კოალიცია თანასწორობისათვის ანტიდისკრიმინაციულ კანონში შესატან ცვლილებებს ეხმაურება

fb_coverr (2)

(განცხადების სრული ტექსტი იხილეთ აქ)

კოალიცია თანასწორობისთვის მხარს უჭერს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში, სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებას. მიგვაჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილების მიღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების ეფექტურობის გაზრდას. კოალიცია აქტიურად იყო ჩართული სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებების მომზადებაში და მისი მოსაზრებების ნაწილი ასახულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში.

პარლამენტისთვის წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა დისკრიმინაციის საქმეებზე არსებულ სამართლებრივ მექანიზმებს ორი ძირითადი მიმართულებით აძლიერებს:

  1. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების წინააღმდეგ, მიმდინარე დისკრიმინაციის საქმეების განხილვის პროცესში, სახალხო დამცველის მანდატისა და კომპეტენციების გაზრდა;
  2. დისკრიმინაციის საქმეებზე სასამართლოში მიმართვის ხანდაზმულობის ვადის გაზრდა;

წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება დისკრიმინაციის საქმეებზე სასარჩელო ხანდაზმულობის არსებულ, არაგონივრულად მცირე ვადის (3 თვის) ერთ წლამდე გაზრდას   ითვალისწინებს.

კოალიცია იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს და დროულად შეძლებს მათ მიღებას. მით უფრო, რომ კანონმდებლობის გაუმჯობესების თაობაზე რეკომენდაციები უკვე აქვს გაცემული ევროპულ კომისიას, საქართველოსთან ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მესამე შესრულების ანგარიშში.

ამასთან, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია სახელმწიფომ იფიქროს მოქმედი ანტიდისრკიმინაციული მექანიზმების ფუნდამენტურ გაძლიერებაზე და არ შემოიფარგლოს მხოლოდ წარდგენილი ცვლილებებით. ამისათვის, კოალიცია კიდევ ერთხელ მიუთითებს თავის ანგარიშში[1] გაწერილ რეკომენდაციებზე, და ხაზს უსვამს კანონმდებლობაში, შემდეგი საკითხების  მოწესრიგების აუცილებლობას:

  1. სახალხო დამცველის მანდატის გაზრდა და მისთვის დისკრიმინაციის ჩამდენი კერძო პირებისა და ადმინისტრაციული ორგანოების სასამართლოს გზით სანქცირების, მათ შორის, დაჯარიმების ბერკეტის გადაცემა.
  2. კანონმდებლობაში დისკრიმინაციის საქმეებზე მორალური ზიანის ანაზღაურების მკაფიო საფუძვლების განსაზღვრა და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის per se მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობად განხილვა.
  3. სახალხო დამცველის მიერ სავარაუდო დისკრიმინაციის საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლებიდან ამავე საქმეზე ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის პირობის ამოღება.
  4. დისკრიმინაციის ფორმებს შორის, კანონმა სპეციფიკურად გაითვალისწინოს შევიწროება, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა.
  5. კერძო ხასიათის დავებში, სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეებზე, დაინტერესებული პირებისთვის სასამართლო მეგობრის მოსაზრების (amicus curiae) წარდგენის შესაძლებლობის მიცემა.
  6. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში სახალხო დამცველის მიერ სავარაუდო დისკრიმინაციის საქმების განხილვის ვადების განსაზღვრა.
  7. შრომით და ადმინისტრაციულ სამართლებრივ დავებში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაზრდა.
  8. სახალხო დამცველის მიერ საქმეთა actio popularis წესით განცხადებების განხილვის შესაძლებლობის დაწესება.

კოალიცია იმედოვნებს, რომ სახელმწიფო გაიზიარებს კოალიციის მიერ, დისკრიმინაციის საქმეების წარმოებითა და არსებული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, მომზადებულ რეკომენდაციებს და უზრუნველყოფს კანონში ადეკვატური ცვლილებების განხორციელებას.

[1] კოალიცია თანასწორობისთვის „ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება, ერთი წლის შედეგები“, OSGF, 2015 წელი. იხ: http://www.osgf.ge/files/2015/Publication/EU-Geirgia%20Association%20/Report_210x270mm.pdf