უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციები

Ceiling by Miquel Barceló.

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მეორე ციკლის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ წევრი სახელმწიფოებისაგან 203 რეკომენდაცია მიიღო. მათ შორის, საქართველო დაუყოვნებლივ დაეთანხმა და გაიზიარა 142 რეკომენდაცია, 54 მათგანზე  გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მოითხოვა გარკვეული დრო. ხოლო 7 რეკომენდაცია, რომელიც რუსეთის ფედერაციას ეკუთვნოდა, სესიაზევე უარყო.

საქართველოსადმი წევრი სახელმწიფოების მიერ გაცემული რეკომენდაციები შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა, მათი უმეტესი ნაწილი მიემართება საქართველოს მიერ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მეტი ძალისხმევის გაწევის საჭიროებასა და ინსტიტუტების გაძლიერებას, ქალთა მიმართ ძალადობისა და ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლას, რელიგიური უმცირესობებისა და LGBT თემის უფლებების დაცვის მიზნით, ღონისძიებების გაძლიერების აუცილებლობას, სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის რეფორმირების, მათი დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პროცესის გაძლიერებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობას და სხვა.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ჩართული იყო ჩრდილოვანი ანგარიშების წარდგენისა და წინა-სასესიო მოსმენების პროცესში და ამ გზით ახდენდა ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ძირითადი რეკომენდაციების ადვოკატირებას. აღსანიშნავია, რომ EMC-ისა და პარტნიორი ორგანიზაციების რეკომენდაციათა უმეტესი ნაწილი აისახა წევრი სახელმწიფოების მიერ გაცემულ რეკომენდაციებში. ამ ეტაპზე, სტრატეგიული მნიშვნელობის არაერთი რეკომენდაცია ელოდება სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური ნების გამოხატვას, რისთვისაც სახელმწიფოს ბოლო ვადად 2016 წლის მარტი განესაზღვრა.

ქვემოთ წარმოგიდგენთ იმ რეკომენდაციების მოკლე მიმოხილვას, რომელიც EMC-ის მიზნებისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია და რომელთა ადვოკატირებაშიც ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობდა.

  1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით, საქართველომ მიიღო და დაეთანხმა 11 რეკომენდაციას, რომლებიც შეეხებოდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის (CRPD) იმპლემენტაციას, ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას კონვენციის სტანდარტებთან, ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციას და ალტერნატიული სერვისების განვითარებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას და გაეროს კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირებას.

  1. სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესება, განსაკუთრებით სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა

წევრი სახელმწიფოების მიერ გაცემული 5 რეკომენდაცია შეეხებოდა სოციალური უფლებების დაცვის მიზნით, სახელმწიფოს მიერ გასატარებელ ღონისძიებებს. მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური უფლებების დაცვის ხელშეწყობისათვის ეროვნული მექანიზმების გაძლიერებასა და ჯანდაცვის სერვისებზე მისაწვდომობის გაუმჯობესებას.

ამასთან, საქართველომ 4 ქვეყნისაგან მიიღო და დაეთანხმა რეკომენდაციას მიგრანტი მუშებისა და მათი ოჯახის წევრების დაცვის შესახებ გაეროს კონვენციის რატიფიცირების თაობაზე.

  1. დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის მიზნით აღსრულების ეფექტური მექანიზმების შექმნა

საქართველოს მიმართ გერმანიის მიერ გაცემული რეკომენდაცია შეეხებოდა სოციალური დიალოგის ხელშეწყობის მიზნით დამატებითი ძალისხმევის გაწევის აუცილებლობას, დასაქმებულების ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერებას ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის გზით, რომელიც აღჭურვილი იქნება აღსრულების ფუნქციებით. საქართველოს ჯერ-ჯერობით არ გამოუხატავს თანხმობა ზემოაღნიშნული რეკომენდაციის მიღებაზე.

