როგორ ცდილობს სახელმწიფო მუსლიმური ორგანიზაციების გაკონტროლებას?

10153764_784292941633761_2663565828890282129_nინტერვიუ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს ხელმძღვანელთან მირტაგ ასადოვთან

როგორ და რა მიზნებით შეიქმნა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო? რა როლი შეასრულა სახელმწიფომ მის შექმნაში და რამდენად გაითვალისწინა ხელისუფლებამ თავად მუსლიმთა ინტერესები? რატომ გაჩნდა ალტერნატიული ორგანიზაციის დაარსების აუცილებლობა? რატომ ეწინააღმდეგება მუსლიმთა ნაწილი შიიტებისა და სუნიტების ხელოვნურ გაერთიანებას სახელმწიფოს მხრიდან? როგორ აფასებენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას და სახელმწიფოს მცდელობას, სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით დააწესოს კონტროლი მუსლიმ თემზე?

ამ თემებზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს ხელმძღვანელს, მირტაგ ასადოვს ესაუბრა.

“როგორც ვიცით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო 2011 წელს შეიქმნა და მისი დამფუძნებლები იყვნენ დეპუტატები, სახელმწიფო მოხელეები. ჩვენი დაუდასტურებელი ცნობით, მათ შორის, ერთ-ერთი ქრისტიანიც იყო. სამმართველო არ დაუფუძნებიათ სასულიერო პირებს. თავისთავად ის ფაქტი, რომ ამ პროცესში სასულიერო პირები არ იყვნენ ჩართული, პირდაპირ მიუთითებს, რომ სახელმწიფოს ამ ორგანიზაციის თავისი მიზნებისთვის გამოყენება უფრო სურდა, ვიდრე მუსლიმთა უფლებების დაცვა. სუნიტები და შიიტები გააერთიანეს ერთ სამმართველოში და პირდაპირ შეიხი დანიშნეს. ფორმალურად არჩევნები ჩატარდა, მაგრამ სახელმწიფოს ზედამხედველობით, ანუ სასურველ კანდიდატს ვერ გასცდა ეს მომენტი. სახელმწიფოს ვინც აწყობდა, ის დანიშნეს. ამას მოჰყვა, ასე ვთქვათ, პროტესტი, ძირითადად შიიტების ხელმძღვანელობით. ტელევიზიის საშუალებითაც და წერილობითაც ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ შეიხის ასეთი დანიშვნა არ იყო სამართლიანი და ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო. სწორედ, აქედან გაჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო ალტერნატიული სამმართველო.

იყო ზეწოლა სახელმწიფოსა და უშიშროების მხრიდან ცალკეულ სასულიერო პირებზე, რომ თავიანთ გამგებლობაში არსებული მეჩეთები დაექვემდებარებინათ ამ სამმართველოსთვის. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი, ჩვენ საბოლოოდ გადავწყვიტეთ შეგვექმნა დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც იქნებოდა ალტერნატიული. ჩვენთვის საეჭვო იყო ის ფაქტი, რომ სახელმწიფო აქტიურად ცდილობდა გაეერთიანებინა სუნიტები და შიიტები და მივხვდით, რომ სახელმწიფო ამას იმიტომ კი არ აკეთებდა, რომ გულშემატკივრობდა ჯანსაღ პროცესებს, ეს იყო საკონტროლოდ გაადვილებული მექანიზმი. სამმართველო, რომელიც სახელმწიფომ შექმნა, სულაც არ არის ინოვაციური. ეს არის 200 წლის წინანდელი მოდელი. თურქმენჩაის ზავის შემდეგ, როდესაც კავკასია მთლიანად რუსეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, სწორედ ასეთი მოდელით შეეცადა რუსეთი გაეერთიანებინა სუნიტები და შიიტები ერთ სამმართველოში, რათა ადვილად გაეკონტროლირებინა ისინი. მსგავსი იყო ის მოდელიც, რომლის გამოყენებაც წინა ხელისუფლებამ დაიწყო.

კონტროლის ეს მცდელობა თავისთავად არ არის სწორი, არც სამართლებრივად და არც შარიათის მიხედვით. შიიტური მრწამსი არ იცნობს დანიშვნის პრაქტიკას და ის, ვინც პოსტს იკავებს, იკავებს ცოდნისაგან და მეცნიერების ძალით. ისტორიულადაც ასე იყო.  რაც შეეხება მეჩეთების აშენებას, არ შეიძლება სახელმწიფომ ააშენოს მეჩეთი. ის მრევლის შემოწირულობებით, ან მრევლისგან გამოსულმა ქველმოქმედმა უნდა ააშენოს. ახლა ყველაფერი ამის საპირისპიროდ ხდება.

შიიტების მაგალითზე შემიძლია ვთქვა – მეჩეთები, რომლებიც თვითონ ხალხს აქვს აშენებული, არაა რეგისტრირებული და ჰაერშია გამოკიდებული. ეს მეჩეთები დღესაც ფუნქციონირებს და ხალხიც დადის. ახლა გავიგეთ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ეს მეჩეთები, თავის ბალანსზე გაატარა და თან არა მეჩეთის სტატუსით, არამედ უპატრონო ქონების სახელით და 49-წლიანი იჯარით გადასცემს რაღაც ორგანიზაციას. [..] ამ დაწესებულებებს გადასცემენ მხოლოდ ერთ სსიპ-ს მაშინ, როცა სხვა სსიპ-ებიც არსებობს.

