NGO-ები მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტების შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს

599338_525310337552026_302902844_n

გამოვხატავთ შეშფოთებას მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

საკითხი ეხებოდა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტურ ნაწილში ერთ-ერთი კანდიდატის მიერ მიღებულ  უმაღლეს  შეფასებას და იმავე გამოცდაში მონაწილე, სხვა პირის მიერ  წერილობით გამოცდაში გაცემული პასუხის პრაქტიკულად სიტყვა-სიტყვით იდენტურობას კაზუსის ავტორის მიერ წინასწარ მომზადებულ პასუხის ფრაზებსა და აზრის მიმდევრობასთან. აღნიშნულის დამადასტურებლად, სასამართლოს თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საგამოცდო პროგრამიდან ამობეჭდილი მასალაც გადასცა.

მამუკა ახვლედიანის მიერ გაკეთებული განცხადება შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ადგილი ჰქონდა კონკურსის ცალკეული მონაწილეებისათვის ტესტების შინაარსისა და სწორი პასუხების წინასწარ გამჟღავნებას. აღნიშნული წარმოადგენს შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციას, რაც სსსკ მე-100 მუხლის თანახმად უნდა გამხდარიყო გამოძიების დაწყების საფუძველი, რაც არ განხორციელებულა.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა განაცხადეს აღნიშნული ფაქტები მათთვის ცნობილი იყო მანამდეც, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს ,,მოკვლევა” საბჭოში და შედეგებს გააცნობენ საზოგადოებას.

გაუგებარია, თუკი საბჭოს წევრებისთვის ცნობილი იყო შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, თავმჯდომარის მიერ საჯარო განცხადებამდე, რატომ არ შეატყობინეს აღნიშნულის თაობაზე საგამოძიებო ორგანოებს.

არც კონსტიტუციით და არც სხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული არ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება სსკ-ით გათვალისწინებულ ქმედებაზე განახორციელოს ,,მოკვლევა” სსსკ მე-100 მუხლის თანახმად, დანაშაულის გამოძიება პროკურორის და გამომძიებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განეკუთვნება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ სავარაუდო დანაშაულის შესახებ პროკურატურისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში დღემდე, შეუტყობინებლობა და ,,მოკვლევის” წარმოება ასევე შესაძლოა შეიცავდეს სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

საჯარო განცხადებამდე საბჭოს უმოქმედობამ შეამცირა მტკიცებულებების მოპოვების და დანაშაულის გახსნის შესაძლებლობა.  გამოძიებით ასევე დასადგენია საბჭოს უმოქმედობა მიზნად ისახავდა თუ არა შესაძლო დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების მოსპობას. ამას გარდა, დასადგენია როდიდან ჰქონდა საბჭოს და კონკრეტულად მის რომელ წევრს ეს ინფორმაცია და მათი რეაგირებები რამდენად შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა და სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით სარგებლობს და მსგავსი ფაქტები აზარალებს სასამართლოს პრესტიჟსა და რეპუტაციას, აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა არაერთი მოსამართლე ახორციელებდეს უფლებამოსილებას, რომელსაც არ აქვს ჩაბარებული მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა კანონის შესაბამისად.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურორს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტების შესაძლო გამჟღავნების ფაქტთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტან დაკავშირებით.

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო OSGF

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო TIG

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI