე წასვლას, ე.წ. შერიგების პოლიტიკით,  ან  დემოკრატიის განვითარებით, რაც მშვიდობიანი პროტესტის საშუალებას იძლევა.

აბრამსი სწორედ ამ მეთოდების ეფექტურობას აყენებს ეჭვქვეშ: „შესაძლებელია ტერორიზმის პრობლემა მისი პოლიტიკური სარგებლიანობის შემცირებით მოგვარდეს? ამ შეკითხვის პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ვალიდურია სტრატეგიული მოდელი, ანუ მართლაც არიან თუ არა ტერორისტები რაციონალური ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო პირებს თავს პოლიტიკური სარგებელის მოპოვების მიზნით ესხმიან.“

აბრამსი წერს, რომ ხშირი გამოყენების მიუხედავად, სტრატეგიული მოდელის ემპირიული ვალიდურობა ამ დრომდე არ შემოწმებულა. მისი სტატიის მიზანიც სწორედ მოდელის ემპირიული ტესტირებაა.

სტრატეგიული მოდელი სამ ძირითად ვარაუდს ეფუძნება:

  1. ტერორისტებს სტაბილური და თანმიმდევრული პოლიტიკური მოსაზრებები აქვთ;
  2. ტერორისტები ყველა შესაძლო ალტერნატივის მოსალოდნელ პოლიტიკურ შედეგებს აფასებენ;
  3. ტერორიზმი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი მოსალოდნელი პოლიტიკური სარგებელი ალტერნატიული მოქმედებების მოსალოდნელ სარგებელს აღემატება.

აბრამსი ეჭვქვეშ აყენებს მოსაზრებას, რომ ტერორისტების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ამ თანმიმდევრობით ვითარდება: „ტერორისტული მოქმედებების ისტორია ზემოთ მოცემულ სამ ვარაუდს არ შეესაბამება. ტერორისტული ორგანიზაციებისათვის დამახასიათებელი შვიდი ძირითადი ტენდენცია მათ მკვეთრად ეწინააღმდეგება.”

აბრამსის განმარტებით, სტრატეგიული მოდელის მთავარ არგუმენტს, რომ ტერორისტები რაციონალური აქტორები არიან, რომლებიც საკუთარი ორგანიზაციის ოფიციალური პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იბრძვიან, 7 „ემპირიული გამოცანა“ აყენებს ეჭვქვეშ. ამ შვიდ ტენდენციას აბრამსი შემდეგნაირად ხსნის:

  1. ტერორისტული ორგანიზაციები სამოქალაქო პირებზე თავდასხმის გზით, საკუთარ ოფიციალურ პოლიტიკურ მიზნებს ვერ აღწევენ.

როგორც აბრამსი წერს: „მოდელის ერთ-ერთი უდიდესი გამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტერორიზმი თავისთავად გამანადგურებელი და საშიშია, სამოქალაქო პირებზე თავდასხმით ორგანიზაციების პოლიტიკური მოთხოვნები თითქმის არასდროს სრულდება… რადგან ტერორისტებმა ვერ შეძლეს, საკუთარი ქმედების შედეგები კონკრეტულ პოლიტიკურ სარგებლად გარდაექმნათ, შეიძლება ითქვას, რომ ტერორიზმმა ამ მხრივ ფუნდამენტური მარცხი განიცადა.“

მართლაც, ოცდარვა ცნობილი ტერორისტული კამპანიის ანალიზი აჩვენებს, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციებმა სამოქალაქო პირებზე თავდასხმის შედეგად, საკუთარი ოფიციალური პოლიტიკური მიზნების 0%-ს მიაღწიეს. უფრო მეტიც, ტერორისტული ორგანიზაციები თავდასხმების შედეგად, საკუთარ ზოგად პოლიტიკურ ბრძოლასაც ვერ უწყობენ ხელს; ძალადობის პოლიტიკური შედეგი თითქმის ყოველთვის უარყოფითია. ეგვიპტეში, ინდონეზიაში, ისრაელში, იორდანიაში, ფილიპინებსა და რუსეთში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ძალადობრივი ქმედებების შემდეგ, კონკრეტული დაჯგუფებების მიმართ საზოგადოებრივი აზრი მკვეთრად უარყოფითად იცვლება. შესაბამისად, სტრატეგიული მოდელის ის ვარაუდი, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწევრიანება მათი პოლიტიკური მიზნების მიღწევის მოტივაციითაა განპირობებული, არასწორია. რადგან ტერორიზმი საკუთარ მიზნებს ვერ აღწევს, მისი პოლიტიკური არაეფექტურობა მის რაციონალურობას ეჭვქვეშ აყენებს.

