EMC თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს

emc_into_postEMC ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და თვითორგანიზებულ სტუდენტურ ჯგუფებს, რომლებიც სახელმწიფოს უმაღლესი განათლების პოლიტიკის სისტემურ პრობლემებს აპროტესტებენ სოლიდარობას უცხადებს.

EMC მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტში არსებული პრობლემები სახელმწიფოს რეპრესიული და უთანასწორო სოციალური პოლიტიკის გამოვლინებაა და ფუნდამენტურ გადახედვას საჭიროებს. სტუდენტების წინააღმდეგობისას რამდენიმე მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემა გამოიკვეთა უმაღლესი განათლების პოლიტიკაში,  რომელიც სახელმწიფოსა და უნივესიტეტების უმაღლესი მმართველი ორგანოების მხრიდან კომპლექსურ გააზრებასა და რეაგირებას მოითხოვს:

  • უშიშროების სამსახურების მიერ საგანმანათლებლო სივრცეების კონტროლისა და უნივერსიტეტის ავტონომიაში გაუმართლებელი ინტერვენციის პოლიტიკა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავჯმდომარის განცხადება, რომელმაც ფაქტობრივად ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტუტის არსებობა აღიარა უნივერსიტეტებში და ქსენოფობიური და ისლამოფობიური არგუმენტებით გაამართლა უშიშროების სამსახურების მიერ გამოყენებული უკანონო სოციალური კონტროლის არსებული სისტემა;
  • უნივერსიტეტში თვითმმართველობის არსებული სისტემების დემოკრატიულობისა და ლეგიტიმურობის პრობლემა;
  • უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა და სტუდენტების სოციალური საჭიროებების მიმართ სახელმწიფოს არაეფექტური პოლიტიკა;
  • უმაღლესი განათლების ინსტრუმენტალიზაცია და კვლევითი, აკადემიური საქმიანობის მხარდაჭერის არასაკმარისი პოლიტიკა;
  • უნივერსისტეტების აკადემიურ საქმიანობაში ფუნდამენტალისტური ჯგუფების ძალადობრივი ჩარევა და აკადემიური თავისუფლების დაცვისთვის უნივერსიტეტების მიერ გატარებული არაეფექტური და უსუსური პოლიტიკა.

EMC სოლიდარობას უცხადებს სტუდენტური ჯგუფების მიერ თვითორგანიზებულ პროტესტს და დაუშვებლად მიიჩნევს ამ პროცესების სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ასოცირებისა და ამ გზით ავთენტური სტუდენტური წინააღმდეგობის დისკრედიტაციის მცდელობებს. წინააღმდეგობის ფარგლებში სტუდენტები გადაწყვეტილებებს პირდაპირი დემოკრატიის გზით იღებენ, მათი შეკრების ადგილები კი საჯარო დისკუსიებისა და სხვადასხვა ჩაგრული ჯგუფების მიმართ სოლიდარობის გამოხატვის სივრცედ იქცა.

EMC 14 მარტს, 12 საათზე სტუდენტური ჯგუფების მიერ დაგეგმილ აქციას უერთდება – “რეალური ავტონომია უნივერსიტეტს!”, რომელსაც სხვადასხვა უნივერსიტეტების, ჩაგრული ჯგუფების, აქტივისტური ჯგუფებისა და ორგანიზაციების  წარმომადგენლები უერთდებიან.

EMC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიიღოს ეფექტური პრევენციული ზომები აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვისთვის, რადგან 14 მარტს შეკრების იმავე ადგილასა და დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობა კონტრდემონსტრაციის მართავს.