თარგმანში დაკარგული აქტივიზმის შესახებ

სოსო ჭაუჭიძე

ბოლო რამდენიმე წელია, ახლადშობილი სოციალური მოძრაობების, სტუდენტური ქსელებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურების თანადროულად, ქართული საჯარო სფეროს მეტ-ნაკლებად ინკლუზიურ, სტრატეგიულ, პოლიტიკურ ველად ფორმირების პროცესს ვადევნებთ თვალყურს. მოვლენათა ამგვარი მსვლელობის პირობებში, ქვემოდან წამოსული ინიციატივების პოლიტიკურ არგუმენტებად თარგმნის საჭიროებამ, სხვადასხვა მარგინალურ ჯგუფთა ხილვადობამ და მათი პოლიტიკური სათქმელის რეპრეზენტაციამ მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა. ამ ფონზე, საჯარო-კერძოს ლიბერალური განაწილება, რომელიც სპეციფიკურ არგუმენტაციულ ეთიკასა და უნივერსალური, მშვიდობიანი კონსენსუსის რწმენას ემყარება, ანგაჟირებული პოლიტიკური თანამონაწილისა და ირონიული, დეპოლიტიზირებული კერძო ინდივიდის ოპოზიციას გვთავაზობს. რასაკვირველია, ამ “გახლეჩილი სუბიექტის” წარმოება, ისევე როგორც არაკონფლიქტური საჯარო სფეროს ლიბერალური რწმენა, გარკვეულ დაძაბულობებს ქმნის – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნორმატიულად წარმოსახული შეთანხმებისა და კომპრომისისკენ მიდრეკილ სადებატო სივრცეში ნერვებით იჭრებიან ანდა სეკულარულ სივრცედ დასახულ საკანონმდებლო სფეროში რელიგიური საყრდენებით გამაგრებული მოთხოვნები აღწევენ. მიუხედავად ამისა, საჯარო სივრცის ამ ლიბერალური მოდელის იდეოლოგიური ეფექტურობა დასტურდება იქაც, სადაც მას თითქოს აშკარად უპირისპირდებიან: საჯარო აქტივობის კოლექტიური ფორმები – პეტიციები, დემონსტრაციები, აქციები, კამპანიები – კერძო ინდივიდთა პოლიტიკური მოსაზრებების მოკლევადიან, მექანიკურ შენადედებად წარმოჩინდებიან. ამ პირობებში, ანუ მაშინ, როდესაც წინააღმდეგობის  ლოკალური კერები – პირდაპირი თუ ირიბი ფორმებით –  დღის წესრიგში ორგანიზების საკითხს აყენებენ, მყისვე ეჩეხებიან რეპრეზენტაციის პრობლემას: ვინ უნდა გააჟღეროს მათი ხმა, ვისაც ხმა წართმეული აქვს? ანდა, ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის, ჟაკ რანსიერის ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ვინ აპელირებს იმ ნაწილის წილზე, რომელსაც წილი არ ერგო? 