  1. ტერორისტული ორგანიზაციები ტერორიზმს უკანასკნელ ზომად არ მიიჩნევენ და არაძალადობრივ პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნის შესაძლებლობას იშვიათად იყენებენ.

სტრატეგიული მოდელი გულისხმობს, რომ ჯგუფების მიერ ტერორისტული აქტების განხორციელება პოლიტიკური ალტერნატივების არარსებობითაა განაპირობებული. თუმცა, „სინამდვილეში, ტერორისტული ჯგუფები ტერორიზმს უკანასკნელ ზომად არ მიჩნევენ და შეიარაღებულ ბრძოლაზე უარის თქმისა და არაძალადობრივ პოლიტიკურ პარტიებად გარდაქმნის შესაძლებლობას იშვიათად თუ იყენებენ“.

აბრამსი წერს, რომ ტერორისტული ჯგუფები პოლიტიკური ალტერნატივების ნაკლებობას არასდროს განიცდიან; ათეულობით ტერორისტული ორგანიზაცია ტერორიზმს საპროტესტო ციკლის დასაწყისშივე მიმართავს. შესაბამისად, მათი საქმიანობის ანალიზი ეჭვქვეშ აყენებს სტრატეგიული მოდელის ვარაუდს იმის შესახებ, რომ ტერორიზმი უკანასკნელი ზომაა.

  1. ტერორისტული ორგანიზაციები, როგორც წესი, უარს ამბობენ შემოთავაზებულ კომპრომისულ წინადადებებზე, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვან დათმობებს მოიცავს.

როგორც აბრამსი ხსნის, ტერორისტული ორგანიზაციები ხშირად გამორიცხავენ კომპრომისზე წასვლის შესაძლებლობას. სტრატეგიული მოდელის მიხედვით, კომპრომისზე უარი რაციონალური გადაწყვეტილებაა, რადგან ტერორისტებს ექსტრემალური მიზნები აქვთ, რაც ქვეყნებთან ორივე მხარისათვის მომგებიანი კომპრომისის მოძებნას თავისთავად გამორიცხავს. აბრამსის განმარტებით, ეს არგუმენტი ემპირიულად და თეორიულად სუსტია.

პირველ რიგში, ტერორიზმს არა მიზნების, არამედ საშუალებების ექსტრემალურობა ახასიათებს: „ბევრ ტერორისტულ ორგანიზაციას გამაოცებლად ზომიერი პოლიტიკური პოზიცია უკავია“. მაგალითად, მე-19 საუკუნის შუა წლებში, რუსეთში მოქმედი ტერორისტული ჯგუფები „ბომბიანი ლიბერალების“ სახელით იყვნენ ცნობილნი, რადგან მათ მიზანს ელემენტარულ სამოქალაქო თავისუფლებებზე დაფუძნებული კონსტიტუციის შექმნა წარმოადგენდა. „ალ-აქსას წამებულთა ბრიგადის“ ოფიციალური მიზანი დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში პალესტინური სახელმწიფოს შექმნაა – ამ მიზანს საერთაშორისო საზოგადოების უმეტესი ნაწილი იზიარებს. მიუხედავად ასეთი ზომიერი მიზნებისა, ტერორისტები იშვიათად თუ მონაწილეობენ პოლიტიკურ მოლაპარაკებებში, მაშინაც კი, თუ ამ გზით საკუთარი პოლიტიკური მიზნების უმრავლესობას მიაღწევენ.