  1. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და მოსამართლეთა გაძლიერების უზრუნველყოფა

მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და გაძლიერების მიმართულებით სახელმწიფომ მიიღო რეკომენდაციები, რომელიც შეეხებოდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და დაცვის უფლებით სარგებლობის განმტკიცებას. ირლანდიისგან საქართველომ ასევე მიიღო მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მოსამართლეთა დანიშვნის, მივლინებისა და მომზადების პროცესის სრულფასოვან გადასინჯვასთან დაკავშირებით. მართლმსაჯულების სისტემის სფეროში მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გასცა ჩეხეთის რესპუბლიკამ, რომელმაც საქართველოს მოუწოდა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაციის გაუმჯობესების მიზნით, სათანადოდ გაავრცელოს ინფორმაცია სასამართლო სისტემასა და სამართალდამცავ ორგანოებში.

სახელმწიფოს თანხმობა არ გამოუხატავს ნორვეგიის მნიშვნელოვან რეკომენდაციაზე, რომელიც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას მოსამართლეთა დანიშვნისა და პრობაციის  საკითხზე. სხვა სახელმწიფოების მიერ ამ მიმართულებით გაცემული მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ასევე მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ხარვეზების აღმოფხვრას და მისი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულის სათანადოდ უზრუნველყოფას, სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფას, მათ შორის, საქმეთა განაწილების წესის გამჭვირვალობის გზით.

გადასაწყვეტ საკითხებს შორის ასევე რჩება აშშ-სა და კანადის რეკომენდაციები მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის შესახებ, მათ შორის მათი დეპოლიტიზირების გზით.

  1. დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა

სამწუხაროდ, სახელმწიფოს ჯერ-ჯერობით არ გამოუხატავს თანხმობა არც ერთ რეკომენდაციაზე, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძიების მიზნით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას შეეხება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი და კონკრეტული რეკომენდაციები, სხვა ქვეყნებთან ერთად, გასცეს ნორვეგიამ, დიდმა ბრიტანეთმა და ბელგიამ.

  1. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონისა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გაძლიერება

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის დახვეწისა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გაძლიერების მიზნით, საქართველოს წევრმა ქვეყნებმა 6 მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მისცეს. საქართველოს მთავრობამ მიიღო ჩეხეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც ხაზს უსვამს ანტიდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაციის პროცესის გაუმჯობესებისა და ამ მიზნით საზოგადოებისთვის, სასამართლო და სამართალდამცავ სისტემებში მომუშავე მოხელეებისთვის კანონის შესახებ ინფორმაციის აქტიური მიწოდებისა და ამ პროცესში სახალხო დამცველის როლის გაძლიერების საჭიროებას.

საქართველოს მთავრობას ჯერ თანხმობა არ განუცხადებია შვედეთის და ისლანდიის მთავრობების ორ მნიშვნელოვან რეკომენდაციაზე, რომელიც ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების ეფექტურობის გაზრდას უკავშირდება, კერძოდ:

შვედეთის მთავრობამ საქართველოს პირდაპირ მიუთითა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში ცვლილებების გატარების და ამ მიზნით დისკრიმინაციის ფაქტებზე სახალხო დამცველისთვის დაჯარიმებისა და სხვა სანქციების გამოყენების კომპეტენციის მინიჭების აუცილებლობის შესახებ.

ისლანდიამ კი სახელმწიფოს მოუწოდა შექმნას მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც შეამოწმებს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და ქმედებაზე ორიენტირებული სტრატეგიების აღსრულებას.

  1. რელიგიის თავისუფლების დაცვა და რელიგიური შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის გაძლიერება

რელიგიის თავისუფლების დაცვის, რელიგიური უმცირესობების მიმართ არადისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებისა და  შეუწყნარებლობის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს 17-მა წევრმა ქვეყანამ მისცა რეკომენდაცია, რაც ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. გაცემული რეკომენდაციები ხაზს უსვამდა რელიგიური შემწყნარებლობისა და  რელიგიური უმცირესობების სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ეფექტური ღონისძიებების გატარების საჭიროებაზე. მათ შორის, იმ პირების დასჯის აუცილებლობაზე, რომლებიც რელიგიური უმცირესობების მიმართ შევიწროებას ახდენენ. წევრმა სახელმწიფოებმა ცალკე ყურადღება დაუთმეს სახელმწიფოს მიერ სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის საჭიროებას. ამასთან, ხაზი გაესვა საჯარო ცხოვრებაში რელიგიური უმცირესობების მონაწილეობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მნიშვნელობას.