თარგმნის პოლიტიკა 

უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ საჯაროდ გაჟღერებული, ქვემოდან წამოსული პოლიტიკური არგუმენტი და მისი ინსტიტუციური “თარგმანი”. მაგალითად, ქმედუნარიანი შრომის ინსპექციის ქვემოდან წამოსული მოთხოვნა ინსტიტუციურ ლექსიკონში “შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამად” ითარგმნა. იგი, თავის მხრივ, შრომის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ლამის ექსკლუზიური ლეგალური მექანიზმია, რომლის “მიზანია, დაეხმაროს დამსაქმებელს, შექმნას უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო”. სხვა სიტყვებით – დასაქმებულთა სამუშაო და უსაფრთხოების პირობების გასაუმჯობესებლად შემუშავებული სამოქალაქო ინიციატივა ინსტიტუციურ “თარგმანში” დახმარებას დამსაქმებელს სთავაზობს. ინიციატივასა და პოლიტიკას (policy) შორის გამოკვეთილი აცდენის უნებლიე დამახინჯებად წარმოდგენით საკანონმდებლო განხილვას ნეიტრალურ პროცედურად ვსახავთ – ერთგვარ ფილტრად, სადაც დაუსაბუთებელი, აფექტური იმპულსები რაციონალურად დასაბუთებულ სამოქმედო გეგმებად იწრთობიან. არადა, ეს ინსტიტუციური ლოგიკით აღჭურვილი, მომთვინიერებლური დამახინჯება სტრუქტურულია და, თავის მხრივ, პოლიტიკური ცვლილების შესაძლებლობა-შეუძლებლობის ლიმიტებს აწესრიგებს. წარმომადგენლობითი (ლიბერალური) დემოკრატიის “შესაძლებელი” იმ პრაგმატულ, რეალისტურ ინიციატივებს უღებს კარს, რომელთაც უკვე არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს დესტაბილიზაციის გარეშე შეუძლიათ ცვლილების წარმოება. ამ ჩარჩოს “შეუძლებლად” შეგვიძლია ის პოლიტიკური მოთხოვნები მოვიაზროთ, რომელთა რეალიზაციაც საკანონმდებლო ხელისუფლების ლეგალურ სადავეებს უსხლტება და მთლიანად პოლიტიკური წესრიგის არაადეკვატურობაზე მიანიშნებს მოთხოვნილ ცვლილებასთან მიმართებით. პირველი მიახლოებით, უხეშად რომ ვთქვათ – რისი უფლებაც გვაქვს –  არსებობს საკანონმდებლო ცვლილების პრაგმატული მოთხოვნა და პოლიტიკური ცვლილების პრინციპული მოთხოვნა. პირველის modus operandi დიალოგია, მეორისა – კონფრონტაცია. თუმცა, ქვემოდან არტიკულირებულ ინიციატივათა შორის გავლებული წყალგამყოფი არც ისე მყარია. ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილი მაგალითი, რომელიც შრომის ინსპექციის მოთხოვნას ეხებოდა, სწორედ ამ წყალგამყოფის სიმყიფეს აჩვენებს: პრაგმატული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კონკრეტული ლეგალური მექანიზმების ამუშავებას მოითხოვდა, სად იყო და სად არა,  “შეუძლებელ” მოთხოვნად იქცა –  უცებ დადგინდა, რომ შრომის ინსპექციის ეფექტური ფუნქციონირების მექანიზმები კერძო ბიზნესის ეფექტური ფუნქციონირების მექანიზმებს უნდა შევუთანხმოთ. სიტუაციის ერთდროული კომიკურობა და სერიოზულობა მოითხოვს, გავიხსენოთ ძველი მარქსისტული თეზისი –  თეზისი იმის შესახებ, რომ პოლიტიკური პროცესების უკან ეკონომიკური ინტერესები დგანან. იმის გაფიქრებაც შეიძლება, რომ კაზრეთის კონფლიქტი, სადაც სახელმწიფომ მიკერძოებული მედიატორის როლი იკისრა, გაცილებით ღრმა დაპირისპირების სიმპტომია. დაპირისპირებისა, რომლის სახელდებაშიც კი გვიძნელდება ხანდახან ერთმანეთს გამოვუტყდეთ. რთულია იმ ტრაგიკული გარემოების გაკვრით შენიშვნაც აიცილო, რომელშიც, მეორე, ამჯერად სლოვენიელი ფილოსოფოსის, სლავოი ჟიჟეკის დაკვირვებით, 50-60 წლის წინ სოციალური უფლებების გაუმჯობესებისკენ მოწოდებული მოკრძალებული, შესაძლებელი რეფორმები დღეს, რაღაც მანქანებით, შეუძლებელ, ზღვარგადასულ რადიკალიზმებად გვევლინებიან. ასე მუშაობს იდეოლოგია.

თუმცა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იდეოლოგია მხოლოდ ინსტიტუციური თარგმნის დონეზე არ ოპერირებს. ასე რომ იყოს, ხელთ გვექნებოდა “ორიგინალი”, რომლის მეშვეობითაც გადაწყვეტილების მიმღებებს ნიღაბს ჩამოვხსნიდით, შეცდომებს გავუსწორებდით, ტყუილში გამოვიჭერდით, ვამხელდით. სამწუხაროდ, ასეთი “ორიგინალი” არ გვაქვს.

როგორც ჩანს, იდეოლოგია მუშაობს იქაც, სადაც მისი გაქრობა რამდენიმე ათწლეულის წინ იწინასწარმეტყველეს. ეს იდეოლოგია დასავლეთში და აგრეთვე პოსტ-კომუნისტურ საზოგადოებებში  – შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო მძაფრი შედეგებით – პოლიტიკური მარქსიზმის დაისსა და “ახალი სოციალური მოძრაობების” გარიჟრაჟზე აღმოცენდა. “დაიკავე უოლ-სტრიტი” ამ პოსტ-იდეოლოგიური ეპოქისთვის (აქ თამამად შეგვიძლია ტერმინი “გვიანი კაპიტალიზმი” ვიხმაროთ) თანადროული და რამდენადმე სიმპტომატური წინააღმდეგობის ფორმის კულმინაცია იყო –  ქსელური, ჰორიზონტალური, ინკლუზიური, მაგრამ აგრეთვე მორალისტური, არაორგანიზებული, ცოტათი თვითკმაყოფილი. აღსანიშნია, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადია, წინააღმდეგობის ეს ფორმა ნაწილობრივ მემარცხენე ელექტორალურმა პოლიტიკამ შეითვისა. ეს პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა, სხვადასხვა სახელით, (ანტი-”ქამრების შემოჭერის” პოლიტიკა, სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს რეაბილიტაციის მცდელობა და სხვ.)  ინსტიტუციური რეფორმების გატარების გზით, სოციალურ სიკეთეებზე საჯარო ხელმისაწვდომობისთვის იბრძვის. საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითი რომ მოვიხმოთ – ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბერნი სანდერსისა და დიდ ბრიტანეთში ჯერემი კორბინის წინასაარჩევნო კამპანიები, პორტუგალიაში ახლადჩატარებული არჩევნები,  აგრეთვე ფინეთის სოციალური დაზღვევის ინსტიტუციის მიერ წამოყენებული ინიციატივა “საყოველთაო ძირითადი შემოსავლის” რეფორმის შესახებ ამას ადასტურებენ. საქართველოში მსგავსი დინამიკა (მეტწილად პოსტ-საბჭოთა მტკივნეული ეკონომიკური ტრანზიციისა და პოლიტიკურ სპექტრში თავისუფალი ბაზრის იდეოლოგიის გამეფების გამო) ჯერ-ჯერობით არ აღინიშნება, თუმცა ლოკალური “ახალი სოციალური მოძრაობები” ნელ-ნელა ძალას იკრებენ. ზოგიერთი მათგანი მალევე დაიშალა, თუმცა პრობლემები, რამაც ისინი გააერთიანა, არსად წასულა. ქვემოთ შევეცდებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღმოცენებული ყოფილი, აწ უკვე დაშლილი თუ მოქმედი, აქტიური ჯგუფების საერთო ლანდშაფტს მოვავლოთ თვალი და ვიკითხოთ: აქვთ თუ არა ამ მოძრაობებს იდეოლოგია?

ერთი შეხედვით, მსგავსი არაფერი მოსჩანს: თითქმის ყველა ჯგუფი (აქ “თვითორგანიზების ქსელი” –  მიუხედავად იმისა, რომ რაღაც აზრით, ეს ჯგუფიც იმავე ტრენდში ეწერება –  გამონაკლისად უნდა მოვიხსენიოთ, რომელშიც, ჯგუფის სახელწოდების საპირისპიროდ, მძლავრი მარქსისტული ნაკადი იკვეთება) ეკლექტურია – აქ არიან ლიბერალები, სოციალ-დემოკრატები, ფემინისტები, სოციალისტები, ანარქისტები, მწვანეები, და სხვები – ისინი, ვინც თავს არც ერთ ჩამოთვლილ პოლიტიკურ მსოფლმხედველობასთან არ აიგივებს. ალბათ, თავად კითხვის ასეთ ფორმულირებას ბევრი მათგანი მცდარად მიიჩნევდა და გვეტყოდა, რომ ასეთი იდეოლოგია აღარც არსებობს და აღარც გვჭირდება. მეტიც, რომ ის ექსკლუზიური და მავნეა, მოძველებული და არაეფექტური.

არადა, ასეთი იდეოლოგია არის! ის უფრო პერფორმატიულია, ვიდრე დოქტრინული. მოდი, ამ იდეოლოგიას პირობითად “აქტივიზმი” ვუწოდოთ.

