EMC მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ვიდეო-აუდიო ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს

judicate“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)” განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოითხოვა, 2015 წლის დეკემბერში, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უარი თქვა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე და აღნიშნა, რომ საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გაცემის ვალდებულება ამ შემთხვევაში არ არსებობს, რადგან საბჭოს გადაწყვეტილებით, დამტკიცებული მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ტარდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე.

საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, 2015 წლის დეკემბერში, მოსამართლეობის ყველა კანდიდატთან გასაუბრება ჩატარდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ღია სხდომაზე და დამკვირვებლებს მიეცათ სხდომებზე დასწრების საშუალება. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია თავად საბჭოს სხდომების საჯაროობის ფაქტი და არა მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესში არსებული ჩანაწერი. EMC მიიჩნევს, რომ გასაჯაროვებული ფაქტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ინტერესი და საფუძველი აღარ არსებობს, ამდენად საბჭოს უარი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გაცემაზე ლეგიტიმური არ არის.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტი სრულად ვრცელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე. აღნიშნული კოდექსი ამომწურავად განსაზღვრავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობიდან გამონაკლის შემთხვევებს: საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. EMC-ის მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, არ არსებობს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის არცერთი სამართლებრივი საფუძველი, რადგან მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ მონაცემები ღია საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს.

EMC-ის მიაჩნია, რომ ვინაიდან 2015 წლის დეკემბერში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდა საბჭოს ღია სხდომაზე და არ არსებობს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობიდან კანონით განსაზღვრული გამონაკლისი, საბჭო ვალდებულია, გასცეს მოთხოვნილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები. EMC აღნიშნული საჯარო ინფორმაციის მიღებას თბილისის საქალაქო სასამართლოში სამართალწარმოების გზით შეეცდება.