გარდა ამისა, სტრატეგიული მოდელის მიხედვით, ექსტრემალური მოთხოვნების შემთხვევაშიც კი,  ტერორისტები, როგორც რაციონალური მოთამაშეები, პოლიტიკური ჩიხის ნაცვლად, კომპრომისულ გამოსავალს უნდა ირჩევდნენ. თუმცა ასე იშვიათად ხდება. მაგალითად, „ჰამასი“ მშვიდობის სანაცვლოდ, პალესტინის ტერიტორიების მიღებაზე უარს ამბობს და საკუთარი ოფიციალური მიზნების მიღწევას ფაქტობრივად გამორიცხავს. მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული მოდელის მიხედვით, ტერორისტები ჩიხის თავიდან არიდებისათვის თუნდაც ნაწილობრივ კომპრომისებს უნდა თანხმდებოდნენ, ამ რაციონალურ გადაწყვეტილებას ორგანიზაციები იშვიათად იღებენ. შესაბამისად, ის ვარაუდი, რომ ტერორისტული ორგანიზაციები ყველა შესაძლო ალტერნატივას აფასებენ და ტერორიზმს მხოლოდ მისი ეფექტურობის გამო მიმართავენ, არასწორია.

  1. ტერორისტულ ორგანიზაციებს არასტაბილური პოლიტიკური პლატფორმები აქვთ.

სტრატეგიული მოდელი ეფუძნება ვარაუდს, რომ ტერორისტების მოტივაციას სტაბილური, თანმიმდევრული მიზნები განაპირობებს. თუმცა, როგორც აბრამსი აღნიშნავს, ტერორისტულ ორგანიზაციებს ხშირად არასტაბილური პოლიტიკური პლატფორმები აქვთ. მაგალითად, „ალ ყაიდა“, რომელიც თავდაპირველად ავღანეთში საბჭოთა ძალების წინააღმდეგ თავდაცვის მიზნით იბრძოდა, მოგვიანებით ბოსნიაში, ფილიპინებში, რუსეთში, ესპანეთსა და მუსლიმურ ქვეყნებში ადგილობრივ ბრძოლებში ჩართო, რის შემდეგაც, 1990-იანი წლების დასაწყისში, სამიზნედ „შორეული მტერი“ აირჩია. ალ-ყაიდას პოლიტიკური პლატფორმის ხშირ ცვალებადობაზე მისი წევრებიც მიუთითებდნენ. აბრამსი განიხილავს რამდენიმე ტერორისტული ორგანიზაციის მაგალითს, რომელთა პოლიტიკური პლატფორმებიც ასეთივე ცვალებადი და, ხშირ შემთხვევაში, ურთიერთგამომრიცხავია. ამ მაგალითების ანალიზით ცხადი ხდება, რომ ვარაუდი ტერორისტების სტაბილური და თანმიმდევრული მიზნების შესახებ ნაკლებად დამაჯერებელია.

  1. ტერორისტული ორგანიზაცები ხშირად ახორციელებენ ანონიმურ შეტევებს, რაც სამიზნე ქვეყნების მიერ პოლიტიკურ დათმობებზე წასვლას გამორიცხავს.

სტრატეგიული მოდელის მიხედვით, ტერორიზმის მიზანი ხელისუფლებისაგან პოლიტიკური დათმობის მოპოვებაა. თუმცა, როგორც აბრამსი წერს, ხშირ შემთხვევაში, ტერორისტები პოლიტიკურ მოთხოვნებს არ ავრცელებენ და არც კონკრეტულ თავდასხმებზე იღებენ პასუხისმგებლობას: „თანამედროვე ტერორიზმის გავრცელების შემდეგ, 1968 წლიდან, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განხორციელებული ტერაქტების 64% ანონიმურმა პირებმა ჩაიდინეს. შესაბამისად, მიუხედავად  იმისა, რომ სტრატეგიული მოდელის მიხედვით, ტერორიზმი ეფექტური იძულებითი ინსტრუმენტია, ტერორისტები ხშირად არც აცხადებენ საკუთარ პოლიტიკურ მოსაზრებებს, რაც პირდაპირ გამორიცხავს წარმატებული იძულების შესაძლებლობას.

  1. ერთმანეთის მსგავსი პოლიტიკური პლატფორმების მქონე ტერორისტული ორგანიზაციები რეგულარულად ესხმიან თავს ერთმანეთს, უფრო მეტადაც კი, ვიდრე საერთოდ აღიარებულ მტერს.

