EMC 2015 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას აჯამებს

EMC_logo

[For English, please, scroll down]

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” წარმოადგენს 2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით განვითარებული მნიშვნელოვანი პროცესების მიმოხილვას, EMC-ის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე.

მართლმსაჯულება და სამართალდამცავი სისტემები

ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა და ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების, ასევე საზოგადოების მხრიდან ხანგრძლივი კრიტიკის საპასუხოდ, ხელისუფლებამ მიმდინარე წელს სამართალდამცავი სისტემის რეფორმის პროცესის ინიცირება მოახდინა. რეფორმის შედეგად გაიმიჯნა შსს-სა და უსაფრთხოების სამსახურები და შეიცვალა მთავარი პროკურორის შერჩევის წესი. მიმდინარე წელს ხელისუფლებამ ასევე გადადგა ცალკეული, თუმცა არასისტემური ნაბიჯები ნარკოპოლიტიკის, მათ შორის, ნარკოტესტირების რეფორმის მიმართულებით.

სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის მიუხედავად, გამოწვევად რჩება პოლიციისა და პროკურატურის ორგანოების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის და ფუნქციური ავტონომიურობის საკითხი. სამწუხაროდ, განხორციელებულმა რეფორმამ არ მოიცვა არაერთი ძირეული პრობლემა, რაც ამ სისტემებში არსებობს, მათ შორის, უწყებების დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება, საგამოძიებო სისტემის რეფორმა და სხვა. რეფორმის შედეგად ახლადშექმნილ უსაფრთხოების სამსახურს მიენიჭა დაუსაბუთებლად ფართო და სახიფათო უფლებამოსილებები, მათ შორის, დანაშაულის გამოძიების უფლება. ასევე შეუნარჩუნდა სასამართლო კონტროლის გარეშე პირად ცხოვრებაში ჩარევის შესაძლებლობა.

სამართალდამცავი ორგანოები არ იჩენდნენ სათანადო მზადყოფნას დროულად და ეფექტიანად აღეკვეთათ პოლიტიკური ნიშით განპირობებული ძალადობრივი ფაქტები და დაპირისპირების შემთხვევები, ორგანიზებული შეტევები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ოფისებზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სახლებთან განვითარებული მოვლენები და სხვა.  პოლიციელთა პოლიტიკური მიუკერძოებლობის საკითხი ასევე დადგა სხვადასხვა რეგიონში წამებისა და ძალადობრივი კადრების საჯარო ჩვენებებისას, როდესაც სამართალდამცავებმა არაეფექტური რეაგირება გამოავლინეს.

კვლავ გამოწვევად დარჩა პოლიციელების მხრიდან მოქალაქეთა წინააღდმდეგ ძალის გადამეტების ფაქტები, ასევე მათზე ეფექტიანი რეაგირებისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ამ დრომდე არ გამოუხატავს ნათელი პოლიტიკური ნება, შექმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი.

მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე წელს განსაკუთრებულ გამოწვევად დარჩა მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის, ასევე მათი დაწინაურების არაჯანსაღი და ბუნდოვანი პროცესები და ზოგადად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვლობის  და საბჭოს მოქმედებების დაუსაბუთებლობის პრობლემები. კვლავ შენარჩუნდა სასამართლოებში საქმის განაწილების წესთან დაკავშირებული პრობლემები. არაერთი კითხვა გააჩინა მედიასთან და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებში სასამართლოს დაუსაბუთებელმა გადაწყვეტილებებმა.

ნარკოპოლიტიკაში არსებული საკითხების სიმწვავე აჩვენა ნარკოტესტირების შედეგად ლევან აბზიანიძის გარდაცვალებამ ქუთაისში. მიუხედავად მიმდინარე წელს განხორციელებული ცვლილებებისა, ნარკოპოლიტიკა კვლავ რჩება რეპრესიულ და მძლავრ საპოლიციო იარაღად ხელისუფლების ხელში. მიმდინარე წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დიდი ოდენობით მარიხუანას შეძენა-შენახვის საქმეში გაკეთებული მნიშვნელოვანი და პროგრესული განმარტებები სათანადოდ საჭიროებს ასახვას სახელიმწიფოს პოლიტიკასა და კანონმდებლობაში.

ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღება წინგადადგმული ნაბიჯი იყო ქვეყანაში თანასწორობის უზრუნველყოფისთვის. თუმცა, იმის გამო, რომ კანონი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების ეფექტური მუშაობა მნიშვნელოვნად რთულდება. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია კერძო პირთა მიმართ დისკრიმინაციის საქმეების წარმოებაში სახალხო დამცველის შეზღუდული და სუსტი მანდატი, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულების ინსტრუმენტების არ არსებობა, სასამართლო სისტემის მოუმზადებლობა დისკრიმინაციის საქმეების წარმოებისთვის, დისკრიმინაციის პრევენციის მიზნით სახელმწიფო უწყებების მიერ ზოგადი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის განუხორციელებლობა.

მიმდინარე წელს რელიგიის თავისუფლების მდგომარეობა ქვეყანაში არსებითად არ შეცვლილა და არსებული სისტემური პრობლემების გადაჭრის მიზნით სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაუდგამს. რელიგიის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკა არასეკულარულ და დისკრიმინაციულ მიდგომებს ეფუძნება და მართლმადიდებელი ეკლესიის ექსკლუზიურ პრეფერენცირებას ახდენს.

საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სახელმწიფოს მიერ სეკულარიზმის პრინციპის დარღვევის რამდენიმე უხეში შემთხვევა, რაც სახელმწიფო პოლიტიკაში ეკლესიის მონაწილეობის ინსტიტუციონალიზების ტენდენციას ქმნის.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პოლიტიკა, რომელიც რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ძირითად სამთავრობო უწყებად იქცა, არ პასუხობს რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებს და ის ძირითადად რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის გზით არსებული პრობლემების გადაფარვას ცდილობს. სააგენტოს ხელში ძალაუფლების კონცენტრირების მიუხედავად, მან ვერ მოახერხა მიმდინარე რელიგიური კონფლიქტების პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა, რაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი პოლიტიკური ნების არ არსებობაზე უნდა უთითებდეს.

სახელმწიფო კვლავ აგრძელებს მუსლიმური რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის პოლიტიკას, რაც მათგან მუსლიმი თემის გააუცხოებას იწვევს და ამ გზით ხელისუფლება მას თვითრეპრეზენტაციისთვის რელიგიურ სივრცეებსაც ართმევს. EMC მიიჩნევს, რომ ცალკეული ისლამური ჯგუფების რადიკალიზების პრობლემა, მათ შორის, მუსლიმი თემის მიმართ სახელმწიფოს დისკრიმინაციული და რეპრესიული პოლიტიკით არის განპირობებული.

წინა წლებისგან განსხვავებით, 2015 წელს სოციალური ხასიათის რელიგიური ძალადობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. თუმცა, მანამდე გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტები რეალურად კონსერვირდა და სახელმწიფომ ამ დრომდე არ უზრუნველყო დისკრიმინირებული რელიგიური თემების უფლებების დაცვა, მათ შორის, სამთაწყაროში, ქობულეთში, თერჯოლასა და მოხეში.

რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ არც ერთ გახმაურებულ საქმეზე არ იქნა უზრუნველყოფილი ეფექტური გამოძიების ჩატარება და არც ერთი პირი არ დასჯილა. დაუსჯელობის პირობებში რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რიცხვი ქვეყანაში  საგრძნობლად გაზრდილია, რასაც ყველაზე მარგინალიზებული რელიგიური თემის, იეჰოვას მოწმეთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა ადასტურებს.

საკულტო ნაგებობების მშენებობის პროცესში რელიგიური ორგანიზაციები კვლავ აწყდებიან დისკრიმინაციულ მოპყრობას ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მხრიდან.

ადვოკატირების მცდელობების მიუხედავად, საჯარო სკოლებში ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა და დისკრიმინაციის პრაქტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სახელმწიფოს კვალვ უმოქმედებას ავლენს.

ლგბტ პირთა უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა ასევე არ შეცვლილა. ჰომოფობიური დისკურსის ზრდისა და ხელისუფლების მხრიდან საკითხის პოლიტიზირების ფონზე, ლგბტ თემისა და თემატიკის კიდევ უფრო მარგინალიზება ხდება. საკითხის პოლიტიზირების კონტექსტში ხაზგასასმელია პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადება კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის შეცვლისა და მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ქორწინებად მისი დავიწროების თაობაზე.

2013 წლის 17 მაისს ლგბტ აქტივისტების შეკრების ძალადობრივი დარბევისა და სახელმწიფოს აშკარად არაეფექტური პოლიტიკის გათვალისწინებით, თემის წევრებმა 2014 და 2015 წლებში ფაქტობრივად ვერ მოახერხეს შეკრების თავისუფლებით სარგებლობა. 2015 წლის 17 მაისს მკაცრად გასაიდუმლოებულ პირობებში ჩატარებული რამდენიმე მცირე, იზოლირებული აქციის ჩატარება არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სახელმწიფოს მიერ ლგბტ თემის წევრებისთვის შეკრების თავისუფლების რეალური უზრუნველყოფა.

მიმდინარე წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განჩინებები მიიღო ჰომოფობიური და ტრანსფობიური მოტივით ჩადენილი დანაშაულების ორ გახმაურებულ საქმეზე – 2013 წლის 17 მაისს ლგბტ აქტივისტების აქციის ძალადობრივი დარბევისა და ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე. 2013 წლის 17 მაისის საქმეზე მიღებული გამამართლებელი განაჩენის ანალიზი აჩვენებს, ერთის მხრივ, საგამოძიებო ორგანოების არაეფექტურ საქმიანობასა და მეორეს მხრივ, სასამართლოს აშკარად დაუსაბუთებელ სამართლებრივ შეფასებებს.

ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტური გამოძიებისა და პრევენციის მიზნით სამართალდამცავი ორგანოები არ უზრუნველყოფენ აუცილებელი სისტემური ღონისძიებების განხორციელებას. მათ შორის, სახელმწიფოს არ გააჩნია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები; არ აწარმოებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩაღრმავებულ სტატისტიკას; არ გააჩნია სიძულვილით მოტივირებული სპეციალური სამსახური, რომელიც სათანადო ცოდნითა და მგრძნობელობით იქნება აღჭურვილი;

ლგბტ ორგანიზაციების აქტიური ადვოკატირების მიუხედავად, სახელმწიფომ მიმდინარე წელს ასევე არ უზრუნველყოფს ტრანსგენდერი პირების გენდერის აღიარების პროცედურის დარეგულირება ისე, რომ აღმოიფხვრას  ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის უხეში დარღვევის არსებული პრაქტიკა

სოციალური პოლიტიკა

მიმდინარე წელს მთავრობამ შექმნა შრომის ინსპექტირების სისტემის ჩანასახოვანი მექანიზმები შრომის ინსპექტირების დეპარტამენტისა და შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფორმირების გზით, რაც დეპარტამენტისათვის უკიდურესად ლიმიტირებული მოქმედების სფეროსა დაუფლებამოსილების განსაზღვრაში გამოიხატებოდა და მას იმთავითვე არაეფექტურ მექანიზმად აქცევდა.საანგარიშო პერიოდში არსებითად არ გადახედილა შრომის პოლიტიკა. შესაბამისად, დასაქმებულთა უფლებების მინიმალური გარანტირებაც კი არსებული ხელისუფლების მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

საწარმოებში და დაწესებულებებში შრომის უსაფრთხო გარემოს თვალსაზრისით არსებული ვითარება უკიდურესად მძიმეა, რაც განსაკუთრებულად მიემართება მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე დასაქმებულ პირებს. სახელმწიფოს მიერ შექმნილი შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი მყიფე მექანიზმია, რაც ძალაში ტოვებს უსაფრთხოებისა და შრომის პირობების ეფექტური მონიტორინგის მექანიზმის შექმნის საჭიროებას. ამასთან, არაქმედითია სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამმხრივი კომისია, ხოლო მედიაციის მექანიზმის გამოყენების არსებული გამოცდილება აჩვენებს რომ იგი არ წარმოადგენს ეფექტურ ინსტრუმენტს.შრომის უფლების მარეგულირებელი ნორმატიული სივრცე, მიუხედავად „შრომის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებისა, კვლავ აჩვენებს საკანონმდებო ბაზის მნიშვნელოვნად გადახედვისა და დახვეწის საჭიროებას.

