სლავოი ჟიჟეკი: პარიზზე განხორციელებული თავდასხმების ფონზე, მემარცხენეებმა საკუთარი რადიკალური დასავლური ფესვები უნდა გაიხსენონ

Slavoj  Zizek

თამთა გელაშვილის მიმოხილვა

სლოვენიელი ფილოსოფოსი, სლავოი ჟიჟეკი ლტოლვილებთან დაკავშირებულ კრიზისზე კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საკუთარ მოსაზრებებს დაწვრილებით განმარტავს.

ჟიჟეკი წერს, რომ 2015 წლის მეორე ნახევარში, ევროპის ყურადღებამ „რადიკალური ემანსიპატორული მოძრაობებიდან“ (სირიზა, ‘პოდემოს’) „ჰუმანიტარულ“ საკითხზე (ლტოლვილებზე) გადაინაცვლა: „ტოლერანტობისა და სოლიდარობის ლიბერალურ-კულტურულმა საკითხმა კლასობრივი ბრძოლა ჩაახშო და მისი ადგილი დაიკავა“. 13 ნოემბერს, პარიზში მომხდარმა ტერაქტებმა ეს საკითხიც კი (რომელიც ფართო სოციალურ და ეკონომიკურ თემებს უკავშირდება) მარტივ განსხვავებამდე დაიყვანა, რომლის მიხედვითაც, დემოკრატიული და ტერორისტული ძალები ერთმანეთთან დაუნდობელ ომში არიან ჩაბმულნი.

ჟიჟეკის თქმით, მარტივი წარმოსადგენია, რა მოხდება შემდეგ – „ისლამური სახელმწიფოს“ აგენტების პარანოიდული ძიება, პირველ რიგში, სწორედ ლტოლვილებში დაიწყება:

„პარიზის ტერორისტული თავდასხმების ყველაზე დიდი მსხვერპლი თავად ლტოლვილები გახდებიან, ნამდვილი გამარჯვებულები კი, ბანალური je suis Paris („მე პარიზი ვარ“) მიღმა, ტოტალური ომის მომხრეები იქნებიან, ორივე მხარეს. პარიზის მკვლელობები სინამდვილეში ამ გზით უნდა დავგმოთ: არა მხოლოდ ანტიტერორისტული სოლიდარობის ჩვენებით, არამედ დაჟინებული cui bono  („ვის სასარგებლოდ?“) შეკითხვით. „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების „ღრმა გააზრება“ საჭირო არ არის (იმ კუთხით, რომ „მათი სავალალო აქტები მაინც სასტიკ ევროპულ ინტერვენციაზე რეაქციაა“); ისინი სწორად უნდა დახასიათდნენ, როგორც ევროპელი ანტი-იმიგრანტი რასისტების ისლამურ-ფაშისტური ანალოგები – ეს ერთი და იმავე მონეტის ორი მხარეა.“

ლტოლვილთა კრიზისის შესაჩერებლად ერთადერთ საშუალებად ჟიჟეკი ფართომასშტაბიან კოორდინაციასა და ორგანიზებულობას მიიჩნევს, რაც კრიზისის ეპიცენტრთან ახლოს მდებარე მიმღები ცენტრების (თურქეთს, ლიბანს, ლიბიის სანაპირო ზოლს) მართვას, შესვლის ნებართვის მქონე ლტოლვილების ევროპის სადგურებისკენ ტრანსპორტირებასა და მათ პოტენციურ დასახლებებში გადანაწილებას მოიცავს. ასეთ დიდ ამოცანას, ჟიჟეკის აზრით, მხოლოდ სამხედრო ძალები გაუმკლავდებიან. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ სამხედრო ძალების ჩარევა საგანგებო მდგომარეობის ნიშნებს მოიცავს, უადგილოა, რადგან როდესაც ათიათასობით ადამიანი მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში კოორდინაციის გარეშე გადაადგილდება, საგანგებო მდგომარეობა უკვე სახეზეა.

ლტოლვილთა კრიზისის კონტროლი, ჟიჟეკის აზრით, აუცილებლად მოთხოვს რამდენიმე მემარცხენე ტაბუს დამსხვრევას:

პირველ რიგში, ესაა თავისუფალი გადაადგილების უფლება: ჟიჟეკი განმარტავს, რომ მთავარი გამოწვევა ის შუალედია, რომელიც ლტოლვილების სურვილებსა (რომელთაც, რასაკვირველია, ურჩევნიათ იმ ქვეყნებში წავიდნენ, რომლებშიც მათი ნათესავები იმყოფებიან და ა.შ.) და სხვადასხვა ქვეყნის შესაძლებლობებს შორის უნდა მოიძებნოს.

კიდევ ერთი ტაბუ, რომელსაც, ჟიჟეკის აზრით, ყურადღება უნდა დაეთმოს, ნორმებსა და წესებს ეხება:

„ფაქტია, რომ ლტოლვილების უმრავლესობა იმ კულტურის წარმომადგენელია, რომელიც ადამიანის უფლებების დასავლურ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის. პრობლემის ტოლერანტობით (ერთმანეთის სენსიტიური ასპექტების ორმხრივი პატივისცემა) მოგვარება, ცხადია, არ ამართლებს: ფუნდამენტალისტ მუსლიმებს აუტანლად მიაჩნიათ ჩვენი მკრეხელური გამოსახულებები და თავზეხელაღებული იუმორი, რომელსაც ჩვენ ჩვენი თავისუფლების ნაწილად აღვიქვამთ. ანალოგიურად, დასავლელ ლიბერალებს აუტანლად მიაჩნიათ მუსლიმური კულტურის ბევრი პრაქტიკა. მოკლედ, ფეთქებადია სიტუაცია, რომელშიც რელიგიური თემის წევრები სხვა თემის ცხოვრების წესს მკრეხელურად ან მავნედ მიიჩნევენ, იმის მიუხედავად, წარმოადგენს თუ არა ის პირდაპირ თავდასხმას მათ რელიგიაზე. სწორედ ეს ხდება მაშინ, როდესაც მუსლიმი ექსტრემისტები ნიდერლანდებსა და გერმანიაში გეებსა და ლესბოსელებს ესხმიან თავს და მაშინაც, როდესაც ტრადიციების მიმდევარი ფრანგი მოქალაქეები ბურქათი შემოსილ ქალს საკუთარ ფრანგულ იდენტობაზე თავდასხმად აღიქვამენ და მასთან შეხვედრისას გაჩუმება შეუძლებლად მიაჩნიათ“.

ამგვარი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ჟიჟეკის აზრით, ორი რამაა საჭირო: პირველ რიგში, უნდა შემუშავდეს მინიმალური ნორმები, მათ შორის, რელიგიური თავისუფლება, ჯგუფური წნეხისაგან ინდივიდუალური თავისუფლების დაცვა, ქალების უფლებები და ა.შ., იმ შიშის გარეშე, რომ ამგვარი ნორმები „ევროცენტრისტულად“ გამოჩნდება. შემდეგ კი, ამ შეზღუდვების ფარგლებში, ცხოვრების სხვადასხვა წესისადმი ტოლერანტობა უპირობო უნდა იყოს. თუ ნორმები ვერ იმუშავებს, კანონის ძალა მისი ყველა ფორმით უნდა ამოქმედდეს.

ჟიჟეკის აზრით, ასევე უნდა დაიმსხვრეს ტაბუ, რომელიც ევროპის ემანსიპატორული მემკვიდრეობის ხსენებასაც კი კულტურულ იმპერიალიზმსა და რასიზმთან აიგივებს. მიუხედავად ევროპის (ნაწილობრივი) პასუხისმგებლობისა იმ სიტუაციაზე, რომელსაც ლტოლვილები გაურბიან, გაცვეთილი მემარცხენე ფრაზები ევროცენტრიზმის წინააღმდეგ უკვე დრომოჭმულია.

როგორც ჟიჟეკი წერს, „11 სექტემბრის შემდეგ, მსოფლიომ ისწავლა გაკვეთილი, რომ ფრანსის ფუკუიამას ოცნება გლობალურ ლიბერალურ დემოკრატიაზე დასრულებულია და რომ მსოფლიოში, ეკონომიკის დონეზე, კორპორატიულმა კაპიტალიზმმა იზეიმა… კულტურული მრავალფეროვნების ნიღბის შენარჩუნებას სწორედ გლობალური კაპიტალის რეალური უნივერსალურობა განაპირობებს“.

ვინაიდან მსოფლიო კაპიტალიზმი პრობლემის გარეშე ერგება ადგილობრივი რელიგიების, კულტურებისა თუ ტრადიციების მრავალფეროვნებას, ჟიჟეკის აზრით, გამოდის, რომ ანტი-ევროცენტრისტულობის ირონია სწორედ ესაა: ანტიკოლონიურობის სახელით დასავლეთის კრიტიკა სწორედ იმ ისტორიულ მომენტში ხდება, როდესაც მსოფლიო კაპიტალიზმს შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის დასავლური კულტურული ღირებულებები უკვე აღარ სჭირდება. მოკლედ რომ ითქვას, დასავლური კულტურული ღირებულებების უარყოფა სწორედ მაშინ ხდება, როდესაც ამ ღირებულებებს (ეგალიტარიანიზმი, ფუნდამენტური უფლებები, პრესის თავისუფლება, კეთილდღეობის სახელმწიფო და ა.შ.) ხელახალი, კრიტიკული ინტერპრეტაციის შემთხვევაში შეუძლიათ, კაპიტალისტური გლობალიზაციის წინააღმდეგ მნიშვნელოვან იარაღებად იქცნენ.

ჟიჟეკის აზრით, ასევე გადასაფასებელია მიდგომა, რომლის მიხედვითაც, მემარჯვენე ისლამისტების კრიტიკა „ისლამოფობიის“ მაგალითად აღიქმება: „საკმარისია ბევრი დასავლელი ლიბერალი მემარცხენეს შიში, რომ ისლამოფობია დაბრალდებათ… ასეთი მიდგომის შედეგია ის, რომ რაც უფრო მეტად ეფლობიან დასავლელი ლიბერალი მემარცხენეები საკუთარ დანაშაულში, მით უფრო მეტად ადანაშაულებენ მუსლიმი ფუნდამენტალისტები მათ ორპირობასა და ისლამისადმი სიძულვილის დაფარვის მცდელობაში… რაც უფრო ტოლერანტული ხარ ისლამური ფუნდამენტალიზმის მიმართ, მით უფრო დიდია მისი წნეხი შენზე“.

ამავე ლოგიკით, ჟიჟეკი ამატებს, რომ რაც უფრო გახსნილი იქნება ევროპა ლტოლვილების მიმართ, მით უფრო დამნაშავედ იგრძნობს თავის, რომ კიდევ უფრო მეტი მათგანი არ შეიფარა: „მათი რაოდენობა არასოდეს იქნება საკმარისი. რაც უფრო მეტ ტოლერანტობას გამოვიჩენთ მათ მიმართ, ვინც უკვე აქაა, მით უფრო მეტად დაგვადანაშაულებენ არასაკმარის ტოლერანტობაში“.

ჟიჟეკი გამოსავალს ფართომასშტაბიანი კოლექტიური მოქმედების ახალ ფორმებში ხედავს; მისი თქმით, გამოსავალი არც სტანდარტულ სახელმწიფო ინტერვენციაშია და არც ნაქებ ადგილობრივ თვითორგანიზებაში; „თუ პრობლემა არ მოგვარდა… მივალთ აპარტეიდის ახალ ერამდე, რომელშიც მსოფლიოს რესურსებით მდიდარი ქვეყნები დამშეული და მუდმივად ომში მყოფი ქვეყნებისაგან იზოლირებულნი იქნებიან“.

ჟიჟეკი აღიარებს, რომ დასავლური ფემინიზმისა და ინდივიდუალური უფლებების პირდაპირი ექსპორტი იდეოლოგიური და ეკონომიკური ნეოკოლონიალიზმის საშიშროებას წარმოადგენს, თუმცა, მისი აზრით, ეს არ ნიშნავს, რომ დასავლური მემარცხენეობა „სტრატეგიულ კომპრომისზე“ უნდა წავიდეს და „უფრო დიდი“ ანტიიმპერიალისტური ბრძოლის სახელით, ქალებისა და გეების დამცირების „ტრადიციები“ მშვიდად აიტანოს. რადგან სამხედრო ჩარევას დიდი რისკები ახლავს თან, ჟიჟეკის აზრით, ერთადერთი გამოსავალი მსოფლიო კაპიტალიზმის ტრანსფორმაციაა, რაც აუცილებლად განვითარებულ დასავლეთში უნდა მოხდეს.

რაც შეეხება გადაადგილების თავისუფლებას, ჟიჟეკი წერს, რომ ევროკავშირში ეს ფრაზა ძალიან ფართოდაა გაგებული. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს არა მხოლოდ მოგზაურობის უფლება აქვთ, არამედ თავისუფლად შეუძლიათ, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში დასახლდნენ კიდეც, მასპინძელი სახელმწიფო კი ვალდებული იქნება, მათზე იზრუნოს. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ ლტოლვილებს გადაადგილების თავისუფლება უნდა ჰქონდეთ, გულისხმობს, რომ ევროკავშირი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნდა გაფართოვდეს. ჟიჟეკის აზრით, ასეთი ხედვა უფრო შორს მიდის, ვიდრე ალან ბადიუს qui est ici est d’ici („ვინც აქ არის, ის აქაურია“) და გამოდის, რომ „ვისაც აქ მოსვლა უნდა, ისიც აქაურია“. ამ თავისუფლების განხორციელება, ჟიჟეკის თქმით, რადიკალურ სოციალურ და ეკონომიკურ გარდაქმნას მოითხოვს. მისი აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ „თანამედროვე აპარტეიდის“ ფარგლებში საქონელი უფრო თავისუფლად მოძრაობს, ვიდრე ადამიანი.  ჟიჟეკის თქმით, ლტოლვილების სურვილი, რომ ადამიანებიც ისევე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, როგორც საქონელი, იდეოლოგიური ფანტაზიაა, რომელიც თანდაყოლილი წინააღმდეგობების გამო ვერ განხორციელდება.

ლტოლვილების სოციალურ და კულტურულ ინტეგრაციაზე საუბრისას, ჟიჟეკის აზრით, ერთი საკითხი ხშირად ყურადღების მიღმა რჩება: ლტოლვილების რა ნაწილს უნდა რეალურად ინტეგრაცია? რა ხდება მაშინ, თუ ინტეგრაციას პრობლემას მხოლოდ დასავლური რასიზმი არ უქმნის?

ჟიჟეკის აზრით, დასავლეთში გავრცელებული ანტირასისტული მოსაზრებები ზოგჯერ ფარულად რასისტულია. მაგალითისთვის ჟიჟეკი როტერჰამში (ინგლისი) მომხდარ ფაქტს განიხილავს. 1997-2013 წლებში, სულ მცირე, 1400 ბავშვი სასტიკი სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი გახდა. საინტერესო იყო გამოძიების სამსახურების შიში, რომ საქმის კვლევის შემთხვევაში, მათ რასიზმში დაადანაშაულებდნენ, რადგან სავარაუდო დამნაშავეები პაკისტანური დაჯგუფებები იყვნენ, მსხვერპლები კი – თეთრკანიანი გოგონები. ჟიჟეკის თქმით, მემარცხენეებმა განზოგადების ყველა შესაძლო ხერხი გამოიყენეს იმისათვის, რომ ყურადღება კაცების მიერ ქალების მიმართ ძალადობაზე გაემახვილებინათ და ეთნიკურობისა და რელიგიის როლი მინიმუმამდე დაეყვანათ. ასეთი „ანტირასიზმი“, ჟიჟეკის აზრით, ფარული რასიზმია, რადგან პაკისტანელებს მორალურად ქვემდგომ არსებებად განიხილავს, რომლებზეც ნორმალური ადამიანური სტანდარტები არ ვრცელდება.

ჟიჟეკი მიიჩნევს, რომ იმის კვლევა, მოიცავს თუ არა კონკრეტული რელიგია ან კულტურა ისეთ თავისებურებებს, რომლებიც ქალების მიმართ სასტიკ მოპყრობის საშუალებას იძლევა, თავისუფლად შესაძლებელია. მეტიც, ასეთი კვლევის ჩატარება თავისუფლად შეიძლება სახელდობრ ისლამის დადანაშაულების გარეშე. ჟიჟეკის აზრით, ქრისტიანულ და ისლამურ ფუნდამენტალიზმს თანაბარი კრიტერიუმები უნდა მიესადაგებოდეს.

ჟიჟეკის აზრით, „ჩვეულებრივი ადამიანების“ აღქმა, რომ მათ ცხოვრების წესს საფრთხეს „სხვა“, ანუ „უცხო“ (the Other) უქმნის, აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რისთვისაც საჭიროა, რომ ადამიანებმა საკუთარ მომავალზე პასუხისმგებლობის აღება ისწავლონ. ჟიჟეკი სპაიკ ლის ფილმის, „მალკოლმ იქსის“ მაგალითს განიხილავს; ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც მალკოლმ იქსი კოლეჯში სიტყვით გამოდის, მასთან თეთრკანიანი სტუდენტი გოგო მიდის და ეკითხება, რის გაკეთება შეუძლია შავკანიანთა ბრძოლის მხარდასაჭერად. მალკოლმ იქსის პასუხი მარტივია – „არაფერი“. ამ პასუხის აზრი არის არა ის, რომ თეთრკანიანებმა უბრალოდ არაფერი უნდა აკეთონ, არამედ ის, რომ თეთრკანიანებმა უნდა აღიარონ, რომ შავკანიანთა გათავისუფლება თავად შავკანიანების საქმეა და არა საჩუქარი, რომელსაც მათ „კარგი თეთრკანიანი ლიბერალები“ გადასცემენ. დასავლური ღირებულებების იძულებითი გავრცელება და ის საშინელებები, რომლებიც ზოგჯერ ამ კულტურების ნაწილია, ერთი და იმავე იდეოლოგიური მისტიციზმის ორი მხარეა.

ჟიჟეკის აზრით, იმისთვის, რომ ქსენოფობიას საგარეო საფრთხეების მიმართ საფუძველი გამოეცალოს, საჭიროა, ვუარყოთ წარმოდგენა, რომ ყველა ეთნიკურ ჯგუფს საკუთარი „წარმოშობის ადგილი“ („Nativia“) აქვს. ფარული მოსაზრება, რომელიც ანტიიმიგრანტულ ხედვას უდევს საფუძვლად, გულისხმობს, რომ დღევანდელ ქაოტურ სამყაროში არსებობს „წარმოშობის ადგილი“ – ყველა იმ ადამიანის სამშობლო, რომელიც ჩვენ გვაწუხებს.

სწორედ ასეთი წარმოდგენის საფუძველზე ჩამოაყალიბეს სამხრეთ აფრიკაში თეთრკანიანებმა  ბანტუსტანები – შავკანიანი მოსახლეობისათვის გამოყოფილი ტერიტორიები. ბანტუსტანები სპეციალურად მინერალური საბადოების გარეთ იქმნებოდა, ქვეყნის რესურსებით მდიდარი ნაწილი კი მთლიანად თეთრკანიანებით იყო დასახლებული. შედეგად, შავკანიანები საკუთარ ქვეყანაში „უცხოელ მუშებად“ აღიქმებოდნენ, რომელთა „სამშობლოში“ დეპორტირება ნებისმიერ დროს შეიძლებოდა. ჟიჟეკის აზრით, „დასავლეთ სანაპიროზე კიდეც რომ შეიქმნას პალესტინური სახელმწიფო, ისიც ზუსტად ასეთივე ბანტუსტანი იქნებოდა, რომლის ფორმალური „დამოუკიდებლობა“ იმ მიზანს მოემსახურებოდა, რომ ისრაელის მთავრობა იქ მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებულიყო“.

ჟიჟეკის აზრით, ასევე მცდარია მულტიკულტურული თუ ანტიკოლონიური მოსაზრებები „ცხოვრების სხვადასხვა წესის“ დაცვის შესახებ. ეს მოსაზრებები ფარავს იმ წინააღმდეგობებს, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა წესი მოიცავს და სისასტიკის, სექსიზმისა და რასიზმის აქტებს ამართლებს, როგორც ცხოვრების გარკვეული წესის გამოხატულებებს, რომელთა გაზომვა უცხო, ანუ დასავლური ღირებულებებით მიუღებელია.

ჟიჟეკის აზრით, მთავარი გამოცანა ასეთია: „რატომ ესხმიან თავს მუსლიმი ექსტრემისტები, რომლებიც, ეჭვგარეშეა, ექსპლუატაციის, დომინაციისა და კოლონიალიზმის გამანადგურებელი თუ დამამცირებელი ასპექტებისაგან დაუცველნი იყვნენ, იმას, რაც (ჩვენთვის მაინც) დასავლური მემკვიდრეობის საუკეთესო ნაწილია – ჩვენს ეგალიტარიანიზმსა და პიროვნულ თავისუფლებებს? ცხადი პასუხი შეიძლება იყოს ის, რომ მათი მიზანი კარგადაა შერჩეული: ის, რაც ლიბერალურ დასავლეთს ასეთ აუტანელს ხდის, სწორედ ისაა, რომ ის არა მარტო მიმართავს ექსპლუატაციასა და ძალადობრივ დომინაციას, არამედ, სიტუაციის გასაუარესებლად, ამ სასტიკ რეალობას მისი საპირისპირო მხარის, თავისუფლების, თანასწორობისა და დემოკრატიის ნიღბით ფარავს“.

ჟიჟეკი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროპის დემოკრატიული ღიაობა, გარკვეულწილად, ექსკლუზიას ეფუძნება. თუმცა, მისი თქმით, პრობლემა არა უცხოელებში, არამედ თავად ევროპულ იდენტობაშია; ევროკავშირში მიმდინარე კრიზისი არამხოლოდ ეკონომიკური ან ფინანსური, არამედ იდეოლოგიურ-პოლიტიკურია. როგორც მრავალმა რეფერენდუმმა დაადასტურა, ევროკავშირი ჯერ კიდევ „ტექნოკრატულ“ გაერთიანებად აღიქმება, რომელსაც საერთო ხედვა არ გააჩნია. ერთადერთი იდეოლოგია, რომელმაც ბოლოდროინდელ პერიოდში ევროპის გაერთიანება მოახერხა, სწორედ ანტიიმიგრანტული „დაცვაა“.

ჟიჟეკის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ რადიკალური ემანსიპაციისათვის ახალი ბიძგის მიცემა მხოლოდ რადიკალურ კატასტროფას შეუძლია. ამ ლოგიკით, ევროპელი რადიკალი მემარცხენეების გამოცოცხლებას მხოლოდ ლტოლვილთა რეალურად დიდი რაოდენობა შეძლებს.  ეს მოლოდინი ჟიჟეკს უსაფუძვლოდ მიაჩნია. მოვლენების ამგვარ განვითარებას, ბუნებრივია,  ანტიიმიგრანტული განწყობების უკიდურესი ზრდა მოჰყვება. აქ კი დემოკრატიული ლეგიტიმაციის ტრადიციული პრობლემები იჩენს თავს: რა მოსდის დემოკრატიას, როდესაც უმრავლესობა რასისტულ ან სექსისტურ კანონებს უჭერს მხარს?

სტატიის ბოლოს ჟიჟეკი პირდაპირ ასკვნის, რომ ემანსიპატორული პოლიტიკა ლეგიტიმაციის ფორმალურ-დემოკრატიული პროცედურებით აპრიორი შეზღუდული არ უნდა იყოს: „ხშირად, ხალხმა არ იცის, რა უნდა; არ უნდა ის, რაც იცის ან უბრალოდ უნდა არასწორი რამ. აქ მოკლე გზა არ არსებობს.

ჩვენ ნამდვილად საინტერესო დროში ვცხოვრობთ“.

სტატია სრულად იხილეთ ლინკზე