რა უნდა ეკლესიას

გიორგი ჩუბინიძე

2015 წლის 5 დეკემბერს, მთავრობისადმი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის მოწოდებამ, მიენიჭებინათ მისთვის შეწყალების უფლება, ესე იგი, უფლება გამონაკლისის დაშვებაზე, რომელიც დღემდე მხოლოდ საერო მმართველების უფლებამოსილებაში შედიოდა, ფართო ვნებათაღელვა გამოიწვია. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს მოწოდება სულაც არ იყო მოწოდება და მხოლოდ სპონტანურად გაჩენილი კეთილი სურვილი იყო იმ პატიმრების მიმართ, რომლებმაც თეატრალური დადგმა სამთავრობო და საეკლესიო პირების წინაშე შეასრულეს.

chubina (2)მთელ ამ ისტორიაში საინტერესო იყო არა ეკლესიის ნამდვილი განზრახვა, არამედ რეაქციები მასზე. თუმცა, კიდევ უფრო საინტერესო იყო ამ მოწოდების უკან წაღების ინტერპრეტაციაა. ჰქონდა თუ არა პატრიარქს სურვილი, დაუფლებოდა მნიშვნელოვან სიმბოლურ პოლიტიკურ ბერკეტს? იყო თუ არა ეს სურვილი მთლიანად მართლმადიდებლური ეკლესიის სურვილი თუ ეს მხოლოდ პატრიარქის სპონტანურად გამოხატული კეთილი ნება იყო? რამდენად თავსებადია ეს სურვილი ეკლესიის ზოგად სტრატეგიასთან, რომლითაც ის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობს?

ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ეს წამოცდენა საერო ძალაუფლების წარმომადგენელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მოთხოვნად წაიკითხა და მზად იყო, ამ საკითხზე საკანონმდებლო დონეზე მსჯელობისთვისაც კი. შემდეგ მოხდა ის, რომ ეკლესიამ თავადვე განმარტა ეს სიტყვები და ამით დაასრულა მცირე ქარიშხალი. მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მოვლენების ასეთმა განვითარებამ ერთგვარ ბურუსში დატოვა. ნუთუ საზოგადოების ნაწილის მკაცრმა რეაქციამ აიძულა ეკლესიას, უკან წაეღო მოთხოვნა? თუ ამჯერადაც პოლიტიკურმა ელიტებმა მოახდინეს თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ ეკლესიის მოთოკვა?

პატრიარქის პირველ განცხადებაზე რეაქციებიდან ორი ყველაზე უჩვეულო და ამავდროულად საინტერესო მომეჩვენა. პირველი ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის შეფასება იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ “…როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ერთადერთი სეკულარული დაწესებულებაც თავად ეკლესიაა. მან თავად ღმერთის სეკულარიზაციაც მოახერხა და ის პიროვნების კულტით ჩაანაცვლა.” ეკლესიის, რომელიც სახელმწიფო ძალაუფლების დაპყრობისკენ მიილტვის, ერთადერთ სეკულარულ დაწესებულებად დანახვა უცნაური პერსპექტივაა, თუმცა უფრო გასაგები გახდება, როცა კიდევ ერთ საინტერესო გამოხმაურებას შევხედავთ.

იურისტმა თამთა მიქელაძემ პატრიარქის ეს სურვილი ეკლესიისთვის კონტრპროდუქტიულად მიიჩნია და ამტკიცებდა, რომ “პოლიტიკურ სივრცეში ეკლესიის შემოჭრით, შეიძლება მან განამტკიცოს და გააფორმოს მისი პოლიტიკური ძალაუფლება, მაგრამ ამ პროცესში ის სულ უფრო მეტად დაკარგავს რელიგიურ ძალაუფლებას და კრიზისის წინაშე აღმოჩნდება. სწორედ სეკულარიზმის კონცეფცია აძლევს ეკლესიებს “სუფთა” ოპერირების და ამით ლეგიტიმურობის შენარჩუნების შესაძლებლობას.” სხვა სიტყვებით, ეკლესიის ‘სპირიტუალური’ ძალაუფლება სწორედ იმაში ძევს, რომ იგი საკუთარ სახეს სახელმწიფოსთან დისტანცირებით ინარჩუნებს, ხოლო ეს წამოცდენა, ერთი მხრივ, ძალაუფლებისკენ მოუთოკავი ლტოლვაა და მეორე მხრივ, გრძელვადიან პერსპექტივაში, თავად მისი ძალაუფლების შესაძლებლობის პირობაზე უარის თქმა, ესე იგი, თვითგანადგურებაა.