აქტივიზმის” წინააღმდეგ

უეჭველია, “სოლიდარობა” ქართული პოლიტიკური საჯარო სივრცის სამარკო ნიშნად გადაქცევისათვის უკვე განწირული აღმნიშვნელია. ის უკვე ბრენდია, რომელიც იდეოლოგიურ განსხვავებებს აფერმკრთალებს და წმინდად მორალური მგრძნობელობის საჯარო მარკერად იქცევა. “სოლიდარობა” “აქტივიზმის” მაორგანიზებელი პრინციპია.

აქ სიფრთხილეა საჭირო: მეორე და მესამე ინტერნაციონალის ეპოქის მარქსისტებისთვის, ფემინისტებისა და ანარქისტებისთვის სიტყვა აქტივიზმი ჯერ კიდევ უცხო იყო. იმ მნიშვნელობით, რომლითაც აქ ვიყენებთ, “აქტივიზმი” სოციალური წინააღმდეგობის იმ ტალღათა მიქცევისას იბადება, რომლებიც ძირითადად სოციალისტური და კომუნისტური პარტიების მიერ იყო ორგანიზებული. ჯერ კიდევ ლენინი, ლუკაჩი და სხვები საუბრობდნენ თეორიისა და პრაქსისის ერთიანობაზე, კლასობრივ ცნობიერებაზე, დისციპლინასა და ორგანიზაციაზე, ფორმისა და შინაარსის დიალექტიკურ ურთიერთმიმართებაზე და კლასიკური მარქსიზმის სხვა, აწ უკვე ვადაგასულ თემებზე.

ჩვენი ჰიპოთეზის თანახმად, “აქტივიზმის” ასეთი თავბრუდამხვევი წარმატება (რომელიც, როგორც “დაიკავე უოლ-სტრიტის” ანალიზისას ესპანელმა სოციოლოგმა, მანუელ კასტელსმა აღნიშნა, შედეგებში კი არა, პროცესში ეწერება) ამ “დიდი საკითხების” გარშემო პარტიულ თუ “ორგანულ” ინტელექტუალთა დებატების მინელებასა და 68 წლის პარიზის მოვლენების (“სტრუქტურები ქუჩებში არ დადიან!”) შემდგომ აღზევებულ სპეციფიკურ ანტი-ინტელექტუალიზმს უკავშირდება.

აქ შეიძლება ლუკაჩის გახსენება, რომელიც შორეულ 1920-იანებში, კაპიტალიზმის ფორდისტულ ეპოქაში, წარმოების სფეროს რაციონალიზაციის, საზოგადოებრივი ცხოვრების დაშლა-დაქუცმაცებისა და გასაგნების პროცესის საზოგადოებრივ კომპლექსსა და მუშის “მთლიან პიროვნულობაზე” გავრცელების შესახებ წერდა. ლუკაჩის მთავარი კონტრიბუცია ინდუსტრიულ კაპიტალიზმში ეკონომიკური წესრიგისა და კლასობრივი ცნობიერების ურთიერთგამმსჭვალავი მიმართების კვლავ აღმოჩენა გახლდათ. თუმცა, მისთვის  კლასობრივი ცნობიერება შეუქცევადი, ობიექტური პროლეტარული წინააღმდეგობის სუბიექტური ლოკომოტივი იყო. წინააღმდეგობისა, რომელსაც კაპიტალისტური წარმოების ირაციონალური ლოგიკა უნდა დაეძლია და პროლეტარიატი “ისტორიის სუბიექტ-ობიექტად” ექცია. ლუკაჩი ცდილობდა, მეორე ინტერნაციონალის ეკონომიზმი – კრიზისისა და შესაბამისად, რევოლუციის “ობიექტური წინაპირობების” ჭვრეტის ეს ვულგარული იდეოლოგია – და ვოლუნტარიზმი – ისტორიის მსვლელობაში ინდივიდთა ჰიპერაქტიული ჩართულობის ბურჟუაზიული ნარატივი – დაეძლია და ეჩვენებინა, რომ რევოლუციური ცვლილება განპირობებულობის მკაცრ ველზე თავისუფალ მოქმედებას მოითხოვს, რომ ის სადღაც “ჯერ ადრეასა” და “უკვე გვიანაას” შორის ფეთქდება.