აბრამსი ალჟირში, იემენში, არგენტინაში, ღაზას სექტორში, ჩეჩნეთში და ერაყში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციების მაგალითებს განიხილავს. ის ფაქტი, რომ ტერორისტული ორგანიზაციები საკუთარ ოფიციალურ, პოლიტიკურ დღის წესრიგს ხშირად ხელს უშლიან და თავდასხმებს მსგავსი მიზნების მქონე ორგანიზაციებზე ახორციელებენ, სტრატეგიული მოდელის ლოგიკას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

  1. ტერორისტული ორგანიზაციები არ იშლებიან მაშინაც კი, როდესაც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევაში რეგულარულად მარცხდებიან, ან როდესაც მათი უკმაყოფილების ოფიციალური პოლიტიკური მიზეზები აღარ არსებობს.

აბრამსი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, სრულდება თუ არა მათი მოთხოვნები, ტერორისტული ორგანიზაციები ათეულობით წლის მანძილზე არსებობენ. ისინი არსებობენ მაშინაც, თუ მათი მოქმედება უიმედოა და არანაირი პოლიტიკური შედეგი არ მოაქვს და მაშინაც, თუ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია. როგორც აბრამსი წერს, „1998 წელს, როდესაც საბჭოთა ძალებმა ავღანეთიდან გასვლა დაგეგმეს, მუჯაჰედებმა დაჯგუფების შენარჩუნების მიზნით, ახალი პოლიტიკური მიზნების მოძიება დაიწყეს“.

შესაბამისად, აბრამსი განმარტავს, რომ ტერორისტული ორგანიზაციებისათვის დამახასიათებელი 7 ნიშანი სტრატეგიულ მოდელს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მისი თქმით, საფუძვლიანია მოსაზრება, რომ ადამიანები ტერორისტულ ორგანიზაციებს უერთდებიან არა მათი ოფიციალური პოლიტიკური მიზნების მხარდაჭერის მიზნით, არამედ იმისათვის, რომ სხვა ტერორისტ წევრებთან მჭიდრო ემოციური კონტაქტი დაამყარონ: „არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანები ტერორისტულ ორგანიზაციებს არა პოლიტიკური სარგებელის, არამედ სოციალური სოლიდარობის გამო უერთდებიან.“

აბრამსი ე.წ. „ბუნებრივი სისტემების მოდელით“ ხელმძღვანელობს. ამ მოდელის მიხედვით, ხშირ შემთხვევაში, ორგანიზაციის ოფიციალური მიზნები და მისი წევრი პირების ინდივიდუალური სოციალური მიზნები ერთმანეთისაგან განსხვავებულია. ასეთ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზაციის წევრები მის სოციალურ სარგებლიანობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ორგანიზაცია არსებობას აგრძელებს მაშინაც კი, თუ მისი ოფიციალური მიზნების მიღწევა გამორიცხულია.

აბრამსი განმარტავს: „ტერორისტული ორგანიზაციები, ძირითადად, ადამიანების კონკრეტულ ფსიქოტიპს, კერძოდ, სოციალურად გარიყულ ადამიანებს იზიდავენ“. გარიყულობა ღირებული ურთიერთობებიდან გამორიცხულობისა და მარტოობის შეგრძნებას გულისხმობს. მართლაც, დემოგრაფიული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ტერორისტული ორგანიზაციების წევრები უმეტესად დაუოჯახებელი ახალგაზრდა კაცები და დაქვრივებული ქალები არიან, რომლებიც ორგანიზაციაში გაწევრიანებამდე უმუშევრები იყვნენ. კვლევებით ჩანს, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა სამშობლოდან მოშორებით ცხოვრობს დაოჯახის, მეგობრებისა და მასპინძელი ქვეყნის საზოგადოებისაგან იზოლირებულია. გარდა ამისა, როგორც სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების (მაგ. „ეტა,“„ირა,“„იტალიის კომუნისტური პარტია,“„წითელი ბრიგადა“ და ა.შ.) წევრების გამოკითხვებიდან ჩანს, ჯგუფებში გაერთიანებას სხვა ტერორისტებთან სოციალური ურთიერთობის სურვილი უფრო განაპირობებს, ვიდრე ჯგუფის იდეოლოგია. გარდა ამისა, როგორც „ალ-ყაიდას,“„ჰამასის,“„ჰეზბოლას,“„ეტას,“„ირას,“ იტალიური და გერმანული მემარჯვენე ჯგუფებისა და მარქსისტული ტერორისტული დაჯგუფებების შესახებ არსებული კვლევები ადასტურებს, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების წინაპირობა მასში ნათესავის ან მეგობრის წევრობაა.  მეტიც, ჩამოთვლილი და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების კვლევა ასევე აჩვენებს, რომ წევრების შეხედულებით, შეიარაღებულ დაპირისპირებებში მონაწილეობა სხვა ტერორისტებთან მათ კავშირებს ამყარებს და საზოგადოებისაგან გარიყულობის შეგრძნებას ამცირებს.