საანგარიშო პერიოდის მანძილზე უსახლკარო პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არ გადადგმულა ნაბიჯები. უფრო მეტიც, გაძლიერდა სახელმწიფო ობიექტებში მცხოვრები უსახლკარო პირების მიმართ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა.

საცხოვრისის უფლება არ გამხდარა ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ნაწილი, რაც ამ საკითხის, როგორც გამოწვევის, არაღიარების მაჩვენებელია. დღეის მდგომარეობით, კვლავ არ არსებობს საცხოვრისის უფლების გარანტირების მატერიალური, პროცედურული თუ ინსტიტუციური მექანიზმების ჩანასახებიც კი, რაც სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობად შეიძლება დახასიათდეს.სახელმწიფო არ აწარმოებს ქვეყანაში უსახლკარობის მასშტაბის, ამ პირების საჭიროებების, ასევე უსახლკარობის ფორმებისა და მიზეზების შეფასებას. შესაბამისად, მის მიერ გატარებული ფრაგმენტული და ზედაპირული პოლიტიკა ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და უსახლკარო ჯგუფებს უკიდურეს სიღარიბეში ტოვებს.

სახელმწიფოს საკუთრებაში თვითდახმარების მიზნით შეჭრილი უკიდურესად მოწყვლადი ჯგუფების მიმართ სახელმწიფო აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას. უახლესი საკანონმდებლო ცვლილებები, სახელმწიფო შენობებიდან უსახლკარო პირთა გამოსახლების საკითხს ექსკლუზიურად სისხლის სამართლის სფეროს რეგულირებას მიაკუთვნებს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ამ პირთა უფლებრივ მდგომარეობას და აგრძელებს სახელმწიფოს რეპრესიულ პოლიტიკას, იმ პირობებში როდესაც სახელმწიფო მათ მიმართ არ ასრულებს პოზიტიურ ვალდებულებას ღირსეული ცხოვრების პირობებით უზრუნველყოფის თაობაზე.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გაატარა ქმედუნარიანობის სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, რის შედეგად ნების ჩანაცვლების მოდელი გადაწყვეტილების მიღებაში მხარდაჭერის მოდელით შეიცვალა. ამასთან, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე მონიტორინგის ორგანად სახალხო დამცველის აპარატიგანისაზღვრა.

მიუხედავად დასახელებული პოზიტიური განვითარებებისა,სახელმწიფოს პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს არსებითი რეფორმა არ განუცდია, რამაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა. კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობა უმეტეს შემთხვევაში არ შეესაბამება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მთავარ პრინციპებს და უმეტესად, წინააღმდეგობაშია მასთან.ნორმატიული ბაზა და პოლიტიკა კვლავ სამედიცინო მოდელს ეფუძნება. ამ დრომდე არ არსებობს გაეროს კონვენციისიმპლემენტაციასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ეფექტური ინსტიტუციური ჩარჩო.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება გარემოს, ინფორმაციასა და სერვისებზე მისაწვდომობის უფლების რეალიზება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასათანდო წვდომა/გამორიცხვაშრომითი ბაზრიდან, განათლების, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სერვისებიდან.

დასკვნა

EMC მიიჩნევს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის კუთხით განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენდა სახელმწიფოს მხრიდან თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელების არაეფექტურობა, ასევე ინსტიტუციური რეფორმების ზედაპირულობა და ფრაგმენტულობა, რაც ვერ უზრუნველყოფს ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას პოლიტიკური და სხვა არასათანადო გავლენებისგან თავისუფალ პირობებში. გამოწვევად რჩება ის, რომ სახელმწიფოს სტრატეგიული ხედვების და აღიარების მიღმა რჩება სოციალური მოწყვლადობის და სოციალური პოლიტიკის საკითხები.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მომავალ წელს გააძლიეროს მუშაობა ადამიანის უფლებების დაცვის, განსაკუთრებით კი თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, გეგმის ფარგლებში დაწყებული რეფორმები არ შეწყვიტოს.

ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე წინასაარჩევნო პროცესების შესაძლო ნეგატიური გავლენების გათვალისწინებით, აუცილებელია სახელმწიფომ უზრუნველყოს მისი უსაფრთხო, დემოკრატიულ და პლურალურ გარემოში ჩატარება და სახელმწიფო უწყებების პოლიტიკური და რელიგიური ნეიტრალიტეტის განუხრელი დაცვა.