დავსვათ სწორი კითხვები

კატარინა პრინციპე // დენ რასელი
სოსო ჭაუჭიძის თარგმანი

გამოქვეყნდა Jacobin-ზე

მემარცხენეობა ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ დიდი გამოწვევების წინაშე დგას. როგორი პოლიტიკური სტრატეგია გვჭირდება წინსვლისთვის?

katarina

“პირელის” მუშები კარაბინიერების წინააღმდეგ. მილანი, 1969, “ცხელი ზაფხული”. Libcom


რთულია პოლიტიკურ პროექტ “სირიზას” დაცვის სამუშაოს უკეთ გაართვა თავი – როგორც მათ წინაშე, ვინც მას დასაწყისშივე კიცხავდნენ, ისე მათ წინაშე, ვინც ახლა, ლიდერთა კაპიტულაციას ამართლებს – ვიდრე ეს, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სტატის კუველაკისმა მოახერხა. თუმცა, კუველაკისი არა მხოლოდ „სირიზას“, ან, უფრო ზოგადად, “ახალ” ევროპულ მემარცხენეობას იცავდა, არამედ თავად მასობრივი მუშათა პარტიების შენების სტრატეგიასაც – ბრძოლის მეშვეობით კლასობრივი ცნობიერების ორგანიზებისა და გარდაქმნის იდეას – სტრატეგიას, რომლის საცეცებიც შორეულ მეცხრამეტე საუკუნეს სწვდება.

კუველაკისის პოზიცია ძალიან განსხვავდება, მაგალითისთვის, ტედ ტიცესა და სხვათა პოზიციებისგან, ვინც ქამრების შემოჭერის პოლიტიკური ალტერნატივის შესაძლებლობას უარყოფს და ყურადღება პარლამენტის გარეთ მოძრაობების განვითარებაზე გადააქვს.

მაგრამ ქამრების შემოჭერის პოლიტიკის დასრულების სიცოცხლისუნარიანი მემარცხენე სტრატეგია სოციალურისა და პოლიტიკურის შეპირისპირებას ვერ დაუშვებს: პოლიტიკურმა ალტერნატივამ საკუთრივ თავისი სოციალური საფუძველის ჩაყრაშიც უნდა მიიღოს მონაწილეობა. სხვა არაფერი გახლდათ “სირიზას” პროექტიც, რომელსაც ახლა, მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელის ლიდერებმა მემორანდუმის წინააღმდეგ გამართული ბრძოლის ველი მიატოვეს, ახლად ჩამოყალიბებული “სახალხო ერთობა” გააგრძელებს.

მარცხებისა და უკან დახევის მიუხედავად, ეს პროექტები ერთადერთ სიცოცხლისუნარიან გზას სახავენ – გზას, რომელიც საბოლოოდ არა მხოლოდ ქამრების შემოჭერის პოლიტიკის, არამედ კაპიტალიზმის გარღვევისკენ მიგვიძღვის. ზოგიერთ ჩვენგანს, მათ, ვინც სახელმწიფო ძალაუფლების საკითხს ჯერ კიდევ არ შეჯახებია, მოუწევს სწორი დასკვნები გამოიტანოს როგორც “სირიზასგან”, ისე იმ ისტორიისგანაც, რომლის წიაღშიც ეს უკანასკნელი აღმოცენდა.

რეფორმა და რევოლუცია

მასობრივი მუშათა პარტიების შენების პირველი გამოცდილება პირველ მსოფლიო ომის აფეთქებითა და ევროპული მოძრაობის შუქურების, გერმანული და ფრანგულ სოციალ-დემოკრატიული პარტიების ლამის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით –  სოციალისტური ინტერნაციონალიზმის დიადი მიზნის ღალატითა და თავიანთი მთავრობების საომარ მარშში ზურგის გამაგრებით –  დასრულდა.