პოსტ-68 აქტივიზმს ამ ხედვის აღარ სწამს. მისთვის რევოლუცია ყოველდღიურია, ოღონდ იმ პირობით, რომ მისი მასშტაბები ყოველდღიურობაშივე დარჩება. მას არც სოლიდარობის კლასობრივი ლიმიტების სწამს, პირიქით – ღრმად დარწმუნებულია, რომ კლასის ხსენებით ამ რუდუნებით ნაგებ სოლიდარობას საძირკველს ვუთხრით.

1950-იანი წლების დასაწყისში, იტალიის კომუნისტური პარტიის დამფუძნებელი, ამადეო ბორდიგა წერდა: “ აქტივიზმი მუდმივად აცხადებს, რომ პოლიტიკური ბრძოლის სწორ გაგებას ფლობს და რომ იგი “სიტუაციის თანასწორია”, მაგრამ კლასობრივი ბრძოლის სუბიექტური ფაქტორების შესაძლებლობათა გადაჭარბებით ძალთა ურთიერთმიმართების რეალისტურ შეფასებას ვერ ახერხებს”. ბორდიგა ჯერ კიდევ იმ ეპოქის მარქსისტული ნაკადის ნაწილი გახლდათ, რომელსაც პროლეტარული რევოლუციისა და მუშათა კლასის ეპისტემოლოგიური უპირატესობის სწამდა. გარდა ამისა, მუშათა მოძრაობები და პროფკავშირები, წარუმატებლობათა მთელი სერიების მიუხედავად, მაინც მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ.

1960-იანი წლების მიწურულს, თეოდორ ადორნო თავისი დროის აქტივიზმს (თავად ამ სიტყვას ადორნო არ იყენებს. მის ნაცვლად იგი ტერმინ “აქციონიზმს” ხმარობს) გაცილებით უფრო პესიმისტურ დიაგნოზს უსვამს. აქციონიზმი მისთვის “პოზიტიურობის კოლექტიური იძულებაა, რომელიც თავის უშუალო თარგმანს პრაქტიკაში პოულობს”. მისი რეგრესულობა “მისსავე იმპოტენციაზე რეფლექტირების უკუგდებაში” იკვეთება. მაგრამ ეს უკვე აღარ არის აქტივიზმი, რომელიც რევოლუციის ობიექტური გარემოებების ამოცნობას ცდილობს. ეს ობსესიური აქტივიზმია, რომელიც საკუთარი მატერიალური და, თუ გნებავთ, დისკურსული შესაძლებლობის პირობებზე რეფლექსიას აღარ უთმობს დროს. მისი იდეოლოგია ანტი-თვითრეფლექსიური პრაქსისია, რომელიც, “საკუთარ ფეტიშად ქცეული, მისივე მიზნის ბარიერად იქცევა”.

ამ აქტივიზმის შინაარსობრივ ნიუანსებზე მეტად – რაც, თავისთავად მნიშვნელოვანია – ჩვენ მისი სტრატეგიული ფორმა გვაინტერესებს. უფრო ზუსტად, გვაინტერესებს ის დაძაბულობა, რომელიც ფორმასა და შინაარსს შორის იქმნება. ამ დაძაბულობის საილუსტრაციოდ 2011 წლის “ლონდონის აჯანყებებსა” და ქართულ კონტექსტში “გაამაგრე გუდიაშვილის” მაგალითებს მოვიხმობთ.

“ლონდონის აჯანყებების” სტრატეგიული ფორმა ე.წ. ინფრაპოლიტიკა გახლდათ. ეს ტერმინი ახალი სოციალური მოძრაობების პოლიტიკური მოქმედების მექანიზმს აღწერს: ინფრაპოლიტიკა არაორგანიზებული, ჰორიზონტალური, ქსელური “ჯანყია” რომლის მოქმედების ფორმა მისსავე არტიკულირებულ მოთხოვნებს ღალატობს: ლონდონის აჯანყებების კულმინაცია “აგრესიული შოპინგი” გახლდათ, სადაც აქტივისტები მაღაზიებს, სუპერმარკეტებსა თუ შოპინგ-მოლებს ძარცვავდნენ. ზიგმუნტ ბაუმანი სწორად შენიშნავდა, რომ “ისინი პურისა და შიმშილის აჯანყებები არ არიან. ეს დეფექტურ და დისკვალიფიცირებულ მომხმარებელთა აჯანყებებია.” ამავე მოვლენას სლავოი ჟიჟეკიც გამოეხმაურა. ვფიქრობ, მისი კომენტარის ვრცლად ციტირება ღირს:

