რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპულმა კომისიამ საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

downloadრასიზმიზა და შეუწყნარებლობის ევროპულმა კომისიამ (ECRI) მეხუთე ციკლის ფარგლებში საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, , რომელიც  2012 წლიდან 2015 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით არსებულ  ვითარებას ასახავს. 

ECRI შეშფოთებას გამოხატავს რელიგიური უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენისა და ძალადობის სისტემურ ხასიათზე საქართველოში. აღნიშნულ ძალადობრივ ფონს კომისია საქართველოში არსებულ ეთნონაციონალიზმსა და დომინანტ რელიგიასთან საქართველოს მოსახლეობის მიჯაჭვულობას ასახელებს.

„უმცირესობათა რელიგიები ხშირად აღიქმება უცხოდ და ქართული საზოგადოების ერთიანობისა და გადარჩენის პოტენციურ საფრთხედ, განსაკუთრებით, როცა ისინი იმ ეთნიკურ ჯგუფებთან ასოცირდება, რომლებსაც კავშირები მეზობელ სახელმწიფოებთან აქვთ. სუნიტი მუსლიმები აჭარის რეგიონში თურქეთთან ასოცირდებიან, შიიტი მუსლიმები – აზერბაიჯანთან, ხოლო სომეხი სამოციქულო ქრისტიანები – სომხეთთან. ეს ნავარაუდევი კავშირები რადიკალურ ეროვნულ იდეას ასაზრდოებს – უმცირესობები შესაძლოა არ იყვნენ საქართველოს სახელმწიფოს ერთგულნი. ახალი ქრისტიანული ჯგუფები, როგორიცაა იეჰოვას მოწმეები, ხშირად გარე გავლენად აღიქმებიან, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დომინანტობას შეუძლია ძირი გამოუთხაროს “.[1]

ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი რელიგიური შეუწყნარებლობის პრობლემურობას საქართველოში და სახელმწიფოს არაეფექტურ პოლიტიკას ეთმობა. ECRI იძლევა რეკომენდაციას, რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგია შეიცვალოს ისე, რომ ფოკუსირდეს რელიგიურ უმცირესობათა უფლებებზე, დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებსა და ჩართულობისა და რელიგიური შემწყნარებლობის ხელშეწყობაზე ინტეგრაციის პერსპექტივიდან. ამას გარდა, რელიგიურ უმცირესობათა საჯარო პოლიტიკაში ჩართვის ცნება უნდა დაზუსტდეს რელიგიურ უმცირესობათა უფლებების სრულად დაცვის შესაბამისად[2].

თავდასხმები რელგიურ უმცირესობებზე

ანგარიშში ცალკე თავი  რელიგიურ უმცირესობებზე თავდასხმების პრაქტიკას[3] ეთმობა. რელიგიურ უმცირესობებზე თავდასხმისა და რელიგიური თავისუფლების დარღვევის პროცესში განსაკუთრებით  მუსლიმები და იეჰოვას მოწმეები დაზარალდნენ. ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის ოქტომბერში მუსლიმები მოხეში ძველი მეჩეთის დანგრევას აპროტესტებდნენ, რომელიც ხელისუფლებას ბიბლიოთეკად უნდა გადაეკეთებინა. დავის მეგობრულად მოგვარების გარანტიათა მიუხედავად, საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციამ ძალადობრივად დაშალა და არსებული ინფორმაციით, დაპატიმრებებისას ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყო.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან მიმართების ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების შეფასებისას[5]  ECRI უთითებს, რომ რელიგიურად მოტივირებული ძალადობის ბევრ საქმეში პოლიციამ და პროკურატურამ სრულად არ გამოიძიეს შემთხვევები, ან არ დაიწყეს სამართლებრივი დევნა დამნაშავეთა მიმართ. აგრეთვე, კომისიის შეფასებით ხელისუფლების უუნარობა სათანადო რეაგირება მოეხდინა ამ ჯგუფის მიმართ ძალადობაზე ხშირად ამ ქმედებათა გამეორებას იწვევდა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი დამამძიმებელ გარემოებათა შესახებ ძალიან იშვიათად გამოიყენება. ამის ნაცვლად, ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი შეეცადნენ აემოქმედებინათ ადგილობრივი მედიაციის მექანიზმები, მოუწოდებდნენ დომინანტურ ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიას, მოლაპარაკებოდნენ ადგილობრივ მუსლიმ თემს ისლამოფობიური თავდასხმების შემდეგ.

