რამდენიმე კომენტარი „მოძრაობა 115-ის“ გარშემო

 

11219400_1134308509935120_5865003197562816288_nთორნიკე ჭუმბურიძე 
სოციალიური და კულტურის კვლევის ინსტიტუტი

1.

„აუდიტორია 115-მა“ გაიმარჯვა. მიაღწია იმას, რასაც ბევრმა სხვა მოძრაობამ – ვერ. ცხადია, არაერთი მიზეზი არსებობს ამისათვის, მაგრამ, მოდი, მთავარიც ვთქვათ: იმიტომ, რომ უკეთესია – უკეთესად ურთიერთობს საზოგადოებასთან, უკეთესად რეაგირებს საფრთხეებზე, უკეთესად აყალიბებს მოთხოვნებს. და უკეთესია იმიტომ, რომ უფრო დემოკრატიულია.

სტუდენტური მოძრაობის  მიერ პირდაპირი დემოკრატიის სამოქმედო პრინციპად არჩევამ, ერთი მხრივ, ლეგიტიმაცია შესძინა მის გადაწყვეტილებებს და შიდა დაპირისპირებები აირიდა თავიდან, მეორე მხრივ კი, უფრო ეფექტური გახადა ისინი. ადვილი გასაგებია, რომ მას, ვინც კრიტიკულ სიტუაციაში ლიდერის პოზიციაში აღმოჩნდება, აქვს განცდა, რომ გადაწყვეტილება სასწრაფოდ, ერთპიროვნულად უნდა მიიღოს.  ადვილი გასაგებია, მაგრამ მაინც შეცდომაა. რაც ამ დროს თვალთახედვის მიღმა გვრჩება, უამრავი ადამიანია, ვინც კომპლექსური მდგომარეობის ცალკეულ ნიუანსებს ჩვენზე უკეთ იცნობს ან გამოსავლის თაობაზე  აქვს იდეები, რომლებზე დაფიქრებაც ვერ მოვასწარით.

ამიტომაც იყო, რომ მოძრაობის ლიდერების პრინციპულმა პოზიციამ, ყოველ ჯერზე – მაშინაც კი, როცა უნივერსიტეტში ნიღბიანი ადამიანები იჭრებოდნენ და სტუდენტების უსაფრთხოების საკითხი იდგა – აუდიტორიასთან შეეჯერებინათ თითოეული ნაბიჯი, მოძრაობა უკან კი არა, წინ წასწია. ასობით სტუდენტმა უკეთესად იფიქრა, ვიდრე ხუთი იზამდა. ცხადია, რომ შემდგომშიც ასე უნდა გაგრძელდეს.

2.

მიუხედავად ამისა, დემოკრატიულობის საკითხი თავიდან,  ახლებურად დადგება უკვე „მოძრაობა 115“-ის წინაშე მაშინ, როცა ის განათლების სამინისტროსთან დაიწყებს მოლაპარაკებებს. ერთი მხრივ, მყისიერი საფრთხის არ არსებობის პირობებში, მოძრაობის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა გაიზრდება (რაც კარგია) და საერთო გადაწყვეტილებებამდე მისვლა გართულდება, მეორე მხრივ კი, პროცესში ჩართვას ისეთი ჯგუფები შეეცდებიან (და, დიდი ალბათობით, მოახერხებენ), ვისთვისაც დემოკრატიული იდეალები ასევე მნიშვნელოვანი არ არის. აქ უკვე სტიქიურად მიღწეული, არაფორმალური პრინციპის ფორმალიზება, მისთვის ინსტიტუციური სახის მინიჭება გახდება საჭირო. რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ამისთვის, ზუსტად არ ვიცი. მგონი, ჯერ არც არავინ იცის, კონკრეტულად რა მექანიზმების მეშვეობით შეიძლება მოხერხდეს, რომ ერთი მხრივ, არაიერარქიულობის პრინციპი არ დაირღვეს და მოძრაობის გადაწყვეტილებებს სრული დემოკრატიული ლეგიტიმაცია ჰქონდეს, მეორე მხრივ კი, მოძრაობას ჰყავდეს სპიკერები, ვინც საერთო პოზიციას გააჟღერებენ დახურულ დარბაზებში.

ასეა თუ ისე, ეს ერთ-ერთი პირველი პრობლემა იქნება, რომლის გადაწყვეტაც მოძრაობას მოუწევს. ვფიქრობ, სხვა ადგილობრივი სოციალური მოძრაობების, და, მით უფრო, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ძალიან წაადგება ამ ამბავში.