აბრამსი ასევე წერს, რომ ბევრ ტერორისტს საკუთარი ორგანიზაციის პოლიტიკური მიზნების შესახებ მცირე წარმოდგენა აქვს,რასაც „ირას“, „ალ-ყაიდას“, „იაპონიის წითელი არმიის“, „კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების“ და ა.შ. კვლევები ადასტურებს. ამას გარდა, ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორც წესი, კადრების შესარჩევად აქცენტს არა კონკრეტული პოლიტიკური მიზნისათვის მებრძოლ ადამიანებზე, არამედ სოციალურად იზოლირებული ფენების წარმომადგენლებზე აკეთებენ. კვლევები აჩვენებს, რომ „ჰეზბოლა“, „ალ-ყაიდა“, ჩეჩნური და პალესტინური დაჯგუფებები, მარქსისტული ტერორისტული ჯგუფები და ა.შ. ახალგაზრდა და დაუსაქმებელ ადამიანებს ირჩევენ: „ადამიანებს, რომლებმაც საზოგადოებაში ადგილი ვერ იპოვეს“ და ახალგაზრდებს, რომლებმაც „პირად ცხოვრებაში მარცხი განიცადეს და პოლიტიკური მიმართულება აკლიათ“. ტერორისტული ორგანიზაციები განსაკუთრებით მიმზიდველია იმ მათთვის, ვინც სოციალურ სოლიდარობას ეძებს: „პოლიტიკური ფსიქოლოგების თქმით, განსაკუთრებული საფრთხეებისა და ხარჯების გამო,  ტერორისტული ჯგუფები, სხვა ნებაყოფლობით გაერთიანებებთან შედარებით, ბევრად მჭიდროდ შეკრულნი არიან…შესაძლოა, ამით აიხსნას ის ფაქტი, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ტერორისტული ორგანიზაციები საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს ვერ აღწევენ, ტერაქტების ჩადენით ისინი ახალი წევრების შეძენას, საბრძოლო სულისკვეთების შენარჩუნებასა და, ზოგადად, ჯგუფში არსებული სოციალური ურთიერთობების გამყარებას მაინც ახერხებენ.“ და ბოლოს, როგორც აბრამსი წერს, ტერორისტული ორგანიზაციები იშლებიან მაშინ, როდესაც სასურველ სოციალურ გაერთიანებებად აღარ აღიქმებიან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტერორისტული ორგანიზაციები ახალ წევრებს არა პოლიტიკური, არამედ სოციალური მიზეზების გამო იზიდავენ.

აბრამსი წერს, რომ  სანდო დემოგრაფიული მონაცემებისა და წარმომადგენლობითი კვლევების ნაკლებობის გამო, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მტკიცება რთულია. თუმცა, მრავალი ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ანალიზი აჩვენებს, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწევრიანებას, ძირითადად, არა პოლიტიკური მოტივები, არამედ სოციალური სოლიდარობის მოთხოვნილება განაპირობებს. ამ კუთხით, ზემოთ ჩამოთვლილი 7 ტენდენცია უკვე ლოგიკური ჩანს:

