ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის საქართველოზე მოხსენება

religions-1

2016 წლის 17 იანვარს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტმა საქართველოზე მეორე მოსაზრება გაავრცელა. მოსაზრება დეტალურად მიმოიხილავს ჩარჩო კონვენციის ცალკეული მუხლებთან, მათ შორის, უმცირესობების რელიგიური უფლებების დაცვასთან მიმართებით საქართველოში არსებულ მდგომარეობას. 1წინამდებარე დოკუმენტში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) წარმოადგენს საკონსულტაციო კომიტეტის შეფასებების მიმოხილვას საქართველოში რელიგიის თავისუფლებასა და ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხებზე კომიტეტმა გაიზიარა ადამიანის უფლებებზე მომუშავე ინსტიტუციების, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითადი კრიტიკა.

საკონსულტაციო კომიტეტი აღნიშნავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში გახშირდა ინტერრელიგიური კონფლიქტის და რელიგიური უმცირესობების მიმართ გამოხატული სიძულვილის (ენის) შემთხვევები, რასაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. მოსაზრების თანახმად, დასრულებული გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებლი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობას აკნინებს, დომინანტი რელიგიის მიმართ გამოხატული მიკერძოება კი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უკმაყოფილებას იწვევს.

კომიტეტი აღნიშნავს, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების დროს მოტივის იდენტიფიცირება და მტკიცებულებებით გამყარება არ ხდება და ასეთი ქმედებები ხშირად კვალიფიცირდება ხულიგნობად, სისხლის სამართლის კოდექსის 53 (3) მუხლის მითითების გარეშე, რომელიც შეუწყნარებლობით ჩადენილ დანაშაულებს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ დანაშაულად განიხილავს. ამის საილუსტრაციოდ კომიტეტი უთითებს ქობულეთში მუსლიმთა პანსიონატის გარშემო მომხდარ ინციდენტზე, რაზეც სამართალდამცავ ორგანოთა რეაგირება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის 3 პირის დაჯარიმებით შემოიფარგლა. კომიტეტი გამოეხმაურა ჭელასა და მოხეში მუსლიმი თემის წევრების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებს და აღნიშნა, რომ ამ ფაქტების მიუკერძოებული გამოძიება ჭელაში, ხოლო სრული გამოძიება მოხეში არ მომხდარა. ამ პირობებში რელიგიური უმცირესობების ნდობა პოლიციის მიმართ სუსტდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სავარაუდო უფლების დამრღვევი პირები სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები არიან. კომიტეტი შეშფოთებულია გამოკვეთილი ტენდენციით, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები და მოსამართლეები ეფექტური გამოძიების ნაცვლად მედიატორის როლს ითავსებენ. დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ გამოვლენილი ლოიალობის გამო კომიტეტი პოლიციის განწყობებს დისკრიმინაციულად აფასებს. კომიტეტის შეფასებით, რელიგიურ თემებს შორის ნდობის აღდგენის აუცილებელი წინაპირობა სამართალდამცავი პირების მიერ საქმეზე ეფექტური გამოძიების ჩატარება და კონკრეტული პირების დევნის უზრუნველყოფაა. კომიტეტის თქმით, მხარეების შერიგების მცდელობა მისასალმებელი პროცესია, თუმცა, მედიაციამ არ შეიძლება ჩაანაცვლოს კანონის უზენაესობის პრინციპი.

კომიტეტი მოკლედ ეხება ანტიდისკრიმინაციული კანონდებლობით გათვალისწინებული მექანიზმების არაეფექტურობას და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ კანონმდებლობის დებულებებზე მითითება მხოლოდ რამდენიმე საქმეში მოხდა. ეს ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის დასუსტებას იწვევს, რადგან სახალხო დამცველთან შექმნილი თანასწორობის დეპარტამენტს არ აქვს რაიმე სანქციის დაწესების ან კომპენსაციის უფლების მინიჭების უფლებამოსილება. კომიტეტის შეფასებით, საზოგადოების ცნობიერება ანტიდისკრიმინაციული სტანდარტების შესახებ დაბალია და მთავრობას არ გააჩნია თანმიმდევრული პოლიტიკა საჯარო სექტორში ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ეფექტური იმპლემენტაციისთვის. კომიტეტის მოსაზრების თანახმად, გარკვეულ ჯგუფებში, მათ შორის მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს წინააღმდეგობა ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის სრულ იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონის მიღებას დასაწყისშივე ეწინააღმდეგებოდა და დღესაც ინარჩუნებს გავლენას საზოგადოებრივი განწყობაზე, რომელიც კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი უფლების განხორციელების მიმართ მტრულია.