ჩემი წაკითხვით, პატრიარქის ეს განცხადება იყო წამოცდენა, სიმპტომი ნაწილობრივი ძალაუფლებისა, რომელსაც აბსოლუტური და ამავდროულად, შეუძლებელი ძალაუფლებისადმი თითქმის ინსტინქტური სწრაფვა აქვს. ზოგჯერ ეს თავადაც არ იცის, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა. ეკლესია კი ინსტიტუციაა, სხეული ორგანოებით, რომელიც გრძნობს საკუთარ ლიმიტებს და სასიცოცხლო სტრატეგიას, თავის შესაძლებლობის პირობებს, რომელთა გადაბიჯებაც მან რაციონალური თვალსაზრისით არც უნდა სცადოს. ეს სიტუაცია წააგავს იმ ადამიანის ისტორიას, რომელიც წამოცდენის შემდეგ აცნობიერებს, რომ მან სისულელე (არაცნობიერი ყოველთვის სულელია!) თქვა და მთელ შემდგომ ძალისხმევას მის ისეთ ინტერპრეტირებას უთმობს, რომლითაც იგი ამ წამოცდენას უბრალო ნათქვამად გაასაღებს. ნათქვამად, რომელშიც არაფერია უჩვეულო და შეუთავსებელი მის გარეგან იმიჯთან და პრობლემა მხოლოდ ჩასაფრებულთა არასწორ ინტერპრეტაციაშია.

ეკლესიის ტენდენცია თავის თავში უფრო და უფრო მეტი ძალაუფლება მოიცვას, პარადოქსულად სეკულარული ტენდენციაა, რომელიც თავისივე თავს აუქმებს და სწორედ ამ აზრით, ეკლესიაა ‘ერთადერთი’ სეკულარული ძალაუფლებაა, რომელიც ვერ აცნობიერებს საკუთარი სიკვდილისაკენ ლტოლვას, მის დესაკრალიზებას, ‘სულიერებისგან’ დაცლას. სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკურ ძალაუფლებად და ეკლესიის, როგორც სულიერ ძალაუფლებად წარმოჩენა და ამ ‘სუფთა’ სიმეტრიის შენარჩუნება თავად ეკლესიის სასიცოცხლო ინტერესებშია. ეკლესიას იმდენად აქვს ძალაუფლება, რამდენადაც საკუთარ თავს აპოლიტიკურად წარმოაჩენს. წარმოიდგინეთ რა დაემართება ამ ინსტიტუციას, რომელიც დღეს მარადისობის ადგილიდან საუბრობს, თუ ის პოლიტიკური ცხოვრების წარმავალი დროის ნაწილი გახდება.

ეკლესიის პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი მისი პოლიტიკური უხილაობაა. ჰეგემონური წესრიგისადმი ან ჰეგემონიისაკენ მიმავალი ძალებისადმი მუდმივი ლოიალურობა ეკლესიის უხილაობის გარანტია. ჰეგემონიაზე მიტმასნება მას აქცევს ნაწილად იმისა, რაც საყოველთაოდ მიღებულია და შესაბამისად, იშვიათად აჩენს ისეთ წინააღმდეგობებს, რაც მის პოლიტიკურობას თვალშისაცემს გახდის. გაიხსენეთ ეკლესიის მხარდაჭერა ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ერთადერთი ძალა, რომელსაც საქართველოში არ უნდა თეოკრატიული მმართველობის დამყარება, ეს – მართლმადიდებლური ეკლესიაა. ხელში აიღო სახელმწიფო ძალაუფლება ნიშნავს, აიღო პასუხისმგებლობა ადამიანების აწმყოსა და მომავალზე, რომელთა განწყობების სიმყიფეს მთელი პოლიტიკური ისტორია გვაჩვენებს. ეკლესია თავს გრძნობს როგორც თევზი წყალში მანამ, სანამ მას ჩრდილოვანი ძალაუფლება აქვს, ვიდრე არავის შეეძლება მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ისაუბროს, მანამ, სანამ ეკლესია ყველაფერს დაუჭერს მხარს, რაც დროის ცალკეულ მონაკვეთში საყოველთაოდ მიღებული და “სწორია”. ეკლესია ყოველთვის ძლიერ ძალაუფლებრივ აქტორებს შორის არსებობს და იგი იშვიათად მონიშნავს ადგილს, რომლითაც ის ანგარიშვალდებული გახდება მუდმივად ცვლადი განწყობების მქონე ‘ხალხის’ მიმართ, რომელიც გარდაუვალად მოარყევს იმ ‘საკრალურ’ ძალაუფლებას, რომელიც უარს ამბობს აღიაროს მისი პოლიტიკურობა.

აქედან გამომდინარე, საქართველოში სეკულარული ძალების (მემარცხენეების, ლიბერალების) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, ჩემი აზრით, ეკლესიის ძალაუფლების გაპოლიტიკურებაა. მისი წარმოჩენა პოლიტიკურ ორგანიზაციად, რომელიც ინსტიტუციურ დონეზე აცნობიერებს თავის გრძელვადიან ინტერესებს და ქმნის მოქნილ და წარმავალ პოლიტიკურ კოალიციებს ძალებთან, რომლებიც, ამა თუ იმ პერიოდში, ქმნიან ძალაუფლებრივ თანავარსკვლავედებს ეკონომიკურ/კულტურულ/გეოპოლიტიკურ აქტორებთან.