“ამგვარად, ინტერპრეტაციას მოითხოვს თავად ის ფაქტი, რომ აჯანყებულებს პროგრამა არ აქვთ: ეს ბევრს გვეუბნება ჩვენს იდეოლოგიურ-პოლიტიკურ არასასიამოვნო მდგომარეობასა და საზოგადოებაზე. საზოგადოებაზე, რომელიც არჩევანს განადიდებს, მაგრამ თავსმოხვეული დემოკრატიული კონსენსუსის ერთადერთ შესაძლო ალტერნატივად ბრმა, იმპულსური მოქმედება გვესახება. სისტემასთან დაპირისპირებას აღარ ძალუძს თვითგამოხატვა რეალისტური ალტერნატივის, ან თუნდაც უტოპიური პროექტის ფორმით. მას მხოლოდ უაზრო აფეთქების ფორმა შეუძლია მიიღოს. რაღა აზრი აქვს ჩვენს მიერ ასე განდიდებულ არჩევანის თავისუფლებას, როდესაც ერთადერთს არჩევანს წესების დაცვით თამაშსა და (თვით)დესტრუქციულ ძალადობას შორის ვაკეთებთ?”

აქ უნდა გავუძლოთ ამ შემთხვევის გამონაკლისად წარმოჩენის ნაივურ ცდუნებას და არ უნდა წამოგვცდეს, რომ საქმე უმართავ ქაოსთან გვაქვს, სადაც “რაღაც გაფუჭდა”, რაღაც ისე ვერ წავიდა, როგორც მოველოდით.  ლონდონის მოვლენებმა ღიად აჩვენა ის, რაც სხვაგან უხილავი და დაფარულია: თუკი ორგანიზების ფორმა არსებული წესრიგის ფუნქციონირების ლოგიკაში ეწერება, მისი შინაარსის სუბვერსიულობა ქმედებაში ამ ფორმას ეწირება. ისე მოხდა, რომ აქტივიზმის პერფორმატიულმა იდეოლოგიამ აჯანყებულთა არაცნობიერი სურვილი ამხილა – საზოგადოებრივ სიკეთეებზე (დასაქმება, ჯანმრთელობის დაზღვევა, ხელმისაწვდომი განათლება) წვდომის სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნის კულისებიდან სამომხმარებლო სიკეთეებზე წვდომის არაცნობიერი ლტოლვა იმზირებოდა.

2012 წელს, თბილისში, გუდიაშვილის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების წინააღმდეგ დაიწყო კამპანია, რომელიც “გაამაგრე გუდიაშვილის” სახელით გახდა ცნობილი. ამ საპროტესტო კამპანიამ უამრავ მოქალაქეს მოუყარა თავი. გარკვეული სიხშირით სკვერში მინი-ბაზრობაც იმართებოდა. რას არ ნახავდით აქ: ნახატებს, გლინტვეინს, სტიკერებს, ქუდებს, მაისურებს, ბეჭდებს, ათას სხვა სისაყვარლეს; გოგოებს და ბიჭებს, სხვადასხვანაირად ჩაცმულებს, გამორჩეულებს, უჩვეულოდ ინდივიდუალურებს. “აქტივიზმი” აღმერთებს სიჭრელეს. საპროტესტო კამპანიაში მკვეთრი მემარცხენე პოლიტიკური ხაზის გატარება აქციების რამდენიმე მონაწილემ სცადა – სცადა, სკვერის ტერიტორიის გასხვისება მზარდი ჯენტრიფიკაციის, მსხვილი კაპიტალის კომერციული ლოგიკისა და გაღარიბებული მოსახლეობის გამოუთქმელი წინააღმდეგობის ჭრილში დაენახა. ამაოდ. მოძრაობა მალევე გადაიქცა უწყინარ კარნავალად, შეხვედრის ადგილად, სადაც ერთმანეთს იმედგაცრუებებს ვუზიარებდით. სიმპტომატურია ისიც, რომ მომდევნო წელს “გაამაგრე გუდიაშვილი” ახალი სახელწოდებით – “დაგელოდები გუდიაშვლთან” – მოგვევლინა. ამ მოძრაობის იდეოლოგიური უკუასლი “თბილისი ფლეა მარკეტია”, პოლიტიკური შინაარსისგან დაცლილი, ახალი ფორმალური ექსპერიმენტი, რომელმაც სიჭრელე, განსხვავებულობა და შემთხვევითი შეხვედრები შეითვისა და ამჯერად საჯარო სივრცეში ღია, ჰორიზონტალური, ინკლუზიური, საყოველთაო ბაზრობა მოგვიწყო.

