აფექტური შრომა: კაპიტალიზმი მზრუნველი სახით

გიორგი ჩუბინიძე

საზოგადოებრივი ურთიერთობების ყოველ, მეტ-ნაკლებად სტაბილურ და ჰეგემონურ წესრიგს გააჩნია საკუთარი წარმოსახვითი, თვითობის (self) იდეალი, რომლის გაშუალებითაც იგი თავის თავს სარკისა და სხვების წინაშე წარადგენს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი წარმოსახვითი წესრიგის მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა კაპიტალიზმმა XX საუკუნის მეორე ნახევარში, როცა ბრუტალურმა და ველურმა შრომითმა რეჟიმმა რიგი გარემოებებისა და პოლიტიკური წინააღმდეგობების გამო, სახე შეიცვალა. იგი ადამიანის წინაშე წარსდგა არა როგორც მბრძანებელი მამა, არამედ როგორც მზრუნველი დედა, რომელიც დაქირავებულ მშრომელებთან და მომხმარებლებთან ერთად, ერთი მხრივ, ურთიერთობების ინტიმურ და არადისტანცირებულ ფორმებს ქმნის, ხოლო, მეორე მხრივ, ეს ურთიერთობები იქმნება თავად დასაქმებულთა სოციალური პოზიციების დესტაბილიზებით, პრეკარიზებით[1].

unnamed (2)1920-70-იან წლებში, როგორც სოციოლოგები იუკო აოიამა და მანუელ კასტელასი აღნიშნავენ, ჩვენ ვაკვირდებოდით წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნების  გადასვლას სასოფლო-სამეურნეო წარმოებიდან ინდუსტრიულ წარმოებაზე; ხოლო 1970-90-იან წლებში კი, ვხედავდით ინდუსტრიული წარმოებიდან სერვისების/ინფორმაციის წარმოებაზე გადასვლას.[2] ცხადია, აოიამა და კასტელასი ამ გადასვლაში გულისხმობენ არა სოფლის მეურნეობის ან ინდუსტრიული წარმოების გაქრობას, არამედ მიუთითებენ იმაზე, რომ ჩვენმა ნახსენებმა წარმოების ფორმებმა დაკარგეს დომინანტური ადგილი ‘განვითარებულ,’ კაპიტალისტური ქვეყნების ეკონომიკებში[3]. წარმოების ფორმის დომინანტურობას კი, კაპიტალიზმში განსაზღვრავს ამ ფორმის უნარი კაპიტალისთვის იყოს უფრო მომგებიანი, ვიდრე სხვა აწ უკვე მასზე დაქვემდებარებული ფორმები.[4]

სასოფლო-სამეურნეო, ინდუსტრიული და ინფორმაციული წარმოებების ფორმებად მოხსენიებამ შესაძლოა მკითხველი დააბნიოს. კი მაგრამ, განა თავად კაპიტალიზმი არ არის წარმოების ფორმა? რატომ არის საჭირო, დამატებით შემოვიტანოთ კიდევ სამი ცნება, რომლებიც მხოლოდ ეკონომიკის ცალკეულ სექტორებს აღნიშნავენ? საქმე ისაა, რომ ეკონომიკის თითოეული ეს სექტორი და წარმოების ფორმა გარკვეულ ისტორიულ მონაკვეთებში, როდესაც ისინი კაპიტალისტურ ეკონომიკაში ჰეგემონურ პოზიციებს იკავებდნენ, თავად იჭრებოდნენ ეკონომიკისა და სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და თავის ხატად გარდაქმნიდნენ მათ. მაგალითად, ინდუსტრიულმა წარმოებამ, იმისათვის რომ არ შემცირებულიყო მოგების ნორმა, სრულიად გარდაქმნა სასოფლო-სამეურნეო წარმოება და მოახდინა სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზება. იგივე პროცესების მოწმენი ვართ დღეს, როცა ახლა უკვე წარმოების ინფორმატიზებაა ის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც, კაპიტალი ინარჩუნებს მაღალი მოგების ნორმას. მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო (აგრო) ინდუსტრიაში დღეს უდიდეს როლს თამაშობს გენური ინჟინერია და სხვა ბიოტექნოლოგიები, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული წარმოების ინფორმატიზების ტენდენციასთან.