3.

ქალები, ქალები და ისევ ქალები. ალბათ არაფერი ადასტურებს სტუდენტური მოძრაობის ერთგულებას თავისი გაცხადებული იდეალების, თანასწორობისა და სოლიდარობისადმი, ისე, როგორც ის როლი, რაც მასში ქალებმა ითამაშეს. და მაინც, ბევრჯერ იყო შესამჩნევი, როგორ უწევდათ გამომსვლელ ქალებს გაეჩუმებინათ მამაკაცები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ აწყვეტინებდნენ, რომ ფიქრობდნენ რომ მათი ნათქვამის უკეთესად ფორმულირებაა საჭირო.

არც ესაა რთულად გასაგები: მამაკაცებს ლამის აკვნიდანვე გვასწავლიან, რომ ქალი სუსტია, გაბედულება აკლია, საკმარისად რაციონალურად ვერ აზროვნებს, რთულ სიტუაციაში მის იმედად ყოფნა არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ „აუდიტორიის“ ლიდერმა ქალებმა არაერთხელ დაგვანახეს, რამხელა სისულელეა ეს –  უზარმაზარი ფიზიკური და ემოციური სტრესის მიუხედავად, ყველა მათგანი შეუდარებელი იყო განათლების მინისტრის პირისპირ თუ „რუსთავი 2-ის“ ეთერში – პრობლემა მაინც დარჩება. ჩვენს მასკულინურ გონებას შემდგომშიც  გაუჩნდება უსაფუძვლო პრეტენზიები ქალების მიმართ და გადაწყვეტს, რომ ინიციატივა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

თუმცა, პრობლემა დიდი არაა. თუ სურვილი იქნა, ნელ-ნელა ვისწავლით, როგორ დავძლიოთ ის. უფრო სწორად, ნათია ქარჩილაძე, ანა კამლაძე, გვანცა ხონელიძე, ანამარია ბრაგვაძე, მოძრაობაში ჩართული სხვა ქალები გვასწავლიან.

4.

კიდევ ერთი, რაც ადასტურებს „აუდიტორიის“ ერთგულებას თავისი იდეალებისადმი ისაა, რომ ანტიჰომოფობიურან და სექსიზმთან დაპირისპირებას არ შეუშინდა. არადა, ადვილად შეიძლებოდა გასჩენოდა ცდუნება ეფიქრა, რომ მაშინ, როცა თსუ-ის გაზეთის რედაქტორი თვითმმართველობის შავ-ბნელ საქმეებს ამხელს, მის ჰომოფობიურ განცხადებებზე საუბრის დრო არ არის, ან როცა თვითმმართველობის მოძალადეობაზე ვლაპარაკობთ, აღარ არის საჭირო საკითხის გართულება და მისი სექსიზმში დადანაშაულება. „აუდიტორია“ ამ ცდუნებას არ აჰყვა. და ამას მხოლოდ ეთიკური მნიშვნელობა (ქვიარი/ფემინისტი თანამოაზრეებისადმი პირნათელობის) არ ჰქონია. პოლიტიკურიც ჰქონდა.

როცა მოძრაობას სკინჰედი და ნაციონალური ტელევიზიის დირექტორი, „ახალი ოპოზიციური ძალის“ აქტივისტი და ხელისუფლების წარმომადგენელი სხვადასხვა მეთოდით, მაგრამ ერთიანი გაშმაგებით უპირისპირდებიან, რთული მისახვედრი არაა, რომ ის იქამდე არსებულ პოლიტიკურ გამყოფ ხაზებს არღვევს და აუქმებს. ბრძოლა დღეს იმაზე მიდის (ან, ყოველ შემთხვევაში, იმაზე უნდა მიდიოდეს) მოახერხებენ თუ არა ჩაგრული ჯგუფები (ქალები, მუშები, სტუდენტები, რელიგიური, ეთნიკური უმცირესობები, ქვიარები, ნარკომომხმარებლები, ა.შ.) ემანსიპირდნენ, პოლიტიკის არეალში მოხვდნენ და ტექნოკრატიის – რომელიც ცდილობს, ისინი იქ დატოვოს, სადაც ახლა არიან – მარწუხებს დააღწიონ თავი. რაკი ამ ჯგუფების ჩაგრულობა ერთიანია და ურთიერთგანპირობებული, ბრძოლაც საერთოა და მასში გამარჯვება მხოლოდ სოლიდარულობით არის შესაძლებელი. ამიტომაც, თუ ჰომოფობიას ან სექსიზმს წავუყრუებთ, ამით მარტო გეის და ფემინისტს კი არა, მუშას და სტუდენტსაც ვუღალატებთ.