უმცირესობაში მოყოლილი ოპოზიციის გაერთიანების ამოცანა ბოლშევიკებს დაეკისრათ. მათმა მცდელობებმა საფუძველი ჩაუყარა ახალ ინტერნაციონალს, რომელიც რუსული რევოლუციის გარიჟრაჟზე ცოტა ხნით გამთლიანდა.

მესამე ინტერნაციონალსა და მასობრივ რევოლუციურ პარტიებს, რომლებიც თავიანთ თავს რეფორმისტულ სოციალ-დემოკრატიასთან წინააღმდეგობაში განსაზღვრავდნენ, სივრცე კონკრეტულ გარემოებათა გამო, გამოუთავისუფლდათ. ვგულისხმობ მაღალი ინტენსივობის კლასობრივ ბრძოლას, რომელიც ომმა გააჩაღა.

და მაინც, მხოლოდ ლიდერების მკვლელობებითა და სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან გაძევებით, ისედაც განადგურებულმა გერმანელმა კომუნისტებმა, შეძლეს მყარი წინააღმდეგობა გაეწიათ ძალაუფლებისთვის იქამდე, სანამ რევოლუციური ტალღა უკან დაიხევდა, სოციალ-დემოკრატია საყრდენს შეიძენდა და სტალინიზმი ფატალურად გარდაქმნიდა ახალგაზრდა კომუნისტურ პარტიებს.

ოფიციალური კომუნისტური და სოციალ-დემოკრატიული მოძრაობებიდან, რომლებიც მუშათა მოძრაობებს მეორე მსოფლიო ომამდე და მის შემდეგ  მართავდნენ, გარიცხეს ყველა, ვინც დამოუკიდებელი რევოლუციური კურსის მოხაზვა სცადა. ვიდრე რევოლუციონერები მასობრივ აუდიტორიას შეიძენდნენ, გარკვეული ცვლილებები უნდა მომხდარიყო: სტალინის დანაშაულთა გამოაშკარავება, საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთისა და ჩეხეთის ამბოხებათა ჩახშობა და მილიტანტური კლასობრივი ბრძოლის დაბრუნება 60-იანებსა და 70-იანებში.

ამ უკანასკნელმა დასავლეთ-ევროპული კომუნისტური პარტიების კონსერვატიზმი ამხილა და მათ მარცხნივ ისეთი ახალი ფორმირებებისთვის გამოათავისუფლა სივრცე, როგორებიც ბრიტანული სოციალისტური პარტია და ფრანგული რევოლუციურ-კომუნისტური ლიგა იყო. თუმცა, 1970-იანი წლების მიწურულს, ნეოლიბერალური იერიშის გარიჟრაჟზე, ეს პარტიები დასუსტდნენ.

შეუქცევადად დასუსტდნენ ტრადიციული სოციალ-დემოკრატიული პარტიებიც. სოციალ-დემოკრატიის რეფორმაზე ორიენტირებულმა მემარცხენე ფრთამ მარცხი განიცადა და უკან დაიხია, მემარჯვენე ფრთამ კი ნეოლიბერალიზმის მართვას სიამოვნებით მიჰყო ხელი. მაშინ, როდესაც ეს ყოფილი მუშათა პარტიები ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გატარებას იწყებდნენ, დისიდენტი სოციალ-დემოკრატები, კომუნისტები და სხვები ქმნიდნენ ახალ პარტიებს, რომლებიც სოციალურ მოძრაობებთან თანამშრომლობდნენ და ერთვებოდნენ დებატებში, სადაც ნეოლიბერალიზმთან დაპირისპირების საუკეთესო გზებს განიხილავდნენ. გასული ათწლეულის განმავლობაში, ისეთმა ფორმირებებმა, როგორებიც Bloco de Esquerada, Die Linke და “სირიზა” არიან, სოციალ-დემოკრატიის მიერ დატოვებული ვაკუუმი ამოავსეს.

