საზოგადოებრივი ფორუმი სასამართლო სისტემის გამოწვევების შესახებ

IMG_168721 დეკემბერს, სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის საქართველოს სასამართლო სისტემის გამოწვევების შესახებ საზოგადოებრივი ფორუმი გამართა. 

ფორუმი გახსნეს დუგლას ბოლიმ (ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი), ნინო გვენეტაძემ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე), დავით უსუფაშვილმა (საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე)  და ალექსანდრე ბარამიძემ (საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე), რომლებმაც ისაუბრეს საქართველოს სასამართლო სისტემის ამჟამინდელ გამოწვევებზე.

საქართველოს სასამართლო სისტემის ამჟამინდელი გამოწვევების განსახილველად ფორუმში მონაწილეობას მიიღეს სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. კოალიციამ კი წარმოადგინა მოსაზრებები მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის, საქმეთა განაწილებისა და მოსამართლეთა სპეციალიზაციის პრობლემებზე.

ეს კოალიციის მიერ ორგანიზებული რიგით მე-13 საზოგადოებრივი ფორუმია. კოალიცია ერთიანებს 30-ზე მეტ უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციას და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების მხარდაჭერას  სასამართლო პრაქტიკის მონიტორინგისა და რეფორმების ადვოკატირების გზით.

ფორუმს მხარს უჭერს ამერიკის მთავრობა USAID-ის  პროექტის, კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) საშუალებით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.

IMG_1654 IMG_1666 IMG_1711 IMG_1735