EMC ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ბრალდებულების საქმეებს დააკვირდება

EMC_logoმუსლიმი თემის მიმართ სახელმწიფოს დისკრიმინაციული მიდგომებისა და ტერორიზმთან ბრძოლის დეკლარირებული პოლიტიკის ფარგლებში, მუსლიმური ჯგუფების თვითნებური რეპრესირების რისკების გათვალისწინებით, EMC სწავლობს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირის გამო მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში სახელმწიფოს მიერ დისკრიმინაციის აკრძალვის, რელიგიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების სავარაუდო დარღვევის ფაქტებს. EMC ასევე დააკვირდება აღნიშნული პროცესების გავლენას მუსლიმი თემის ზოგად უფლებრივ მდგომარეობაზე.

ამისათვის, EMC გეგმავს პანკისში, აჭარასა და ქვემო ქართლში მცხოვრები მუსლიმი თემების უფლებრივი მდგომარეობის დოკუმენტირებას. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების შესასწავლად, ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში სსკ) 327 1 (ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის ან ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისათვის გადაბირება) და 328 (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთისკონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება ანტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) მუხლების საფუძველზე დაკავებული აიუფ ბორჩაშვილის, დავით ფ.-ს, გიორგი ხ.-სა და გიორგი კ.-ს წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის განხილვას სასამართლოში. თუმცა, სასამართლო სხდომების დახურვის გამო, EMC-იმ მონიტორინგი ვეღარ გააგრძელა.

ორგანიზაციას ასევე დაგეგმილი ჰქონდა, 2015 წლის 29 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა) საფუძველზე დაკავებული პირების საქმის მონიტორინგი. თუმცა, საქმის გასაიდუმლოების გამო, EMC ასევე ვერ შეძლებს სასამართლო პროცესების დაკვირვებას. დაკავებულების ოჯახის წევრების მომართვის შემდეგ, რომელთაც არ გააჩნდათ ადვოკატის დაქირავების რესურსი, შექმნილ მდგომარეობაში ადამიანის უფლებების დაცვის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, ორგანიზაცია ჩაერთო სამი ბრალდებულისათვის ბრალის წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ეტაპებზე. თუმცა, გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ძირითად სტადიებზე მათ ინტერესებს კერძო ადვოკატები დაიცავენ.

2015 წლის 29 ნოემბერს დაკავებული პირების სისხლის სამართლის საქმის გასაიდუმლოების შესახებ გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც მათ ბრალი მხოლოდ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქვთ წარდგენილი და პროკურატურა გამოძიების ამ ეტაპზე ვერ ამტკიცებს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან მათკავშირს, აშკარად დაუსაბუთებელია და შეუძლებელს ხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს დაცვის მხარეს, რადგან იგი საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო წარმომადგენლების საჯაროდ განცხადებებს ვერ დაუპირისპირებს დასაბუთებულ შეპასუხებას. შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულ პირებს ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიურ მომხრეებად განიხილავს და ტერორისტულ ორგანიზაციასთან მათი შესაძლო კავშირებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ეჭვებზე უთითებს. ეს კი მათი მარგინალიზების მცდელობაა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვის უპირატესი არგუმენტით, სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და სხვა უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის რისკებს შეიცავს.

ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში, სახელმწიფომ განუხრელად უნდა დაიცვას ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაიაზროს, რომ თვითნებური რეპრესიული პოლიტიკა ცალკეული მუსლიმური ჯგუფების მარგინალიზების პროცესს გააღრმავებს  და რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეიძლება კონტრპროდუქტიული იყოს.

დღეს, სახელმწიფოს პოლიტიკა მუსლიმი თემების მიმართ არაეფექტური და დისკრიმინაციულია, რაც  სოციალური და პოლიტიკური სისტემებიდან მათ განდევნასა და დეზინტეგრაციას იწვევს. მეტიც, მუსლიმური რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის გზით სახელმწიფომ მუსლიმებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა მუსლიმებისთვის, რელიგიურ სივრცეების ჩაკეტვის და სრული გაუცხოების რისკები შექმნა, რაც  ცხადია, ხელს უწყობს რადიკალიზების პროცესს. ამ პირობებში, EMC მიიჩნევს, რომსაქართველოში რადიკალური ისლამის გამოვლინებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მოქმედი პოლიტიკა ფუნდამენტურ გადახედვას საჭიროებს. მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ რეპრესიაზე დაფუძნებულმა პოლიტიკამ შეიძინოს, სოციალური განზომილება უფრო მეტად.

EMC საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე ჩატარებული კვლევისა და მონიტორინგის შედეგების თაობაზე.