‘განვითარებულ’ ქვეყნებში ეს ტენდენციები – წარმოების პოსტინდუსტრიალიზება და მისი ინფორმატიზება – დამყარებულია არამატერიალურ შრომაზე, რაშიც მოიაზრება არა მხოლოდ სიმბოლოებისა და ინფორმაციების მანიპულირება და მათი გასაქონლება, არამედ ემოციებისა და გამოცდილებების წარმოება. შრომის ამ უკანასკნელ ფორმას, პოსტ-მარქსისტი თეორეტიკოსები ტონი ნეგრი და მაიკლ ჰარდტი, აფექტურ შრომას უწოდებენ. მოგების მაღალი ნორმის შესანარჩუნებლად პოსტმოდერნული კაპიტალიზმი  ასაქონლებს არა მხოლოდ მისთვის ტრადიციულ, მატერიალური წარმოების სფეროებს, არამედ უფრო და უფრო აქტიურად იჭრება ცხოვრების იმ აქტივობებში, რომლებიც ითვლებოდა, რომ წარმოადგენდა “ავთენტური”, “ნაღდი”, “ბუნებრივი” ურთიერთობების, გრძნობებისა თუ გამოცდილებების სფეროს.

და მაინც, რამ გააჩინა ჩვენ დროში მოთხოვნა “ბუნებრივ”, “ავთენტურ” გრძნობებსა და გამოცდილებებზე? ხომ არ არის ეს დაკავშირებული მოდერნული საზოგადოების მეტ-ნაკლებად სტაბილური სოციალური პოზიციების დესტაბილიზებასთან? მზრუნველი სახელმწიფოს ფუნქციების პრივატიზებასთან? საერთოდ, ცხოვრების პრეკარიზებასთან? ჟილ დელიოზი წერილში “Pp.s. კონტროლის საზოგადოების შესახებ”, წერს: “ჩვენ ვიმყოფებით სხვადასხვა ჩაკეტილი სივრცის  ზოგად კრიზისში – ციხის, საავადმყოფოს, ქარხნის, სკოლისა და ოჯახის კრიზისში. ოჯახიც იმავე კრიზისს განიცდის, რასაც ყველა დანარჩენი „შიდა“ სივრცე – სამეცნიერო, პროფესიული და სხვა.”[5] სხვა სიტყვებით, ტრადიციული მოდერნული ინსტიტუტების კრიზისი და მათი შესუსტება პასუხისმგებელი უნდა იყოს საზოგადოებრივ წარმოსახვითში გაჩენილ ნაპრალზე, სიცარიელეზე, რომელიც აუცილებელ ამოვსებას საჭიროებდა.

კაპიტალისტურმა ეკონომიკამ, ნაწილობრივ, საკუთარი ლოგიკიდან გამომდინარე, სიცარიელის ამოვსების ფუნქციაც თავად იკისრა. მან გააკომერციულა ყველა ის სოციალური საქმიანობა, რაც მოდერნულ საზოგადოებებში ცალკეული ჩაკეტილი ინსტიტუციების შიგნით წარმოებდა. როგორც უკვე აღვნიშნე, აფექტური შრომის მზარდი მნიშვნელობა თანამედროვე კაპიტალისტურ ეკონომიკაში, ნაწილობრივ, შეგვიძლია ოჯახის ინსტიტუტის კრიზისზე პასუხად ან ამ კრიზისის მენეჯმენტად და მის მოგების წყაროდ გადაქცევად წავიკითხოთ. კაპიტალიზმი წარმოშობს კრიზისებს, რათა თავადვე აქციოს ის მოგების ახალ შესაძლებლობად.

“როგორც ოფიციანტი,” – წერს ემა დოულინგი, – “ჩემი საქმიანობა პირდაპირ იყო დაკავშირებული მომხმარებლის გაბედნიერებასთან, კმაყოფილებასთან, გახალისებასთან ისე, რომ მათ ‘რესტორანი, თეატრად’ განეცადათ.”[6]

“ეს პროცესი განსხვავდებოდა იმ საქმიანობისგან, რომელშიც დასაქმებულს მოეთხოვება უბრალოდ უფრო წარმატებულად ‘გაყიდოს პროდუქტი’ და მყიდველის მიმართ იყოს ან ზედმეტად კარგი და ან წაახალისოს იგი პროდუქტის ყველა დადებითი თვისების აღწერით. [უბრალოდ გაყიდვისგან განსხვავებით] ამ პროცესში რესტორანში სადილობის გამოცდილება გაყიდული მთელი პროდუქტის ნაწილი იყო. ამდენად, ჩვენი როგორც აფექტური მშრომელების შრომა, იყო არსებითი და არა დანამატი.

მენეჯმენტის ამოცანა გახლდათ, რაც შეიძლებოდა მეტი დრო გამოეთავისუფლებინათ ჩვენთვის, რათა მეტი დრო გაგვეტარებინა მაგიდასთან. ჩვენი ტრენინგების ამოსავალი პრინციპი იყო გაგვერთო ჩვენი სტუმრები ისე, თითქოს ისინი ჩვენს სახლებში, ჩვენი პირადი სტუმრები იყვნენ.”[7] გარდა ამისა, ზოგიერთ ძვირადღირებულ რესტორანში მიმტანებს ასწავლიან, თუ როგორც იყვნენ “ისეთები, როგორებიც არიან”, იყვნენ “ნამდვილები”, “ავთენტურები”, “ბუნებრივები.“

აფექტური შრომა, ერთი მხრივ, ქმნის სოციალურობის ახალ ფორმებს, ხოლო მეორე მხრივ, ის კაპიტალისთვის მოგების/ექსპლოატაციის წყაროა. შესაბამისად, იგი აფექტური მშრომელების სახით წარმოშობს კაპიტალისტურ შრომით რეჟიმთან დაპირისპირების ახალ პოტენციალს. აფექტური შრომა არ შეიძლება გავაკრიტიკოთ კაპიტალისტურ საზოგადოებაში პატრიარქალური ან სხვა ტიპის იერარქიული ოჯახური ინსტიტუტის (ან სხვა არაინსტიტუციური ურთიერთობათა ფორმების იდეალიზებით) “შეურყვნელ”, “სუფთა” და ძალაუფლებრივი ურთიერთობებისგან დაცლილ ერთეულად წარმოსახვით და მისი შეპირისპირებით კაპიტალისტურ სამუშაო რეჟიმთან, როგორც “არაავთენტურ”, “არაბუნებრივ” პერვერსიასთან, რომლის დაძლევა უკან, წარსულში დაბრუნებითაა შესაძლებელი.

ასეთი მსჯელობის საპირისპიროდ, მაგ. პატრიარქალური ოჯახი თავად არის აფექტების არათანაბარი, ასიმეტრიული გაცვლის ადგილი, რომელიც ხშირად ქალებისა და ბავშვების ექსპლოატაციას ემყარება. ამდენად, იმანენტური კრიტიკა, რომელიც არ მიეცემა ნატურალიზმის ან ტრანსცენდეციის ილუზიას, დამყარებული იქნება არა თავისთავად ამ ახალი სოციალურობებისა და სამუშაოების კრიტიკაზე, არამედ მასში ჩართულ კაპიტალის  ლოგიკის კრიტიკაზე, რომელიც მოწოდებულია მოგების ნორმის გასაზრდელად სიცოცხლის სრული კოლონიზება მოახდინოს.

————————————————————————————————————–პუბლიკაცია მომზადებულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ “სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც National Endowment for Democracy (NED)-ის მხარდაჭერით ხორციელდება

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC-ისა და NED-ის პოზიციას.

  ——————————————————————————————————————–

[1] სოციოლოგიურ თეორიებში “პრეკარიულ შრომას” უწოდებენ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობის ფორმას, როდესაც დასაქმებულის სამუშაო ადგილი არასტაბილური, არამყარი და დაუცველია, რაც თავის მხრივ წარმოადგენს კაპიტალის მიერ სამუშაო ძალის კონტროლის ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც, დასაქმებული სამუშაოს შენარჩუნების მიზნით, მზადაა დათანხმდეს შრომის კაბალურ პირობებსაც კი ან იცხოვროს სამუშაოების ცვლის მუდმივ რეჟიმში. ამით, პოსტმოდერნული კაპიტალიზმი განსხვავდება მოდერნული კაპიტალიზმისგან, რომელშიც, როგორც წესი, შემდეგ ტოლობას ვიღებდით: პროფესია=პიროვნება=ცხოვრება.

[2] Paths towards the informational society: Employment structure in G-7 countries, 1920-90, Yuko Aoyama and Manuel Castells, 1994.

[3] ავტორები აანალიზებენ G7 ქვეყნების დასაქმების სტრუქტურებს უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში. G7 ქვეყნებში შედიან აშშ, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი და კანადა.

[4] “[A]ffective labor is one of the highest value-producing forms of labor from the point of view of capital” გვ.2 (Affective Labour, Michael Hardt, 1999)

[5] Post-scriptum sur les sociétés de contrôle, Gilles Deleuze (1990)

[6] Immaterial and affective labour: Explored, volume 7, number 1. (Ephemera) გვ.120

[7] იქვე. გვ.121