„ტერორისტული ორგანიზაციები: 1) ქმნიან სტრატეგიას, რომელიც ხელისუფლებას პოლიტიკურ დათმობებზე წასვლის საშუალებას არ აძლევს და, შედეგად, ახანგრძლივებენ საკუთარ არსებობას; 2) უარს ამბობენ მშვიდობიან დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობაზე, რითაც მუდმივ ხილვადობას ინარჩუნებენ; 3) გააზრებულ უარს ამბობენ პოლიტიკურ დათმობებზე, რითაც ორგანიზაციის დაშლის შესაძლებლობას გამორიცხავენ; 4) აყალიბებენ ისეთ პოლიტიკურ მიზნებს, რომელთა სრულად განხორციელება შეუძლებელია, რის შედეგადაც საკუთარ გადარჩენას უზრუნველყოფენ; 5) ანონიმური თავდასხმების გზით, ორგანიზაციას შესაძლო საპასუხო ანგარიშსწორებისაგან იცავენ; 6) ანადგურებენ იდენტურ ტერორისტულ ორგანიზაციებს, რომლებიც წევრების მიზიდვის კუთხით კონკურენციას უწევენ; 7) არ იშლებიან მაშინაც კი, როდესაც მათი ბრძოლა რამდენიმე ათწლეულის მანძილზე წარუმატებელია…შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ ტერორისტები ოფიციალური პოლიტიკური მიზნების მიღწევის ნაცვლად, უპირატესობას ორგანიზაციის შენარჩუნებას ანიჭებენ.“

თუ ტერორისტების მიზნები არა პოლიტიკურ, არამედ სოციალურ მოტივებს უკავშირდება, აბრამსის აზრით, არსებული კონტრტერორისტული სტრატეგიები ფუნდამენტურად გადასახედია. სამი ყველაზე გავრცელებული სტრატეგია მიზნად ტერორიზმის პოლიტიკური მომგებიანობის შემცირებას ისახავს. ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლება მთლიანად უარს ამბობს დათმობაზე; ზოგჯერ ხელისუფლება შერიგების პოლიტიკას ირჩევს; მესამე ალტერნატივე კი დემოკრატიის მხარდაჭერაა, რაც მიზნად მოქალაქეების გაძლიერებას და მათთვის მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის საშუალების მიცემას ისახავს. თუმცა, როგორც აბრამსი აღნიშნავს, პოლიტიკურ დათმობებზე უარის თქმა, გარკვეულ დათმობებზე წასვლა და არაძალადობრივი პოლიტიკური ალტერნატივების ხელშეწყობა ტერორიზმის აღმოფხვრას იშვიათად თუ უზრუნველყოფს.

ტერორისტების შესაძლო სოციალური მოტივების გააზრება, აბრამსის აზრით, განსხვავებულ სტრატეგიებს წარმოშობს. მისი თქმით, სამართალდამცავმა უწყებებმა ყურადღება არა პოლიტიკურად დაჩაგრულ ადამიანებზე, არამედ სოციალურად მარგინალიზებულ ჯგუფებზე უნდა გაამახვილონ. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად მარგინალიზებული ჯგუფები (მათ შორის, დასავლურ ქვეყნებში არსებული უცხოური დიასპორები, დაუსაქმებელი ახალგაზრდები, ციხეში მყოფი ადამიანები, რომლებიც თავისთავად გარიყულნი არიან და ა.შ.) ბევრ ადამიანს მოიცავს, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ტერორისტული ჯგუფები მეგობრებისა და ოჯახის წევრების ქსელებს აერთიანებს და წევრთან ნაცნობობა გაწევრიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

გარდა ამისა, კონტრტერორიზმის მნიშვნელოვანი სტრატეგია ორგანიზაციის წევრებს შორის განხეთქილების შეტანაა; 1980-იან წლებში იტალიის ხელისუფლებამ ეს სტრატეგია „წითელი ბრიგადების“ რიგებში შესაღწევად და ორგანიზაციაში უნდობლობის შესატანად წარმატებით გამოიყენა.

აბრამსის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების ყველა ფენაში გაუცხოების აღმოფხვრა შეძლოს; ამ მიმართულებით განსაკუთრებით ეფექტურია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლა და რელიგიური ჯგუფებისათვის სალოცავი დაწესებულებების ხელშეწყობა, რაც ახალგაზრდებს სოციალური კავშირების დამყარების საშუალებას მისცემს.

გარდა ამისა, კონტრტერორისტული ოპერაციების დროს, ყურადღება უნდა მიექცეს თანმდევი ზარალის შემცირებას, რადგან ეს უკანასკნელი სოციალურ იზოლაციასა და შურისძიებისკენ მოწოდებებს წარმოშობს.

მსგავსი კონტრტერორისტული სტრატეგიები, აბრამსის თქმით, მიზნად ტერორიზმის სოციალური სარგებლიანობის, როგორც ტერორისტების ძირითადი მამოძრავებელი მოტივის, შემცირებას ისახავს.