გუდიაშვილის გაკვეთილი ლეგიტიმური სამოქალაქო ინიციატივის “გაფუჭება”, მისი “თარგმანში დაკარგვა” არ არის. ამ მოძრაობამ გვასწავლა, რომ ყოველი “გაამაგრე გუდიაშვილის” მიღმა “ფლეა მარკეტი” იმალება.

რასაკვირველია, ეს აქტივიზმი ყველგანმყოფი არ არის. “თბილისის სოლიდარობის ქსელის” კამპანიამ სერვის-სექტორის სამომხმარებლო ფასადის უკან, შიდა სამზარეულოში შეგვახედა და ჩვეულებრივი ექსპლუატაცია აჩვენა. ექსპლუატაცია, რომლის უგულვებელყოფა სამომხმარებლო სიკეთეებზე წვდომის ჩვენი წვრილბურჟუაზიული არაცნობიერის ფუნქციონირების წინაპირობაა. თუმცა, ის თითქმის  ყველგანაა  – “პანორამა-თბილისის” წინააღმდეგ მიმართულ, ფეისბუქით ორგანიზებულ აქციებში, რომელიც ქალაქის იერსახისა და კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ტენდენციის მიღმა ვერ იყურება (არგუმენტისა, რომელსაც ყველა ნაციონალისტი სიამოვნებით მოაწერდა ხელს), მწვანე აქციებში, რომლის გამაერთიანებელი პრინციპი არსებითად მაინც მორალური დარჩა (“ქალაქში სუნთქვა აღარ შეიძლება”; “რას ვუტოვებთ ჩვენს შვილებს?”; “კეთილსინდისიერი ინვესტორი ამას არ ჩაიდენდა”) კაზრეთსა და ხუდონში, სადაც უძველეს კულტურულ არტეფაქტებსა და თემის ორგანულ იერსახეს ვიცავთ. ყველა ეს შემთხვევა მემარცხენეობის კრიზისზე საუბრობს, კრიზისზე, რომელსაც ჩანასახშივე შევეჩეხეთ. ამ კრიზისის კვლავწარმოების ერთ-ერთი წინაპირობა ზემოთ აღწერილი წინააღმდეგობის ფორმის უპირობო გაშინაგნებაა. იქნებ დროა, ანტი-რეპრეზენტაციულ ჰორიზონტალიზმზე უარი ვთქვათ? იქნებ ხმაწართმეული “სუბალტერნის” რეპრეზენტაციაზე უარის თქმით, იმის კულტივირებით, რომ მისი ამეტყველება გარედან შემოჭრილი ძალადობრივი ჟესტია, მათ ეგზოტიკურ, მიუწვდომელ, დაქსაქსულ ჩაგრულ ერთეულებად ვსახავთ, რომელთაც ორგანიზება ვერც წარმოუდგენიათ და არც სურთ? იქნებ ამ პირობებში – როდესაც ერთმანეთს რეპრეზენტირებულის “ხმის გაყალბებაში” ვდებთ ბრალს, სხვები ნაყოფიერად მუშაობენ და პოლიტიკურ ქულებს იწერენ? ღირს ამაზე დაფიქრება.

ჩვენი დროის “დიდი საკითხი” ორგანიზებული პოლიტიკის დაბრუნების, ინტერნაციონალური სოლიდარობის, ერთი სიტყვით “პროგრამის” შესაძლებლობებსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მსჯელობაა. ლოკალური, რეაქტიული და ინერციული პრაქსისი ამაზე არ ფიქრობს. არადა, შრომის ინსპექციას ოდნავ ფეხმოკიდებული სოციალ-დემოკრატიული პარტია ბოლომდე გაიტანდა.

————————————————————————————————————–პუბლიკაცია მომზადებულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ “სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც National Endowment for Democracy (NED)-ის მხარდაჭერით ხორციელდება

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC-ისა და NED-ის პოზიციას.

  ——————————————————————————————————————–