უსაფრთხოება V. თავისუფლება

ქეთი კუკავა – EMC-ის იურისტი

რამდენიმე დღის წინ, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)“ სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც ფარული ღონისძიებების მოსამართლის ნებართვის გარეშე განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.  აღნიშნულმა სარჩელმა კიდევ ერთხელ გააქტიურა დისკუსია თემაზე, როგორ შეიძლება სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა თავისუფლების ხელყოფის გარეშე და როგორ უნდა იქნას მიღწეული ბალანსი ამ ორ ფუნდამენტურ ღირებულებას შორის.

kukavaტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე და სახელმწიფო უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრება საფუძვლად დაედო თავისუფლებისა და უსაფრთხოების ურთიერთმიმართების ახლებურ გააზრებას, აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლების ზრდას და ამ ძალაუფლების გამოყენებაზე ზედამხედველობის ხარისხის შემცირებას. საქართველოს შემთხვევაში, ამის ერთ-ერთი მაგალითია „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც, კონტრდაზვერვითი საქმიანობა შესაძლებელია განხორციელდეს ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერის, ფარული კინო- და ფოტოგადაღების გზით და მასზე არ ვრცელდება სასამართლო კონტროლის რეჟიმი მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აღნიშნული მოქმედებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება.  შესაბამისად, ერთი მხრივ, კონტრდაზვერვით და მეორე მხრივ, სისხლისსამართლებრივ კონტექსტში, ერთი და იმავე მეთოდების მიმართ დადგენილია სამართლებრივი დაცვის სხვადასხვა სტანდარტი. გარდა ამისა, ნებადართულია ერთ-ერთი მონაწილე მხარის წერილობითი თანხმობით შეთანხმებული ელექტრონული თვალთვალის განხორციელებაც, სასამართლო ნებართვის გარეშე, რაც მოიცავს სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას.

ფარული მეთოდების გამოყენება თავისთავად არ ეწინააღმდეგება თანამედროვე სახელმწიფოს პრინციპებს, ვინაიდან  უსაფრთხოების ინტერესები გარკვეულწილად მოითხოვს სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვას კანონით დადგენილ ფარგლებში და ფორმით. ამ შემთხვევაში, კონსტიტუციურ პრობლემას წარმოშობს პროცედურული დაცვითი მექანიზმებისა და სამართლებრივი კონტროლის არარსებობა, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს სახელმწიფოს მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” კანონის სწორედ ეს შინაარსი გაასაჩივრა EMC-იმ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. სარჩელი კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს თავად ფარული მეთოდების არსებობის ლეგიტიმურობას. მეტი სიცხადისთვის, სარჩელით არაკონსტიტუციურად არის მიჩნეული ფარული მეთოდების გამოყენების საპროცესო მხარე – ანუ მეთოდების გამოყენება ყოველგვარი (სასამართლო) კონტროლის გარეშე.

კონტრდაზვერვით საქმიანობაზე ზედამხედველობის ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭება აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის საფრთხის შემცველია. როგორც ტერორიზმთან ბრძოლისას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სპეციალური მომხსენებელი აღნიშნავს, ტერორიზმის თავიდან აცილების მიზანი ავტომატურად არ გულისხმობს პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევის ლეგიტიმაციას. არ უნდა არსებობდეს ფარული მეთვალყურეობის არცერთი სისტემა, რომელიც ეფექტური ზედამხედველობის ორგანოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება და ნებისმიერი ჩარევა უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი ორგანოს ნებართვის საფუძველზე.[1] გარდა ამისა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის რეკომენდაციაა, რომ უსაფრთხოების სამსახურების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა, წაშლა უნდა ექვემდებარებოდეს სულ მცირე ერთი გარეშე ინსტიტუტის მხრიდან ზედამხედველობას. [2]

ამ მხრივ, საინტერესოა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში არსებული პრაქტიკა. უსაფრთხოების სამსახურებზე ზედამხედველობის ერთ-ერთ ფორმას დამოუკიდებელი ზედამხედველობის ინსტიტუტი წარმოადგენს, რომელიც არასაპარლამენტო ორგანოა. ამგვარი დამოუკიდებელი ორგანოს მქონე ქვეყნების რაოდენობა ევროპის საბჭოს სივრცეში თანდათან იზრდება. აღნიშნული ორგანოები ძირითადად ფოკუსირებული არიან უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის კანონიერებაზე, მათ შორის, ადამიანის უფლებათა სამართალთან შესაბამისობაზე (მაგალითად, ნორვეგია, ჰოლანდია და პორტუგალია).[3]

დამოუკიდებელი ზედამხედველობის ორგანოების მანდატს წარმოადგენს უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობის კანონიერების შემოწმება, რაც მოიცავს პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს: მონაცემთა შეგროვებაზე ნებართვის გაცემა, შეგროვების პროცესი, ხელახალი ნებართვის გაცემა, მონაცემთა შენახვა, გამოყენება და გაზიარება, მონაცემთა წაშლა, პირის შეტყობინება მის მიმართ თვალთვალის განხორციელების თაობაზე (როცა ამგვარი შეტყობინების მოთხოვნა არსებობს). უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობის ზედამხედველობის ფართო მანდატის მქონე ორგანო არსებობს გერმანიაში (G10 კომისია), ჰოლანდიასა (CTIVD) და შვედეთში (SIN).[4]

ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობა მოითხოვს სასამართლო ნებართვას იმ ზომების გამოყენებისას, რომლებიც პირად ცხოვრებაში ჩარევის მაღალი ინტენსივობით ხასიათდება.  სასამართლოს ექსკლუზიური კონტროლიდან გამონაკლისს წარმოადგენს დიდი ბრიტანეთი და ჰოლანდია (აღმასრულებელი ხელისუფლების ნებართვა), პოლონეთი (მოსამართლისა და  დამოუკიდებელი გენერალური პროკურორის ნებართვა, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი არ არის), ბელგია და გერმანია (კვაზი-სასამართლო ნებართვა) და რუმინეთი (სპეციალური პროკურორების ნებართვა). ხორვატიაში სასამართლო კონტროლთან ერთად დამატებით გარანტიას წარმოადგენს ხელახალი ნებართვა, რაც სამი მოსამართლისგან შემდგარმა პანელმა უნდა გასცეს. [5]

ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ უმეტეს შემთხვევაში, ფარული ღონისძიებების გამოყენებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სულ მცირე ერთი გარეშე ინსტიტუტი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურებისგან განცალკევებულ და დამოუკიდებელ ორგანოს წარმოადგენს. საქართველოში, 2005 წლიდან მოქმედი კანონი კი კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებლ ორგანოს ყოველგვარი გარე კონტროლის, წინასწარი ნებართვისა თუ შემდგომი მეთვალყურეობის გარეშე აძლევს ფარული ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას. სწორედ ეს ქმნის კანონის კონსტიტუციურობის პრობლემას.

სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება დაიცვას მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ადამიანის უფლებები, მათ შორის, მათი სიცოცხლე, ფიზიკური ხელშეუხებლობა და ა.შ. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, და ტერორისტული ქმედებების თუ სხვა ტიპის საფრთხეების თავიდან აცილება სახელმწიფოს ორგანული და მნიშვნელოვანი ფუნქციაა. თუმცა, ამ ფუნქციის შესრულებისას საკმაოდ დიდია თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკი. რაც უფრო ფართო და ბუნდოვანი უფლებამოსილება აქვს მინიჭებული სამართალდამცავ ორგანოებს და რაც უფრო ნაკლებია ამ უფლებამოსილების განხორციელებაზე სამართლებრივი კონტროლი, ეს რისკი მით უფრო მაღალია. საქმიანობამ, რომელიც ხორციელდება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სახელით, შესაძლებელია საპირისპირო შედეგი გამოიღოს და დაარღვიოს დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები. ტერორიზმიდან და სხვა დანაშაულებიდან მომდინარე საფრთხის თავიდან აცილების პროცესში, შესაძლებელია თავად სახელმწიფო იქცეს ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებების ხელყოფის საფრთხის ალტერნატიული წყაროდ. თვითნებობისა და უფლებამოსილებით ბოროტად სარგებლობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, ფარული სპეციალური ღონისძიებების გამოყენება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს მხრიდან გარეშე კონტროლს დაექვემდებაროს.

———————————————————————————————————

[1] Report of the Special Rapporteur on the promotion and protection of human rights and fundamental freedoms while countering terrorism, Martin Scheinin, 2009. http://daccess-dds-ny.un.org/doc/UNDOC/GEN/G09/178/04/PDF/G0917804.pdf?OpenElement

[2] Council of Europe Commissioner for Human Rights, Democratic and Effective Oversight of National Security Services, 2015.  https://www.coe.int/t/dghl/standardsetting/media/conf-foe-2015/Commissioner%20for%20Human%20Rights_Democratic%20and%20effective%20oversight%20of%20national%20security%20services.pdf

[3] Council of Europe Commissioner for Human Rights, Democratic and Effective Oversight of National Security Services, 2015.

[4] Council of Europe Commissioner for Human Rights, Democratic and Effective Oversight of National Security Services, 2015.

[5] Council of Europe Commissioner for Human Rights, Democratic and Effective Oversight of National Security Services, 2015.