ინფორმაცია უსახლკაროთა რეგისტრაციის წესის შესახებ

post2015 წლის 27 ნოემბერს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უსახლკარო პირთა რეგისტრაციის წესი დაამტკიცა. რეგისტრაციის წესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:

1) ქალაქ თბილისში რეგისტრირებულ პირებს საშუალება ეძლევათ, მიმართონ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ კომისიას, შეავსონ სათანადო განაცხადი, თან დაურთონ დამატებითი დოკუმენტაცია და მოითხოვონ უსახლკარო პირის სტატუსის რეგისტრაცია თუ:

  • არ გააჩნიათ საკუთრება, ან მართლზომიერი მფლობელობა/სარგებლობის უფლება საცხოვრებელ სადგომზე;
  • არ აქვთ შემოსავალი;
  • ან აქვთ ასეთი ქონება/შემოსავალი, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ის არ არის საკმარისი მათი საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის;

2) კომისია განიხილავს შესულ განცხადებებს და თბილისის მერიის შესაბამის საქალაქო სამსახურს აძლევს რეკომენდაციას პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის, ან ასეთ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. ამ რეკომენდაციის საფუძველზე, მერიის საქალაქო სამსახური იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

3) უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე დადებითი რეკომენდაციის გაცემის შემთხვევაში, კომისია გასცემს რეკომენდაციას უსახლკარო პირთა თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის,  ან მათი მომლოდინეთა სიაში ჩასმის შესახებ.

4) ფართით უზრუნველყოფის რეკომენდაციის გაცემის შემთხვევაში, უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის ფართით დაკმაყოფილების გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა, რიგითობის პრინციპის მიხედვით. ფართით დაკმაყოფილების გადაწყვეტილების მიღებისას, პრიორიტეტი მიენიჭებათ შემდეგ პირებს:

  • მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათი ოჯახის წევრებს;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან პირებს და მათი ოჯახის წევრებს;
  • ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ვეტერანის სტატუსით რეგისტრირებულ პირებს;
  • მარჩენალდაკარგულის და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირს და მის არასრულწლოვან შვილ(ებ)ს;
  • მრავალშვილიან ოჯახს;
  • გარკვეული ტიპის წოდებებისა და ჯილდოების მქონე პირებს.

აღსანიშნავია, რომ მიღებული წესის მიხედვით, პირის უსახლკაროდ რეგისტრაცია არ წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, რაიმე კონკრეტულ ვადაში თავშესაფრით დააკმაყოფილოს ის.

EMC-იმ შეაფასა მიღებული წესი და მიიჩნია, რომ ის ვერ პასუხობს უსახლკარო პირთა საჭიროებებს, თუმცა საცხოვრისის საჭიროების მქონე პირთა აღრიცხვა, ამ წესით რეგულირებული მნიშვნელოვანი სიახლეა. აქედან გამომდინარე, EMC სთხოვს დაინტერესებულ პირებს, გაავრცელონ აღნიშნული მიმართვა, რათა მიაწოდონ ინფორმაცია რეგისტრაციის მსურველ პირებს.