კომიტეტის კრიტიკის ობიექტია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოც.  კომიტეტი აღნიშნავს, რომ სააგენტოს მუშაობის მეთოდიკა ხელს უწყობს რელიგიურ კონფესიებს შორის იერარქიზაციის განმტკიცებას. რელიგიურ ორგანიზაციებს შორის თანასწორობის უზრუნველყოფისათვის მუშაობის სანაცვლოდ, სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად მხოლოდ რამდენიმე სხვა რელიგიური ორგანიზაციის მხარდაჭერას და დაფინანსებას ახორციელებს, რომელთა პრეფერენცირება მოსალოდნელია რელიგიური ნაგებობების მშენებლობისა და საჯარო სკოლებში რელიგიური სწავლების საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან მიმართებით, კომიტეტი აცხადებს, რომ ‘რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ წარსულში მიყენებული ზიანის კომპენსაციის შესახებ რეკომენდაცია კონკრეტული საფუძვლების თუ ზიანის განსაზღვრის კრიტერიუმების მითითების გარეშე გასცა. კომიტეტის თანახმად, ეჭვს იწვევს ფინანსების მხოლოდ ოთხი რელიგიური ორგანიზაციისათვის მინიჭება და ამ წრიდან იმ ორგანიზაციების გამორიცხვა, რომლებსაც ანალოგიურად მიადგათ ზიანი. კომიტეტი სინანულს გამოთქვამს, რომ ამ პროცესში არ იყო ჩართული სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო, რომელშიც 22 რელიგიური ორგანიზაციაა გაერთიანებული. სახალხო დამცველთან არსებული საბჭოს კონსულტაციებს არ ეფუძნებოდა სხვა მნიშნველოვანი გადაწყვეტილებებიც, რელიგიური ნაგებობების მშენებლობასთან, ან ასეთი შენობების საკულტო ცენტრებად ტრანსფორმირებასთან დაკავშირებით, იმის მიუხედავად, რომ ეს საკითხები საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა და საბჭოს დიალოგის ხელშეწყობაში მნიშვნელოვანი როლი წარსულშიც ჰქონდა შესრულებული. საკონსულტაციო კომიტეტისათვის გაუგებარი იყო, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შექმნილი კომისიის სპეციალური როლიც, შეესწავლა მოხის ინციდენტი. ამასთან დაკავშირებით კომიტეტმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა  საბჭო ამ პროცესშიც არ იყო ჩართული.

საკონსულტაციო კომიტეტი დეტალურად განიხილავს სააგენტოს მიერ 2015 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ‘რელიგიის საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკის განვითარების სტრატეგიას’. იმის მიუხედავად, რომ სააგენტო აღნიშნულ სტრატეგიაში სეკულარიზმის მნიშვნელობას აღნიშნავს, ის აქცენტს აკეთებს განსხვავებული რელიგიური ორგანიზაციისათვის სხვადასხვა სტატუსის მინიჭების საჭიროებაზეც. განსხვავებასთან მიმართებით, სტრატეგია საუბრობს რელიგიური ორგანიზაციის ტრადიციულობასა თუ არატრადიციულობაზე. ასეთი იერარქიზაციის პროცესი განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დომინანტ პოზიციას და ქმნის უთანასწორო გარემოს, რაც შეუსაბამობაშია რელიგიური უმცირესობების რელიგიის მანიფესტაციის თავისუფლების გარანტიებთან ჩარჩო კონვენციის მე–8 მუხლთან კავშირში.  კომიტეტი აღნიშნავს, რომ სტრატეგია ეხება სკოლებში რელიგიური განათლების სწავლების მოთხოვნას და რელიგიურ თემებთან მიმართებით სპეციალური საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობის აუცილებლობას. კომიტეტი შეშფოთებულია სტრატეგიაში მოცემული დასაბუთებით, რომელიც რელიგიური უმცირესობების დაცვის ნაცვლად პრიმატს შიდა და გარე უსაფრთხოების ინტერესებს ანიჭებს.

კომიტეტის თქმით ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი აგრძელებს მტკიცებას, რომ საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები უფრო მეტად მეზობელი ქვეყნებისკენ არიან ორიენტირებულები იქ კარიერის განვითარებისა და საგარეოპოლიტიკური ხედვების კუთხით და ნაკლებად არიან დაინტერესებულნი ქართული ენის შესწავლითა და ინტეგრაციით. აღნიშნული მტკიცების საპირიპიროდ, კომიტეტი აღნიშნავს რომ შესაბამის რეგიონებში ვიზიტისას მან სხვა მოსაზრებები მოისმინა იქ მცხოვრები პირებისგან. კომიტეტის შეფასებით, უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის დროს უსაფრთხოებაზე ფოკუსი ხელს არ უწყობს უმცირესობების ეფექტურ ინტეგრაციას საქართველოს მრავალფეროვან საზოგადოებაში.

კომიტეტი ხაზს უსვამს 2012 წლის შემდგომ მართლმადიდებელი ეკლესიის ზეგავლენის გაზრდის ფაქტს. კომიტეტი უთითებს 2014 წელს ჩატარებულ დამოუკიდებელ კვლევაზე, რომელმაც გამოავლინა, რომ დაფინანსების 99.2% განსაზღვრული იყო მართლმადიდებელი ეკლესიისათვის.  აღნიშნული ეკლესია კი კომიტეტის თანახმად ხშირ შემთხვევაში მრავალფეროვნების ნაცვლად უპირატესობების დამკვიდრებას ემხრობა, რაც საბოლოოდ სხვების მიერ რელიგიის თავისუფლებით სარგებლობისათვის წინაღობას წარმოადგენს. მოსაზრების თანახმად, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ დამკვიდრებული დისკურსით, რომელიც განსაზღვრავს ‘ნამდვილ (proper) მართმადიდებელ ქართველს და ამასთან შეადგენს მაღალი დონის პოლიტიკური აქტორების რიტორიკის ნაწილს, საჯარო სივრცეებში მართლმადიდებელი ეკლესიის ასეთი დომინირება კი სეკულარიზმის პრინციპს ეწინააღმდეგება. საკონსულტაციო კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს პოლიტიკოსების, ასევე მედიის მიერ ისეთი დისკურსების გაძლიერებასთან დაკავშირებით, რაც შეუწყნარებლობის ნორმად ქცევას იწვევს. იზრდება ისლამოფობიის ნიშნები საჯარო ტელევიზიასა და ბეჭდვით მედიაში, ასევე ქართველი მუსლიმების როგორც „თურქების“ წარმოჩენის ფაქტები.

კომიტეტი ბოლოს უთითებს კვლევებზე, რომლებიც სკოლებში ინდოქტრინიზაციის პოლიტიკას ავლენს, რაც რელიგიური უმცირესობების მარგინალიზაციას იწვევს და საბოლოოდ რელიგიურ მრავალფეროვნებაზე უარყოფითი ზეგავლენა ექნება. კომიტეტი უკმაყოფილებას გამოთქვამს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ არასაკმარისი ზომების მიღების გამო და მაგალითად უთითებს ისტორიის ცალკეულ სახელმძღვანელოებზეც, რომლებიც სტერეოტიპულ ხედვას შეიცავენ, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს, როგორც ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი ქვეყნის ისტორიას წარმოაჩენდნენ.

———————————————————————————————————–

[1] დოკუმენტი ხელმისაწვდომია შემდეგ ლინკზე: https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=0900001680590fb5