5.

„თვითორგანიზების ქსელის“ წევრმა, შოთო აზიკურმა ადრე მითხრა, სოციალური მოძრაობების ცოდნა მათ პრაქტიკას ვერ გასცდებაო. დაღლილი ვიყავი, დავეთანხმე და მერე კარგა ხანს ვფიქრობდი, ნეტა რას გულისხმობდა-თქო. 15 მარტს მივხვდი.

სანამ თსუ-ში აქციები მიმდინარეობდა, ინტერნეტში ბევრი ჯგუფი გამოჩნდა, ვინც სტუდენტებს აკრიტიკებდა მათი მოთხოვნების ზედაპირულობისთვის და საკუთარ, „სისტემურ“ გამოსავალს სთავაზობდა. ადეკვატურობის სხვადასხვა ხარისხი იყო, უნივერსიტეტის პრივატიზაციის შემოთავაზებიდან სახელმწიფო ტენუირების სისტემის მოთხოვნამდე. თუმცა, ყველა ამ ჯგუფმა ერთი ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა: შემოგვთავაზა, აქ და ახლა არსებული გასაჭირი გადავდოთ მანამდე, სანამ მასშტაბური პროექტი თავისთავად არ მოაგვარებს მას.

ცხადია, ჩვენი მზერა მხოლოდ „აქ და ახლაზე“ ფოკუსირებით არ უნდა დავიწროვდეს და თავად ისიც, თუ რა მიგვაჩნია პრობლემად დღეს, განპირობებულია გარკვეული ხედვით იმისა, თუ რა უნდა იყოს ხვალ. საფრთხე აქ ისაა, რომ მომავლის პროექტი, თუკი დღეს არსებულ პრობლემებს არ მიემართა, მხოლოდ მათ კი არა, იმ ადამიანებსაც გადადებს, ვისაც ისინი აწუხებს და მათ ინტერესებს არ გაითვალისწინებს შემდგომში.

ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა, მომავლის პროექტების თითოეული შემადგენელი, ყოველი ნიუანსი დასაბუთდეს, ერთი მხრივ, იქ, სადაც უკვე არსებული პრობლემებით და გამოსავლის ძიებით დაინტერესებული ადამიანები არიან (115-ე აუდიტორიაში) და, მეორე მხრივ, როგორც პასუხი ამ პრობლემებზე. სწორედ ისევე, როგორც თვითმმართველობის სტრუქტურის ცვლილება გამოჩნდა, ბრძოლის პროცესში, გამოსავლად წლების განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ძალადობისგან, აკადემიური საბჭოს შემადგენლობის და არჩევის წესის შეცვლა ან ტენუარის სისტემის შემოღება უნდა იქცნენ, საერთო განხილვის შემდგომ, პასუხად უნივერსიტეტში მიმდინარე აკადემიური პროცესის სავალალო მდგომარეობაზე. ცხადია, ეს ველოსიპედის თავიდან გამოგონება და ხანგრძლივი პროცესია. მაგრამ სწორედ მას უნდა მივმართოთ, თუკი ვასკვნით, რომ დღეს არსებული განათლების პოლიტიკის პრობლემა არა მხოლოდ (და არა იმდენად) მისი არსია, არამედ მისი განხორციელების პროცედურებიც.

აშშ-ის პრეზიდენტობის კომუნისტი კანდიდატის (და ქართველი ლიბერალი ფილოსოფოსის) პერიფრაზი რომ ვიხმაროთ, სჯობს ნათელმა მომავალმა ცოტათი დაიგვიანოს, ვიდრე მასში ჩვენთან შეუთანხმებლად შეგვრეკონ.

—————————————————————————-

პუბლიკაცია ქვეყნდება პროექტის „ჩაგრულთა ხმები: კვლევა, ხელოვნება და აქტივიზმი სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია National Endowment for Democracy (NED)-ის მიერ. პუბლიკაციის შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC-ისა და NED-ის პოზიციას.