EMC ტყიბულში გაფიცულ მეშახტეთა მხარდასაჭერ აქციას უერთდება

emc_into_post-02

15 თებერვალს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტების მუშების გაფიცვა. დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 1500-მდე მუშაა გაფიცული. გაფიცული მუშების მოთხოვნებია:  ხელფასის  40% -ით მომატება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ასევე საგაფიცვო პერიოდის შემდგომ, შრომითი ხელშეკრულების შენარჩუნების მყარი გარანტიების გაცემა. მმართველი კომპანია “საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის” ხელმძღვანელობა მუშების მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს  და მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს, რითაც ჩიხში შეჰყავს პროცესი და  პრობლემის დროულად და ეფექტურად გადაწყვეტის  შესაძლებლობას სპობს.

დასაქმებულებმა, გაფიცვამდე თვენახევრით ადრე, 2016 წლის 8 იანვარს, საკუთარი მოთხოვნები წერილობითი ფორმით წარუდგინეს საწარმოს, რაც კოლექტიური დავის გადასაწყვეტად მოლაპარაკების დაწყების პროცედურას გულისხმობდა. მიუხედავად, დასაქმებულთა მცდელობისა დავა შემათანხმებელი პროცედურით გადამწყდარიყო, მიმართვას საწარმოს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, რაც დასაქმებულთა  ნაწილობრივი და მოგვიანებით სრული გაფიცვის მიზეზი გახდა.საწარმოს დამოკიდებულებაზე, რაც დასაქმებულთა მოთხოვნების სრულ იგნორირებაში გამოიხატება, გავლენა ვერ მოახდინა ვერც ტყიბულის მაჟორიტარისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან გაკეთებულმა საჯარო განცხადებებმა მოლაპარაკების პროცესის დაუყოვნებლივ დაწყების აუცილებლობის შესახებ.

მიუხედავად მეშახტეთა შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებისა, რაც გამოიხატება საფრთხის შემცველ სამუშაო პირობებში, არასათანადო და უხარისხო სამუშაო სამოსსა და დამცავ საშუალებებში, ზეგანაკვეთური და ცვლის სამუშაოების მიზერულ ანაზღაურებაში, ასევე მიუხედავად სამუშაო პროცესის შესრულებისას დაზარალებულთა და გარდაცვალებულთა  შესახებ ინფორმაციის სიხშირისა და ამ პრობლემების დაუყოვნებლივი გადაჭრის საჭიროებისა, სახელმწიფოს მხრიდან არ  გადადგმულა  ქმედითი ნაბიჯები. მეტიც, 1 იანვრიდან საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის ამოქმედებამ ტყიბულის მუნიციპალიტეტს მოუხსნა მაღალმთიანი ზონის სტატუსი, რამაც მეშახტეებისათვის საგადასახადო შეღავათების გაუქმება გამოიწვია და დასაქმებულთა შემოსავალი შეამცირა. აღნიშნულმა კიდევ უფრო დაამძიმა ტყიბულში არსებული კრიტიკული სოციალური ფონი და შექმნა პირობა გაფიცვისათვის; გაფიცვის ყოველი დღე კი უმძიმესად აისახება დასაქმებულთა სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ხოლო საწარმოს მხრიდან სოციალური დიალოგის უგულებელყოფას კიდევ უფრო ჩიხში შეჰყავს პროცესი, ამცირებს პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობებს, ზრდის გაფიცვის ხანგრძლივობას და უმძიმესი პირობების წინაშე ტოვებს დასაქმებულებს.

EMC მიიჩნევს, რომ დასაქმებულთა მოთხოვნები ლეგიტიმურია და მხარს უჭერს მათ. სოლიდარობისა და გაფიცულთა მხარდაჭერის მიზნით, EMC-ისა და  სხვადასხვა აქტივისტური ჯგუფების წარმომადგენლები შეუერთდებიან დასაქმებულთა აქციას, რომელიც სამშაბათს, ტყიბულში გაიმართება.