ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს, აღჭურვოს შრომის ინსპექცია სათანადო უფლებამოსილებით

1EMC ეხმაურება ევროპის კომისიის პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის (GSP+) გეგმიურ ანგარიშში, საქართველოს მიერ სოციალური უფლებების საკითხების მოსაგვარებლად განხორციელებული აქტივობების შეფასებას. პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის (GSP+) კომპონენტის, “შეღავათები მდგრადი განვითარებისა და ეფექტიანი მმართველობისთვის” სამუშაო ჯგუფმა 28 იანვარს გამოაქვეყნა სამუშაო ანგარიში, რომელშიც განხილულია 2014-2015 წლებში GSP+ სისტემით მოსარგებლე ქვეყნების პროგრესი, ამ სისტემით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობისათვის აუცილებელი 27 საერთაშორისო კონვენციის პირობების შესრულების კუთხით.

ანგარიში, ზოგადად, დადებითად აფასებს საქართველოს მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებებისა და კარგი მმართველობის კუთხით. ანგარიშში კომისია აღნიშნავს, რომ საქართველო განაგრძობდა სტაბილური პროგრესით წინსვლას, თუმცა, კვლავ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა გადაჭრისათვის ქვეყანამ სისტემური და ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას. კომისია მიიჩნევს, რომ გამოწვევების მნიშვნელოვანი ნაწილი ვლინდება სოციალური უფლებების დაცვის მიმართულებით და გამოყოფს შემდეგ კრიტიკულ საკითხებს:

შრომის ინსპექციის გაძლიერება

შრომის ინსპექციის საჭიროებასა და მნიშვნელობას კომისია ხაზს უსვამს, როგორც გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის, ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ანალიზისას. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოში სერიოზული გამოწვევები რჩება შრომის ინსპექციის სისტემის უზრუნველყოფისა და ამ მექანიზმის ეფექტური ფუნქციონირების მიმართულებით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ეკონომიკის სამინისტროსა და კერძო სექტორის მხრიდან განხორციელებული მწვავე წინააღმდეგობისა, შრომის სამინისტროში მაინც შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. ამ ფაქტს კომისია აფასებს, როგორც მოსამზადებელ ეტაპს და მიიჩნევს, რომ დროულად უნდა გადაიდგას ნაბიჯები შრომის ინსპექციის აღსრულების მექანიზმებით, სანქცირების სიტემებითა და სათანადო კადრებით უზრუნველყოფის კუთხით, რათა არსებული შრომის ინსპექცია შესაბამისობაში მოვიდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან. კომისიას მიაჩნია, რომ ეს იქნებოდა ერთადერთი ეფექტური გზა გაერთიანებისა და მოლაპარაკების თავისუფლების, ასევე სხვა შრომითი უფლებების ეფექტურად უზრუნველყოფისათვის. ანგარიშში აღნიშნულია, რომ შრომის პირობების მონიტორინგის სამთავრობო პროგრამა, ვერ იქნება ეფექტური შრომის პირობების რეალურად შემოწმების კუთხით, ამ პროგრამის ნებელობითი ბუნებისა და იმის გამო, რომ ინსპექტორებს სჭირდებათ თანხმობა ბიზნესის მხრიდან შემოწმების განსახორციელებლად. მიუხედავად ასეთი პირობისა, კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის ინსპექტირების შედეგებმა გამოკვეთა ისეთი შრომითი დარღვევები, როგორიცაა, საფრთხის შემცველი და რისკიანი სამუშაო გარემო, აუნაზღაურებელი შვებულება და სხვა.  კომისია აღნიშნავს, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღება არ ხორციელდება, მიუხედავად ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და ეს პროცესი უმიზეზოდ იწელება დროში. კომისია ასევე ხაზს უსვამს, რომ შრომის ინსპექცია აშკარად პოლიტიკურად მგრძნობიარე თემაა საქართველოს ხელისუფლებისათვის და აუცილებელია ინსპექტირების უფლებამოსილებათა გაძლიერებისა და ინსპექციის ფუნქციათა განსახორციელებლად საჭირო ფინანსების საკითხების გადაჭრა, რათა აღნიშნულმა მექანიზმმა შეძლოს ეფექტური ფუნქციონირება შრომითი უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაცვის უზრუნველსაყოფად.