მარნეულის ცენტრალური მეჩეთი, რომელიც ძველი მეჩეთის ადგილზე აშენდა და რესტავრაციაც ჩაუტარდა, ასევე არ არის რეგისტრირებული და ეკონომიკის სამინისტრო მასაც დაეპატრონა. ჩვენ მივმართეთ სამინისტროს, რომ იგი გადასცემოდა ხალხს, რომელმაც ააშენა და ფული ჩადო მის რესტავრირებაში, მაგრამ დღემდე არ უპასუხიათ.

როდესაც რელიგიის საკითხთა სააგენტო შეიქნა, ჩვენ მივესალმეთ ამ ფაქტს. რელიგიური პრობლემების წარმოშობისას, არ ვიცოდით რომელი ინსტიტუციისთვის მიგვემართა. სააგენტოს შექმნა გაგვიხარდა და ვიმედოვნებდით, რომ აღასრულებდა თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს და ყველას თანაბრად მოექცეოდა, თუმცა საწინააღმდეგოს მომსწრენი ვართ. ისინი ღია მხარდაჭერას გამოხატავენ ერთი სამმართველოს მიმართ, ხელოვნურად აძლიერებენ მას მაშინ, როდესაც სახელმწიფო ორგანოს/ინსტიტუციას არ აქვს უფლება მიკერძოებული იყოს რომელიმე ორგანიზაციის მიმართ. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება რელიგიურ უმცირესობებს და ორგანიზაციებს, თემა უფრო ფაქიზია. ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო ორგანოს ამგვარი ქცევა საზიანოა ქვეყნისთვის, რადგან ის უნდა იყოს მარეგულირებელი, ნაცვლად იმისა, რომ თავად სააგენტო ქმნიდეს პრობლემებს.

რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ შეიქმნა სრულიად საქართველოს მუსლიმთა გაერთიანება, მაშინ როდესაც უკვე არსებობდა სამუფტო სამმართველო, სადაც შიიტები და სუნიტები არიან გაწევრიანებულები, კარგი იქნებოდა, ეს კითხვა თავად იმ გაერთიანების ხელმძღვანელისთვის დაგესვათ. მე, როგორც ვიცი, მასაც მოსთხოვეს, რომ გაწევრიანებულიყო ამ ორგანიზაციაში, მაგრამ ის არ დათანხმდა. წინადადება იყო, რომ მათ თანაბარი წარმომადგენლობის საფუძველზე უნდა შეექმნათ საბჭო, სადაც იქნებოდა პარლამენტარული სისტემა, რომელიც უფრო ეფექტური იქნებოდა თავისთავად. მათ გააფორმეს პრეამბულა, სადაც მიუთითეს, თითქოს, ჩვენ უარი გვქონდა ნათქვამი ამ წარმომადგენლობით საბჭოში გაერთიანებაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. უკვე 6 თვეა სარჩელი გვქვს აღძრული, თუ რატომ გვითხრეს უარი ჩვენ. იმ სარჩელში მოპასუხედ სააგენტოც არის მითითებული და ის ორი გაერთიანებაც…

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არც ჩემს ორგანიზაციას და არც იმ დანარჩენებს არ აქვთ უფლება მთლიანად მუსლიმების სახელით ილაპარაკონ. ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი გარემოცვა და მისი სახელით შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ არა მთელი მუსლიმების სახელით. თუ ლეგიტიმაციაზე ვილაპარაკებთ, ლეგიტიმაცია გვაქვს, თუმცა არ გვაქვს უფლება დავიბრალოთ, რომ მუსლიმების სახელით ლაპარაკი ვინმეს შეგვიძლია, ჯერჯერობით.

პროტესტის საბაბი არის ის, რომ სახელმწიფომ არ უნდა გამოარჩიოს რომელიმე ორგანიზაცია. სამართლებრივად ყველა ერთ დონეზე მდგომი, თანაბარია. მეორე მიზეზი უკმაყოფილების, რა თქმა უნდა, ის არის, რომ როდესაც ვინმეს რაიმე ადგილზე ნიშნავთ, ეს თქვენი კონტროლის მექანიზმია, თქვენი ხელსაყრელი ადამიანი მოგყავთ, რომელიც თქვენს დაკრულზე იცეკვებს. საქმე ისაა, რომ ხელისუფლების შეცვლის პარალელურად, იცვლებიან შეიხებიც. ეს ნდობას უკარგავს მრევლს. თემს აქვს უფლება, რომ გაერთიანდნენ ან დაიშალონ სხვადასხვა ორგანიზაციად. ნებისმიერ ორგანიზაციას აქვს ფუნქციონირების და მუშაობის უფლება, მაგრამ როდესაც რომელიმეზე კეთდება აქცენტი ხელოვნურად, რომ მაინცდამაინც ეს არის კარგი და ასე შემდეგ, ამას გაღიზიანება მოჰყვება.

სახელმწიფო არ ერევა იმაში, რომ ადამიანმა ილოცოს ან მსხვერპლი შესწიროს, ეს მისი პირადი სივრცეა. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს აუცილებლად შეეხება ყველას, თუკი სახელმწიფო არ დატოვებს არჩევანის საშუალებას და მხოლოდ ერთი ორგანიზაცია იარსებებს, რომელთანაც იძულებული ვიქნები მივიდე, როდესაც ამის საჭიროება გაჩნდება. თუ არჩევანის თავისუფლება არ მიეცი, თუ ფუნდამენტური ღირებულებები არ იქნება დაცული რელიგიაში, საერთოდ რაში მდგომარეობს თავისუფლება?!“