სამწუხაროდ, ის, რაც 1930-იანი წლებიდან 80-იანებამდე აუცილებლობა გახლდათ – დამოუკიდებლად მუშაობის სიძნელისა თუ შეუძლებლობის ფონზე, მასობრივი რეფორმისტული და ოფიციალური კომუნისტური პარტიების შიგნით მცირერიცხოვანი რევოლუციური ჯგუფების ჩამოყალიბება –  ზოგიერთი რევოლუციონერი, ზოგადად სოციალური დემოკრატიისა და კონკრეტულად ბოლშევიკების გამოცდილების არასწორი ინტერპრეტაციის მეშვეობით, ღირსებად ასაღებს.

ცარისტული რუსეთის რეპრესიულ კონტექსტში ბოლშევიკები განსაკუთრებული “რევოლუციური” პარტიის კი არა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის შენებას ცდილობდნენ. სწორედ ამ კონტექსტმა და მენშევიკებისგან გამოყოფამ – და არა რაიმე სახის თეორიულმა სიწმინდემ – განაპირობა გერმანიის პარტიულ მანქანაში გაბატონებული რეფორმისტული ტენდენციების მარგინალიზება რუსეთში.

თანამედროვე კლასობრივი ბრძოლისთვის, ომამდელი სოციალური დემოკრატიის ყველაზე რელევანტური გაკვეთილი ის გახლავთ, რომ პირველ რიგში, უნდა შეიქმნან პარტიები, რომლებიც, თავის მხრივ, რეფორმებისთვის ბრძოლის გზით, მუშათა მოძრაობებში წამყვან პოზიციას დაიკავებენ. რევოლუციური პოლიტიკა მხოლოდ ხელშესახებ გამარჯვებათა მოპოვების კოლექტიური გამოცდილებითა და რეფორმიზმის ლიმიტების გადამოწმებით მოიპოვებს  უმრავლესობას.

დიახ, მართალია, რომ ასეთი ფორმირებები ომის შემდგომი სოციალური დემოკრატიის წიაღში არსებულ წინააღმდეგობებს გადაათამაშებენ, მაგრამ ეს მათ სულაც არ წირავს იმავე შედეგების გარდაუვალი გამეორებისთვის. და ის რევოლუციონერები, რომლებიც პოლიტიკური ფორმირებების შექმნისა და ჩამოყალიბების ამოცანას  რეფორმისტებს უთმობენ, ფორმირებებისა, რომელთაც ძალუძთ, მუშათა კლასის უმრავლესობა მიიზიდონ და პოლიტიკურ ბრძოლაში ჩააბან, არა მხოლოდ მათ, არამედ ნებისმიერ “ცალკეულ” რევოლუციურ პროექტსაც უთხრიან ძირს.

ახალი ტიპის პარტიები

ნეოლიბერალიზმის აღზევებისა და ტრადიციული სოციალ-დემოკრატიული პარტიების მასობრივ, მუშათა პარტიებიდან ქამრების შემოჭერის ადმინისტრირების პარტიებად წანაცვლების პარალელურად, პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი მარჯვნივ გადაიხარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპაში ფუნქციური კეთილდღეობის სახელმწიფოსა და შრომითი უფლებებისთვის ბრძოლა რამდენიმე ათწლეულით დაობლდა.

მარჯვნივ დინებამ, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლა და ანტი-საომარი და ალტერ-გლობალისტური მოძრაობები შეუწყვილდნენ, გახსნა პოლიტიკური სივრცე, რომელიც ახალ მემარცხენეობას უნდა დაეკავებინა.

ეს პარტიები სტალინიზმის უარყოფასა და იმ ახალ იდეას დაეფუძნნენ, რომელიც, ლიბერალიზებული სოციალური დემოკრატიის საზოგადოებრივი საფუძვლის ჩავლების მიზნით, სოციალურ მოძრაობებთან შეკავშირების გზებს განიხილავდა.

ამის გაკეთება ტრადიციული სოციალ-დემოკრატიული პარტიების ცენტრალური პროგრამული პუნქტების – კეთილდღეობის სახელმწიფოსა და შრომითი უფლებების დაცვის – ათვისებასა და ფემინისტურ და გარემოს დაცვით მოთხოვნათა შედარებით ვრცელი შრის დამატებას ნიშნავდა. მაშინ, როდესაც ევროპაში და მის მიღმა, პოლიტიკა მარჯვნივ უხვევდა, ამ პოლიტიკების გარშემო ორგანიზების ტვირთი რადიკალებზე მოდიოდა.

მასობრივი მუშათა კლასის პარტიების შენებას ორი იდეით შეუდგნენ: პირველის თანახმად, პარტია სოციალური ინტერვენციის ინსტრუმენტია, რომელიც საზოგადოებრივ და  მშრომელთა მოძრაობებთან, ქვემოდან ორგანიზების მცდელობებთან უნდა ურთიერთქმედებდეს და ამავე დროს, ავტონომიურ პოლიტიკურ პროგრამას აგებდეს და იბრძოდეს სახელმწიფო ძალაუფლებისთვის. მეორის თანახმად, ახალი მემარცხენეობის მხარდამჭერი ბაზა არა მხოლოდ მასობრივ მუშათა პარტიების ტრადიციული მხარდამჭერებისგან, არამედ მთლიანად პოლიტიკური სისტემით გაწბილებულთა მილიონებისგან შედგება.

ეს ახალი დინებები იმის გაცნობიერებას დაეფუძნა, რომ არ იყო საჭირო მემარცხენე-რეფორმისტული მოთხოვნების გარშემო ხალხის მიმხრობის მცდელობისა და შედარებით რადიკალური იდეებისა და დინებების მხარდაჭერის მოთხოვნის ერთმანეთთან შეპირისპირება. პირიქით, მსგავსი ფართო ჩაბმულობა ჩვეულებრივი ხალხისთვის მემარცხენეობის რელევანტურობის შენარჩუნების ერთადერთი გზა გახლდათ.

ამ პარტიათა იდეოლოგიურად გაფანტული კომპოზიცია მათი პროგრესული მიმართულებით ტრანსფორმაციის შესაძლებლობას უშვებს და, ამავე დროს, რადიკალებს ფართო საჯარო პლატფორმას სთავაზობს. მემარცხენე-რეფორმისტულ პროექტებში ჩართულობა გახლდათ ის, რამაც რევოლუციური იდეები ცოცხლად შემოინახა.

დღესდღეობით, ახალი მემარცხენე პარტიები მრავლდებიან, მაგრამ ბევრი ევროპელი მემარცხენისთვის ჯერ კიდევ არ არის ცხადი, საით მივდივართ. ამ დებატებში ჩვენი წვლილის შესატანად სამ სტრატეგიას შემოგთავაზებთ:

ფართო მემარცხენე პარტიები არც ციდან ჩამოცვენილან და არც მცირე რადიკალური თუ რევოლუციური ჯგუფების კეთილი ნების საფუძველზე აღმოცენებულან: ისინი შედარებით ვრცელი პოლიტიკური მობილიზაციების ნაყოფია, რომელთაც თავის დროზე არსებულმა პარტიებმა ფეხი ვერ აუწყვეს.

ამ “ახალი ტიპის” პარტიათა ერთ-ერთი ცენტრალური ამოცანა ნეოლიბერალიზებული სოციალ-დემოკრატიული პარტიებისთვის ნიადაგის გამოცლაა, მათი მხარდამჭერი ბაზის ამოტუმბვის საფუძველზე. ეს კი შესაძლებელია იმდენად, რამდენადაც არსებობს ავტონომიური პოლიტიკური პროექტი, რომელიც უარს ამბობს ტრადიციული სოციალ-დემოკრატიული პარტიების საყრდენის როლზე და ამავე დროს, იბრძვის რეფორმებისთვის, ცდილობს მიიზიდოს საზოგადოებრივი უმრავლესობები და ეპაექროს სახელმწიფო ძალაუფლებას.

ამას გარდა, მემარცხენე-ცენტრისტულ პარტიებთან თითოეულ წყვეტას ადგილი ჰქონდა იმის გამო, რომ ფორმაცია მარცხნიდან ზემოქმედებდა – როგორც ეს სოციალისტური პარტიის, Die Linke-ს ჩამოყალიბებაში ოსკარ ლაფონტენისა და გერმანული სოციალ-დემოკრატიული პარტიის სხვა მემარცხენე წევრების ჩართულობას მოჰყვა.

თუმცა, ეს ტაქტიკა მხოლოდ ნახევრად წარმატებული გამოდგა. სოციალ-დემოკრატიული პარტიების ტრადიციულ მომხრეთა და ვრცლად გაწერილ პოლიტიკურ სისტემაზე გულაყრილთა ერთდროული მიმხრობის სტრატეგია რთული გასატარებელი აღმოჩნდა: სისტემით იმედგაცრუებულთათვის ეს, “ახალი ტიპის” პარტიები ზედმეტად გვანან სხვებს. ხოლო მათთვის, ვინც არსებული პოლიტიკური სისტემის გადასინჯვისთვის მზად არ არის –  ზედმეტად უცხოდ და ანტი-ისტებლიშმენტურად მოსჩანან.

საჭიროა გავიმეოროთ, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიების სიმყიფე და დაკნინება თვითდაზიანების შედეგია. სოციალური უზრუნველყოფის გაფართოების ნაცვლად, ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გატარებითა და ხელმძღვანელობით, ამ ყოფილმა მუშათა პარტიებმა არსებითად მათივე კონსერვატორი კოლეგების მსგავსი პოლიტიკური მიდგომა აიტაცეს. სწორედ ამ “პასოკიფიზაციის” გამოა, რომ  ძლიერი მემარცხენე რეფორმისტული ორგანიზაციები გვჭირდება; მხოლოდ მათ შეუძლიათ იმ ხალხის მიზიდვა და ორგანიზება,  რომელიც  ყველაზე მოსალოდნელია, რომ სოციალ-დემოკრატიულ პარტიებს ჩამოსცილდება.

ამ ორგანიზაციების შიგნით რევოლუციონერთა არსებობა მარჯვნივ გადახვევის პრევენციისთვის გადამწყვეტია და მომავალშიც ასე იქნება.

კიდევ ერთი საკვანძო საკითხი ქუჩის სოციალური ბრძოლისა და პოლიტიკური თანამდებობისკენ ლტოლვის ურთიერთმიმართებას ეხება. უნდა გავიაზროთ, რომ პარტიები სოციალური ბრძოლის ინსტრუმენტებია, მექანიზმები, რომლებიც კოორდინირებასა და სხვადასხვა მოძრაობას შორის ურთიერთობების გაბმაში გვეხმარებიან. ამ მოძრაობათა ავტონომიურობის შენარჩუნება სახელმწიფო ძალაუფლების მოპოვებისა და პროგრესული პოლიტიკების გატარებისკენ მიმართული პროგრამებისა და კამპანიების შემუშავებასთან გარდაუვალ წინააღმდეგობაში სულაც არ მოდის.

მიუხედავად იმისა, რომ ის, რის მიღწევაც სოციალისტებს კაპიტალისტური სახელმწიფოს გამოყენებით შეუძლიათ, ლიმიტირებულია, მას ბიზნესისგან მეტ-ნაკლები ავტონომია მაინც გააჩნია. სახელმწიფოს უნარი, შეასრულოს პროგრესული ამოცანები, შრომასა და კაპიტალს შორის ძალთა ბალანსზეა დამოკიდებული. ამ შესაძლებლობის ვერგაცნობიერება იმედის დაკარგვასა და ყველა იმ რეფორმის გაკიცხვას გულისხმობს, რომელსაც რევოლუცია არ მოჰყვება.

კვლავაც და კვლავაც, რევოლუციური იდეების არსებობა არსებითია, არა მხოლოდ სახელმწიფო ძალაუფლების მოპოვებისა დამისი ხელუხლებლად დატოვების ლიმიტების გააზრების საჭიროების გამო, არამედ იმიტომაც, რომ სახალხო ძალაუფლების ორგანიზება ცენტრალურია ნებისმიერი მემარცხენე მთავრობის სიმყარის შესანარჩუნებლად.

“ევროპული პროექტის” ლიმიტები

დაარსებიდანვე, ყველაზე დიდი მემარცხენე პარტიების მიზანი ევროკავშირის შიგნიდან ტრანსფორმირება გახლდათ. თუმცა, მოვლენათა უახლესმა განვითარებამ აჩვენა, რომ ევროკავშირი, კერძოდ კი ევროზონა, ამ დოზის დემოკრატიას, თანასწორობას და თვითგამორკვევას ვერ აიტანს.

საბერძნეთის მთავრობის შანტაჟმა ე.წ. “ევროპულ პროექტში” არსებული ნაპრალები ცხადყო და გამოააშკარავა. ამას გარდა, მანვე გამოამზეურა ამ უკანასკნელის ნამდვილი ბუნება: ცენტრი-პერიფერიის ზონა, რომელიც დემოკრატიულ გამოცდილებებსა და ეგალიტარული რეფორმის მცდელობებს აცამტვერებს, რათა ცენტრის ეკონომიკები გაამყაროს და, განსაკუთრებით სამხრეთ-ევროპაში, მუშათა სოციალური დაცვის მექანიზმები მოშალოს.

მემარცხენე პოზიციიდან “მოლაპარაკებებს” ნაყოფი თითქმის არ გამოუსხამს, მანევრირების ველი კი სანიმუშოდ შევიწროვდა. ერთადერთი ალტერნატივა ევროზონის საზღვრებს მიღმა ფიქრია. ეს მარტივი ამოცანა არ არის. იმას, რასაც ზოგიერთმა “ევრო-ფეტიშიზმი” უწოდა, კონკრეტული მატერიალური ბაზისი აქვს – იგი პერიფერიის პროდუქტიული სექტორების ოცდაათწლიანი ნგრევისა და მათი კრედიტითა და ევროპულ ფონდებზე ჭარბდამოკიდებულებით ჩანაცვლების შედეგია. იმის გააზრება, რომ ევროზონიდან გასვლის ერთზე მეტი გზა არსებობს, დისკუსიის ცენტრის პოლიტიკურ დონეზე გადმოტანას გულისხმობს. როგორ შეგვიძლია ისეთი მემარცხენე სახალხო მოძრაობის შენება, რომელსაც საერთო პროექტების კონტინენტის დანარჩენ ნაწილებთან დაკავშირება, ამ ფინანსური ციხის ალტერნატივების დასახვა და ევროპის მასშტაბით აღმოცენებულ, რადიკალურ მემარჯვენე და ნაციონალისტურ ტენდენციათა გამკლავება შეეძლება?  ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ამ ჩარჩოს შიგნით ბრძოლა და კავშირების გაბმა უნდა შევწყვიტოთ; ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ამ ბრძოლებისა და ურთიერთკავშირების შესახებ ფიქრიც და მათი გაბმაც ჩარჩოს მიღმა უნდა დავიწყოთ.

ამ რთულ შეკითხვებზე პასუხს იმ შემთხვევაში მივაკვლევთ, თუკი გავიაზრებთ, რომ ისინი ნამდვილად საკვანძო სტრატეგიული კითხვებია, რომელიც მთლიანად მემარცხენეობას დაესმის; თუკი ჩვენს ცენტრალურ მიზნად სოციალური უმრავლესობების მხარდაჭერის მოპოვებასა და იდეოლოგიურ ჰეგემონიას დავისახავთ და თუკი – ნაკლთა  და წინააღმდეგობათა მიუხედავად – ამ “ახალი ტიპის” პარტიებს, როგორც ამ ამოცანის შესასრულებლად დღეისთვის საუკეთესო და ყველაზე კონკრეტულ ინსტრუმენტებს მივესალმებით.