საკულტო ნაგებობების მშენებლობაზე ნებართვის გაცემა

ECRI ასევე ყურადღებას ამახვილებს, მუსლიმი თემისათვის მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის გაუცემლობის საკითხზე[6] და აღნიშნავს, რომ მრავალი წლის განმავლობაში მუსლიმთა თემი ბათუმში ვერ ახერხებდა მეორე მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის მიღებას და რამდენიმე ასეულ მუსლიმს, იმის გამო, რომ არსებული მეჩეთი პარასკევის ლოცვებისას ვერ იტევდა, ღია ცის ქვეშ უწევდა ლოცვა ახლომახლო ქუჩებში. საბოლოოდ, მუნიციპალიტეტი დათანხმდა ახალი მეჩეთის მშენებლობას, მაგრამ იმ პირობით, რომ ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ მოშორებით აიგებოდა. იეჰოვას მოწმეებიც ხშირად აწყდებიან პრობლემებს სამეფო დარბაზების მშენებლობასთან დაკავშირებით, როგორც თერჯოლის საქმეში ვნახეთ.

ECRI სახელმწიფოს აძლებს რეკომენდაციას, დარჩენილი დავები რელიგიური საკუთრების შესახებ სწრაფი, გამჭვირვალე და სამართლიანი გზით მოგვარდეს; ასევე, სალოცავ დაწესებულებათა მშენებლობაზე უარი არ გაიცეს აკვიატებული რელიგიური აზრების ან ადგილობრივი პროტესტის გამო, მაგრამ განცხადებები დამუშავდეს სათანადო კანონმდებლობის შესაბამისად.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ECRI ასევე ეხმიანება 2014 წელს საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და ეჭვებს გამოთქვამს, სააგენტოს მანდატისა და რეკომენდაციათა შემუშავების პროცედურაზე. აღნიშნულის გასამყარებლად კომისიას მოჰყავს 2015 წელს გამოქვეყნებული რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგია, რომელიც რელიგიურ თავისუფლებასა და რელიგიურ უმცირესობათა უფლებებს სახელმწიფო უშიშროების პერსპექტივაში განიხილავს, რაც კომისიის აზრით საზიანოა უფლებათა დაცვის, დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის პრევენციის თვალსაზრისით.[7]

ECRI რეკომენდაციით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაზარდოს თავისი მხარდაჭერა რელიგიათა საბჭოს მიმართ, რომელიც სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ეგიდით საქმიანობს. კერძოდ, ხელისუფლებამ უნდა დაავალოს ახალშექმნილ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, რომ ითანამშრომლოს რელიგიათა საბჭოსთან და გამოიყენოს მისი გამოცდილება და რეკომენდაციები რელიგიური შეუწყნარებლობის პრობლემის მოსაგვარებლად.[8]

———————————————————————————————

[1] ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ, მოხსენება საქართველოს შესახებ

(მონიტორინგის მეხუთე ციკლი) მიღებულია 2015 წლის 8 დეკემბერს, გამოქვეყნდა 2016 წლის 1 მარტს, პარა. 93, იხილეთ ქართული ვერსია: http://www.coe.int/t/dghl/monitoring/ecri/Country-by-country/Georgia/GEO-CbC-V-2016-002-GEO.pdf

[2] იქვე, პარა. 101

[3] იქვე, პარა. 49

[4] იქვე, პარა. 50

[5] იქვე, პარა. 58

[6] იქვე, პარა.95

[7] იქვე, პარა. 99

[8] იქვე, პარა. 103