შრომითი უფლებები

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასებისას, კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ რატიფიცირება გაუკეთა GSP+ მიზნებისათვის სავალდებულო, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებს, მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება ქვეყნის წინაშე შრომითი უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან ინტეგრაციისა და მიახლოების კუთხით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაფიცვის უფლება იზღუდება დასაქმების ისეთ სფეროებში, სადაც ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს. კომისია მოითხოვს, რომ დაზუსტდეს და ვიწროდ განიმარტოს დასაქმების სფეროების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია გაფიცვის უფლების შეზღუდვა. ასეთი შეზღუდვა კი უნდა დაწესდეს მხოლოდ დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევებში.

კომისია ყურადღებას ამახვილებს კოლექტიური ხელშეკრულების პრობლემატურ საკითხებზე და მიუთითებს პროფკავშირული ნიშნით ხელშეკრულების დისკრიმინაციული შეწყვეტის შემთხვევებზე. კომისია მიიჩნევს, რომ კოლექტიური ხელშეკრულების ეფექტურობის ამაღლებისათვის (მათ შორის, გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულებისა და კოლექტიურ ხელშეკრულებებში წარმოდგენილ დასაქმებულთა რაოდენობის) და კოლექტიური მოლაპარაკებების უზრუნველყოფისათვის, უნდა გადაიდგას ეფექტური ნაბიჯები როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. კომისია ყურადღებას ამახვილებს, რომ შრომის კოდექსმა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს მექანიზმები, რათა გაიზარდოს კოლექტიური შრომითი დავების მოლაპარაკებების გზით, ეფექტურად გადაჭრის შესაძლებლობები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მართალია, საკანონმდებლო ცვლილებებმა გაითვალისწინეს მედიაციის მექანიზმები, მაგრამ შრომითი დავების მოგვარების სათანადო სისტემა, არ არის უზრუნველყოფილი. ანგარიშში მითითებულია, რომ 2014 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით ჩამოყალიბებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, შრომით საკითხებზე სამსჯელოდ არ შეკრებილა პირველადი დამტკიცების შემდეგ და პრაქტიკაში აღიშნული მექანიზმი არ ფუნქციონირებს. კომისია წუხს, რომ შინაარსიანი სოციალური დიალოგის პრაქტიკა აქამდე არ არის დამკვიდრებული საქართველოში.

უსახლკარობა/სოციალური დაცვა.

სოციალური დაცვის სისტემების კრიტიკულ საკითხებს, კომისია აანალიზებს გაეროს ეკონომიკური, სოციალური, კულტურული უფლებების პაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასებისას. ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველომ რატიფიცირება გაუკეთა სისტემით სარგებლობისათვის საჭირო ყველა კონვენციას და გასწია მცდელობები, შეესრულებინა კონვენციებით გათვალისწინებული ვალდებულებები, თუმცა საქართველოს არ წარუდგენია გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის შესრულების ანგარიში, რომელიც მას უნდა წარედგინა 2007 წელს. გარდა ამისა, კომისია აღნიშნავს, რომ დაგვიანებული ანგარიშის წარდგენის ვალდებულება ქვეყანამ 2015 წლის ბოლოსთვის იკისრა.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა გასწიოს მცდელობები, რათა უზრუნველყოს ადეკვატური სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სიტემების შექმნა და ფუნქციონირება. ანგარიშის თანახმად, სერიოზული პრობლემები რჩება სათანადო საცხოვრისის უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებით. კომისია აღნიშნავს, რომ უსახლკარო პირთა რეგისტრაცია და სოციალური დაცვის უზრუნველყოფა არ ხორციელდება სისტემური და ერთიანი მეთოდოლოგიის გამოყენებით.

კონვენციის მიზნებისათვის, ანგარიშში ასევე აღნიშნულია ის სერიოზული გამოწვევები, რაც არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში სათანადოდ ინტეგრაციის კუთხით.

EMC იზიარებს ანგარიშში მოცემული საკითხების კრიტიკულ შეფასებას და მოუწოდებს სახელმწიფოს სწრაფად და ეფექტურად იმოქმედოს ანგარიშში დასმული გამოწვევების საპასუხოდ.