საქართველოს მთავრობას ჯერ არ გაუცია თანხმობა იტალიის მიერ გაცემულ  რეკომენდაციაზე, რომელიც რელიგიურ უმცირესობას მიკუთვნებული ჯგუფების მიმართ გამოვლენილი შეუწყნარებლობის ფაქტებზე სათანადო რეაგირების, საკულტო ნაგებობებისა და ქონების მესაკუთრეობისა და მათ  სარგებლობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტას უკავშირდებოდა. ასევე მთავრობას არ მიუღია სომხეთის მიერ გაცემული რეკომენდაცია საბჭოთა პერიოდში რელიგიური დენომინაციებისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მიმართულებით პოლიტიკის გაგრძელებაზე.

  1. ლგბტ პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა

ლგბტ პირთა ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხებზე ქვეყნებმა საქართველოს 8 რეკომენდაცია მისცეს. მათ შორის, საქართველოს მთავრობამ მიიღო  ბრაზილიის მიერ გაცემული რეკომენდაცია, რომელიც ხაზს უსვამს სახელმწიფოს მიერ საჯარო საგანმანათლებლო კამპანიების მხარდაჭერის მნიშვნელობას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის, ძალადობისა და სიძულვილის ენის, ასევე ლგბტ პირების სოციალური სტიგმატიზაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

საქართველოს მთავრობას  ჯერ არ განუცხადებია თანხმობა შვედეთის, ბრიტანეთისა და ურუგვაიას მნიშვნელოვან რეკომენდაციებზე, კერძოდ:

შვედეთმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა დააფუძნოს სპეციალური საპოლიციო სამსახური, რომელიც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ იმუშავებს და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაჩენისთვის ექნება მჭიდრო თანამშრომლობა ლგბტ თემსა და ორგანიზაციებთან.

ბრიტანეთმა სპეციალური რეკომენდაცია მისცა საქართველოს მთავრობას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით, კერძოდ, მოუწოდებს ქვეყანას, მიიღოს და შეასრულოს სპეციალური სტრატეგია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მონიტორინგის, გამოძიებისა და დასჯის მიზნით და ამ კუთხით, სახალხო დამცველს მისცეს შესაბამისი ძალაუფლება და რესურსები, რათა მიიღოს ეფექტური ზომები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წამქეზებლების მიმართ;

ურუგვაიმ საქართველოს მიუთითა ლგბტ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფისთვის მისი ძალისხმევის გაორმაგებისა და ამ მიზნით ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობისა და ტრანსსექსუალობის სოციალური სტიგმატიზაციის, სიძულვილის ენის, დისკრიმინაციისა და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე სიძულვილით მოტივირებული ძალადობის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის აუცილებლობაზე;

დასკვნა

EMC, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აგრძელებს UPR-ის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების ადვოკატირებას ეროვნულ დონეზე.

საერთაშორისო ინსტრუმენტების წინაშე აღებული ვალდებულებების ეფექტური შესრულების მიზნით, EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციის ინსტიტუციონალიზება. ამისათვის, მნიშვნელოვანია, მთავრობამ შექმნას ეფექტური და ინკლუზიური ფორუმი სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული აქტორების მონაწილეობით, რომელიც მთავრობის მიერ აღებული რეკომენდაციების შესრულების პროცესის ეფექტურ მონიტორინგს შეუწყობს ხელს.

ამასთან, საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტური შესრულების მიზნით, EMC-ის განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნია, სახელმწიფოსთვის გაცემული რეკომენდაციების ტრანსფორმირება რელევანტურ, ხელშესახებ და გაზომვად ღონისძიებებში და მათი ასახვა ადამიანის უფლებათა მხარდამჭერ ეროვნულ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში.