EMC საზღვრის კვეთის პროცესში მუსლიმი თემის სავარაუდო დისკრიმინაციულ პრაქტიკებს სწავლობს

12597099_1141355755874713_38365703_o

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საზღვრის კვეთის დროს პოლიციის მიერ მუსლიმი თემის წარმომადგენლებისთვის შექმნილ თვითნებურ ბარიერებს და სავარაუდო დისკრიმინაციულ პრაქტიკას სწავლობს.

ორგანიზაციამ მუსლიმი თემის რამდენიმე წარმომადგენელი გამოკითხა. მათ განცხადებებში ნათქვამია საქართველო-თურქეთის საზღვარზე მუსლიმი პირების გაუმართლებელი და ხანგრძლივი დაყოვნების, რელიგიური მიკუთვნების საკითხებზე თვითნებური დაკითხვისა და რელიგიური ლიტერატურის ჩამორთმევის განმეორებად შემთხვევებზე. განმცხადებლების თქმით მსგავს პრობლემებს მხოლოდ მუსლიმი თემის წევრები აწყდებიან. პოლიციის შემოწმების საგანს სწორედ მათი რელიგიური კუთვნილება და რელიგიური საქმიანობა წარმოადგენს.

საზღვრაზე სამი მუსლიმი პირის თვითნებური და დისკრიმინაციული დაყოვნების ფაქტზე რეაგირებისთვის EMC-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტს განცხადებით მიმართა. კერძოდ, 2016 წლის 9 თებერვალს, საქართველოს სამი მოქალაქე, ჯ.ა, ნ.დ და მ.ნ, როდესაც თურქეთიდან საქართველოში ბრუნდებოდნენ, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საპატრულო პოლიციამ გააჩერა. ისინი ორი საათის განმავლობაში დააყოვნეს, რელიგიურ კუთვნილებასა და თურქეთში ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით დაკითხეს და პირადი მოხმარებისთვის შემოტანილი რელიგიური ლიტერატურის ჩამორთმევით დაემუქრნენ.

ნ.დ-ის განცხადებით, საზღვრის კვეთის დროს, ბაზაში მისი მონაცემების შემოწმებისას, მასთან უცნობი პიროვნება მივიდა და სხვა ოთახში წაიყვანა, სადაც იგი არაფორმალურად დაკითხეს. შეკითხვები ძირითადად მის რელიგიურ აღმსარებლობას ეხებოდა. დაკითხვის შემდეგ, ნ.დ-ის დაახლოებით ორი საათი მოუწია ლოდინი, რაც შსს-ის თანამშრომლებმა იმით ახსნეს, რომ რელიგიური ლიტერატურის ფოტოები თბილისში ჰქონდათ გადაგზავნილი და მითითებებს ელოდებოდნენ. მას შემდეგ რაც ნ.დ-მ გადაწყვიტა, ვინმეს დაკავშირებოდა, ვინც მის უფლებებს დაიცავდა, ის დაუყოვნებლივ საზღვარზე გადმოუშვეს და წიგნებიც გამოატანეს. ნ.დ-ის განცხადებით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მას მსგავსი პრობლემები არაერთხელ შეჰქმნია.

საზღვარზე ანალოგიური პრობლემები მ.ნ და ჯ.ა-ს შეექმნა. საზღვრის კვეთისას, ნივთების სკანირების დროს, მათ რელიგიური ლიტერატურა ამოაწყობინეს, ფოტოები გადაუღეს და განუცხადეს, რომ აღნიშნული წიგნები უნდა ჩამოერთმიათ. გარკვეული დროის შემდეგ კი, როდესაც მ.ნ-მ და ჯ.ა-მ  სახალხო დამცველთან დაკავშირება გადაწყვიტეს,ისინი საზღვარზე გამოუშვეს და რელიგიური ლიტერატურა გამოატანეს.

ყველა განმცხადებლის შეფასებით, მათი დაყოვნებისა და გამოკითხვის პროცესში სხვა პირები  საზღვარს ყოველგვარი გართულებისა და შეჩერების გარეშე კვეთდნენ.  მათი თქმით, პოლიციის მხრიდან სპეციალური და მკაცრი შემოწმება მხოლოდ იმიტომ განხორციელდა, რომ ისინი მუსლიმ თემს მიეკუთვნებიან.

2016 წლის 12 თებერვალს EMC-იმ შსს-ის გენერალურ ინსპექციას, ასევე სახლახო დამცველს რეაგირებისთვის მიმართა, რადგან შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების ქცევაში პოლიციის შესახებ კანონისა და პოლიციის ეთიკის დარღვევის ნიშნები იკვეთება, რომელიც დისკრიმინაციის აკრძალვისა და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვის ვალდებულებას აკისრებს პოლიციას. 

EMC  საზღვრის კვეთის დროს მუსლიმი თემის უფლებების შეზღუდვის დისკრიმინაციული პრაქტიკის შესწავლას აგრძელებს და საზოგადოებას კვლევის შედეგებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას წარუდგენს.